როგორია ანი ცინცაძისა და ნიკა მურმანიშვილის მშვილდიდან ისრის გასროლით დაწყებული სიყვარულის ისტორია
ცნობილი გამონათქვამია: კახელი ამბობს, თუ ჩაკრულოზე არ დაგბურძგლა, ქართველი არ ხარო... ჩემი აზრით, ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას შავფაროსნების გამოსვლებზეც... შავფაროსნებს წარდგენა აღარ სჭირდებათ. მათ ხელოვნებას უკვე, მთელი საქართველო იცნობს და არა მხოლოდ საქართველო.
„შავფაროსანთა” ფედერაციის წევრია ნიკა მურმანიშვილისა და ანი ცინცაძის ოჯახური წყვილი. მათი ოჯახური ისტორიაც სწორედ შავფაროსანთა ხელოვნების სიყვარულიდან იღებს სათავეს – მათ სწორედ ამის წყალობით იპოვეს ერთმანეთი. დღეს გიამბობთ, თუ რა ადგილი უჭირავს ამ ოჯახური წყვილის ცხოვრებაში „შავფაროსნებს” და როგორი ემოციებით დატოვეს მათ იტალია და ცოტა ხნის წინ – ირლანდია.
– ნიკა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მიამბო ანიმ, შეიძლება, დავასკვნა, რომ თქვენი „ოჯახის შექმნის ისტორიაში“ შავფაროსანთა ხელოვნებას მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის. ასეა?
ნიკა: მართლაც ასეა. რომ არა ჩვენი საქმიანობა, ერთმანეთთან შეხვედრის შანსი ნაკლები იქნებოდა, მაგრამ, შემთხვევით არაფერი ხდება და ეს ამბავიც ასე მოხდა.
– პირველი შეხვედრა გახსოვთ?
– ჩვენი პირველი შეხვედრა ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოხდა და მაშინვე მიიქცია ანიმ ჩემი ყურადღება. მეორედ უკვე თელავში შევხვდით ერთმანეთს, სადაც პირველად გავისაუბრეთ. ორივე შემთხვევაში, „მოძრაობის თეატრი,” სადაც ანი მოღვაწეობს და შავფაროსნები, ერთობლივ ღონისძიებას ვმართავდით.
ანი: თელავში ერთ-ერთი შავფაროსანი მშვილდიდან ისრის სროლას მასწავლიდა. ამ დროს მოვიდა ნიკოლოზი და სთხოვა, მე ვასწავლიო. შეიძლება ითქვას, ჩვენი სიყვარული ისრის ერთი გასროლით დაიწყო.
– ამ, ამურის ისრის სტყორცნის შემდეგ, ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მალევე მიიღეთ?
– არა, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. ოთხი წელი გავიდა, სანამ დავქორწინდით ამ დროის განმავლობაში ხშირად ვკამათობდით და ვრიგდებოდით. ყველა გვგულშემატკივრობდა, ზოგს აღარც სჯეროდა, რომ ერთად ვიქნებოდით, მაგრამ, სიყვარულმა გაიმარჯვა (იცინის).
– როგორი ქორწილი გქონდათ, ისეთივე ტრადიციული, როგორიც თქვენი საბრძოლო ხელოვნებაა?
ნიკა: რა თქმა უნდა, ტრადიციას არ ვუღალატეთ და ხელმოწერის დღეც განსაკუთრებული ავარჩიეთ: რაბათის ციხეზე „მოძრაობის თეატრი” და შავფაროსნები ერთობლივ ღონისძიებას ვმართავდით, სადაც ყველანი ძველ სამოსში, იარაღასხმულები ვიყავით. ღონისძიების დასრულების შემდეგ თეთრ კაბაში გამოწყობილ ანის თაიგულით ხელში მოაცილებდა მისი ძმა. შავფაროსნებიც და „მოძრაობის თეატრის” წევრებიც დიდი სიხარულით შევხვდით ამ მომენტს. ლამაზი და დასამახსოვრებელი წუთები იყო ნამდვილად.
– როგორც ვიცი, ახლახან დაბრუნდით ირლანდიიდან. რა ემოციები ჰქონდათ ირლანდიელებს ქართული საბრძოლო ხელოვნების ხილვის შემდეგ, რა კომენტარებს აკეთებდნენ? ყველაფერი მაინტერესებს.
– ჩვენს წარმოდგენებს და, ზოგადად, ქართული კულტურის წარდგენას ირლანდიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოგეხსენებათ, ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით დუბლინის ერთ-ერთ სახალხო „ფესტივალში,” რომელსაც „გემების ფესტივალით” მოიხსენიებენ. ჩვენს გარდა საქართველოს წარმოადგენდნენ ანსამბლები – „რუსთავი” და „სუხიშვილები;” ასევე, პარალელურად იმართებოდა ქართული რეწვის ნიმუშების, ქართული ტრადიციული ღვინისა და ყველის ნაირსახეობების გამოფენები, რამაც დიდი მოწონება და გაკვირვება გამოიწვია ირლანდიელებში. პირადად მე, არ ვიცოდი, რომ ქართველებს ორმოცდაათზე მეტი სახეობის ყველი გვაქვს, ამას გაფრთხილება და მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ასევე, მღეროდნენ და ცეკვავდნენ იქ დაბადებული ქართველი ბავშვები; ინგლისიდან ჩამოსული იყო ანსამბლი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. რაც შეეხება ჩვენს გამოსვლებს, პირველი დღე მეცხრამეტე საუკუნის ფრეგატზე გვქონდა, სადაც, სიმბოლურად, „ოქროს საწმისის” მცველები ვიყავით და მოსულ საზოგადოებას ჩვენს საბრძოლო კულტურას ვაცნობდით. მეორე დღეს გადავინაცვლეთ სცენაზე და სპეციალურად ამ ფესტივალისთვის მომზადებული წარმოდგენა ვაჩვენეთ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ადგილობრივი დაცვის სამსახური ცოტა შეშინდა კიდეც (იცინის). ცალკე უნდა აღვნიშნო ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც დიდი სითბო და სიყვარული გამოამჟღავნეს.
– იტალიაში მოგზაურობის შესახებაც იმავე კითხვებს გისვამთ.
ანი: იტალიაში ვიყავით რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე, სადაც ის ქვეყნები იყვნენ მიწვეულნი, რომლებსაც ისტორიული შეხება ჰქონდათ რომის იმპერიასთან. მოეწყო მსვლელობა რომის ისტორიულ უბანში, დასკვნითი სანახაობა კი „ცირკო მასიმოსთან” ჩატარდა, სადაც იმართებოდა ისტორიული რბოლები და შერკინებები. ჩვენი გამოსვლები მქუხარე ტაშით დააჯილოვა ათასობით მაყურებელმა; გარდა ამისა, ჩვენით დაინტერესდა ადგილობრივი ტელევიზია. ისევე, როგორც ირლანდიაში, განსაკუთრებული ემოცია მოდიოდა ქართველი ემიგრანტებისგან – ეს დღე მათთვის პატარა საქართველოს ზეიმი იყო.
– სხვაგან თუ ყოფილხართ, როგორც შავფაროსნები?
ნიკა: მე და ანი ერთობლივად არა, მაგრამ, სანამ ანის გავიცნობდი „შავფაროსნებს” ჰქონდა პროექტები გერმანიაში, თურქეთში, პოლონეთში, სადაც ჩვენი საბრძოლო კულტურა წარვადგინეთ. ასევე, ყოველწლიურად ვმონაწილეობთ ჩვენს სახალხო ფესტივალ „არტ-გენში,” რომლის წყალობითაც მთელი საქართველო გვაქვს შემოვლილი.
– ალბათ, თქვენ მიერ დემონსტრირებულ სანახაობებს გასნაკუთრებულ ხიბლს სძენდა თქვენი ჩაცმულობა და აღჭურვილობა. ჩაცმულობასთან დაკავშირებით რა კითხვებს გისვამდნენ?
– ჩვენ ჩაცმულობა თავიდანვე განსაკუთრებული ნიშნით ავარჩიეთ – ძირითადად, ხევსურულ ტალავრებში ვართ გამოწყობილნი, რაც დაკავშირებულია ამ კუთხის განსაკუთრებულ საბრძოლო ტრადიციებთან და, თან, ტალავარი, მოგეხსენებათ, არის უძველესი ქართული სამოსი, რომელიც კარგად ასახავს ჩვენი კულტურის მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს. აქამდე ყველა გამოსვლაში ძველი სამუზეუმო ექსპონატები გვეცვა და დასანანი იყო, რადგან, მცირე დაზიანებას მაინც იღებს. რომში წასვლის წინ ლუდმა „მთიელმა,” რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორია, „სამოსელი პირველის” დახმარებით, ძველი ტალავრების ნიმუშებზე დაყრდნობით, შეგვიკერა ახალი ტალავრები, რომლებიც ისეთივე ტექნიკით არის დაქარგული, როგორც უწინ იყო. იარაღი და აღჭურვილობაც ნაწილობრივ ლუდი „მთიელის” დახმარებით გვაქვს შექმნილი, ნაწილს კი ჩვენი ორგანიზაციის წევრები თავად ქმნიან ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით.
– როგორ ცხოვრობთ რეალურ ცხოვრებაში, „შავფაროსნების” ფედერაციის მიღმა?
ანი : მე „მოძრაობის თეატრის” მსახიობი ვარ, ვმონაწილეობ სხვადასხვა წარმოდგენაში; ასევე, ადამიანთა რესურსების განვითარების ფონდის სხვადასხვა პროექტში, როგორც ფსიქოლოგ-ტრენერი.
ნიკა: ანი, ასევე, კარგი დიასახლისიცაა, მოწოდებით კულინარია, რადგან, ძალიან გემრიელი კერძები გამოსდის.
– მისი კერძებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მის მიერ დემონსტირებული ქართული საბრძოლო ილეთები?
– შეიძლება ასეც ითქვას (იცინის). რაც შემეხება მე სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული, ვარ ექიმი-რადიოლოგი. ძალიან საინტერესოა ორივე საქმიანობა, რადგან, ორივე დარგი ადამიანის შეცნობას ემსახურება და საკუთარ თავს გასწავლის.