კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას წარმოადგენენ ქართველი გოთები და რის გამო ირჩევენ ისინი ამ გზას

ალბათ, თითოეული თქვენგანი შეხვედრია თბილისის (და არა მარტო) ქუჩებში ახალგაზრდებს, რომლებიც მეტად ორიგინალური და მრავალრიცხოვანი სამკაულით (საყურე, პირსინგი და სხვა), შავი ფერის სამოსით, განსხვავებული მაკიაჟით, უცნაური, ფერადი ვარცხნილობითა და კიდევ სხვა მრავალ მიზეზთა გამო, იქცევენ თქვენს ყურადღებას.

ისინი გარკვეული სუბკულტურის წარმომადგენლები არიან. ასეთი მიმდინარეობების საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი გვაქვს, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას, ეგრეთ წოდებულ, გოთებზე შევაჩერებ.

გოთიკობა ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ინგლისში – გოთიკური როკი სცენაზე, როგორც პანკ-როკის განშტოება. გოთიკური  მიმდინარეობა გავრცელდა ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მუსიკაში და იქცა ცხოვრების სტილად ადამიანთა გარკვეული წრისთვის.

როდის შემოვიდა ეს სუბკულტურა საქართველოში, როგორი არის მათი ფილოსოფია და საერთოდ, რას წარმოადგენენ ქართველი გოთები, ამის გასაგებად გთავაზობთ ინტერვიუს მათ ერთ-ერთ წარმომადგენელთან – Mao black-თან.

 

– როდის შემოვიდა გოთიკობა საქართველოში და რა იყო ამის განმაპირობებელი?

– გოთიკობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იჩენს თავს. თუმცა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, მენტალური და საერთოდ, იმ ყველაფრის გამო, რაც ქვეყანაში სუფევდა, ხელს უშლიდა და ავიწროებდა Gothic – სუბკულტურის მიმდევრებს. თუ როგორ და რატომ გამოჩნდნენ გოთები საქართველოში, ეგ ცოტა რთული დასადგენია. სულის სიმშვიდეს ყველა სხვადასხვა რამეში ჰპოვებს. ჩვენთვის მაგის გარანტი გოთიკაა. ვფიქრობ, 90-იანებშიც, უბრალოდ, საკუთარი თავი იპოვეს მასში.

– რა იციან საქართვლეოში ამ სუბკულტურის შესახებ და თქვენი აზრით, რა უნდა იცოდნენ?

– უპირველესად, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სუბკულტურას ბევრი მხოლოდ იმიჯის გამო მისდევს. მისი არსი კი საერთოდ არ გაეგებათ. საქართველოში მრავალი მცდარი ინფორმაციაა გავრცელებული. ხალხმა ან იცის არასწორად, ან საერთოდ არ იცის მის შესახებ. მინდა, რამდენადაც შევძლებ, გავაგებინო, რომ გოთიკა, ეს სულაც არ არის „კატის გამტყავებელთა სექტა“ და სატანაც არანაირ კავშირში არ არის ჩვენთან, როგორც ეს ხალხს ჰგონია. კარგი იქნებოდა, ოდნავ მაინც გაერკვეოდნენ. მაგრამ, იცი, რა? რამდენიც არ უნდა აუხსნა საზოგადოებას, დამოკიდებულება და რეაქცია მაინც იგივეა.

– რით განსხვავდება გოთიკა სხვა სუბკულტურებისგან?

– გოთიკა ყველა, სხვა სუბკულტურის რადიკალია. მისი ფილოსოფია, მსოფლმხედველობა სრულიად განსხვავებულია სხვებისგან. არსებული სუბკულტურების სათითაოდ განხილვაა საჭირო, რომ იგრძნოთ სხვაობა გოთიკასა და დანარჩენ მიმდევრობებს შორის... არაერთი რეჟისორის შთაგონება ყოფილა გოთური ცხოვრება და არაერთი სიმღერა დაწერილა მათ ინდივიდუალურობაზე. საფრანგეთის საკეთედრო ტაძართა უმრავლესობაც გოთიკური არქიტექტურისაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გოთიკა, ეს მხოლოდ creepy იმიჯი სულაც არ არის.

– როგორია ეკლესიის დამოკიდებულება თქვენდამი?

– ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება ჩემთვის არც ისე ცნობილია, რადგან სასულიერო პირების განწყობა უარყოფითი არასდროს ყოფილა ჩემს პრაქტიკაში. გადაცემებში ვნახე, როგორ საუბრობდა სასულიერო პირი სუბკულტურაზე. მანაც თქვა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, საჭიროებს ცოდნას, თორემ მოზარდმაც თუ არასწორად გაიგო ამ სუბკულტურაზე, საზიანო იქნება მისთვის. სხვა გადმოცემებით არაფერი მსმენია. რატომღაც არ დავინტერესებულვარ.

– რა გიზიდავთ ამ მიმდინარეობაში? ხომ არ არის ეს ერთგვარი პროტესტი საზოგადოებისადმი?

– მასში მხოლოდ ერთი ან ორი კრიტერიუმი არ გიზიდავს. როგორ შეიძლება, ნახევარი სული გქონდეს. გოთიკა ერთ მთლიანობაში მიზიდავს და ეს პროტესტი ნამდვილად არ არის. მე უბრალოდ ვარ „ჩემს ნაჭუჭში“. ვიპოვე ჩემი თავი და ამას არ ვმალავ. თუმცა, ეს ხალხის ნერვებზე თამაშისკენ ნამდვილად არ არის მიმართული. უბრალოდ, პროტესტის გრძნობა უნებურად იღვიძებს და ეს ისევ და ისევ საზოგადოების არასწორი ქმედების გამო.

– საზოგადოების ნაწილი გოთებისადმი უარყოფითად არის განწყობილი, გამოხატავენ თუ არა ამას ღიად და როგორ პასუხობთ თქვენ ამ დროს?

– შენ წარმოიდგინე, „კაი ბიჭებმა“ წელს განიზრახეს შეკრება, და ჩვენი დევნა სისტემატურად (იცინის). დევნა ეს, რბილად რომ ვთქვა, მაგრამ, რადგან დღემდე ცოცხალი ვარ, ჩაუვარდათ გეგმები (იცინის).

ბევრი უტიფრად სოციალურ კითხვებს სვამს, რასაც არ ვიმჩნევ. ბევრი კი ზურგსუკან ბილწსიტყვაობს. არ ვამახვილებ ყურადღებას. ცოდვაში ხომ ისინი იგდებენ თავს ამ ყველაფრით.

– ხშირად გადანაშაულებენ უარყოფით მოვლენათა პროპაგანდაში, როგორიცაა მოწოდება მარტოსულობისკენ, დეპრესიულობისა და სუიციდის მცდელობისკენ. უარყოფთ თუ არა ამ ბრალდებას?

– სულ მეცინება მაგაზე. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არავის არაფრისკენ მოვუწოდებთ. ძალით გოთები ისედაც ყრია. სულაც არ მინდა, უბრალო გავლენებით კიდევ რამდენიმე დაემატოს მათ რიცხვს. ყველამ თავისი გზა თავად იპოვოს. რაც შეეხება დეპრესიას, ეს ნებისმიერს ემართება და ყველაზე ნაკლებად მე. სუიციდი? ეგ გოთებისგან შორს არის.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ვიზუალური სტილით ან ცხოვრებისეული შეხედულებებით ობიექტურად იწვევთ საზოგადოების გაღიზიანებას?

– გაღიზიანებას იწვევს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ეგ მხოლოდ ხალხის უცოდინრობის გამოა.

– ამბობენ, რომ გოთების იდეოლოგია და ცხოვრებისეული ფილოსოფია რთული ასახსნელია. შეგიძლიათ, მოკლედ ჩამომიყალიბოთ, რა არის გოთობა, თქვენი მთავარი მიზანი.

– გოთი ადამიანია, მხოლოდ განსხვავებული მისწრაფებებით. მიზანი არ არსებობს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხასიათს, ესთეტიკას. მე ვიტყოდი, რომ გოთი ყველაზე ჩამოყალიბებული პიროვნებაა თავისი ხედვით.

– არსებობენ ვამპირი გოთებიც, რომლებიც ადამიანების სისხლს სვამენ? რამდენად მისაღებია ისინი თქვენთვის და არსებობენ თუ არა ქართულ რეალობაში?

– ქართულ რეალობაში საზრდოობისთვის სისხლი არავის სჭირდება. ბრიტანეთის ერთ-ერთი „ქალი ვამპირი“, რომელსაც ჰყავს მეუღლეც და ქალიშვილიც, გოთი სულაც არაა. ვამპირული სინდრომის ადამიანს გოთის იარლიყი არ უნდა მივაკეროთ. მე არც მომხრე ვარ მათი, არც ვეწინააღმდეგები. თუ ამით არავის უფლებას არ არღვევენ, გაიხარონ თავისუფლებით.

– 22 მაისს თბილისში, ბოტანიკურ ბაღში გოთების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი მიმდევარი საქართველოში ბევრია?

– ეს ნიშნავს, რომ გვეშველა (იცინის). ბევრი არ გვყავს ნამდვილი მიმდევარი. გამიხარდებოდა, რომ რაოდენობრივად მეტნი ვიყოთ, მაგრამ ბევრ არასწორ გოთს, ისევ ერთი მირჩევნია. მე არ დავსწრებივარ ამ ღონისძიებას. თბილისში არ ვიყავი. წელს პირველად გაიმართა და იმდენად ცნობილი ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი წინ არის.

– ამ სუბკულტურის პოპულარიზებას ხელოვნების საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი ეწევა. ხომ არ იყო თქვენი არჩევანი ვინმეს გავლენის ან მიბაძვის შედეგი?

– მიბაძვა არა, ვერც გავლენას დავარქმევდი. ყველა ოდესღაც იწყებს საიდანღაც. რამდენიმე წიგნმა ითამაშა დიდი როლი ჩემს დაინტერესებაში და როცა ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ სწორედ აქამდე უნდა მოვსულიყავი ადრე თუ გვიან.

– თინეიჯერების პერიოდი ბევრ რადიკალურ გადაწყვეტილებასთან ასოცირდება. თქვენი არჩევანიც ასაკმა ხომ არ განაპირობა?

– ბევრი მიმეორებს, რომ ასაკის ბრალია და გადამივლის. პააპ... არანაირად. მესმის ის ფაქტი, რომ თუ არსებობა გინდა, გჭირდება ფინანსები. ხომ შეიძლება, შესამჩნევი არ იყო ვიზუალის მხრივ, მაგრამ, რა შემიცვლის აზროვნებას? – ვერაფერი.

– როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს არჩევანს?

– არა მარტო ოჯახი, ყველა გარშემო მყოფი ადვილად შემეგუა. იყო თავიდან წინააღმდეგობა, მაგრამ ამის გამო წივილი არ დამიწყია. მე დავუჯექი და ავუხსენი მათ ყველაფერი. გავარკვიე და დღეს უკვე აღარ ფიქრობენ, რომ გოთიკა ცუდია.

– გიქმნით თუ არა თქვენი არჩევანი დისკომფორტს პირად ცხოვრებაში ან პროფესიულ წინსვლაში. ანუ, ხომ არ ითვალისწინებს გოთიკობა გარკვეულ შეზღუდვებს?

– პირადში არ მექმნება პრობლემები. სასწავლებელში არ ვიზღუდები, თუმცა, მაინც არის ზღვარი ისევე, როგორც სხვა ადამიანებს აქვთ რაიმე კონკრეტულ ადგილებში. ლაშქრობაზე ხომ ვერ წახვალ საღამოს კაბით?! (იცინის).

– როგორ ფიქრობთ, ბოლომდე ამ პრინციპის ერთგული დარჩებით, თუ ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც გაგაჩნიათ?

– დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ის ვიქნები, რაც ახლა ვარ. ინტერესები... გააჩნია, შეიძლება, ვიღაცას ვერ წარმოედგინოს, რომ მე მიყვარს სპორტული აქტივობები, მაგრამ მომწონს (იცინის).

 

скачать dle 11.3