ქართველი მოფარიკავეები იტალიიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ
ცოტა ხნის წინ იტალიის ქალაქ რაიანოში ჩატარდა მსოფლიოს თასის გათამაშება 1998 და 2000-2001 წლებში დაბადებულ მოფარიკავეთა შორის. საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლასთან არსებული, მსოფლიოს ჩემპიონის, ნიკოლოზ ანდრიაძის კლუბის შეგირდები: ანა აფრასიძე, მარიამ აფციაური, ნიკა შენგელია და ოთარ გიორგაძე, რომელთა მწვრთნელია ქალბატონი ქეთევან ერემეიშვილი.
ქეთევან ერემეიშვილი: მეორე წელია, მონაწილეობას ვიღებთ ამ ჩემპიონატში. წელს გოგონებმა მესამე ადგილი აიღეს პირადში – ალჟირელებთან დამარცხდნენ, მაგრამ, მერე რევანში აიღეს გუნდურ შეჯიბრებაში, ჩემპიონები გახდნენ და გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში. რაც შეეხება ბიჭებს, გუნდურ პირველობაში მეორე ადგილზე გავიდნენ – იტალიელებთან 44:45 დათმეს. სამაგიეროდ, ნიკა გაემგზავრება ნანძინში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. ჩემი ოცნებაა, ნიკა სამეულში მოხვდეს. ასე რომ, წლევანდელი წელი ჩვენთვის კიდევ უფრო წარმატებული იყო.
მარიამ აფციაური: ყველაფერი ჩემი მწვრთნელის, ქეთევან ერემეიშვილის დამსახურებაა – ასე კარგად რომ არ გვავარჯიშებდეს, ნამდვილად ვერ მივაღწევდით წარმატებას. სანამ იტალიაში წავიდოდი, იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მასწავლებელი როგორ გამეხარებინა. შეჯიბრების წინა ღამეს ლოცვაში ჩამეძინა – კარგი შედეგი ვაჩვენო-მეთქი. ბრძოლის წინაც სულ მასწვლებელზე ვფიქრობდი და ძალიან გამიხარდა გამარჯვება.
ანა აფრასიძე: შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა, აქედან სამი – იტალიის გუნდი იყო, ორი დავარმაცხეთ და შემდეგ ფინალში ალჟირელებსაც მოვუგეთ. რაც პირადში ვერ გავაკეთეთ, ის გუნდურში მოვახერხეთ – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.