როგორი პრეზიდენტია ნიკა გრიგოლია და რომელი გადაცემის წამყვანად ვიხილავთ მას სულ მალე „რუსთავი 2-ზე”
დიდი ხანია, რაც ნიკა გრიგოლია ტელეეკრანზე აღარ ჩანს. ბოლოს, პროექტ „ნიჭიერში” იხილა მაყურებელმა და მას მერე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. როგორც გავარკვიეთ, ის „რუსთავი 2-ის” ტელეეკრანზე სულ მალე, აგვისტოში გამოჩნდება და „ეკივოკში” ლელა მებურიშვილს შეცვლის. ეს ის გადაცემაა, რომელსაც ყველაზე მეტად ბავშვები უყურებენ და ხალისობენ, ნიკა კი სწორედ ის ადამიანია, ვინც ამ გადაცემის ფორმატში, დამეთანხმებით, თავისი მანერებითა და ვიზუალითაც, საკმაოდ კარგად ჯდება. ასეა თუ ისე, ნიკა ეკრანს უბრუნდება და მომავალში თავის მაყურებელს კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.
ნიკა გრიგოლია: დიდი ხანია, ტელევიზიით აღარ ვჩანვარ. ხშირად ქუჩაშიც მაჩერებენ და მეკითხებიან, სად დაიკარგე, ვეღარ გხედავთ, აღარ დაბრუნდები „რუსთავი 2-შიო”? მე არსად წავსულვარ. აგვისტოში ტელეეკრანზე გავა „ეკივოკი”, რომლის ახალი წამყვანიც მე ვარ და აწი ხშირად მიხილავთ დიდებიც და პატარებიც (იცინის).
– თქვი, არსად წავსულვარო, თუმცა, არც არსად ჩანდი.
– ვიგულისხმე, რომ გიორგი ხაბურზანიასთან და დემნა ჯაფარიძესთან ვთანამშრომლობდი. „ნიჭიერშიც” ხომ მნახეთ, როგორ მიმყავდა ლაივი? ამჯერად „ეკივოკის” წამყვანობა შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. ბავშვებიც მიყვარს, გადაცემასაც, ვფიქრობ, ვუხდები და, ვნახოთ, როგორ მოგეწონებით წამყვანის ამპლუაში. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა და მათთან ერთად სისულეეების კეთება. მათაც ძალიან ვუყვარვარ და, ამ გადაცემის ფორმატშიც, ჩემი ტიპაჟის გამო, კარგად ჩავჯექი. ჩემმა შვილმა, ნიკომ რომ გაიგო, „ეკივოკი” უნდა წამეყვანა, გაუხარდა, მაგრამ, გამოაცხადა, მე პოპულარობა და ტელევიზორში გამოჩენა არ მინდაო (იცინის), თუმცა, სამსახურში სიამოვნებით დამყვება და მელოდება, სანამ გადაცემას ჩავწერთ. ჭკვიანი ბავშვია და ხვდება, რომ ტელევიზიაში მამის დაღლა საკმარისია და ამიტომაც არ უნდა თვითონაც ამ სფეროში მუშაობა (იცინის).
– ამ გადაცემისთვის შენი იმიჯის ცვლილება იგეგმება?
– მე წამყვანის ამპლუაში იმავე იმიჯით ვიქნები, როგორსაც მიცნობთ: თავისუფალი, ლაღი, ბუნებრივი, ნატურალური და არა ხელოვნური, პიჯაკში გამოწყობილი.
– ამ კონკრეტულ გადაცემაზე არ გეკითხები, მაგრამ, თუ მომავალში, სხვა გადაცემის წაყვანას შემოგთავაზებენ, რომლის ფორმატიც მოითხოვს პიჯაკს და, ზოგადად, აკადემიური ჩაცმის სტილს, მაშინ?
– სანამ რამეს შემომთავაზებენ, ჩემზე კარგად იციან, მე რა შემიძლია (იცინის). აკადემიურად, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ვიქნები ხელოვნური და ყალბი და ეს ვის მოეწონება?! არც სხვის ქორწილში მცმია პიჯაკი და არც ჩემსაში და, ახლა ვინ მაიძულებს მის მორგებას? (იცინის) სხვათა შორის, სკეტჩებში, როცა სხვებს განვასახიერებდი, კი მეცვა დიდი ზომის პიჯაკი, მაგრამ იმ შემთხვევაში მე ხომ ნიკა არ ვიყავი?! (იცინის).
– ნიკა, ათასი ჭორ-მართალი დადიოდა ეკრანიდან შენი გაუჩინარების შესახებ. რეალურად რა იყო „კომედი შოუდან” წასვლის მიზეზი?
– მართალია, მეც ბევრი ჭორი გავიგე „კომედი შოუდან” წამოსვლის მერე, მაგრამ, რეალური მიზეზი იყო ის, რომ შემცირებაში მოვყევი. მერე კი იყო რაღაც შემოთავაზება, მაგრამ აღარ მივედი. ჯერ რომ კაცს ეტყვი, შემცირებაში მოყევი და, მერე ეტყვი, ახლა მოდიო, ცოტა არასერიოზულია. არ დაგიმალავთ, ნაწყენი ვიყავი. მართალია, ერთ შენობაში ვართ, მაგრამ, არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი, მათ კარგ გამარჯობასაც ვეუბნები და არც ის კარგი ურთიერთობები დამვიწყებია.
– როგორ გგონია, რა დააკლდა „კომედი შოუს” შენი წასვლის მერე?
– უბრალოდ, „კომედი შოუს” დააკლდა ჩემი ტიპაჟი და ხუმრობები, სხვა რა უნდა დაჰკლებოდა? ისევ ხუმრობენ და ისევ სასაცილო სანახავია დადგმული სკეტჩები. ის ჩემი საქმე იყო, წლების განმავლობაში ვაკეთებდი, ბევრი ახლო მეგობარიც მყავდა და ეს ყველაფერი კი მენატრება, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, იქ დავბრუნდე. ხშირად მეკითხებიან, ახლა თუ უყურებ „კომედი შოუსო”. ამ გადაცემას კი არა, ზოგადად, ტელევიზორს არ ვუყურებ.
– მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და, სიმართლე გითხრა, რომ გავიგე, გადაცემა უნდა წაგეყვანა, ვიფიქრე, ეს ექსტრემალურ სპორტზე იქნება-მეთქი, თუმცა, შევცდი. სიმართლე მითხარი, პრეზიდენტის რანგში როგორი ხარ?
– საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ 2009 წლიდან და პერიოდულად ღონისძიებებს ვატარებთ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთაც. ეს სპორტი არც ისე პოპულარულია ჩვენთან და ბევრი მიმდევარიც არ ყავს, თუმცა, ძალიან საინტერესო და აზარტულია. მოტოსპორტი ჩემი საყვარელი საქმეა და ძალიან მიყვარს მოტოციკლით სიარული. ექსტრემალური სპორტის შესახებ საქართველოში გადაცემა რომ გააკეთო, მისი მიმდევრები ჩაწერო და ინვენტარი მოიძიო, ალბათ, სამ გადაცემას „გაქაჩავ” და, მერე?! თორემ, იდეა კარგია და არც ექსტრემი და არც მონდომება გვაკლია. ბოლოს სომხეთში ვიყავით შეჯიბრებაზე და ერთი მოტო დაგვიზიანდა. ავდექი და ჩემი მოტო ვათხოვე მეგობარს. მან მეორე ადგილი აიღო, ჩვენმა მეორე მეგობარმა კი – პირველი. ასე რომ, მონდომებულებიც ვართ და მომზადებულებიც ამ მხრივ. ბიჭები ჩვენი მოტოებით კვირაში ერთი ან ორი დღით ვიპარებით და გავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც ქვა, ღორღი და ტალახია. დავქრივართ ამ ტყე-ღრეში და ვერთობით. სხვათა შორის, ახლა დავფიქრდი, ასეთ ადგილებში იაღლიშები არ მომსვლია, თბილისის ქუჩებში – კი ბატონო!
– სიმართლე გითხრა, ზოგადად, ისეთ მანევრებს აკეთებენ ავტომანქანების გვერდი-გვერდ მოტოციკლის მძღოლები, თუ გამოცდილი და სტაჟიანი მძღოლი არ ხარ, გაგიჭირდება მათი გვერდის აქცევა. სულ რამდენჯერ ხარ შენი მოტოციკლეტით ავარიაში მოხვედრილი?
– არ დაგიმალავთ და, ოთხჯერ ვარ დალეწილი მაგრად, მაგრამ, არც ერთხელ ჩემი ბრალი არ იყო. სხვისი დაუდევრობისა და დანაშაულის გამო ლავიწის ძვალიც მოვიტეხე და ხელიც. არ დამავიწყდება, მანქანა დამეჯახა და ოც მეტრზე გავფრინდი. რამდენიმე წამით ადრე მივხვდი, რომ მეჯახებოდა და ვიფიქრე, მე ჯანდაბას, ნეტავ მოტოციკლეტი გადარჩეს-მეთქი და ამ დროს ავფრინდი (იცინის). ლავიწის ძვალი რომ მოვიტეხე, საწოლში გავატარე გარკვეული დრო; ხელი რომ მოვიტეხე, მაინც ვმუშაობდი და სკეტჩებში, გადაბინტული ვჩანდი. მადლობა ღმერთს, კისერი მთელი მაქვს, თორემ, ჭინკების შემოსევას ხომ ვერ გავუძლებდი?! (იცინის).
– ვერ მივხვდი, კისერი და ჭინკა ერთმანეთთან რა კავშირშია?
– თქვენ არ იცით, რომ დროდადრო ჭინკების შემოსევებს ვუძლებ? (იცინის) ჩემი კისერი ჩემი შვილისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. მოკლედ, ჩემს შვილს და მე მოფიქრებული გვაქვს ასეთი თამაში: კისერი არის ჭინკის დასაჯდომი; შემომაჯდება, დავრბივარ და ვეძებ სარკეს, რომ ჩავიხედო, დავინახო ჭინკა და ჩამოვაბრძანო ჩემი კისრიდან. ადრე არ იყო მისი ტარება ძნელი, ახლა კი გაიზარდა, დამძიმდა და უჭირს ჩემს პატარა კისერს ამხელა ჭინკის დიდხანს ზიდვა.
– ვხვდები, რომ კარგი მამა ხარ, აი, ისეთი, ყველაფერს რომ უსრულებს და ათამამებს შვილს. ხომ ასეა?
– ესეც კარგი შვილია და, მეც, შეძლებისდაგვარად, კარგი მამა ვარ. რაც შემიძლია, ყველაფერს ვუსრულებ. მკაცრი არ ვარ, მაგრამ, ყოველთვის ვუთითებ, რა არის კარგი და რა – ცუდი. არ მიყვარს, ბავშვს რომ უტყაპუნებენ, არც მე გავუზრდივარ ასე ჩემს მშობლებს და არც მე შემიძლია შვილის ცემა. რაც არ უნდა დამეშავებინა, არ მახსოვს, მამაჩემს ჩემთვის დაერტყა, არც მე გავიმეტებ შვილს და არ დავარტყამ. თუმცა, თუ რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მაგრამ, არ დამიჯერა და იგივე გაიმეორა, დავუყვირებ. მოკლედ, შეიძლება ითქვას, კარგი, „სუპერ” მამა ვარ და, ვცდილობ, მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა ვიყო. ყველაზე მეტად ვაფასებ ჩემს თავისუფალ დროს. დღეს მეტი დრო მრჩება იმისთვის, რომ, რაც მინდა ის ვაკეთო: სამსახურს დავუთმო ცოტა დრო და დანარჩენ ცხოვრებას კი – მეტი. ჩემს დაკისრებულ საქმეს კარგად შევასრულებ, მაგრამ ამას მინიმალურ დროს მოვანდომებ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს შვილთან ერთად ყოფნა, თამაში, გართობა, სეირნობა და დღეს, ამას ვახერხებ. მე სიცოცხლე მიყვარს და დღეს მეტ დროს სიცოცხლის სიყვარულს ვუთმობ.