კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

სამშობიაროში ზუსტად პირველ საათზე მივედით. ორის ოცდახუთ წუთზე ბუდუ დაიბადა, ხუთი წუთის შემდეგ კი – სერგი.

ექთანმა ტყუპების დაბადება რომ მახარა და გასამრჯელოს მისაცემად ჯიბეში ხელი ჩავიყავი, მაშინღა გამახსენდა, რომ საფულე სერგის მანქანაში დავტოვე. საფულეში სამასი მანეთი და მილიციის თანამშრომლის წითელი წიგნაკი მედო. საათს დავხედე – ორს ათი წუთი აკლდა. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა. სამშობიაროს მისაღებიდან მილიციის სამმართველოს მორიგეს დავურეკე და ვუთხარი:

– გულბათი ვარ. სერგი ხომ არაა მანდ?

– გულბათ, ბოტანიკურ ბაღთან სროლა ყოფილა და ყველა იქ წავიდა.

– რა მოხდა?! – ვიღრიალე მე.

– არ ვიცი, ჯერ არ შეუტყობინებიათ. შენ სად ხარ?

ყურმილი აპარატზე დავდე, ქუჩაში გავვარდი და ტიტე ბუკიას მანქანით ბოტანიკური ბაღისკენ გავფრინდი. შენს მტერს, რაც მე იქ ვნახე. სერგი, ეს მთასავით ბიჭი, სისხლის გუბეში უსულოდ ეგდო და მთელი სხეული დახვრეტილი ჰქონდა. ხარივით ავბღავლდი, მუხლებზე დავეცი და მიწას მანამდე ვურტყი თავი, სანამ გონება არ დავკარგე. მძიმე ტვინის შერყევა მქონდა და სამი კვირა ბურანში ვიყავი. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, სერგი უკვე დასაფლავებული იყო. ისეთ დეპრესიაში ვიყავი, შვილების ნახვაც კი არ მინდოდა და თავის მოკვლას ვაპირებდი. ჩემმა უფროსმა ძმამ გადამარჩინა – სვანეთში წამიყვანა და ექვსი თვე იქ გავატარე. როგორც იქნა, მოვმჯობინდი და უკან დავბრუნდი. ჯერ სერგის საფლავზე ავედი, შემდეგ ნათლია ასთამურს მივუსამძიმრე და ბოლოს სახლში მივედი. აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს არ უნდოდა სამსახურში ჩემი დაბრუნება – ასე უთქვამს, გაუწონასწორებელიაო. თავდებში სამმართველოს უფროსი დამიდგა და მილიციაში დამაბრუნეს. იმ დროს ეს საქმე უკვე თბილისს ჰქონდა წაღებული. ვალიკო ჟღენტმა ორჯერ დამკითხა. რაც ახლა მოგიყევი, იმასაც ის ვუთხარი. ერთი სიტყვით, საქმე წინ არ მიიწევს. დეტალურად კი ნესტორი მოგიყვება ყველაფერს. აი, მივედით უკვე.

გულბათმა მანქანა მილიციის სამმართველოს ეზოში გააჩერა, შემდეგ მესამე სართულზე ავიდნენ და პესკასელის კაბინეტის კარი შეაღეს.

– შეიძლება, ნესტორ? – იკითხა მარგიანმა.

– შემოდი, შემოდი, რას მებოდიშები? – შეიპატიჟა ახალმოსულები პესკასელმა, მაგიდას შემოუარა და მოღიმარი სახით შეეგება მათ.

– ნესტორ, ეს მერაბ გამრეკელია და სერგის საქმე აინტერესებს. გცალია, რომ დაელაპარაკო? – უთხრა გულბათმა პესკასელს.

 პესკასელმა მაგრად ჩამოართვა ხელი მერაბს, მხარზე ხელი მიუთათუნა და უთხრა:

– შენს გმირობაზე ბევრი მსმენია, ჩემო მერაბ. იმ ნაძირალამ რომ დაგჭრა, იმ დროს აქ არ ვიყავი და, რომ დავბრუნდი, უკვე თბილისში იმყოფებოდი. ძალიან მინდოდა შენი გაცნობა და ნატვრაც ამისრულდა. მოდი, დაჯექი და ვილაპარაკოთ. რით შემიძლია, გემსახურო?

გულბათ მარგიანი კაბინეტიდან გავიდა. მერაბი სკამზე დაჯდა და, პესკასელიც რომ მოკალათდა, უთხრა:

– სერგის მკვლელობის საქმეს პირველად ხომ თქვენ იძიებდით?

– მერაბ, მოდი, ვიმეგობროთ. შენობითაც  ამიტომ მოგმართე. შევთანხმდით? – გაუღიმა პესკასელმა მერაბს.

– შევთანხმდით.

– ძალიან კარგი, – თქვა პესკასელმა, შემდეგ ამოიოხრა და სერიოზული სახით დაამატა: – სამი თვე ვიძიებდი იმ ვაჟკაცის ვერაგული მკვლელობის საქმეს. სამი თვე დღე-ღამეს ვასწორებდით მთელი პირადი შემადგენლობა, მაგრამ, ყოვლად უშედეგოდ. იმავე ღამეს გადავკეტეთ მთელი აფხაზეთი და საგუშაგოები გავაძლიერეთ. ერთი სიტყვით, ძალიან ოპერატიულად ვიმოქმედეთ, მკვლელები კი მაინც ვერ მოვიხელთეთ. ეტყობა, აფხაზეთიდან გასვლა მოასწრეს. შემდეგ ეს საქმე თბილისმა წაიღო და გენერალური პროკურატურის გამომძიებელი ვალიკო ჟღენტი იძიებს.

– ეგ ვიცი, ვალიკოსაც კარგად ვიცნობ. მე დეტალები მაინტერესებს.

– გადავიდეთ დეტალებზე. ძირითადი ვერსიით, სერგი შამბა გუდაუთაში გატაცებულ მწვანე „ჟიგულის“ დაედევნა. მანქანა, რომელიც საკონსერვო ქარხნის ტექნოლოგს, მიხეილ აგრბას ეკუთვნოდა, წინა დღით ქუჩიდან წაიყვანეს.  აგრბას დაკითხვამ საგულისხმო ვერაფერი შესძინა გამოძიებას. როგორც კი შეიტყო მანქანის დაკარგვა, მაშინვე განაცხადა და სერია და ნომერი ყველგან დაგზავნეს. ნომერი იცოდა სერგიმაც და სწორედ ამიტომ დაედევნა გამტაცებლებს. დევნის დროს, როგორც გატაცებული მანქანის შემოწმებამ ცხყადყო, იმ ნაძირლებს ბოტანიკურ ბაღთან ბენზინი გამოელიათ. სწორედ იქ წამოეწია მათ სერგი და მთავარი ტრაგედიაც იქ დატრიალდა. როგორც შემთხვევის ადგილის სურათის კრიმინალისტური ანალიზი გვიჩვენებს, სერგი არ მოელოდა, რომ შეიარაღებულ ბოროტმოქმედებთან მოუწევდა შეტაკება. ამ ვარაუდს ის ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე სერგის ტაბელური იარაღიდან გასროლილი ერთი მასრაც კი ვერ აღმოვაჩინეთ. არადა, სერგი ძალიან სწრაფად ხმარობდა იარაღს, უზუსტესად ისროდა ყველა პოზიციიდან და მინიმუმ ერთ გასროლას მაინც მოასწრებდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სერგი ორმოცდაათი მეტრის დაშორებითაა მოკლული თავისი „ფიატისგან“, მაშინ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ბოროტმოქმედებს ფეხით გაეკიდა, თანაც ისე, რომ პისტოლეტის ამოღება არც კი უცდია. სერგის რვა ჭრილობა აქვს მიყენებული ორი პისტოლეტიდან, აქედან, სამი – „მაკაროვით“ და ხუთი  „ტეტეთი.“ – „მაკაროვით“ ერთი ჭრილობა მიბჯენითაა ნასროლი მუცელში, ორიც – მარცხენა და მარჯვენა ბარძაყებში. „ტეტეთი“ ორი ზურგშია ნასროლი, ერთი – მკერდში და ორიც – თავში. ჭრილობების ანალიზი ასეთ სურათს გვაძლევს: ორმოცდახუთიოდე მეტრი რომ გაირბინეს ბოროტმოქმედებმა, მიმართულების მაჩვენებელ ისრებთან – ეს ისრები ექსკურსიის მარშრუტებს აღნიშნავენ – შუაზე გაიყვნენ, ანუ, ერთი მარცხნივ გაიქცა, მეორე კი – მარჯვნივ. როგორც ჩანს, მარცხნივ გაქცეულმა ნაძირალამ ვერ დაინახა ხუთასწლოვანი მუხის ამოწეული ფესვი, ფეხი წამოჰკრა და წაიქცა. სავარაუდოდ, სავარაუდოდ კი არა, ნამდვილად, სწორედ იქ წამოეწია სერგი წაქცეულს და თავზე წამოადგა. ამ დროს, ექსპერტ-კრიმინალისტის დასკვნით, სერგის „ტეტედან“ ზურგში ესროლა მეორე ბოროტმოქმედმა, შემდეგ კი წაქცეულმა მიბჯენით ესროლა „მაკაროვიდან“. ამის მერე, უკვე ძირს დავარდნილ და სასიკვდილოდ დაჭრილ სერგის, „მაკროვიანმა“ თითო ტყვია დაახალა ბარძაყებში. „ტეტეიანმა“ კი – ერთი მკერდში და ორიც საკონტროლო – თავში. ამის მერე მკვლელებმა სერგის ტაბელური „მაკაროვი“ გაიტაცეს. ჩასხდნენ მის „ფიატში“ და გაიქცნენ. „ფიატში“ იდო გულბათ მარგიანის საფულე სამასი მანეთითა და მისი სამსახურებრივი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. აი, ჩემო მერაბ, ასე ვერაგულად მოკლეს იმ გარეწრებმა ეს გოლიათი ვაჟკაცი.

– ესე იგი, ორი ბოროტმოქმედი იყო?

– შესაძლოა, სამიც. მათ შორის ერთი უიარაღო იყო ან იარაღი არ გამოიყენა.

– აგრბას მანქანის გატაცებაზე რა ვერსიას ამუშავებდით?

– ვერსია რამდენიმე იყო. ჩემი აზრით კი, ის გარეწრები „საქმეზე” მიდიოდნენ და მანქანა გასაქცევად სჭირდებოდათ. სწორედ აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ სამნი იყვნენ. ორნი, ვთქვათ, საყაჩაღოდ, ერთი კი – მანქანაში. მძღოლი ხომ სჭირდებოდათ?!

– თუ „საქმეზე” მიდიოდნენ, ბენზინის ავზი ვერ აავსეს?

– სულ დამავიწყდა. საბარგულში მათ ბენზინით სავსე ორი კანისტრა ჰქონდათ. ასე რომ, საწვავი არ აკლდათ და, თუ ჩემი ვარაუდი სწორია, მათ, უბრალოდ, ავზის ავსება ვერ მოასწრეს.

– ბალისტიკამ რა უჩვენა, „ტეტე“ და „მაკაროვი“ ხომ არ ამოვარდნილა მასროთეკაში?

– აქაც ძალიან საგულისხმო დეტალებია. ორივე იარაღი მილიციელებს გასტაცეს. მათ შორის ერთი – მკვლელობის შემდეგ. „ტეტე“ სამი წლის წინ აართვეს მილიციის ზემდეგ ჭოლა ქურციკიძეს, როდესაც ის თბილისში, კიკვიძის ბაღში, ღამის შემოვლაზე იმყოფებოდა. მას თავში არმატურა ჩაარტყეს, იარაღი წაიღეს და მიიმალნენ. ქურციკიძე გადარჩა, მაგრამ, დაინვალიდდა და მისი დაკითხვა შეუძლებელია – მას მეტყველებისა და სიარულის უნარი დაკარგული აქვს. აი, „მაკაროვი“ კი, ორი წლის წინ, სერგის მკვლელობამდე სამი თვით ადრე აართვეს თბილისში, ფუნიკულიორის პლატოზე მოკლულ უფროს ზემდეგს, მალხაზ გვინჩიძეს. მასაც არმატურა ჩაარტყეს ღამით. სამწუხაროდ, ის მიყენებული ტრავმისგან ადგილზევე გარდაიცვალა. ერთი სიტყვით, მილიციელების მკვლელებთან გვაქვს საქმე. ძალიან დაუნდობელი და საშიში ხალხია. ასეთებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და არ უნდა დაინდო.

– სერგის „ფიატი“ სად აღმოაჩინეთ?

– აი, ეს კი ამ საქმის ყველაზე იდუმალი დეტალია.

– იდუმალი რატომ?

– იმიტომ, მერაბ, რომ სერგის „ფიატი“ შემთხვევის ადგილიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში ვიპოვეთ – სუბტროპიკული ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელთან. რა გამოდის? ბოროტმოქმედები აორთქლდნენ თუ ცაში აფრინდნენ? სხვა მანქანა არავისთვის წაურთმევიათ, რომ იმით გაქცეულიყვნენ, რადგან, ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ მათ სხვა მანქანა ელოდებოდა და ისიც გამორიცხულია, რომ სოხუმში დაიმალნენ. მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დავაყენეთ და, აქ რომ დარჩენილიყვნენ, აუცილებლად ვიპოვიდით. შემთხვევიდან ნახევარ საათში კი ყველა გზა შევკარით და ქალაქიდან ვერ გააღწევდნენ. ზღვით თუ გავიდოდნენ, მაგრამ, არც ეგ მგონია. კატერი შესამჩნევი რამეა და, ასე რომ ყოფილიყო, არ გამოგვეპარებოდა.

– აბა, რა იქნენ?

– ალბათ, ქალაქიდან გააღწიეს, მაგრამ, როგორ, არ ვიცი. როგორც გითხარი, ჩემთვის ამ საქმეში ყველაზე დიდი გამოცანა სწორედ ესაა. ფეხით შორს ვერ წავიდონდენ. ნახევარი საათის მერე – ვერც მანქანით. ერთი იმედია მხოლოდ...

– რა იმედი?

– რა და, თუ მომავალში ეს წყეული იარაღები რომელიმე საქმეში გამოჩნდება, დამნაშავეებს თუ ჩავავლებთ და ამგვარად გავხსნით დანაშაულს.

– გამოდის, რომ ახალ ბოროტმოქმედებას უნდა დაველოდოთ?

– სამწუხაროდ, ასეა.

მერაბი უკვე დამშვიდობებას და წასვლას აპირებდა, რომ, პესკასელის კაბინეტის კარი გაიღო, ოთახში ახალგაზრდა კაცმა შემოიხედა და კაპიტანს მიმართა:

– ბატონო ნესტორ...

– მოიცა, პლატონ, ხომ გითხარით, ბატონს ნუ მეძახი-მეთქი! რაშია საქმე, მოხდა რამე?

– გაგრაში მკვლელობაა. ნახევარი საათის წინ მეზღვაურთა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. ოპერატიული ჯგუფი გასასვლელად მზადაა და გელოდებათ.

– მოვდივარ! – თქვა ნესტორ პესკასელმა, უჯრიდან ტაბელური იარაღი ამოიღო, შეამოწმა, ქამარში გაირჭო და მერაბს უთხრა:

– ხომ გაგრაში მოდიხარ? წამოდი, ჩემი მანქანით წაგიყვან.

მერაბი დათანხმდა. მილიციელები კაბინეტიდან გამოვიდნენ და კიბეებზე დაეშვნენ. მეორე სართულზე მათ გულბათ მარგიანი შეხვდათ.

– გაგრაში  მიდიხარ, ხომ, ნესტორ, მკვლელობაზე? – ჰკითხა პესკასელს გულბათმა.

– კი, – მიუგო კაპიტანმა.

– იცი, ვინ მოკლეს?

– ვინ?

– ის სახენაიარევი კაცი, ჩვენ რომ ვეძებდით. რა გვარია?

– რუბენ ჩოჩიანი? – თქვა პესკასელმა.

– ჰო, რუბენ ჩოჩიანი.

– შენ რა იცი?

– რიგითმა კალანდიამ დამირეკა და მითხრა. ის ახლა იქ არის, სურათით ამოიცნო.

– ვაა... აი, ახალი ამბავი! წავედით, წავედით... –  თქვა პესკასელმა და სწრაფად დაეშვა კიბეებზე.

 ეზოში რომ ჩავიდნენ, გულბათმა მერაბს თავის მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზა.

– გულბათ, მე ნესტორს გამოვყვები, რაღაც მაქვს დასაზუსტებელი, – უთხრა მერაბმა მარგიანს და პესკასელის მანქანაში ჩაჯდა.

პესკასელმა მანქანა ადგილიდან დაძრა და მერაბს უთხრა:

– მოკლულის ვინაობა ხომ არ გეცნობა?

– თუ მოკლული ნამდვილად რუბენ ჩოჩიანია, მაშინ, ის რუზგენის ბიძაშვილია. ექვსი თვის წინ მე და ჩემმა ბიჭებმა დავაპატიმრეთ თბილისში. რუზგენი მაშინ გაგვექცა. შემდეგ რუზგენიც ავიყვანე ლოტკინზე, მაგრამ, მალევე გაიქცა ციხიდან. მერე კი გაგრის ამბები მოხდა.

– რუბენ ჩოჩიანი ორი კვირის წინ გაიქცა ციხიდან და ვეძებდით. ინფორმაცია გვქონდა, რომ ჩვენს მხარეში იმალებოდა და გაგრაში არ ყოფილა?! – თქვა პესკასელმა.

– გამოდის, რომ ბანდიტ ჩოჩიანებს გაგრაში ვიღაც მფარველი ჰყავთ.

– სამწუხაროდ, ასე გამოდის, – დაეთანხმა პესკასელი მერაბს.

– ნესტორ, ერთი თხოვნა მაქვს, – უთხრა პესკასელს მერაბმა.

– გისმენ.

– არ შეიძლება, რომ მოკვლევას მეც დავესწარო?

– დიდად დამავალებ. მე თვითონ მინდოდა, შენთვის ეს მეთხოვა, მაგრამ, მომერიდა. აი, თითქმის უკვე მივედით. ახლა კოლონადას გავივლით და მეზღვაურთა საერთო საცხოვრებელიც იქვეა.

კოლონადას რომ ჩაუარეს, მერაბს წინა დღე გაახსენდა, როდესაც თამართან ერთად ღია კაფეში მიირთმევდა ნაყინს. მაიორს არც ის დავიწყებია, რომ თამართან ერთად სეირნობისას ვიღაცის უხილავი, ბოროტი თვალი უმზერდა.

ამასობაში შემთხვევის ადგილთან მივიდნენ. ხუთსართულიან შენობასთან ცნობისმოყვარეები იყვნენ შეკრებილები. მილიცია მათ იქ დგომას უშლიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი იზრდებოდა.

– კალანდია, სად მოხდა მკვლელობა? – ჰკითხა პესკასელმა მილიციის რიგითს, რომელიც ცნობისმოყვარეებს იგერიებდა.

– მეხუთე სართულზე, ამხანაგო კაპიტანო. ხელმარცხნივ, დერეფნის ბოლო ოთახში.

– მარგიანისთვის გითქვამს, მოკლული რუბენ ჩოჩიანიაო.

– დიახ, ისაა.

– რა იცი შენ?

კალანდიამ ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო, პესკასელს უჩვენა და უთხრა:

– აი, ამით ამოვიცნე. ნამდვილად ეგაა. მარჯვენა ლოყაზე დიდი შრამი აქვს.

– ვინ აღმოაჩინა გვამი?

– ჯემალ თაქთაქიშვილმა.

– ეგ ვინ არის?

– ლოთია ერთი. სარემონტოში მუშაობს მექანიკოსად და მეოთხე სართულზე ცხოვრობს. როგორც ყოველთვის, გამობრუჟული იყო და სართული შეშლია. კარი ღია ყოფილა და, რომ შევიდა, პირდაპირ მოკლულს გადააწყდა. შიშისგან კისრისტეხით ჩამოურბენია ქვევით. ქუჩაში რომ გამოვარდა, იქ კი მე ვმორიგებობდი და შემატყობინა.

– ყოჩაღ, კალანდია, – სიტყვა გააწყვეტინა სრულიად ახალგაზრდა რიგითს პესკასელმა და მერაბს მიუბრუნდა: – წამოდი, დავათვალიეროთ.

– ამხანაგო კაპიტანო, – დაუძახა კალანდიამ პესკასელს.

– რა იყო, კალანდია?

– შენობაში ძალიან ბნელა. კიბეები მინგრეულ-მონგრეულია და ფრთხილად...

მილიციელები შენობაში შევიდნენ და ფეხით აუყვნენ ვიწრო კიბეებს. იქ მართლაც საშინელი სიბნელე იყო და პესკასელმა თქვა:

– ეს რომ მცოდნოდა, ფანარს წამოვიღებდი.

რიგითის გაფრთხილების მიუხედავად, მეხუთე სართულის ბოლო კიბეზე პესკასელს ჩამოტეხილ კიბეზე ფეხი დაუცდა და მუხლი დაიზიანა.

– შუქი ვერ გაუყვანიათ, ნამდვილი კუბოა, – თქვა კაპიტანმა, – აქ ხალხი როგორ მოძრაობს?

– მაგრად იტკინე? – ჰკითხა ნესტორს მერაბმა.

– ეგ არაფერი, ქორწილამდე გამივლის... წავედით.

შემთხვევის ადგილზე სოხუმის მილიციის სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და სურათებს იღებდნენ. მოკლული ტახტზე იწვა და სახეზე დიდი ბალიში ეფარა, რომელსაც ორი ნახვრეტი აჩნდა. იქვე ლუდის ცარიელი ბოთლი ეგდო. ოთახის დიდი ფანჯარა გაგრის ცენტრალურ ქუჩას გადაჰყურებდა და თვალწინ იშლებოდა ძალიან ლამაზი პანორამა.

პესკასელი ტახტზე დაიხარა, ბალიში ასწია, მოკლულს დახედა და ისევ დააფარა.

– „მაკაროვიდანაა“ მოკლული. ბალიში კი მკვლელმა „გლუშიტელად“ გამოიყენა, – უთხრა პესკასელს ექსპერტმა სარიამ.

– ჰილზები იპოვეთ? – ჰკითხა პესკასელმა სარიას.

– აგერ გვაქვს, – სარიამ ცელოფანში ჩაწყობილი „მაკაროვის“ სისტემის ორი ცალი ცარიელი ჰილზა დაანახვა ნესტორს.

– დაბეჭდეთ პაკეტი და ბალისტიკაზე გაგზავნეთ! – თქვა ნესტორმა და იკითხა: – რა სახის ჭრილობაა?

– „სკვაზნოია“, – მიუგო სარიამ და დაამატა, – თავში ორი ნახვრეტი აქვს.

– ტყვიის გულები იპოვეთ?

– ვეძებთ. დივანში იქნება გაჩხერილი.

– პათანატომები გამოიძახეთ?

– კი, მორგი გზაშია, – თქვა სარიამ. ტახტში გაჩხერილი ტყვიის გულა ამოაძრო და დაამატა: – აგერ, ერთი უკვე ვიპოვე.

რიგითმა კალანდიამ ოთახში სამოციოდე წლის, შეშინებული მამაკაცი შემოიყვანა და პესკასელს უპატაკა:

– ეს ჯონდო ხაჭაპურიძეა, საერთო საცხოვრებლის კომენდანტი. ვიფიქრე, დასჭირდებათ-მეთქი და მოგიყვანეთ, ამხანაგო კაპიტანო.

– ყოჩაღ, კალანდია! შენგან კარგი მილიციელი დადგება, აუცილებლად წარგადგენ სიგელზე. ახლა კი თავისუფალი ხარ, – უთხრა რიგითს პესკასელმა, ოთახიდან გაისტუმრა და ხაჭაპურიძეს მიუბრუნდა:

– ბატონო ჯონდო, მოყევით, რაც იცით.

– მე არაფერი ვიცი, ბატონო გამომძიებელო. წეღან ცოლმა გამაღვიძა და მითხრა, შენს სამსახურში, მგონი, რაღაც ხდებაო. მე ჩავიცვი და წამოვედი. თქვენმა თანამშრომელმა კი თქვენთან მომიყვანა.

– ახლოს ცხოვრობთ?

– ქუჩის გადაღმა.

პესკასელმა მოკლულს ბალიში ააცალა, ხაჭაპურიძეს დაანახვა და ჰკითხა:

– იცნობთ?

ხაჭაპურიძემ თავი გააქნია:

– პირველად ვხედავ.

– ესე იგი, ეს ოთახი სხვისია?

– აქ ვიტია ტარკილი ცხოვრობს.

– ვინ? – ჩაეკითხა კომენდანტს პესკასელი.

– ვიტია ტარკილი. სარემონტოში მუშაობს მექანიკოსად.

– გასაგებია. მერე, სადაა ახლა ის?

– არ ვიცი, ბატონო გამომიძებელო, ბოლოს გუშინწინ ვნახე. აბა, ვიტიას თავს გაიგებს კაცი? ქარივითაა, ხან აღმაა, ხან – დაღმა.

– ამ ოთახში თუ შეგინიშნავთ რამე საეჭვო?

– რა მაქვს დასამალი და, თუ თვითონ მობინადრეებმა არ მთხოვეს რამე, მე მათ არ ვაწუხებ. მით უმეტეს, ამ სართულზე არ ამოვდივარ – აქ მარტო ვიტია ცხოვრობს, დანარჩენი ოთახები კი ცარიელია. ვერ ხედავთ, რა უკუნეთია, აქ ვინ იცხოვრებს?! კატაც კი კისერს მოიტეხს. განათება გამოვიწერე და მპირდებიან, გაგიკეთებთო. კიბეები ჩამტვრეულია და არავინ არემონტებს. პატრონი არ გვყავს, პატრონი...

პესკასელს გაეცინა, მუხლზე ხელი დაიდო და ხაჭაპურიძეს უთხრა:

– აქ რომ ამოვდიოდი, მეც კინაღამ კისერი მოვიტეხე. მუხლი დავიზიანე.

სანამ პესკასელი ხაჭაპურიძეს ჰკითხავდა, მერაბი ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია და ქუჩაში გადაიხედა. გაგრის ცენტრალური ქუჩა ხელისგულივით მოჩანდა. მაიორმა თვალი გააყოლა ქუჩას და მზერა იმ ღია კაფეზე შეაჩერა, სადაც წინა დღით თამართან ერთად ნაყინს მიირთმევდა. უცებ გამრეკელს ის უხილავი, ბოროტი მზერა გაახსენდა, რომელიც მთელი საღამო თან სდევდა.

– რას ათვალიერებ, მერაბ? – მოესმა მაიორს პესკასელის ხმა, რომელიც მას უკან ედგა.

მერაბი შებრუნდა და მიუგო:

– შეხედე, რა ლამაზი პანორამაა!

პესკასელმა ფანჯრიდან გაიხედა და თქვა:

– მართლა რა ლამაზია. აფსუსი არაა, რომ აქ ასეთი სოროა?

– რა ქენი, დაკითხე კომენდანტი? – ჰკითხა მერაბმა კაპიტანს.

– დავკითხე და რაღაც-რაღაცეებიც გავარკვიე. მოკლედ, ასე: ეს ოთახი ვიტია ტარკილისაა. კომენდანტმა მითხრა, ბოლოს ორი დღის წინ ვნახეო. ვიცნობ მე მაგ ვიტიას, ოცი წლის ბიჭია. სამი წლის წინ დაკავებული მყავდა და პირობით  გავუშვი.

– რა დააშავა?

– ბევრი არაფერი, თავისი ყოფილი სკოლის დირექტორს „მოსკვიჩი“ მოჰპარა, იკატავა და მიაგდო. მოკლედ, შემეცოდა და გადავარჩინე. მამა არ ჰყავს, დედა გაუთხოვდა. ამიტომ, სახლიდან წამოვიდა და მექანიკურში მოეწყო სამუშაოდ. ჯარში არ წაიყვანეს დედისერთობის გამო. პირობითი ექვს თვეში გაუთავდა და მასზე ცუდი სიგნალი არ შემოგვსვლია. მუშაობდა ბიჭი. ნუთუ მკვლელობა მან ჩაიდინა?

– რატომ გგონია?

– აბა, რა ვიფიქრო? კომენდანტი ამბობს, ორი დღეა, არ ჩანსო, მის ოთახში კი „ტრუპს“ ვპოულობთ.

– მოკლული რუბენ ჩოჩიანი პირწავარდნილი ბოროტმოქმედი იყო, ტარკილს მასთან რა საერთო უნდა ჰქონოდა? გამოცდილი კაცი ხარ და კარგად იცი, რომ ოცი წლის ბიჭს ძალიან გაუჭირდებოდა ასე ხლადნაკროვნად ჩოჩიანის მოკვლა.

– პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ, გამორიცხულიც არაფერია. ჯერჯერობით ვიტალი ტარკილი ამ საქმეში ერთადერთი ეჭვმიტანილია და მასზე ძებნა უნდა გამოვაცხადოთ, – უთხრა პესკასელმა მერაბს. 

დერეფნიდან ხმამაღალი გინების ხმა მოისმა. ოთახში პათანატომი და პროზექტურის სანიტრები შემოვიდნენ. ერთ-ერთ სანიტარს წარბი ჰქონდა გახეთქილი და სწორედ ის ბილწსიტყვაობდა.

– მორგიც მოვიდა, – თქვა კრიმინალისტმა სარიამ, წარბგახეთქილი შეათვალიერა და უთხრა: – ფართო ნახეთქი, ღრმა ჭრილობა მარჯვენა წარბის მარჯვენა მონაკვეთში. მეხუთე სართულის კიბის ბოლო საფეხურზე ფეხი დაგიცდა და დერეფნის მარჯვენა კედლის კუთხეს შეასკდი, შოპენ?

წარბგახეთქილ სანიტარს „შოპენი” ერთი შემთხვევის გამო შეარქვეს: ერთხელ გაგრაში მანქანამ ერთი მსუქანი კაცი გაიტანა. გვამი პროზექტურაში მიიტანეს. პათანატომმა სანიტარს მისი გარეცხვა დაავალა, რომ გაკვეთისთვის მოემზადებინა. სანიტარმა ცხედარი შლანგით გარეცხა. შემდეგ მიცვალებული საპროექციო მაგიდაზე წამოაჯინა, თვითონ გვამს უკნიდან ამოეფარა, თმაში ხელი ჩაავლო, თავი აუმოძრავა და რომელიღაც კინომელოდიის სტვენა დაიწყო. ისეთი ილუზია იქმნებოდა, თითქოს მკვდარი უსტვენსო. ამ დროს პროზექტურაში პრაქტიკანტი გოგონა შემოვიდა. წამომჯდარი მკვდარი რომ დაინახა, გარეთ გავარდა და გაჰკიოდა, მიცვალებული უსტვენსო... ყველაფერი რომ გაირკვა, პათანატომმა ოხუნჯ სანიტარს უთხრა:

– ეი, შოპენ! მორგში კი არა, კონსერვატორიაში უნდა გემუშავა.

იმ დღის  შემდეგ სანიტარს ყველა „შოპენს” ეძახდა და იმ ისტორიასაც ხშირად იხსენებდნენ ხოლმე.

 სარიას გაეცინა და წარბგახეთქილის კოლეგებს უთხრა:

– გაუჩერეთ სისხლდენა, თორემ, კანტორაში ორი ტრუპის წაღება მოგიწევთ. დაჯდეს მერე შოპენა და უსტვინოს და უსტვინოს მელოდიები.

სანიტრებმა შოპენა საწოლზე დააწვინეს და სისხლი მოსწმენდეს. პათანატომი გვამს ზედაპირულად ათვალიერებდა. სარია კი ფანჯარასთან მოსაუბრე მილიციელებთან მივიდა და პესკასელს უთხრა:

– ორივე ტყვიის გულა ვიპოვე, მასრებიც აქაა. ყველაფერი დავლუქე და ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გავუშვებ. ანაბეჭდებიც ყველგან ავიღეთ. ფოტოებს, რომ მივალ, გავამჟღავნებ და დავბეჭდავ. დათვალიერების ოქმს კი საღამოს წარმოგიდგენ. წავედი.

სარია წავიდა, პესკასელმა კი მერაბს უთხრა:

– აქ უკვე მოვრჩით, ჩვენც წავიდეთ.

მილიციელები ფრთხილად დაეშვნენ ჩაბნელებულ კიბეებზე. ქუჩაში რომ გავიდნენ, კაპიტანმა მაიორს უთხრა:

– დილიდან არაფერი მიჭამია. წამოდი, ვისადილოთ.

– სხვა დროს რომ იყოს?

– გეჩქარება სადმე?

– მაინცდამაინც არა.

– წავედით, წავედით. ერთი კარგი ადგილი ვიცი, ყოველთვის ახალი ხორცი აქვთ და საუცხოო მწვადს წვავენ. აქვეა, ძველ გაგრაში, „ყალიჩავას დუქანს” ეძახიან.

ყალიჩავას დუქანში მართლაც საუცხოო სამზარეულო ჰქონდათ და მოშიებული მილიციელები მადიანად შეუდგნენ ჭამას. მედუქნე ისიდორე ყალიჩავა ციბრუტივით ტრიალებდა და ყურადღებას არ აკლებდა სტუმრებს.

– რას დალევთ, ბატონებო, ღვინოს, არაყს თუ კონიაკს? – ჰკითხა ყალიჩავამ მილიციელებს.

– მერაბ, რას დალევ? – ჰკითხა პესკასელმა მაიორს.

– ალკოჰოლს არა, – მიუგო მერაბმა.

– მაშინ, ლუდი მოგვიტანე, – უთხრა კაპიტანმა მედუქნეს.

– რომელს ინებებთ? გვაქვს „ჟიგულიოვსკი“, სოჩის „რაზლივნოი“, ბოჩკებით მოიტანეს წეღან, ყინულივით ცივია.

– საყინულეში რომ გიწყვია, ოთხი ბოთლი ის მოგვიტანე ჯერ.

– ხოხ, კინაღამ დამავიწყდა, – შეიცხადა ყალიჩავამ, – ჩეხური გნებავთ, ხომ? ახლავე მოგართმევთ.

მედუქნე გაქრა, პესკასელმა კი ღიმილით უთხრა მერაბს:

– ასეთი ჩალიჩა მეორე არ დადის ამქვეყნად. გაუჩენარს გაგიჩენს. რომ მოინდომო, ჩიტის რძესაც მოგიტანს. ათი ყუთი ჩეხური ლუდი უდევს საწყობში, სოჩის „სპეცსნაბჟენიიდან“ გამოუგზავნეს.

– აი, ბატონებო, მიირთვით, – ყალიჩავამ ოთხი ბოთლი დეფიციტური ჩეხური ლუდი მაგიდაზე დააწყო და იკითხა: – კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?

– ჯერჯერობით არაფერს. მადლობა, ისიდორე, სხვებს მიხედე, – უთხრა პესკასელმა მოღიმარ მედუქნეს.

ლუდი რომ მოსვეს, პესკასელმა მერაბს უთხრა:

– ეს ტარკილი თავიდან არ ამომდის. იმ „კატაობის“ გარდა, სხვა არაფერში გვყოლია შემჩნეული. მუშაობდა, ერთი სიტყვით, არაფერს აშავებდა. რა საერთო ჰქონდა ამ მხეცთან? ან, თუ მან მოკლა, რატომ ჩაიდინა ეს? თავსა და ბოლოს ვერ ვაბამ.

– საეჭვოა, ძალიან საეჭვო, – დაეთანხმა მერაბი პესკასელს და კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ბოლო მომენტში თავი შეიკავა.

– საეჭვოში რას გულისხმობ, მერაბ?

– იმას, რომ ასეთი საშიში ბოროტმოქმედი ასე ცივსისხლიანად მოკლა ტარკილმა.

– ასე ვფიქრობ, რომ პისტოლეტი ჩოჩიანის იქნებოდა. საინტერესოა, რას ამოგვიგდებს ბალისტიკა. თუ ამ იარაღით სხვა დანაშაულიცაა ჩადენილი, იქნებ ხელჩასაჭიდი რამე ვნახოთ. მოკლედ, ჯერჯერობით ბუნდოვანი სურათია.

მილიციელები დუქნიდან რომ გამოვიდნენ, საღამოს 6 საათი სრულდებოდა. ისიდორე ყალიჩავამ ღიმილით გამოაცილა ისინი და უთხრა:

– არ დაგვივიწყოთ, ბატონებო, ხშირად მობრძანდით და ისიამოვნეთ. ნახვამდის...

მანქანასთან რომ მივიდნენ, პესკასელმა საათს დახედა და თქვა:

– ექვსი ყოფილა უკვე. ჩაჯექი, მერაბ, მიგიყვან და სოხუმში გავქანდები. სარიას უკვე ყველაფერი მზად ექნება. თანაც, საქმეც უნდა აღვძრა.

– ფეხით გავივლი. ამ ყველაფერს მონელება ხომ უნდა. სადილისთვის კი დიდი მადლობა, – უთხრა მერაბმა.

– გეკადრება? რის მადლობა! ჯერ ხომ არ მიემგზავრები თბილისში?

– ჯერ არა. ალბათ, ორი კვირა დავრჩები.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ამ დღეებში სტუმრად უნდა მეწვიო სოხუმში, ჩემს ცოლ-შვილს გაგაცნობ. შარშან დავქორწინდი და ექვსი თვის გოგონა მყავს.

– ღმერთმა გაგიზარდოს.

– მადლობა. ამ დღეებში ძია ასთამურთან შემოგივლი. ახლა კი წავედი, – პესკასელმა ხელი მაგრად ჩამოართვა მერაბს, მანქანაში ჩაჯდა და სოხუმში გაემგზავრა.

მერაბი ფეხით გაუყვა გზას, თან რუბენ ჩოჩიანის მკვლელობაზე ფიქრობდა. მაიორი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ოცი წლის ვიტალი ტარკილი რუბენ ჩოჩიანს ვერ მოკლავდა. მერაბი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეში ვიღაც მესამე, ჯერჯერობით უცნობი პიროვნება იყო გარეული და ბოლო მომენტში ამ ვერსიის თქმისგან შეიკავა თავი.

„მოდი, ჯერ ვნახავ, რას იზამენ ჩემი ადგილობრივი კოლეგები და ამ ვერსიას მერე შევთავაზებ“, – ფიქრობდა მერაბი. 

მაიორს უცებ ერთი აზრი მოუვიდა. ფოსტაში მივიდა და კოტე სოხაძეს დაურეკა. მაიორი სოხაძე რუზგენ ჩოჩიანის საქმეს იძიებდა და, მეგობრის ხმა რომ გაიგო, ჰკითხა:

– როგორ ხარ, მერაბ? სად დაიკარგე...

– კარგად ვარ, კარგად. გაგრიდან გირეკავ.

– გულაობ, ხომ, გულაობ? რა ხდება მანდ, როგორ არიან რუსი გოგონები?

– კოტე, მომისმინე ერთი წუთით, საქმეზე გირეკავ.

– გისმენ.

– კოტე, რუზგენ ჩოჩიანის საქმე კარგად გახსოვს?

– ხუთიანზე. რა იყო?

– რაღაც დეტალები მაინტერესებს.

– ცხვირწინ მიდევს და, თუ რამე ვერ გავიხსენე, ვნახავ. რა გაინტერესებს?

– საქმეში თუ ფიგურირებს ვინმე ვიტალი ტარკილი.

– არა. ზუსტად ვიცი.

– მე რომ ბოლოს დავიჭირე რუზგენ ჩოჩიანი, რა თქვა, გაგრაში ვისთან ვიმალებოდიო?

– დაგავიწყდა, მერაბ? ანჟელა ბაბაიანის სახლიან არ გაეკიდე?

– გავეკიდე ერთია, მაგრამ, მე მაინტერესებს, ის თუ თქვა, სად ვიმალებოდიო?

– სიმართლე გითხრა, ეს არც კი მიკითხავს.

– კოტე, სად ზის ახლა ჩოჩიანი?

– აქ, ჩვენთან. პადვალში გვყავს გამომწყვდეული.

– მაშინ, ახლავე ჩადი და ასეთი რამ უთხარი: ვიტალი ტარკილმა შენი ბიძაშვილი, რუბენ ჩოჩიანი მოკლა, გაიქცა და, ხომ არ იცი, სად იქნება დამალული-თქო. ნახევარ საათში დავრეკავ.

ნახევარი საათის შემდეგ სოხაძემ მერაბს უთხრა:

– ასე მითხრა, ასეთს არ ვიცნობო.

– კარგი. ნახვამდის.

– მერაბ, მართლა მოკლეს რუბენ ჩოჩიანი?

– კი. ამ დილით იპოვეს მოკლული. კარგი, კარგი, წავედი, ნახვამდის...

მერაბს რუზგენ ჩოჩიანის რეაქცია აინტერესებდა. დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ პირწავარდნილი ბოროტმოქმედი მილიციასთან ითანამშრომლებდა, მაგრამ, ბიძაშვილის სიკვდილით გამწარებულს, იქნებ რამე წამოსცდენოდა.

მაიორი ფოსტიდან რომ გამოვიდა, რვა საათს გადაცილებული იყო და მაშინღა გაახსენდა, რომ თამართან უნდა შეევლო საავადმყოფოში. მან ნაბიჯს მოუჩქარა და ოცი წუთის შემდეგ უკვე თამარს ელაპარაკებოდა.

– რატომ არ მოხვედი, მერაბ? ყველანი გელოდებოდნენ... მთავარი ექიმი ნახევარი საათის წინ წავიდა, – თქვა თამარმა.

– გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა და შევყოვნდი. ბოდიშს გიხდი.

– სად იყავი, ჩემთან არ ითქმის?

– როგორ არ ითქმის. თითქმის მთელი დღე ნესტორ პესკასელთან ერთად გავატარე.

– პესკასელთან მთელი დღე რა გინდოდა?

– დილით სერგის საქმეზე ველაპარაკე, იქიდან კი გაგრაში წამოვედით. მკვლელობა მოხდა და მოკვლევას ვესწრებოდი, – უთხრა მერაბმა თამარს და ყალიჩავას დუქანში ყოფნის ამბავი აღარ უხსენებია.

– გაიგე, რაც გაინტერესებდა?

– ბოლომდე არა, რაღაც-რაღაცეები კიდევ გასარკვევია. სხვათა შორის, თავის სახლში დამპატიჟა, სოხუმში. ასე მითხრა, ჩემს ცოლ-შვილს გაგაცნობო. შარშან დაქორწინებულა და ექვსი თვის გოგონა ყოლია.

– ვიცი, – თქვა თამარმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3