კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

ნაწილი პირველი

თვითმფრინავი „დომოდედოვოს” აეროპორტში დაჯდა. მოსკოვის მიწაზე პირველად დავადგი ფეხი. როგორც „ფესიქიუთის“, ანუ „დევნის“ ჯგუფის რუსული ხაზის ხელმძღვანელმა, კარლ შეფერმა მითხრა, აეროპორტში „ჩვენი კაცი“, მიხაილ კირსანოვი უნდა დამხვდეს.

სამგზავრო ჩანთაში ბევრი არაფერი მიდევს: „ფილიპსის“ ელექტროსაპარსი, ოდეკოლონი, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი; ხოლო ჯიბეში – 2 ათასი ევრო და კონსპირაციული პასპორტი, ალექსანდრ ორლოვის სახელზე.

გამოსასვლელს ვტოვებ და ექსკალატორით ქვემოთ ვეშვები. ფეხს ფილაზე ვადგამ თუ არა, ვიღაც მომმართავს:

– დღეს მოსკოვში გრილა!

დამხვდურს ვაკვირდები... მას, შეთანხმებისამებრ, იისფერი კაშნე უკეთია და მეც საპაროლო ფრაზით ვპასუხობ: 

– მალე დათბება!

– მიხაილ კირსანოვი! – ხელს მიწვდის ჩემზე ოდნავ მაღალი, სიმპათიური მამაკაცი.

– ალექსანდრ ორლოვი!

– ახლა საით? – ვეკითხები, როცა „ნისანის“ მარკის „ჯიპში“, მის გვერდით ვჯდები.

– თქვენს ბინაში, აკადემიკოს სახაროვის ქუჩაზე. ეს მანქანაც თქვენია, ამ დღეებში ოფიციალურად გადმოვაფორმებ. რაც შეეხება ბინას – მას ქირაობთ.

– ჰო, რა თქმა უნდა, – მეღიმება, – მე ხომ რუსი ემიგრანტების შთამომავალი ვარ, რომელმაც ისტორიული სამშობლოს მონახულება გადაწყვიტა.

მიხაილსაც ეღიმება და ხშირ, ღია წაბლისფერ თმას თითებით ისწორებს.

– თქვენს რუსულს ძლიერი ინგლისური აქცენტი დაჰკრავს, – მიხაილი „სობრანიეს“ შავ კოლოფს იღებს ჯიბიდან.

– დიახ, ერთწლიანი ლინგაფონური მეთოდის წყალობით, შესაძლებელია, ჩინურად გერმანული აქცენტით ილაპარაკო.

მიხაილი „სობრანიეს“ კოლოფს მაწვდის.

– გმადლობ, მაგრამ ერთი წელია, აღარ ვეწევი.

ქუჩებს დაკვირვებით ვათვალიერებ. მოსკოვში გრილი აპრილი დგას. ნაწვიმარ ასფალტზე ჩქარი ნაბიჯებით მიდი-მოდიან ადამიანები. ფიქრები წარსულში მაბრუნებს და თბილისის ძველი,  კოლორიტული უბანი მახსენდება, რომლის ქუჩებშიც ნაადრევად მოვიდა და ნაადრევადვე წავიდა ჩემი ცხოვრების გაზაფხული – ახალგაზრდობა.

***

მე, სანდრო გიორგის ძე ბურდული, სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაში სწავლით თავი დიდად არ შემიწუხებია, თუმცა, როგორც ჩემი დაუმორჩილებელი ხასიათით შეწუხებული მასწავლებლები ამბობდნენ, ნიჭი მქონდა, ადვილად ამეთვისებინა სასკოლო საგნები, რასაც ზოგიერთები წიგნების რიგრიგობით ფურცვლითაც ვერ ახერხებდნენ. მაგრამ, იმის მაგივრად, რომ მერხთან ვმჯდარიყავი და პედაგოგებისთვის მაინც მომესმინა, სკოლის მიფარებულ კუთხეებში ვცდილობდი „გავლენის სფეროების“ გაფართოებას. ამ მცდელობის „ფარგლებში“ ბევრჯერ მიჩხუბია ავტორიტეტის მოპოვებისთვის ბრძოლის „ხიბლში“ შესულ ჩემს თანატოლებთან და ჩემზე უფროსებთანაც. ამიტომ უბნის ინსპექტორის კაბინეტი ჩემთვის უცხო არ იყო. როგორც ძნელად აღსაზრდელი, სკოლიდან მაინც არ გამრიცხეს. ალბათ, იმიტომ, რომ დედაჩემი, მშვიდი და სათნო ადამიანი – ნელი ერისთავი ინგლისურის მასწავლებელი იყო იმავე სკოლაში. მამაჩემი – გიორგი ბურდულიც წესიერი და განათლებული ადამიანი გახლდათ და ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად. მღელვარე ტემპერამენტი ბაბუასი, მიშა ბურდულის გამომყვა. უცნაური კაცი იყო, მთელი ცხოვრება ქართული რესტორნების შეფ-მზარეულად მუშაობდა, მაგრამ ხშირად ითხოვდნენ სამსახურიდან... უსამართლობას ვერ იტანდა და ყველა ჩხუბის „თამადა“ ის იყო. მკვდარი დარტყმა ჰქონდა, ხარს წააქცევდა.

პირველად ჩემი უცნაური განსაკუთრებულობა მაშინ ვიგრძენი, როცა ბიჭებმა სკოლის ეზოში „ბალახი“ მოვწიეთ... მარტო ჩემზე არ იმოქმედა. მეგონა, „ტრუხა“ შემოგვაჩეჩეს, მაგრამ ჩემს ძმაკაცებს რომ შევხედე, მივხვდი, როგორც ექიმები იტყვიან, რეზისტენტული ვიყავი „პლანის“ მიმართ. ერთხელ ცნობისმოყვარეობის გამო, „წამალი“ გავიკეთეთ, სუფთა მორფინი – არც იმან იმოქმედა. მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო.

უცხო ენების ინსტიტუტის მესამე კურსზე ვიყავი, როცა მამა ინსულტით დაიღუპა. იძულებული გავხდი, დაუსწრებელზე გადავსულიყავი და მუშაობა დამეწყო. ოჯახის დანაზოგით სამარშრუტო ტაქსი ვიყიდე და ხაზიც – მასთან ერთად. ასე დამთავრდა ჩემი უზრუნველი ცხოვრება. რა უნდა მექნა, ჩემი ძმა ჩემზე უმცროსი იყო – სწავლა უნდოდა. მე არ მგავდა, მშობლებისგან მშვიდი ხასიათი და გადაჭარბებული კეთილსინდისიერება გამოჰყვა. ოჯახის შესაქმნელადაც ვერ მოვიცალე და ჩემი ცხოვრება ერთფეროვნად, უღიმღამოდ მიედინებოდა, სანამ ერთმა საბედისწერო შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა... და ეს შემთხვევა ჩემი ძმის ქორწილში, რესტორანში მოხდა, როცა ჩხუბის დროს, შემთხვევით დამჭრეს. სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადამიყვანეს, საოპერაციოდ მომამზადეს და, როცა საქმე ანესთეზიამდე მიდგა, ექიმებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს – ნარკოზს არ ვექვემდებარებოდი.

სასწრაფოდ და საგანგებოდ მოწვეული ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები ერთმანეთს შესცქეროდნენ და მხრებს იჩეჩდნენ. ბოლოს ქირურგს განუცხადეს: ჩვენს ხელთ არსებული ანესთატიკები – ინჰალაციურიც და არაინჰალაციურიც, აბსოლუტურად უეფექტოა!

– ეს შეუძლებელია! – ქირურგი ნერვიულად იქნევდა ხელებს, – ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ანესთეტიკები: ფტოროტანი და მეტოქსიფლურანი, მოსინჯეთ?!

– რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც წესი, ნარკოზის მდგომარეობა იწყება, როცა მათი კონცენტრაცია ჩასასუნთქ ნარევში დაახლოებით 1 პროცენტია, ჩვენ კი ეს დოზა 2 პროცენტამდე გავზარდეთ.

– მაშინ, ინჰალაციური საშუალებები კიდევ გაზარდეთ და პარალელურად, გაააქტიურეთ ხელოვნური სუნთქვა.

– ბატონო ენვერ, – ბოლოს ექიმს გადამწყვეტად მიმართა ერთ-ერთმა ანესთეზიოლოგმა, – ავადმყოფი სანარკოზო საშუალებების მიმართ აბსოლუტურად მდგრადია. წესით, ანესთეტიკების ასეთი დიდი დოზით შეყვანის შედეგად, სახეზე უნდა გვქონდეს, სულ მცირე, ბრადიკარდია მაინც, ან – სუნთქვის შენელება, რაც, როგორც ხედავთ, არ განვითარებულა!

– ამას გარდა, გამოყენებულმა ტრანკვილიზატორებმა – რედუქსინმა, მეპრობამატმა, რომლებიც ნარკოზამდე შევიყვანეთ, არანაირი შედეგი არ მოგვცა. შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავლახეთ ანალგეზია, – განაგრძო მეორემ და ექიმს უმწეოდ შეხედა. 

ეს ყველა სამედიცინო ტერმინი ჩემთვის ისეთივე უცხო იყო, როგორიც ჩინური დამწერლობა, მაგრამ ერთს კი მივხვდი, საქმე ცუდად იყო.

ბოლოს და ბოლოს გადაწყდა, ჭრილობა ანესთეზიის გარეშე დაემუშავებინათ. საბედნიეროდ, შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ მქონდა, თუ არ ჩავთვლით გულმკერდის რბილი ქსოვილებისა  და პლევრის მცირე დაზიანებას. მეგონა, ცოცხლად მატყავებდნენ – სისხლი გადამისხეს, შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები ჩამიტარეს. თუმცა, საშინელი ტკივილისგან ცრემლები თავისით მოჟონავდა, დასაკლავი ხარივით ვღმუოდი. საკუთარი ხმა მეუცხოებოდა. ზემოდან გამოკიდებულ, გაპრიალებულ სარკეებში ვხედავდი, როგორ მიმუშავებდნენ და მიკერავდნენ ჭრილობას. პულსი შემისუსტდა და გამიხშირდა, მაგრამ გონება წამითაც არ დამიკარგავს.

ბოლოს სარეანიმაციო პალატაში გადამიყვანეს და გადაწყვიტეს, ჩემთან მნახველი არ შემოეშვათ.

მეორე დღეს კლინიკის მთავარი ექიმი ვიღაც უცნობ მამაკაცთან ერთად მეწვია. ჭრილობა მაწუხებდა და სიმწრის ოფლი მასხამდა. ის უცნობი ჩემთან ახლოს ჩამოჯდა სკამზე, ხოლო მთავარმა ექიმმა თბილად მკითხა:

– აქამდე ექიმისთვის არ მიგიკითხავთ?

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

– როგორ?! სტომატოლოგთანაც არ ყოფილხართ? – კვლავ ჩამეძია.

– სარძევე კბილები სულ ძაფით დავიძრე, ექიმო, მხოლოდ ერთხელ ამოვიღე კბილი სტომატოლოგთან.

– მერე... გაგიყუჩათ?

– არ მახსოვს... მგონი, რაღაც ნემსი გამიკეთა... მაგრამ ის კი მაგონდება, რომ, როცა კბილი ამომაძრო, მეგონა, ყბაც ამომგლიჯა, – ძლივს შევძელი გაღიმება, – ღვთის წყალობით, ჯანსაღი კბილები მაქვს... რკინას დავღეჭავ.

– ჰო, ეს შესამჩნევია, – გაეღიმა ექიმსაც.

იმ მეორეს ხმა არ ამოუღია, ოღონდ ეგ იყო, დაკვირვებით მიყურებდა. მე კითხვით სავსე თვალებით მივაჩერდი ამ უკანასკნელს. ექიმი მიმიხვდა.

– ეს ბატონი ექიმი-ფსიქოთერაპევტია, ჰიპნოზის მდგომარეობის გამოწვევა შეუძლია. ახლა ვნახავთ, ჰიპნოზს თუ დაექვემდებარებით.

ჰიპნოზისტმა სკამი ისე დადგა, რომ ჩემთვის თვალებში ეყურებინა და მითხრა: 

– ახლა მოდუნდით.

– შევეცდები, ექიმო, – ვუთხარი სრული სერიოზულობით, – რამდენადაც ტკივილი ამის საშუალებას მომცემს.

– აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ ტკივილი შეგიმსუბუქოთ, – მითხრა და განაგრძო, – ხელები მოადუნეთ... ახლა მშვიდად ხართ, აზრები სუფთაა და მშვიდი. თავი გიმძიმდებათ, თვალები გეხუჭებათ... გეძინებათ... იძინებთ!

– ?! – ფართოდ გაღებული თვალებით შევყურებ ფსიქოთერაპევტს, რომელიც მთავარ ექიმს უყურებს და მხრებს იჩეჩს, მერე კი ისევ თავიდან იწყებს:

– სიმშვიდეს გრძნობთ! თვალები გეხუჭებათ, გეძინებათ... იძინებთ!

მე კვლავ ოდნავი გაკვირვებით შევცქერი ჰიპნოზისტს და, ცოტა არ იყოს, შერეკილი მგონია.

ბოლოს ფსიქოთერაპევტი ნებდება.

– იცით, მსგავსი შემთხვევები არსებობს... მაგრამ ანესთეზია რომ არ მოქმედებდეს და ტკივილი გონებას არ აკარგვინებდეს, ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება.

– საინტერესო შემთხვევაა! – ჩაილაპარაკა ბოლოს კლინიკის ხელმძღვანელმა და დაამატა: – სპეციალურ გამოკვლევას საჭიროებს!

***

საშინელი ორი კვირა გავატარე საავადმყოფოს პალატაში, სადაც არავის უშვებდნენ. ყველაფერი აუტანლად მეჩვენებოდა, თუ არ ჩავთვლი ჩემს მომხიბვლელ მედდას, რომელიც მოციმციმე ცისფერი თვალებით დამყურებდა და მის „შესაბმელად“ აწყობილ დიალოგში ხალისით მყვებოდა. ბოლოს საავადმყოფოს თეთრი კედლებით ისე დავიღალე, რომ ვერც იმ ექთანის ღიმილიანი გამოხედვა მშველოდა... კატეგორიულად მოვითხოვე, შინ, ბინაზე გადავეყვანე, მაგრამ კლინიკის ხელმძღვანელობა ჩემს გაშვებას არ ჩქარობდა და ამის მიზეზიც მალე გავარკვიე.

ორი კვირის მერე ბორბლებიან ეტლში გადამსვეს და სადღაც, ფართო კაბინეტში შემაგორეს, თუმცა ჩემითაც შემეძლო სიარული. იქ ორი თეთრხალათიანი და ორიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი დამხვდა. ერთ-ერთს აქაური იერი არ ჰქონდა და სუფთა ინგლისურით საუბრობდა.

– ოჰო, – გავიფიქრე, – ჩემი არაჩვეულებრივი „ავადმყოფობით“ უცხოელებიც დაინტერესდნენ.

– ახლა რაღაც ნემსს გაგიკეთებენ, – მომმართა ქართველმა თეთრხალათიანმა, რომელიც იმ უცხოელის თარჯიმნობასაც „ითავსებდა“.

მე არ შევიმჩნიე, რომ მათი ენა მესმოდა და  კატეგორიული ტონით განვუცხადე:

– ექიმო, წინააღმდეგი ვარ, რომ საცდელ ბოცვერად გამომიყენონ და ჩემზე ექსპერიმენტები ატარონ!

– უთარგმნეთ! – ჩემი ტონით მიხვდა უცხოელი, რაც ვთქვი, ეს თქვენი ჯანმრთელობის და შემდგომი ცხოვრებისთვის აუცილებელი პროცედურაა. წარმოიდგინეთ, რომ, თუ ოდესმე კიდევ დაგჭირდათ ოპერაცია და ანესთეზიას არ დაექვემდებარეთ, ეს თქვენთვის შეიძლება, საბედისწეროც აღმოჩნდეს.

– კარგი, – ჩავილაპარაკე და ირიბად გადავხედე საკმაოდ მოზრდილ შპრიცს, რომელსაც ეს უცხოელი ექიმი ხელში ისე ათამაშებდა, როგორც შუა საუკუნეებში რაინდი მახვილს.

– თუ ამ ერთი ჩხვლეტით მოგვარდება ჩემი პრობლემა, მაშინ თანახმა ვარ!

ჩხვლეტა ძალიან არ მტკენია, მაგრამ იმდენი წამალი შემიშხაპუნეს ვენაში, მეგონა, სისხლძარღვი გაიბერა და საცა იყო, გასკდებოდა. ამის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთს, თითოეული მათგანი დაკვირვებით მომჩერებოდა. მე კი მხოლოდ ოდნავი თავბრუხვევა და ცოტა გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. უცხოელმა ჩაილაპარაკა:

– საოცარია, ეს ცხენსაც კი დააძინებდა... დიახ, მართალი ყოფილა – უჩვეულო მოვლენასთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დამიყოლიეს, რომ გამოსაკვლევად გერმანიაში გავმგზავრებულიყავი. თანაც, ჩემით ერთ-ერთი ბერლინური კლინიკა დაინტერესებულა და ჩემი მგზავრობისა თუ მკურნალობის ხარჯებს მთლიანად „ფრიცები“ დაფარავდნენ. მეც რა მენაღვლებოდა, ევროპაში არასდროს ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლი ვარშავასა და უკრაინის ორ-სამ ქალაქს, სადაც უფრო საქმის გამო მომიწია გამგზავრება.

ასე აღმოვჩნდი ბერლინის წამყვან სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში... სადაც ერთი თვე გაპრიალებულ ოთახში ვიწექი. ათასი პროცედურა – სისხლის აღებიდან დაწყებული, მაგნიტური ტომოგრაფიით დამთავრებული – ჩამიტარდა. ბოლოს, მთელი ეს ნემსები, აპარატები და წამლები, სამედიცინო „ვალაკიდა“ ყელში ამომივიდა და ვიფეთქე. მაგრამ ეს, ეტყობა, სერიოზულად არავინ მიიღო, სანამ პალატის ორი სქელი შუშა არ ჩავლეწე და ჩემს სანიტარს – გამხდარ და სვავივით კისერწაგრძელებულ ახალგაზრდას, პანღური არ ამოვარტყი უკანალში. ის იყო და ვიფიქრე, დეპორტს გამიკეთებენ და დავისვენებ-მეთქი, კლინიკაში ორმა შავადჩაცმულმა კაცმა მომაკითხა. ამერიკული ფილმის Men in Black-ის გმირებს ჰგავდნენ და რატომღაც სახელმწიფო დაზვერვის  აგენტებად მივიჩნიე. ერთმანეთში გერმანულად ლაპარაკობდნენ და მათი საუბრიდან ვერაფერი გავიგე. როცა სამოქალაქო ტანსაცმელი მომიტანეს, მივხვდი, რომ ამ საშინელი კლინიკიდან სადღაც მივყავდი. საავადმყოფო და წამლების სუნი იმდენად მქონდა ყელში ამოსული, რომ იქ ყოფნას ყველაფერი მერჩივნა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავყევი იმ ორ კაცს, რომელთაც ხოჭოსავით შავ, ახალთახალ „სუბარუში“ ჩამსვეს და სადღაც წამიყვანეს. ბერლინში საღამო იწყებოდა. დაბურული შუშებიდან ვათვალიერებდი გაჩახჩახებულ მაღაზიებს და გამწვანებულ, ციმციმნათურიან სკვერებს. ბოლოს მანქანა მაღალ შენობასთან გააჩერეს და ლიფტით ბოლო სართულისკენ გავემართეთ. ამ ორმა შავოსანმა სადღაც, დიდ და ნათელ კაბინეტში შემიყვანა. ფართო მაგიდას სათვალიანი, ზომიერად ჩამრგვალებული, შემელოტებული შუა ხნის კაცი უჯდა. მივხვდი, ვიღაც სერიოზულ ფიგურასთან აღმოვჩნდი და ინგლისურად მივესალმე.

სალამი, რატომღაც, რუსულად დამიბრუნა, უხერხულობის მცირე პაუზით ისარგებლა, კარგად შემათვალიერა და მკითხა:

– რუსულად საუბრობთ?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მან ხელით მის წინ მდგომ სკამზე მიმითითა. ის ორნი კი მოშორებით, გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ.

– რა პროფესიის ხართ? – მკითხა კვლავ.

– ინგლისურის სპეციალისტი გახლავართ!

– მეუღლე, შვილები გყავთ? – მაინც რუსულად განაგრძო. არა-მეთქი, ვიუარე და მან მოულოდნელად ასეთი რამ მკითხა.

– პოლიტიკა გაინტერესებთ?

მისმა კითხვამ  დამაბნია. გავიფიქრე: – სად  ჩემი უცნაური „ავადმყოფობა“ და სად – პოლიტიკა!“

ოდნავი დაგვიანებით ვუპასუხე:

– პოლიტიკა დიდად არ მაინტერესებს.

ჩაფიქრდა და კვლავ მკითხა:

– გვინდა, სამსახური შემოგთავაზოთ. ამაზე რა აზრის ხართ?

ყურებს არ დავუჯერე, მაგრამ სახეზე სერიოზული გამომეტყველება შევინარჩუნე და ვუთხარი:

– სამსახურს გააჩნია.

მან კი, როგორც სერიოზულ, სოლიდურ და პატიოსან ადამიანს სჩვევია, თვალებში შემომხედა და ჩვენი შემდგომი დიალოგი ასე წარიმართა:

– ჩვენთან თუ იმუშავებ, ფინანსურად და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფილი იქნებით. მაგრამ... დროებით უნდა დაივიწყოთ თქვენი მშობლიური ქალაქი, ოჯახი, თქვენი წარმომავლობა; სახელი და გვარი შეიცვალოთ, ერთწლიანი უმძიმესი წვრთნა გაიაროთ და, სადაც დაგვჭირდებით, იქ უნდა გაემგზავროთ... შესაძლოა – ალასკაზეც კი! როგორც კი დაკისრებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, შინ დაბრუნდებით და 700 ათას ევროს გადმოგცემენ ჯილდოდ. ამასთან, ყოველთვიურად, სტაბილურად მიიღებთ 400 ევროს... ცხოვრების ბოლომდე. ეს ძალიან დიდი თანხა არ არის... მაგრამ, სამაგიეროდ, მისია, რომელიც უნდა შეასრულოთ, კეთილშობილური და სამართლიანია!

ალბათ, ელოდა, რომ ვკითხავდი, ჩემი მომავალი საქმიანობა საფრთხეს ხომ არ შეიცავს-მეთქი, იმიტომ რომ, როცა მოსაფიქრებლად დრო მოვითხოვე, სათვალე შუბლზე აიწია, დაკვირვებით ამათვალიერა და თავად მითხრა.

– საქმე საკმაოდ სარისკოა... მოსაფიქრებლად დროს მოგცემთ – ხვალ, შუადღემდე უნდა გადაწყვიტოთ! მაგრამ იცოდეთ, თუ დაგვთანხმდებით, მერე უკან დასახევი გზა აღარ იარსებებს!

– კაბინეტიდან გამომიყვანეს, მაგრამ შენობა არ დამიტოვებია – რომელიღაც ოთახში შემიყვანეს, რომელიც ძალიან ჰგავდა სასტუმროს ნომერს. როცა ღამე მშვიდობისა მისურვეს და კარი მომიხურეს, მერეღა მივხვდი, რომ გარედან საიმედოდ ვიყავი ჩაკეტილი. ასე რომ, მარტოდმარტო აღმოვჩნდი ჩემს ფიქრებთან... ფანჯარას მივუახლოვდი და ახმაურებულ ქალაქს გადავხედე. სადღაც მეხუთე-მეექვსე სართულზე უნდა ვყოფილიყავი. აივანზე გასვლა დავაპირე, მაგრამ... აივნის კარიც ჩარაზული დამხვდა. ფანჯრიდან გავყურებდი მწვანე ქალაქს, რომელიც ღამის საბანში ნელ-ნელა ეხვეოდა და ვფიქრობდი, რომ ევროპის ამ ყველაზე „ბრტყელ“, ანუ უბორცვო ქალაქში, ჩემი ბედი სამუდამოდ უნდა გადაწყვეტილიყო. თავში ფიქრები მიტრიალებდა, გულში – ნოსტალგია, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ჩემს მშობლიურ ქალაქში დიდი პერსპექტივა არ მელოდა: სამარშრუტო ტაქსის საჭის ტრიალი დღე-ღამეში 14-15 საათი და შრომის ანაზღაურება იმდენი, ქირასაც რომ ვერ გადაიხდიდი, თორემ ბინის ყიდვას ვინღა ჩივის. უკეთეს შემთხვევაში, რომელიღაც სკოლაში, ანუ ჩემთვის „საქათმეში“ უნდა მემუშავა, სადაც მასწავლებლად მხოლოდ ქალბატონები არიან... და შეიძლება ერთი-ორი „მამალიც“ გამოერიოს – სავარაუდოდ, დირექტორი და ფიზკულტურის მასწავლებელი. პედაგოგობა კი ჩემი საქმე არ იყო. დასაკარგავი არც არაფერი მქონდა. იმ სათვალიანის შემოთავაზებას მაშინვე დავთანხმდებოდი, მაგრამ ეს „იაფფასიანი“ საქციელი იქნებოდა და თანაც, მინდოდა, იმ ბიძას უფრო ჭკვიანი და დაფიქრებული მოვჩვენებოდი, ვიდრე სინამდვილეში ვარ.

ეს პირველი ღამე იყო, საავადმყოფოს და კლინიკაში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რომელიც ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში გავატარე... თუმცა, კარებჩარაზულმა.

მეორე დღეს ორმა შავპიჯაკიანმა კვლავ მომაკითხა და იმ სათვალიანი ნახევრად მელოტის კაბინეტში წამიყვანეს.

– მოიფიქრეთ? – ისე მკითხა, არც მომსალმებია.

– ერთი პირობით! 

– კი ბატონო, – თავი დამიქნია.

– უნდა ვიცოდე, რას... როგორ და ვის წინააღმდეგ მოვიმოქმედებ... მოკლედ, ყველაფერი უნდა ვიცოდე ჩემი მომავალი საქმიანობის შესახებ!

შუა ხნის მამაკაცი შეყოვნდა და მერე გადაჭრით მითხრა:

– გეცოდინებათ იმდენი, რამდენიც ამ ეტაპზეა საჭირო, – მერე თვალით მანიშნა, მის წინ, სკამზე ჩამოვმჯდარიყავი.

მეც არ დავაყოვნე... დავჯექი და თვალი თვალში გავუყარე. მზერა არც მას მოურიდებია. თითებგადაჯვარედინებული ხელები მაგიდაზე დააწყო და დინჯად დაიწყო:

– თქვენ დიდ ძალასთან მოგიწევთ დაპირისპირგება... ეს ძალა ძალიან ბნელია და ბურუსით მოცული, იმდენად, რომ მასში შეღწევა ჩვენმა ჯგუფმა ვერ მოახერხა.

– ჯგუფმა?! რაზე ლაპარაკობთ?!. მეგონა, სერიოზული ორგანიზაციის წარმომადგენელს ვესაუბრებოდი...

– „ორგანიზაცია“ ჩვენთვის შესაფერისი კონსტატაცია არ არის. „ჩვენ“ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა არცთუ დიდი გაერთიანება ვართ... თუმცა, ჩვენც გვყავს ჩვენი „შეფი“ – ეს არის ოთხკაციანი საბჭო, მითითებებს ამ ჭკვიანი და სამართლიანი ადამიანებისგან ვიღებთ...

– მოიცადეთ! ვერაფერი გავიგე... რაღაც ფარულ ჯგუფსა თუ სექტაზე მელაპარაკებით, რომელიც საიდუმლოდ მოქმედებს... იქნებ – კანონსაწინააღმდეგოდაც?! თუ ასეა, სექტები მძულს და ჯობია, ახლავე უარი გითხრათ! – თითქმის ზიზღით გამოვთქვი ბოლო წინადადება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, სათვალიანმა გამიღიმა, თითქოს ჩემი გაცხარება მოეწონაო და ასეთი მოულოდნელი რამ თქვა:

– თუ მართლა ასეა და სექტები გძულთ, მაშინ ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ჩვენთან ითანამშრომლოთ... რადგან ჩვენი სამიზნე სწორედ სექტებია!

გავოცდი, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და მშვიდად ვკითხე:

– კიდევ ერთიო, თქვით... რას გულისხმობდით?

– იმ საქმიანობას, რაც თქვენ მოგიწევთ.

მისმა ახსნა-განმარტებამ არ დამაკმაყოფილა, ამიტომ ვცდილობდი, ბოლომდე გამერკვია, რას მთავაზობდა ეს ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი.

– დამშვიდდით, – გაეღიმა ბოლოს სათვალიანს, – იმდენს გეტყვით, რამდენიც საჭიროა, რომ იცოდეთ. ხოლო, თუ თანამშრომლობაზე დაგვთანხმდებით, ყველაფერს დეტალურად შეიტყობთ.

– ახლავე თუ არ შევიტყვე, რის გაკეთება მომიწევს, მაშინ თანახმა არ ვარ! – სკამის საზურგეს მივეყრდენი და თითები უკმაყოფილოდ ავათამაშე მაგიდაზე.

– გონიერი ადამიანი ჩანხართ... ეს მახარებს, ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ დეტალების უცხო ადამიანის წინაშე გათვალსაჩინოება, ჩვენს სამართლიან საქმეს დააზარალებს. ხოლო, თუ ერთ-ერთი ჩვენგანი გახდებით, მაშინ სხვა საქმეა.

მივხვდი, რომ ჩემი კიდევ ერთი უარის შემთხვევაში, დამემშვიდობებოდა და ალბათ, იმ ორს თბილისში ჩემს გამომგზავრებას დაავალებდა. ამიტომ გავიფიქრე, რომ ძალიანაც ჩაძიება არ ივარგებდა... თუმცა, არც ცუდ საქმეში მინდოდა გარევა. მართალია, ამბობდა, ჩვენი საქმე სამართლიანი და კეთილშობილურიაო, მაგრამ ხშირად ქვესკნელის მეუფე სწორედ ამ იდეებს ეფარება, რათა თავისი ბოროტი საქმეები კარგად შენიღბოს. ამიტომ, ტაქტიკური სვლა გავაკეთე და შევეცადე, ჩემი პოზიცია უფრო შემერბილებინა.

– თქვენც გონიერი ადამიანი ბრძანდებით, ამიტომ გეტყვით, რომ, თუ მე თანხმობა განვაცხადე და მერე აღმოჩნდება, რომ ჩემთვის მიუღებელ საქმიანობას მავალებთ, უკან დახევა მომიწევს.... ეს კი არც ერთი მხარისთვის კარგი არ იქნება.

– სრული ჭეშმარიტებაა! – უცნობი მამაკაცი ჩაფიქრდა და იმ ორს გადახედა, რომლებმაც მასთან მიმიყვანეს და თვითონ მდუმარედ ისხდნენ მოშორებით, სკამებზე, – კარგი, ყურადღებით მომისმინეთ და დასკვნა თქვენ გააკეთეთ: მსოფლიო არახალმა, მაგრამ გაძლიერებულმა ციებ-ცხელებამ მოიცვა და ეს მომრავლებული რელიგიური სექტებია, რომლებიც თითქმის ყველგან ობობას ქსელივით მოედო.

ეს სახუმარო ამბავი არ არის, რადგან საქმე გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია... მათ სათავეში, ხატოვნად რომ ვთქვათ, ქსელის შუაგულში, ობობა ზის. არც ვიცი, რა ვუწოდო – ადამიანი თუ არსება, რადგან ვერც ერთი სახლემწიფოს დაზვერვამ ვერ მოახერხა მისი ადგილსამყოფლის დადგენა და მისი პერსონის გაშიფვრა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3