როგორ უნდა დავიცვათ ძრავა მოსალოდნელი პრობლემებისგან
მძღოლებს ყველაზე მეტად ძრავას მწყობრიდან გამოსვლა აშინებთ. ნებისმიერი განსხვავებული ხმა ძრავას სექტორიდან, ჩვენს პანიკას იწვევს. ზოგ შემთხვევაში კი, შეიძლება, ეს სრულიად მარტივი გაუმართაობა იყოს, რაზეც პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე ისაუბროებს: ხშირად მისვამენ კითხვებს ძრავას შესახებ: ჩემს ძრავას ცივი ხმა აქვს, თბილი ხმა აქვს, უცნაურად კაკუნობს და ხომ არ არის ეს, ეგრეთ წოდებული, „სტუკი“, ანუ ძრავას დაზიანება?.. ამის შიში ყველას აქვს, რადგან ამ აგრეგატის დაზიანება რთულად შესაკეთებელია და დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ძრავა თავისი პრობლემების შესახებ, ყოველთვის გვაძლევს ნიშანს. ძრავას დაზიანება და მასთან დაკავშირებული პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა შევიძინოთ ისეთი ავტომობილი, რომელიც ბევრია საქართველოში, მაგალითად, „მერსედესი“, „ბეემვე“, „ოპელი“ და სხვა. ასეთი ავტომობილების დაუზიანებელი ძრავა, მეორადი ნაწილების ბაზრობაზე საკმაოდ ბევრია. შესაბამისად, მთლიანი ძრავაც იაფია. დაზიანების შემთხვევაში, მეორადი ძრავას ყიდვა და ახლის ჩადგმა, ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე მისი შერემონტება. რაც შეეხება თვითონ ძრავას დაზიანების სიმპტომებს – პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემატურად და დროულად უნდა ცვალოთ ზეთი. როგორი მაღალი ხარისხის ზეთიც არ უნდა ესხას ავტომობილში, თუნდაც სინთეტიკური, ათი ათასი კილომეტრის გავლამდე უნდა შევცვალოთ. ჩვენი გზები მტვრიანია, და ეს მტვერი კი ძრავას სექტორში შედის და მწყობრიდან გამოჰყავს ის. ძრავას დაზიანების ძირითადი მიზეზი სწორედ ზეთთან გულგრილი დამოკიდებულება ხდება. მერე კი, როცა ძრავა დაზიანდება, იმ ზეთს აბრალებენ, რომელიც ბოლოს ჩაასხეს და ილანძღებიან. პირველი ნიშანი – თუ დილით, ავტომობილის დაქოქვისას, ზეთის მაჩვენებელი ინდიკატორი მაშინვე კი არა, რამდენიმე წამის შემდეგ ქრება, ესე იგი ძრავა, მისი შიდა დეტალები უკვე საკმაოდ გაცვეთილია; მეორე ნიშანი – დილით დაქოქვისას, როცა ძრავა ცივია, ის წკრიალის ხმას გამოსცემს და სულ რამდენიმე წამი გრძელდება. თუმცა მერე კი იდეალურად იწყებს მუშაობას და მთელი დღე არანაირ ხმას აღარ უშვებს. ეს ნიშნავს, რომ ძრავა სულ მალე გამოვა მწყობრიდან, თუ დროულად არ მივხედავთ. დროული ყურადღება კი კარგი ხარისხის ზეთის ჩასხმაა; მესამე ნიშანი – იმ დროს იჩენს თავს, როცა ძრავას სერიოზული პრობლემა აქვს და ეს ხდება უკვე ავტომობილის, ანუ ძრავას გათბობის შემდეგ. ძრავას გახურების შემდეგ, ზეთი თხელდება, გათხელებული ზეთი კი ვეღარ ავსებს გარკვეულ დეტალებში გაჩენილ ღრიჭოებს. ამ ღრიჭოების არსებობა სერიოზული პრობლემაა და საშუალო ბრუნზე, ვთქვათ 2 500-დან 3 500-მდე, აქვს ყრუ წკრიალის ხმა, ანუ მოგუდული კაკუნის ხმა. ეს ხმა უკვე ნიშნავს, რომ ძრავა მწყობრიდანაა გამოსული და სხვა რაღაცაზე გადაბრალება აღარ გამოვა. ავტომობილი მაშინვე გააჩერეთ და გადაიყვანეთ პროფილაქტიკაში.
– როცა ავტომობილი ბოლავს, ესეც ძრავას ბრალია?
– ყოველთვის არა. ეს ძრავასთვის ყველაზე ნაკლები პრობლემაა. შეიძლება, მან ბოლი აუშვას, თან საკმაოდ დიდხანს, მაგრამ არ გაფუჭდეს. თუმცა, ამ დროს გარემო ბინძურდება და ამაზეც უნდა იფიქროთ. ამ დროს ავტომობილი ზეთს იმატებს. აქვე, ერთ რჩევას მოგცემთ – თუ ავტომობილი ზეთს იმატებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცვლა არ უნდა. დაკლების დროს ნამწვი ზეთში ხვდება და ფილტრს ძალიან იოლად აფუჭებს. ამიტომ ზეთი, როგორც წესია, ისე უნდა შეცვალოთ. ეს აბოლება ეგრეთ წოდებული „კოლიცოების“ ბრალია, რომელიც უნდა შეაკეთოთ. მაგრამ, ეს იმდენად საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ სადაც ავტომობილს ბოლი აუვა, იქვე გააჩეროთ. ბოლი, ხშირად „კლაპნის სალნიკების“ ბრალია. ეს პატარა დეტალები იოლი გამოსაცვლელია, თანაც იაფი. არადა, გერმანულ ავტომობილში ათასში ერთხელ, იაპონურში კი – მილიონში ერთხელ, შეიძლება გამოვიდეს ეს ნაწილი მწყობრიდან. კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ძალიან ჰგავს „სტუკის“ – ყრუ კაკუნს, ოღონდ უფრო ცივს და ყველას აშინებს. რეალურად, ეს პატარა პრობლემაა, გამოსაცვლელია ეს ეგრეთ წოდებული „კლაპნების“, ანუ სარქველების, მიმწოლები – დეტალი, რომელიც სარქვლის გაღება-დაკეტვას უზრუნველყოფს. ის საკმაოდ იაფი ღირს და გამოსაცვლელადაც იოლია. თანაც, სხვას არაფერს აზიანებს. ის სრულიად უპროგნოზოდ – ხან ცივზე, ხანაც ცხელზე კაკუნობს და ამითაც მიხვდებით, რომ საქმე „სტუკს“ არ ეხება. ერთი სიტყვით, ძრავას „სტუკის“ თავიდან ასაცილებლად მთავარი წამალი კარგი ზეთი და მისი დროული შეცვლაა.