როცა ქალს უყვარს
დეამ ხელები ღრმად ჩაიყო ქურთუკის ჯიბეებში და ნესტოებით ხარბად შეისუნთქა დილის ცივი, გამჭვირვალე ჰაერი. სიამოვნებდა აი ასე, მარტო, ფეხით სიარული, როცა არსად ეჩქარებოდა და არც საუბრის ვალდებულება ჰქონდა. ქალაქს უკვე ეღვიძა და აქტიურ ცხოვრებას იწყებდა. ადამიანები აჩქარებული ნაბიჯითა და საქმიანი სახეებით მიდი-მოდიოდნენ... დეასთვის ნაცნობი იყო ეს რიტმი, მაგრამ, თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე აჩქარებას არ ცდილობდა. ლინა არ ცდებოდა, როცა ეუბნებოდა, შენს თანატოლებს არ ჰგავხარ, დიდური სევდა და საზრუნავი მოჩანს შენს გამოხედვაშიო... მაგრამ ეს მისი საიდუმლო იყო, მხოლოდ მისი და სხვა არავისი. დეამ ერთბაშად გადაწყვიტა ეს დღეც მისი ყოფილიყო – ერთი დღე, საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილი და განსხვავებული... ამ დღეს არაფერს დაგეგმავდა, არაფერს გააკეთებდა და ივლიდა, სანამ ფეხები არ დაეღლებოდა. იცოდა, მშობლებისთვის აუცილებლად უნდა დაერეკა, მაგრამ არა დღეს და არა ახლა, როცა სიმშვიდით და არაფერზე ფიქრით ნეტარებდა...
საკუთარი სახელი მოესმა – ვიღაცამ აშკარად დაუძახა... თხელ ნისლში თანდათან გამოიკვეთა ბიჭის სილუეტი... დეას გულწრფელად გაუკვირდა და არც უცდია ამის დამალვა.
– თქვენ? ეს როგორ გავიგო? დიდი ხანია, უკან მომყვებით?
ბიჭი ჯერ შეყოყმანდა, მერე თავს მოერია და ოდნავ დარცხვენილმა აღიარა:
– პირველივე ნაბიჯებიდან... ოღონდ, არ გამიბრაზდეთ. მე ხომ შემეძლო, ტყუილიც მეთქვა, რომ ახლა შემთხვევით შეგხვდით. ნუთუ სიმართლის თქმისთვის დამსჯით?
დეას უნებლიეთ გაეღიმა.
– ვინ გითხრათ, რომ თქვენს დასჯას ვაპირებ? ან, როგორ დაგსაჯოთ, როცა მხოლოდ ერთხელ შეგხვდით... სჯიან იმას, ვინც უყვართ ან, პირიქით, სძულთ. თქვენ მიმართ ამ ორი გრძნობიდან ერთიც არ მაქვს. ასე რომ, ძალიანაც რომ მოვინდომო თქვენი დასჯა, მაინც არაფერი გამომივა... ისე კი, ძალიან საინტერესოა, ჩემს სახლთან ასე ადრიანად როგორ აღმოჩნდით.
სანდრო მიხვდა, რომ არ უბრაზდებოდნენ და ცოტა გული მოეცა.
– არ აღმოვჩნდი, მოვედი და გელოდებოდით, გარეთ როდის გამოხვიდოდით.
– მოიცა, თქვენ ამას სერიოზულად ამბობთ?
სანდრომ მორჩილად დაუქნია თავი:
– დიახ, აბსოლუტურად სერიოზულად.
– აღარ გეკითხებით, როგორ გაიგეთ, სად ვცხოვრობ; ისედაც ვხვდები, რომ ამ საქმეში თქვენი აქტიური მეგობრის ხელი ურევია, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, დღეს საერთოდ არ გამოვსულიყავი სახლიდან? რას იზამდით, ასე, ფეხის მოუცვლელად იდგებოდით ქუჩაში?
– ფეხის მოუცვლელობის რა გითხრათ... აქვე ახლოს პატარა კაფე შევიგულე და იქ ვაპირებდი შესვლა-დაბანაკებას.
დეამ გამომცდელად შეანათა თავისი ჭაობისფერი, უსაშველოდ ღრმა და ცოტათი მართლაც ზღაპრული არსებებისთვის დამახასიათებელი თვალები...
– რატომ? – ჰკითხა ხმადაბლა, როგორც ბიჭს მოეჩვენა, გულში ჩამწვდომი ხმით.
– რა – „რატომ”? – ენა ძლივს მოაბრუნა სანდრომ, – საკმაოდ ცივა და ძალიან გავიყინებოდი...
– მაგას არ გეკითხებით... – დეამ ისევ ჯიქურ შეხედა. მშვენივრად ხვდებოდა, რომ თავისი მზერით აბნევდა ბიჭს, – საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ, გემორიგევათ ჩემს სახლთან-მეთქი.
– მე ხომ არ ვიცოდი, რომელ საათზე გამოხვიდოდით სახლიდან. თქვენი ნახვა მინდოდა. ძალიან მინდოდა და, გთხოვთ, ასე ნუ მიყურებთ, თორემ, ისეთი თამამიც არ ვარ, როგორიც ერთი შეხედვით ვჩანვარ.
– ჩემი ნახვა გინდოდათ... – გაიმეორა დეამ, – ასეთი შთაბეჭდილება მოვახდინე?
სანდრომ ამოიოხრა:
– ვთქვა?!
გოგომ მხრები აიჩეჩა:
– ისეთი გულახდილი მეჩვენეთ, ახლა გაჩერებას აზრი არა აქვს.
– ჰო, მართლა, რა აზრი აქვს თამაშს ან რამის უარყოფას. ასეა – მომეწონეთ, დავინტერესდი და მომინდა, კიდევ ერთხელ მენახეთ...
– მერე?
– მერე რა?!
– ხომ მნახეთ-მეთქი.
– გნახეთ და დავრწმუნდი... – სანდრომ შუბლზე მოისვა ხელი, – დავრწმუნდი იმაში, რომ კიდევ მომინდება თქვენი ნახვა, აუცილებლად... ძალიან თავხედი ხომ არ გგონივართ? დამიჯერეთ, ასეთი რამ პირველად მჭირს.
დეამ ნაძალადევად გაიცინა:
– ალექსანდრე, ხომ? არ მეშლება?
სანდრომ თავი დაუქნია და გამშრალ ტუჩებზე ენა მოისვა.
– მოკლედ გეტყვით: არ ფიქრობთ, რომ მეტისმეტად ჩქარობთ? – გოგომ ეს კითხვა მთელი სერიოზულობით წარმოთქვა და ამოიოხრა.
სანდრო მუდარით მიაჩერდა:
– ასე გგონიათ? მაგრამ, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ თქვენთან ურთიერთობა, თქვენი უფრო ახლოს გაცნობა მინდა...
დეას შეუმჩნევლად გაეღიმა და თემა შეცვალა:
– კარგად ლაპარაკობთ ინგლისურად.
– დიახ, ინგლისურად და არა ირლანდიურად. აქაური დიალექტი ჯერ კიდევ მიჭირს.
– რატომ ინგლისში არ წახვედით სასწავლებლად? აქ, ირლანდიაში რატომ გადაწყვიტეთ დარჩენა?
სანდრომ მხრები აიჩეჩა. აღარ უთქვამს, რომ ეს მისი კი არა, მშობლების გადაწყვეტილება იყო. თუმცა, თავადაც არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, თუ სახლიდან სადმე შორს გაემგზავრებოდა. დედ-მამის ერთმანეთთან დაპირისპირებამ ძალიან დაღალა.
– თქვენ ინგლისელი ხართ?
– ჰო, – მოკლედ მიუგო დეამ, – ლინა ჩემი ნათესავია. მამამისი და მამაჩემი დიდი ხანია, მეგობრობენ და, გადავწყვიტე, ამით მესარგებლა, ანუ, ირლანდიაში ჩამოვსულიყავი. მოგზაურობა მიყვარს.
– ეგ კარგია. მაშინ, საქართველოში მე დაგპატიჟებთ. მოგეწონებათ. შეიძლება, ისეთი შთამბეჭდავი არ იყოს, როგორც სხვა ქვეყნებია, მაგრამ, ეგზოტიკურია და საინტერესო.
– რატომ მეუბნებით ამას? ისე ხომ არ უნდა გავიგო, რომ მეპატიჟებით?
– ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ამ მიპატიჟებას მიიღებდით.
დეამ თვალები მოჭუტა და კიდევ უფრო ლამაზი გამოჩნდა. სანდროს გული შეუქანდა.
– ჭეშმარიტად რაინდული შემოთავაზებაა, მაგრამ, თუ ოდესმე მაგ ქვეყნით დავინტერესდები, როგორმე უთქვენოდაც გავართმევ თავს. მარტო მიყვარს მოგზაურობა და ჯერ არსად დავკარგულვარ.
– ლინასთან ხომ სტუმრობთ? – შეეკამათა ბიჭი და გააკვირვა თავისმა სითამამემ.
– ლინა სხვა საქმეა... იცით, რა, დავიღალე და მომშივდა... ხედავთ, რა მალე მოგეცათ ჩემი დაპატიჟების შანსი? სადმე ჩაის ხომ არ დამალევინებდით?!
სანდროს ერთიანად გაუბრწყინდა სახე.
– დიდი სიამოვნებით, მეც ძალიან მომშივდა.
– ჰოდა, ძალიან კარგი, არ მიყვარს შორეულ პერსპექტივებზე საუბარი....
დეამ ბიჭს ხელკავი გამოსდო და გზას დიდი ხნის ნაცნობებივით შეხმატკბილებულად გაუყვნენ.
***
ლენუკამ ფეხი ფეხზე გადაიდო, ყავა მოსვა და სიგარეტს მოუკიდა. კაფეს ვიტრინამ მისი სილუეტი აირეკლა. ჯერ კიდევ კარგად გამოიყურებოდა, ჯერ კიდევ შეეძლო, მამაკაცების ცხოველი ინტერესი გამოეწვია. გარუჯულ სხეულზე უნაკლოდ ადგა ძვირფასი კოსტიუმი... მოკლე, ტანზე მოტმასნილი ქვედაბოლოდან ლამაზი მუხლისთავები მთლიანად მოუჩანდა... რამდენიმე ნაფაზი დაარტყა და საათს დახედა – თიკო აგვიანებდა. ის იყო, ნამწვი საფერფლეზე დაასრისა და მობილურიდან დარეკვა დააპირა, რომ კაფეში კისკისითა და ხელის ქნევით შემოვიდა საშუალო სიმაღლის, მაგრამ კარგი აღნაგობის, დიდმკერდიანი, ტუჩებდაბერილი, გაურკვეველი ასაკის ქალი და ლენუკას მაგიდისკენ გაემართა.
– სად ხარ აქამდე? მესამე ჭიქა ყავა დავლიე, – უკმაყოფილო ტონით უსაყვედურა ლენუკამ და მიმტანი თითით მოიხმო, – ხომ დალევ?
– რას? – დაბნეულივით იკითხა თიკომ და ისევ აკისკისდა, – დღეს რაღაც არეული ვარ. ყავას გულისხმობდი? კი, დავლევ. ვისკით შეუკვეთე, რა... ნამცხვარიც მინდა... გემრიელ ტორტის ნაჭერზეც არ ვიტყოდი უარს.
ლენუკამ გაოცებით შეხედა მეგობარს:
– დიდი ხანია, ტორტებს და ნამცხვრებს ჭამ?! ძალიან მოგილხენია.
– ჰო, რა ვიცი... რაღაცნაირად, აჟიტირებული ვარ და ტკბილი მომინდა.
– სად ბრძანდებოდი, მთელი ორმოცი წუთი რომ დააგვიანე?
თიკო შეაცბუნა ამ მარტივმა შეკითხვამ და უხერხულობის დასაფარად სიგარეტს დაუწყო სრესა.
– მასაჟზე ვიყავი...
– აკი მასაჟებს მორჩი? მეც არ მპირდებოდი, მიგიყვანო?! ამდენს რას იკეთებ, გაწყენს.
– ჰო, რა ვიცი... ამაზე მითხრეს, ძალიან მაგარიაო და...
– ქალია თუ კაცი? – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა ლენუკამ...
– ახალგაზრდა კაცია.
– მაშინ, გასაგებია, – თვალი ჩაუკრა ლენუკამ, – ოღონდ, არ დაიწყო ახლა, რომ ეს მხოლოდ მასაჟია და მეტი არაფერი. ხომ იცი, გიცნობ.
– აუ, კარგი რა... მასაჟისტი რაში მჭირდება, ერთი საყვარელი მყავს და ყველანაირად მყოფნის. ხშირად არ მაწუხებს, კარგად მაფინანსებს და ნერვებსაც არ მიშლის.
ლენუკამ ამოიოხრა:
– მგონი, ქმრის ყოლას, მეც ერთი საყვარელი მყოლოდა, მერჩივნა. ჩემი ძვირფასი მეუღლე მარტო იმიტომ არსებობს, რომ ნერვები დამაგლიჯოს. არანაირი სარგებელი არ არის მისგან.
– კოტეზე ამბობ ამას? შენს კოტეზე?
– დიახ, სწორედ კოტეზე მოგახსენებ, ჩემს კოტეზე, – გამომწვევად გაიმეორა ლენუკამ, – ფულის მოცემაც აღარ უნდა! „მიჟოჟკავს“, წარმოგიდგენია? ეტყობა, ნაშებისთვის ვეღარ ჰყოფნის.
– მართლა? ვინმე ჰყავს? – ინტერესით ჰკითხა თიკომ და ყავა მოსვა.
– აბა, ეგ ისე გაჩერდება? მაგრამ, ფაქტზე ვერ გამოვიჭირე. მობილურსაც ვუჩითავ, ჯიბეებსაც, მანქანასაც, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე საეჭვო.
– გოგო, ეგებ მართლა არავინ ჰყავს.
– ვის, კოტეს? ჰმ, მასწავლი ჩემი ქმრის ხასიათს? როცა ახალგაზრდა იყო და უფულო, მაშინ აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს და ახლა შეაკავებს რამე?! უბრალოდ, ფრთხილობს – იცის, რასაც დავმართებ და ეშინია.
– კარგი რა, რას უზამ, გაეყრები? – ნაძალადევად გაიღიმა თიკომ.
– მარტო გაყრას არ დავჯერდები, გავანადგურებ. ყველაფერი ვიცი მაგისი საქმეების შესახებ, თან, ქონების დიდი ნაწილი ჩემს სახელზე აქვს გაფორმებული.
– მართლა? – ყურადღება დაძაბა თიკომ და ნაძალადევად გაიღიმა, – მაშინ, კოტეს საქმე რთულად ყოფილა; უნდა თუ არ უნდა, იძულებული იქნება, გაგიფრთხილდეს.
– არ გამიფრთხილდება და მისი აჯობებს! რაც ბავშვი წავიდა, სახლში დასაძინებლად მოდის და მაშინაც ვერ დაელაპარაკები – სულ იღრინება ან საერთოდ არ მცემს ხმას. გუშინაც ვიჩხუბეთ. სანდროსთანაც კი არ დაურეკავს. დედა ხარ და შენ დაურეკე; მე საქმეები მაქვს, ბევრს ვფიქრობ და ბევრს ვმუშაობ, თქვენ რომ არაფერი მოგაკლდეთო, – დამაყვედრა, წარმოგიდგენია?!
– შენც, შეეშვი... ეტყობა, მართლა ბევრი საქმე აქვს. ისე, სანდროსთან რატომ არ მიდიხარ? შენი ამბავი მაკვირვებს – გაისეირნებ და გაერთობი... ერთმანეთიც მოგენატრებათ.
– ჰმ, წავიდე, რომ ამან თავისუფლად იგულაოს? თანაც, ირლანდია პარიზი ხომ არ გგონია?! ერთი უჟმური ქვეყანაა. არ ვიყავი? სანდროს მე არაფერში ვჭირდები და რა ვაკეთო იქ? ეგეც ჩემი ჯიბრით გააკეთა მაგ საზიზღარმა. სორბონაში კი არ გაუშვა ბავშვი ან რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ირლანდიაში, ველურებში უკრა თავი. რასაც შევწვდი, ეს არისო... დეგენერატი! უჰ, აღარ მინდა კოტეზე ლაპარაკი. ათასი დოლარი მომცა. გავიაროთ, გარდერობი უნდა გავაახლო – ფერადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მინდა. გამყვები, ხო?! ისე, არც გითქვამს, როგორ გამოვიყურები. არ მითხრა, რომ ვერაფერს მამჩნევ?
– როგორ ვერ გამჩნევ... ეს მარტო ბოტოქსია თუ კიდევ გაიკეთე რამე?
– ცოტა ტუჩებზე დავიმატე და სახეზე გამაახალგაზრდავებელი კოქტეილები „მივირჭვე“. ვარცხნილობაც შევიცვალე და წონაში ვიკლებ ნელ-ნელა... კოტეს არ მივცემ იმის საშუალებას, თქვას, რომ მასზე ასაკოვნად გამოვიყურები.
მაგას როგორ იტყვის, როცა შენზე უფროსია...
– ნუ დარდობ, მაინც არ გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ ნერვები მომიშალოს. რომ ჰკითხო, გათხოვილი ქალის ერთი წელი ორ წელიწადს უდრისო...
– აუ, ეს კაცები ყველანი ერთნაირები არიან, რა... ძალიან კარგს ვშვრები, რომ არ ვთხოვდები.
– და, არც შენ საყვარელს მაცნობ. ძალიან მაინტერესებს, ვინ არის.
– არის რა... განსაკუთრებული არაფერი, – თიკომ სიგარეტს მოუკიდა, – შენ არ მოგეწონება...
***
სანდრომ კარი ღიღინით შეაღო, ქურთუკი საკიდზე ისროლა, დივანზე წამოგორდა და გაოგნებულ ტომს მხიარულად ჩაუკრა თვალი.
– რა იყო, რა გაშტერებული მიყურებ, ძალიან მეტყობა, რომ ბედნიერი ვარ?
– ბედნიერი ხარ კი არა, სად იყავი, ლამის პოლიციაში დავრეკე, – გაბრაზდა ტომასი და მობილური, ხელში რომ ეჭირა, მაგიდაზე დადო, – გირეკავ, არ პასუხობ... სახლში არ ხარ, დილაუთენია რა საქმე გამოგიჩნდა ამისთანა?
– დიანა! დიანა გამომიჩნდა... – თვალები აუციმციმდა სანდროს, – ვნახე და ჩაიც ერთად დავლიეთ... არაჩვეულებრივი გოგოა, დამიჯერე...
ტომასმა ამოიოხრა და მობილური გაუწოდა.
– აჰა, ჩვეულებრივი სილვია გირეკავს... უპასუხებ?! რა გეშველება შენ, უკვე ვდარდობ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში