როგორ შევძლოთ უცხო ენის ადვილად და უპრობლემოდ შესწავლა ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით
ასტროლოგია საშუალებას გვაძლევს, რჩევები მივცეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, თუ როგორ დაიმახსოვრონ ნებისმიერი ინფორმაცია, ან როგორ შეძლონ ადვილად უცხო ენის შესწავლა და ასე შემდეგ. მაგალითად: ვერძების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის უცხო ენის შესწავლა აუდიოჩანაწერებით უფრო ადვილია, ვიდრე წიგნების წაკითხვით. ამიტომ, გირჩევთ, ხშირად უსმინოთ აუდიოჩანაწერებს და ასე აითვისოთ უცხო ენა; ასევე, შეგიძლიათ, თავად გააკეთოთ ჩანაწერები და შემდეგ რამდენჯერმე მოუსმინოთ – ასე გაცილებით სწრაფად და კარგად დაიმახსოვრებთ ნებისმიერ ინფორმაციას და შეისწავლით ნებისმიერ უცხო ენას.
კუროს ნიშნით დაბადებულები უცხო ენის შესწავლას კარგად შეძლებენ კომფორტულ, მშვიდ, ოჯახურ გარემოში. შეგიძლიათ, ნებისმიერი უცხო სიტყვა რაიმეს მიუსადაგოთ და ისე დაიმახსოვროთ. ასეთი წესით გაცილებით ადვილად აითვისებთ ახალ ინფორმაციასაც.
ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები არიან. უცხო ენის ათვისება მათთვის პრობლემა არ არის, თუკი მოინდომებენ. ისინი ნებისმიერ ახალ ინფორმაციას უსწრაფესად ითვისებენ. ტყუპებს ძალიან ძლიერი მეხსიერება აქვთ.
კირჩხიბებისთვის უცხო ენის ათვისება გაცილებით იოლი იქნება, თუ ამას სამუშაო გარემოში მოახერხებენ. ყოველთვის თან იქონიეთ უცხო ენათა ლექსიკონი და თავად ეძებეთ იმ სიტყვის განმარტება, რომელიც გჭირდებათ – ასე უფრო ადვილად შეძლებთ მის დამახსოვრებას. ასე რომ, კირჩხიბებს უცხო ენის შესწავლა შეიძლება, დიდხანს გაეწელოთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ზემოთ მოყვანილი მეთოდით, ამასაც საფუძვლიანად შეძლებენ.
ლომებისთვის უცხო ენების ათვისება ძალიან ადვილია. ეს ყველაზე კარგად შეუძლიათ უცხოური ფილმების ცქერით, სიმღერების მოსმენითა და უცხოელებთან კონტაქტით. თავიდან, შესაძლოა, ეს გაგიჭირდეთ, მაგრამ, დროთა განმავლობაში ბარიერს დაძლევთ და ნებისმიერ ინფორმაციასა თუ უცხო ენას ადვილად დაეუფლებით.
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის დამახასიათებელია ანალიტიკურობა. მათთვის ნებისმიერი ინფორმაციისა თუ უცხო ენის ათვისება ადვილია, თუ მას გულისყურით მიუდგებიან.
სასწორისთვის ყველაზე ადვილია უცხო ენის სწავლა უცხოელებთან კონტაქტით. შეგიძლიათ, ჩართოთ ტელევიზორი ან რადიო და უცხო ენაზე უსმინოთ ახალ ამბებს, გადაცემებს და ასე შემდეგ. თუ კარგად გაამახვილებთ ყურადღებას და დაძაბავთ გონებას, ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად აითვისებთ.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მან უნდა ისწავლოს ან მიიღოს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. უმჯობესია, უცხო ენის სწავლა გრამატიკით დაიწყოთ. მორიელები ადვილად წვდებიან ადამიანის აზრებს და შესაბამისად, ადვილად იღებენ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის საჭირო და აუცილებელია.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს უცხო ენების ათვისების ფენომენალური ნიჭი აქვთ. მათ დიალოგის საშუალებითაც შეუძლიათ უცხო ენის შესწავლა. ასევე, არ უჭირთ იმ საკითხების გაგება და გაანალიზება, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეუძლია, დაჯდეს და მეთოდურად შეუდგეს უცხო ენის სწავლას. მისთვის აუცილებელია ჯერ უცხო სიტყვების ამოწერა-დამახსოვრება, შემდეგ გრამატიკაში გარკვევა და ბოლოს – საუბარი უცხოელებთან პრაქტიკის მისაღებად. საერთოდ, თხის რქებს უჭირთ სწორი ინფორმაციის მიღება ან მიღებული ინფორმაციის სისწორეში გარკვევა. ამიტომ, ამ მხრივ, ისინი მეტად ყურადღებიანები უნდა იყვნენ.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ადვილად ითვისებენ ნებისმიერ უცხო სიტყვებს. კარგია, თუ ისინი ლექსიკონის დახმარებით შეძლებენ რაიმე წიგნის ან ჩანაწერის თარგმნას.
თევზებისთვის უცხო ენების შესწავლა, თუ მათ ეს მოინდომეს, ძალიან ადვილია. ისინი ცდილობენ, რამდენიმე უცხო ენას დაეუფლონ. ისინი, ასევე, ბეჯითები და ნიჭიერებიც არიან; შეუძლიათ, დამოუკიდებლად, წიგნით შეიძინონ ის ცოდნა და მიიღონ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ და რაც მათ შემდგომში გამოადგებათ.