რამდენი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ დღეში და რა კავშირშია მისი ხარისხი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან
რამდენი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ დღეში და რა კავშირშია მისი ხარისხი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან
სასმელი წყლის გასინჯვისას, როგორც წესი, უპირატესობას გემოს ვანიჭებთ. ამგვარი შერჩევა შემთხვევითი არ არის. სხვადასხვა წყაროს წყალს დამახასიათებელი ნიშნები და განსხვავებული გემო აქვს. გემრიელი წყალი იწვევს არა მხოლოდ დადებით ემოციებს და კლავს წყურვილს, არამედ, უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს დედამიწის წიაღის მდგომარეობის შესახებ.
დადგენილია, რომ სასმელი წყლის ხარისხისა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ვინაიდან სასმელი წყლის ძირითადი წყარო მდინარეები და მიწისქვეშა წყლებია, მისი დაბინძურების რისკი მაღალია. ვისაც ბუნებრივ წყაროებზე ხელი არ მიგიწვდებათ და სამრეწველო წესით ჩამოსხმული მინერალური წყლის შეძენასაც ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც დაამზადოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალი: საყინულეში მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ქვაბი. ექვსი საათის შემდეგ წყლის ნაწილი, რომელიც გაუყინავი დარჩა, სხვა ჭურჭელში გადაასხით და ხელახლა შედგით საყინულეში, ყინული კი გადააგდეთ. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გამოიღეთ მაცივრიდან, სითხე გადაღვარეთ, ყინული კი ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ. ასეთი წესით მომზადებული წყალი მინარევებისგან გაწმენდილია და, ამავე დროს, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მისი სამკურნალო მოქმედების საიდუმლო კი ისაა, რომ გამდნარი წყლის მოლეკულის დიამეტრი ზომით იდეალურად შეესატყვისება უჯრედების მემბრანების ხვრელებს, რაც სითხეს საშუალებას აძლევს, ადვილად შევიდეს ქიმიურ რეაქციაში, რის შედეგადაც ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურდება და ორგანიზმი ზოგავს ძალასა და ენერგიას.
წყალგაყვანილობების წყალი შეიცავს ქლორს, ფტორსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც დუღილის პროცესში ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთს წარმოქმნის. ამისგან თავი რომ დაიცვათ, სანამ წყალს აადუღებთ, ერთი დღე-ღამე თიხის, სპილენძის ან მინის ჭურჭელში დატოვეთ, რომ ფტორი და ქლორი „გაქრეს.”
მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 40 ლიტრ სითხეს შეიცავს, რომლის აუცილებელი რაოდენობა მუდამ უნდა შენარჩუნდეს. უმნიშვნელო გაუწყლოების დროსაც კი, სისხლის პლაზმა და სხვა უჯრედგარეშე სითხე შესქელებას იწყებს და მათში მარილების რაოდენობა იმატებს. წყალი უჯრედებიდან დიდი კონცენტრაციის ზონაში მიემართება, შედეგად, უჯრედები ნაოჭდება, რაც მთელი ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გარდა ამისა, ადამიანთა უმეტესობა წყალს არასწორად სვამს, ხოლო მოსახლეობის თითქმის ნახევარი სითხეს გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე საჭიროა.
წყალი უნდა დალიოთ ნელა, ყლუპ-ყლუპით, არანაკლებ 2 ლიტრისა დღეში, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებები არ გაწუხებთ და თირკმელებიც ნორმალურად მუშაობს.
რა დაავადებებს შველის ცაცხვის ყვავილის ნაყენი
ხალხურ მედიცინაში ცაცხვის ყვავილი გამოიყენება გაციების, ციებ-ცხელების, ბრონქიტისა და გრიპის დროს. ის არის ოფლმდენი, შარდმდენი, კუჭის სეკრეციის გამაძლიერებელი და ამოსახველებელი საშუალება.
თუ გაცივდით, ოფლის მოდენის მიზნით დალიეთ შემდეგი სახით დამზადებული ნაყენი: 2 ჩაის კოვზ ხმელ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და დალიეთ თბილი, თითო ჭიქა, დღეში სამჯერ. ამ დროს თბილად უნდა იწვეთ ლოგინში. ასეთი ნაყენი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ნებისმიერი სირთულის გაციებისას, ასევე, თირკმელებისა და ფილტვების დაავადებების დროს.
დამამშვიდებელი ნაყენის მოსამზადებლად კი, 2 წილ ცაცხვის ყვავილს, 4 წილ ბარამბოსა და 4 წილ ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორი საათით, შემდეგ შეათბეთ და დალიეთ 2 სადილის კოვზი საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე.
ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ასეთი ნახარში მოამზადეთ: აურიეთ ერთმანეთში 1 წილი ცაცხვის ყვავილი, 2 წილი მუხის ქერქი ან 2 წილი გვირილა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გადაწურეთ და დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ ყელში.
სტომატიტის, ანგინის, ლარინგიტის, გარეგანი ანუ ჰემოროიდული კვანძების ანთების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს, 6 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთით გააჩერეთ. გამოივლეთ ყელში დღეში 3-ჯერ.
ცაცხვის ყვავილის ნაყენს იყენებენ ნერვული დაავადებების დროს აბაზანის სახით. 2 კილოგრამ ცაცხვის ყვავილს დაასხით 6 ლიტრი ცივი წყალი, თავდახურული გააჩერეთ ერთი დღე-ღამე, შემდეგ ადუღეთ 20 წუთით და ჩაასხით თბილ აბაზანაში. ჩაწექით ნახევარი საათით, ძილის წინ.
კარტოფილს სამკურნალო
თვისებები გააჩნია
კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება. ის აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი, თუ კარტოფილის წვენს ხანგრძლივად მიიღებთ, ქვეითდება არტერიული წნევა. ახალგამოწურული კარტოფილის წვენი ეფექტურია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადებების დროს. თუ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღებთ წვენს, ეს გააუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას.
კარტოფილის ბოლქვები, განსაკუთრებით კი – კანი, შეიცავს მაღალაქტიურ გლუკოალკალოიდ სოლანინს, რომელიც ანტიანთებით მოქმედებას ავლენს, მაგრამ ტოქსიკური ეფექტი აქვს. მისი დიდი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, მწვანე ბოლქვებში სოლანინის შემცველობა, შეიძლება, მოწამვლის მიზეზი გახდეს. დიდი დოზით მიღებისას სოლანინი თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას. უხარისხო კარტოფილით მოწამვლისას ვითარდება პირღებინება, დისპეფსია, ქოშინი, გულის ფრიალი, კრუნჩხვა და გონების დაკარგვაც კი.
თუ მუცლის შებერვა გაწუხებთ, დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, წამოწექით ნახევარი საათი და შემდეგ ისაუზმეთ. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.
სიცხეში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა და სწორად შეარჩიეთ საკვები პროდუქტი
პაპანაქება სიცხე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ჰიპერტონიითა და გულით დაავადებულ ადამიანებზე. ამ დროს მეტი დატვირთვით მუშაობს გული და ადამიანს დისკომფორტის შეგრძნებას უქმნის.
ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ საკვები, რადგან, ასეთ პერიოდში ხშირია კვებითი მოწამვლა და ნაწლავური ინფექციები.
სიცხეში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გული გაწუხებთ და ხვდებით, რომ სუსტად გრძნობთ თავს. ჯობია, დილა-საღამოს იმუშაოთ, შუადღისას კი ჩრდილში დაისვენოთ.
ასევე, ზაფხულის პაპანაქებაში უნდა მოერიდოთ სტრესულ და მღელვარე სიტუაციაში ყოფნას. ამ დროს ემოციური დატვირთვა ძალიან საშიშია.
მოერიდეთ ცივ წყალში ბანაობას, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ, შეიძლება, სისხლძარღვთა სპაზმი გამოიწვიოს. დღის განმავლობაში სვით სითხეები. აჯობებს, თუ მინერალურ წყალს დალევთ, რადგან ის მიკროელემენტების ბალანსს აღადგენს ორგანიზმში.
სიცხეში საგრძნობლად ქვეითდება იმუნიტეტი და ამტანობა. ჩვენ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ მცხუნვარე მზის დროს და ეს ენერგია აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ.
თუ ღამით ცუდად გძინავთ
ბევრს უჭირს ღამით დაძინება, რის შედეგადაც დილით თავს შეუძლოდ გრძნობს და საწოლიდან თავის აწევა უჭირს. თუ ღამით ცუდად გძინავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:
* დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაიკეთეთ მასაჟი ყურის ბიბილოებზე. აქ განლაგებულია სპეციალური რეფლექსური ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მოდუნებაზე.
* თუ რთული დღე გქონდათ და განერვიულებული ხართ, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი; ასევე, კარგი შედეგი აქვს პიტნისა და გვირილის ჩაის.
* უძილობის დასამარცხებლად უებარია შემდეგი სახის აბაზანები: აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, წყალში ჩაყარეთ გვირილის ხმელი ყვავილი, ნაძვის წიწვები და ჩაწექით დაახლოებით 15-20 წუთით.
ღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდ და წყნარ გარემოში. არც ზედმეტი ძილი ვარგა, რადგან ასე ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი ირღვევა. ძილის წინ კი არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება, რადგან, სუფთა ჰაერი მშვიდი ძილისთვის აუცილებელი პირობაა.
ეგზემით დაავადებულებს ჟოლოსა და ნესვის ჭამა ეკრძალებათ
ეგზემისთვის დამახასიათებელია კანზე სხვადასხვა ზომის წითელი ლაქების გაჩენა. მათ ზედაპირზე ჩანს გამჭვირვალე სეროზული ან სეროზულ-სისხლიანი სითხით სავსე წვრილი ბუშტუკები, რომელთა გახეთქვისას გაშიშვლებული, ეროზიული ზედაპირი მოჩანს.
დაავადების გახანგრძლივებისას პროცესი კანის მნიშვნელოვან უბნებს მოიცავს და ამ ადგილებში კანი მკვრივდება. ეგზემას თან ახლავს ძლიერი ქავილი, რაც მოსვენებას არ აძლევს ადამიანს. ქვეითდება მისი შრომისუნარიანობაც. დაავადების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნერვულ-ენდოკრინული და იმუნური სისტემების მოშლილობა, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა, დისბაქტერიოზი; ასევე, მდგომარეობას ართულებს სხვადასხვა ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, ნერვული სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, არასწორი კვება. ამიტომ, ეგზემის მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს და ის დარღვეული პროცესების ნორმალიზებას უნდა მოიცავდეს.
ეგზემის დროს კარგია შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. ოთახის მტვრის მავნე გავლენის თავიდან აცილების მიზნით, ურიგო არ იქნება, თუ უარს იტყვით ხალიჩებზე, რომლებიც მტვერს აგროვებს, მათი დასუფთავების დროს კი ალერგიული რეაქციები ვითარდება. მოერიდეთ სარეცხ საშუალებებთან, წებოსთან, საღებავებთან და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტს.
სახლში, სადაც ეგზემით დაავადებულია, არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. ეგზემის დროს უნდა ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს. ასევე, რეკომენდებულია დამამშვიდებელი საშუალებების მიღება. ამ დროს კარგია მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება ვალერიანის ძირების, ორკბილას, გვირილის ყვავილების, კალენდულას, ძირტკბილას, უკვდავასა და ფარსმანდუკისგან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი თანაბრად შეურიეთ ერთმანეთს, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. ნახევარი საათის შემდეგ კი მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი, 2-ჯერ დღეში.
ეგზემის გამწვავების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტის დაცვას. დაავადებულის საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ანანასი, ნესვი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, რძე, შებოლილი თევზი, მანანის ბურღული, მწარე და ცხარე კერძები და ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ ვეგეტარიანული საკვები, საქონლის ხორცი, რძემჟავა პროდუქტები, მზესუმზირის ზეთი, ბოსტნეულის სალათები; ხილიდან კი – ვაშლი, ქლიავი და ალუბალი.
მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპია ორგანიზმის გაწმენდა წიდებისა და ტოქსინებისგან, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას. რძემჟავა პროდუქტები, ჭარხალი და ნიახური საამისოდ კარგი საშუალებაა.