ექიმის რჩევები
კითხვა: ყივანახველა როგორ პირობებშია გადამდები? შეიძლება თუ არა მესამე პირისგან გადადება და რამდენი დღეა საინკუბაციო პერიოდი?
პასუხი: ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, უშუალოდ ავადმყოფებისგან. გადადების პიკი არის კატარულ პერიოდში და ხველითი კრუნჩხვების დროს. მიკრობი აქტიურია ავადმყოფის ორგანიზმში 30-45 დღე. 45 დღის შემდეგ დაავადებული გადამდები აღარ არის. ინკუბაციური (დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენამდე) პერიოდი გრძელდება 3-15 დღე.
კითხვა: დიაგნოზი – წითელი ქარი დასვა ანგიოლოგმა. მაინტერესებს, ხომ არ უსწრებს რამე კონკრეტული ინფექციური დაავადებები წინ, ხომ არ არის ის გამოწვეული ღვიძლის დაავადებებიდან?
პასუხი: წითელი ქარი კანის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციაა. ის, ჩვეულებრივ, კანის ლიმფურ სისტემაში ვრცელდება. დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია. გარდა ამისა, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული.
კითხვა: 14-15 წლის ასაკში (7 წლის წინ) გავიკეთე ტეტანუსის და დიფტერიის აცრა. 3 დღის წინ დამკაწრა კატამ, აუცილებელია ტეტანუსის შრატის გაკეთება?
პასუხი: ტეტანუსის აცრა ტარდება 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის, 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ მე-10 წელს 55 წლამდე. ასე რომ, იმუნიტეტი 10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.
კითხვა: მაინტერესებს, ცოფის ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, რამდენი დღის შემდეგ შეიძლება გარუჯვა?
პასუხი: ცოფზე ვაქცინაციის პერიოდში და მას შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში უნდა ვერიდოთ გადაღლას, გადაციებასა და გადახურებას. ამ პერიოდში იკრძალება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, დაბალი ტემპერატურის პირობებში და მზეზე დიდხანს ყოფნა. ერთი სიტყვით, უნდა ერიდოთ მიზეზებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ ძალებს დაასუსტებს.
კითხვა: „სენადეს” დალევა თუ შეიძლება მუდმივად? რა გვერდითი მოვლენები შეიძლება, მოჰყვეს? უკვე წელიწადზე მეტია, ვსვამ.
პასუხი: „სენადე” და მისი მსგავსი პრეპარატების მიღება, მხოლოდ დროებით ეფექტს აძლევს პაციენტს, და ხშირად, ხანგრძლივად მიღებისას, ის კარგავს ეფექტურობას. ეს არ არის მკურნალობა. საჭიროა, პრობლემის გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაცია, რის შემდეგაც მიიღებთ სასურველ და რაც მთავარია, ხანგრძლივ თერაპიულ ეფექტს. ექიმთან ვიზიტამდე, იზრუნეთ კვების ისეთ ცვლილებაზე, რომ თავიდან აიცილოთ ყაბზობა. ამისთვის აუცილებელია ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, სალათები ზეთის დამატებით, შავი პური. ამასთან ერთად, უნდა იაროთ ფეხით, სულ ცოტა 30 წუთი, მიიღოთ 2 ლიტრამდე სითხე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი