როდის მიდის ადამიანი სულიერ აშლილობამდე და როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დასვენების დღეები
ზაფხულის სიცხეში არა მხოლოდ საქმის კეთება, მუშაობა, ხშირად ლოცვა და ეკლესიაში სიარულიც გვეზარება. ეს მერე ჩვენში ცოდვის სახეს იღებს და ნელ-ნელა ვეჩვევით კიდეც. როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ნებისმიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ ყოველთვის ადგეს ადრე და განსაზღვრულ დროს. თუ მას რამე განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, კარგი იქნება, თუ შვიდ საათზე მეტს არ იძინებს, რადგან ეს უკვე მას სიზარმაცედ ექცევა, ძილში გაატარებს მთელ ღამეს, დღის გარკვეულ ნაწილსაც და, შესაბამისად, მას ლოცვაც დაეზარება და მუშაობაც. როგორც კი ადამიანი ადგება, მან მაშინვე ღვთისკენ უნდა აღმართოს გონება, მოწიწებით უნდა გამოისახოს პირჯვარი, მადლობა გადაუხადოს ღმერთს, რომ მშვიდობით აღადგინა: „გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, მშვიდობით რომ აღმადგინე. მაკურთხე დღესაც, მომეცი შემწეობა, ეს დღეც ლოცვაში გავატარო, სიკეთე ვაკეთო და დამიფარე უხილავი და ხილული მტრებისგან”, მერე კი წარმოთქვას იესოს ლოცვა. ამის შემდეგ ყოველი ქრისტიანი დაუყოვნებლივ უნდა წამოდგეს და შეიმოსოს. სარეცელზე დიდხანს ნებივრობის უფლება არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს. რაც მთავარია, შემოსვის დროს ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე დგას, უნდა გაიხსენოს ადამის დაცემა, რომელმაც ცოდვის გამო დაკარგა სამოსელი უმანკოებისა და უნდა შესთხოვოთ იესო ქრისტეს, რომ სულიწმიდის მადლით შეგმოსოთ. ამის შემდეგ უნდა მოწესრიგდეთ და შეუდგეთ დილის ლოცვის კითხვას; მუხლმოდრეკილებმა, ყურადღებით, მოწიწებით და ღრმა სინანულის განცდით უნდა ილოცოთ და არა უყურადღებოდ და მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. ჩვენი ყოველი დილა უფალთან ურთიერთობით უნდა იწყებოდეს, მას უნდა გადავუხადოთ მადლობა იმისთვის, რომ გაგვითენა ახალი დღე და შევთხოვოთ, რომ კიდევ ერთმა დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ახლობლებისთვის; კიდევ ერთხელ განვმტკიცდეთ რწმენაში, გავძლიერდეთ სარწმუნოებაში, სიყვარულში და დავითმინოთ განსაცდელები.
– რაზე ფიქრითა და რისი თქმით უნდა იწყებდეს ქრისტიანი ყოველ დილას?
– ყოველ დილას მადლობა უნდა შესწიროთ უფალს, რომ მან დაგიფარათ განვლილ ღამეს; რომ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ და არ მომწყდარხართ საკუთარ ცოდვებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი წარდგა იმ ღამეს ღვთის სამსჯავროს წინაშე და თქვენთვის ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ყოველდღე უნდა ფიქრობდეთ იმაზე, რომ მხოლოდ ახლა იწყება და გსურთ, იყოთ ქრისტიანი და რომ წარსული დრო ტყუილად დაკარგეთ. ლოცვის შემდეგ, თუ ადამიანს აქვს დრო, სასურველია, წაიკითხოს სულისთვის სასარგებლო წიგნი და იკითხოს მანამ, სანამ მისი გული არ მოლბება და უფლის სიყვარულით არ აივსება; კითხვის დროს უნდა იფიქროს იმაზე, რას კითხულობს; დაუკვირდეს იმას, თუ რას ეუბნება უფალი. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საქმეების კეთება. რა თქმა უნდა, სასურველია, თუ ადამიანი საქმის კეთების დაწყების წინ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას, რადგან ამის შემდეგ მისი საქმე უფლისგან იკურთხება და კარგი, კეთილი საქმის აღსრულებაში ხელი მოემართება. ასევე არსებობს ლოცვა საქმის დამთავრების შემდეგ, რომელიც ერთგვარი სამადლობელი ლოცვაა, უფლის წინაშე აღვლენილი. თავად უფალმა ბრძანა: „ჩემსა გარეშე არარა ძალგიძთ ყოფად არცა ერთი“. მუშაობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავით და მისი წარმატება უფლის კურთხევას მიანდეთ. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიმძიმთ, შეასრულეთ როგორც ეპიტიმია თქვენი ცოდვებისთვის. თუ საქმე წარუმატებლად დამთავრდება, იცოდეთ, რომ ესეც ღმერთმა დაუშვა და ასე იყო თქვენთვის საჭირო.
– ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანები დასასვენებლად მიდიან ზღვაზე, მთაში. ამ დროს თითქმის ყველაფრისგან ისვენებენ, ზოგჯერ ლოცვებსაც კი არ კითხულობენ და ეკლესიაშიც არ შედიან.
– ადამიანმა დასვენების დღეები უნდა გაატაროს არა მცონარობაში, არა ულოცველობაში, უფლისგან განშორებაში, არამედ უნდა დაგეგმოს ყოველი დღე. ადამიანი იღლება, სჭირდება დასვენება. რადგან ზაფხულის ცხელ დღეებში ყველას უჭირს საქმის კეთება, ლოცვა, შრომა, შესაბამისად‚ ვისაც როგორც მისცა უფალმა წყალობა, ბუნებრივია‚ ისე უნდა დაისვენოს. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი‚ ვინც დასასვენებლად მიდის, იქიდან სულიერად მოუწესრიგებელი და აშლილი ბრუნდება. ისინი ისვენებენ ხორციელად და სულიერებას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. როდესაც ადამიანი მიდის სოფელში, მთაში ან ზღვაზე დასასვენებლად, როგორც ეძებს კაფე-ბარებსა და გასართობ საშუალებებს, სასურველია, ისევე მოიძიოს მოქმედი ტაძარი, მივიდეს, აღსარება თქვას და მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი დასვენება არ იყოს მხოლოდ ხორციელი და სულიერად არ დაზიანდეს. ეს ხშირად ემართებათ თანამედროვე ახალგაზრდებს. მათ ჰგონიათ, რომ დასვენება ნიშნავს ზნეობისგან, ლოცვისგან, უფალთან ურთიერთობისგან დასვენებას. ჩვენ რასაც ვაკეთებთ – ვშრომობთ, ვისვენებთ თუ ვლოცულობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უფალთან სიახლოვე უნდა გვქონდეს ცნობიერებაში, რადგან, არავინ იცის, როგორ წარიმართება ჩვენი დასვენება. სანამ წავა ზღვაზე საბანაოდ, მთასა თუ ტყეში გასასეირნებლად, სასურველია‚ წაიკითხოს ლოცვები, იმ წმიდანის მცირე ისტორია, რომლის ხსენებაც არის იმ დღეს; კალენდარში ნახოს, რომელ დღეს რომელი სახარება იკითხება და ის მონაკვეთი წაიკითხოს. ამას მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება, დანარჩენი დრო კი გაატაროს ხორციელ დასვენებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოცვებისგან თავისუფალი არასდროს ვართ. ნუ დავშორდებით უფალს და ნუ მივეჯაჭვებით ხორციელ სიამოვნებას. რატომღაც, ზოგიერთი ფიქრობს, რადგან თერთმეტი თვე იმუშავა, იშრომა, ამიტომ, კომპენსაცია უნდა გაუკეთოს საკუთარ სხეულს. რა თქმა უნდა, უნდა გაუკეთოს, მაგრამ, არა სულის ხარჯზე. თუ ჩვენ ამით სულიერებას დავიზიანებთ და უფალს განვეშორებით, ეს დასვენება არ იქნება. დასვენება ნიშნავს ცოდვებისგან განშორებას და არა მათ დაგროვებას, რაც ჯერ ხორციელად გვამძიმებს და მერე – სულიერად, რაც აშლილობას იწვევს და შემდეგ ხელახლა გვიწევს ახსნა, რომ აღსარება უნდა თქვან, ეზიარონ. გვიჭირს მათი გაჩერება ეკლესიაში, რადგან უსაქმურობას, ლხენას, ხორცის მსახურებას მიეჩვივნენ.
– და ადამიანი ცოდვის ჩადენასაც ეჩვევა?
– წმიდა ამბა დოროთე წერს: კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ღვთის მიმართ არ უნდა უგელებელყოს მისი მცნებები, რასაც სხვები ვერ ხედავენ და, რის გამოც არავისი ეშინიათ, სინდისი იმაშიც დაიცავს. მაგალითად, ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ, განამტკიცებს; ან, ხედავს‚ მოყვასი რამეს ამბობს ან აკეთებს, ის კი განიკითხავს ამის და მსგავსი რამეების გამო. რასაც ღმერთის გარდა ვერავინ გაიგებს, სინდისის დაცვა იმაშიც ჰმართებს – ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა; რაც შეეხება მოყვასის მიმართ სინდისის დაცვას, კაცმა არ უნდა გააკეთოს ის, რითაც‚ იცის‚ რომ მოყვასს დააბრკოლებს: საქმით, სიტყვით, სახით თუ შეხედვით. მოყვასის დაბრკოლება შესაძლებელია სახითაც, შეხედვითაც და, თუ იცი‚ ამით მას დააბრკოლებ, მაშინ, ჯობია‚ არ გააკეთო – ეს არის მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა; ხოლო, საგნების მიმართ ის არის, რომ, არ გააფუჭოს ნივთები, გადაგდებულს თუ დაინახავს რამეს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, თუნდაც მცირე იყოს ის. არ გააფუჭოს თავისი სამოსელი. ძმებო, ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, ყველაფერ ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რათა არ დავინთქათ, რადგან, თავად უფალი გვაძლევს ამ ყველაფერს მცნებად... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი დაბრკოლების ნამდვილი მიზეზი საკუთარი თავის უდანაშაულოდ მიჩნევაა. იმიტომ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს, რომ ჩვენს თავს არ ვადანაშაულებთ. ამიტომ‚ არაფერი გვარგებს ისე, როგორც საკუთარი თავის დადანაშაულება. ამიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ვერანაირ სათნოებაში, ვერც სარგებელს ვპოულობთ, რადგან, თითოეული ჩვენგანი თავს ვიმართლებთ, ჩვენს თავს ვპატიობთ და არც მცნებებს აღვასრულებთ, მოყვასისგან კი მოვითხოვთ მცნებების აღსრულებას. ამიტომ ვერ ვხვდებით‚ რა არის კეთილი. თუ რამე მცირე სათნოებას აღვასრულებთ, მყისვე მოყვასისგანაც იმავეს მოვითხოვთ და ვამბობთ: რატომ ისიც არ აკეთებს? მამა ანტონმა თქვა: დიდი საქმეა, კაცმა მთელი შეცოდება თავის თავზე აიღოს ღვთის წინაშე და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოელოდოს განსაცდელსო. გულისწყრომა არის გულში სისხლის ადუღება. როგორც წმიდა ბასილი ამბობს: „აი, ესაა გულისწყრომა, რომელსაც მწარედ გაფიცხება ეწოდება“. მისი ჩაქრობაც შესაძლებელია. როგორ მივაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ და ამას ვერ ვხვდებით? ბოროტების მიგება არა მარტო საქმით ხდება, არამედ, სიტყვითაც, სახითაც ან შეხედვითაც. ასეთ დროს ადამიანმა უნდა თქვას: „ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით“. ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან, თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღმერთის შეწევნას. სადაც ლმობიერებაა, იქ უძლურია გულისწყრომა, ღვარძლიანობა და სხვა რამე ვნება.