მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რას გამოვხატავთ პირჯვრის გადაწერით და აუცილებელია თუ არა ის?
პასუხი: ქრისტიანი პირჯვრის გადაწერის გარეშე, იგივე მეომარია იარაღის გარეშე. მტერი მას იოლად დაჩაგრავს. ვინც პირჯვარს იწერს, ის უსიტყვოდ არის იესო ქრისტეს აღმსარებელი. ჯვრის გადასახვით მიმდინარეობს ყველა საღვთო საიდუმლოება, მითვე იკურთხება სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოველი საგანი. როდესაც პირჯვარს ვიწერთ, ბოროტი ძალა შიშისგან თრთის.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ქორწინების გარეშე შობილ ადამიანებს?
პასუხი: ადამიანი ქორწინების შედეგად, კანონიერად არის შობილი თუ უკანონოდ, ეკლესიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყოველი პიროვნება ფასდება მხოლოდ და მხოლოდ მისი ზნეობრივი ღირსებებით.
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება ხატის ხელმეორედ კურთხევა?
პასუხი: ხატები სასულიერო პირისგან იკურთხება ერთხელ. ხელმეორედ მისი კურთხევა მიზანშეწონილია რესტავრაციის შემდეგ, თუ მისი იერსახე დაკარგული იყო.
კითხვა: რატომ ხდება, რომ გასართობად და გულის გადასაყოლებლად მუდამ მზად ვართ, ღვთივსულიერი საუბრებისა და ეკლესიური ცხოვრებისთვის კი გვიჭირს განწყობის შექმნა?
პასუხი: იმიტომ, რომ ეკლესიური ცხოვრება რთულია, თუმცა თუ ადამიანი ამ გზას აირჩევს, მას საღმრთო მადლი ექნება ყოველთვის და იმქვეყნადაც დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. თანაც ეშმაკი უწყობს ხელს უქმადმეტყველებას და ის ყოველგვარი სულიერი დარიგების მტერია.