ჭეშმარიტი სარწმუნოება
უფლისთვის სათნოა ეკლესიის ხატებით შემკობა
ღირსმა ერაზმიმ, პეჩორის მონაზონმა (ცხოვრობდა მეთორმეტე საუკუნეში), ცათა სასუფევლის გვირგვინი მაკურთხევლის ხელიდან იმის გამო მიიღო, რომ წინაპრებისგან დანატოვარი მთელი თავისი სიმდიდრე ეკლესიის შესამკობად დახარჯა და პეჩორის ეკლესიაში მრავალი ხატი ვერცხლითა და ოქროთი მოაჭედვინა. ის თავის სულსაც ამშვენებდა, როგორც ცოცხალი ღვთის ეკლესიას და მის ხატებას, არა ნივთიერი ვერცხლითა და ოქროთი, არამედ წმიდა სიყვარულითა და სამონაზვნო წესის სხვა მადლმოსილი საქმეებით. მასზე ითქმოდა წინასწარმეტყველის სიტყვები: „კეთილი არს ჩემდა შჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვერცხლისა“ (ფს. 118,72).
ამ ღირსს ამგვარი ცდუნება შეემთხვა: როდესაც ის გაღატაკებული, ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა, მაშინ ბოროტმა მაცდუნებელმა ეშმაკმა ცბიერებით იწყო მის გულში შესვლა, რომ მან მთელი თავისი სიმდიდრე ეკლესიის შესამკობად დახარჯა და ამით არავითარი სიკეთე არ მიიღო. ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, ეს ყოველივე გლახაკთა მოწყალებაზე გაეხმარა. ღირსმა ერაზმიმ ცდუნება ვერ შეიცნო, სასოწარკვეთაში ჩავარდა და დაუდევარი, უგულისყურო ცხოვრება და დროსტარება დაიწყო. მაგრამ, გულუხვმა და მართლმსაჯულმა ღმერთმა, ახსოვდა-რა ნეტარის ადრინდელი კეთილქმედებანი, ის დაღუპვას ამგვარად გადაარჩინა: მას მძიმე სენი შეჰყარა. ავადმყოფი უკვე სიკვდილის პირას იყო მისული, უმეტყველო, თვალებდახუჭული იწვა შვიდი დღე. მერვე დღეს მასთან ძმები მივიდნენ, ნახეს-რა მისი საშინელი აღსასრული, თქვეს: „უბედურება ეწვია ამ ძმის სულს იმიტომ, რომ მან სიზარმაცესა და ცოდვებში იცხოვრა, ხოლო ამჟამად ხედავს-რა რაღაცას, შეძრწუნებულია. ამიტომ სულ ეშინია სხეულიდან გამოსვლის!“ უეცრად ნეტარი ერაზმი, თითქოსდა სრულიად ჯანმრთელიაო, თავისი საწოლიდან წამოდგა და მათ უთხრა: „თქვენ, მამებო და ძმებო, ჭეშმარიტებას ამბობთ, მე ცოდვილი ვარ და არ მომინანიებია. მაგრამ, აი, ამჯერად გამომეცხადნენ მე ჩვენი ღირსი მამები – ანტონი და ფეოდოსი და მითხრეს: „ჩვენ შენზე ვთხოვეთ უფალს და მან გიწყალობა დრო მოსანანიებლად“. შემდეგ ვიხილე ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი და უამრავი წმიდანი მასთან. მან მე მითხრა: „ერაზმ, რადგან შენ ჩემი ეკლესია შეამკე და იგი ხატებით განადიდე, ამიტომ მე ჩემი ვაჟის საუფლოში შეგამკობ და განგადიდებ დიდებით, რამეთუ გლახაკები თქვენ გვერდით გყავთ, ჩემი ეკლესია კი – არა. მაშ ასე, ამდგარმა მოინანიე და დიადი ანგელოზებრივი იერი მიიღე, ხოლო მე მესამე დღეს შენ – სუფთას, ჩემი სახლის კეთილსახიერების შემყვარებელს, ჩემთან წაგიყვან“. ნეტარმა ერაზმმა, მოუყვა-რა ეს ყოველივე ძმებს, დაუფარავად, ყველას წინაშე თავისი ცოდვების მონანიება იწყო. შემდეგ ადგა, წავიდა ეკლესიაში და სქემით (ბერ-მონაზვნის ტანსაცმელი) შეიმოსა. მესამე დღეს კი გახარებული მიებარა უფალს. ამგვარად, ყველასთვის ნათელი შეიქნა, რომ ეკლესიის ხატებით შემკობა ღმრთისთვის სათნო იყო.