რა მანძილი განვლო მარიკა სამანიშვილმა „ბამბაზიის სამოთხიდან” „ჩემი ცოლის დაქალებამდე” და როგორ მუშაობს ის ცნობისმოყვარე მადონას მანერებზე
ჩემი თაობის წარმომადგენლებს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო-დრამატული თეატრის მსახიობის, მარიკა სამანიშვილის სახელის გაგონებისას, ახსენდებათ ფილმი „ბამბაზიის სამოთხე”. რომელშიც ის მაღალი მსახიობური ოსტატობით განასახიერებს ქართველ დედას – ელენეს, რომელიც დაკარგული შვილის საფლავის მოსაძებნად აფხაზეთში მიემგზავრება. არიან მსახიობები, რომელთა ხელოვნება ერთი ჟანრით მიემართება, რაც არ ითქმის ჩვენს რესპონდენტზე. კონტრასტისთვის სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები” მის მიერ ნათამაშებ ცნობისმოყვარე მადონას გაგახსენებთ. დღეს ქალბატონი მარიკა ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
– დავიბადე ინტელიგენტების ოჯახში. სადაც უყვარდათ და იცოდნენ წიგნის და წიგნიერების ფასი. ჩვენც ამ ფასეულობებზე ვიზრდებოდით. ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ ინტელექტით და ნიჭიერებით გამორჩეული ადამიანები – მწერლები, პოეტები, მსახიობები... მათი ყოველი შეკრება იყო იუმორის, ტრადიციებისა და ნიჭიერების ზეიმი. ამ სტუმართა შორის ერთ-ერთი გახლდათ იპოლიტე ხვიჩია თავისი ოჯახით. ჩვენს ოჯახებს იმდენად ახლო დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ მე და იპოლიტეს შვილიშვილები დეიდაშვილებად მოვიხსენიებდით ერთმანეთს. თუმცა, რა თქმა უნდა, ბიოლოგიურად ეს ასე არ იყო.
– როგორ გახდით „მადონა”, რომელიც ასე საყვარლად მიმართავს ნელიკოს?
– ჩვენთან ახლოს, მეზობლად, ცხოვრობდა ქალბატონი ნელი გუმბარიძე, რომელიც, შეიძლება ითქვას, უდედობას არ მაგრძნობინებდა და სულ გვერდში მედგა. ძალიან უხაროდა, მოსწონდა, როდესაც „გოგოს” ვეძახდი. კარს რომ შევუღებდი, სიყვარულით, ზუსტად ისე შევძახებდი ხოლმე, როგორც მადონა ეძახის სერიალში ნელიკოს. როდესაც როლი მოვსინჯეთ მე, ბაია დვალიშვილმა და გიორგი ლიფონავამ, იქ ტექსტში ეწერა ჩვეულებრივად – „ნელიკო.” მე გონებაში ბევრი ვჩხრიკე, ბევრი რამ გავიფიქრე და დავუძახე: „ნელიკოოო”, – თან, ცალი თვალით გიორგის გავხედე, მისი ემოცია რომ წამეკითხა. მეორე დღეს სამსახურში რომ მივედი, „გამარჯობის” ნაცვლად, ყველა ასე, ბოლოში გაგრძელებულ „ნელიკოს” იძახდა ჩემს დანახვაზე. უკვე მივხვდი, რომ მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი. ახლა, ქუჩაში რომ გავდივარ, ყველა ან ნელიკოს იძახის ჩემს გასაგონად, ან, ვინც ჩემი პერსონაჟის სახელი იცის, მოდიან და მეკითხებიან: უკაცრავად, ქალბატონო მადონა, ნამდვილი სახელი რა გქვიათო.
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქუჩაში გცნობენ და ამდენი გულშემატკივარი გყავს. სწორედ ეს არის ტელევიზიის მაგიური ძალის შედეგი: თეატრში ბევრი როლი შემისრულებია, მადონაზე ბევრად რთულიც, მაგრამ, ყველამ მადონას როლით დამიმახსოვრა, მასთან მაიგივებენ. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში მე და მადონა აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებები ვართ.
– როგორ გახდით ამ სერიალის პერსონაჟი?
– ეკა მჟავანაძემ, რომელიც ჩემი შვილის მეგობარია, მიმიწვია ქასთინგზე. საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და, მიხარია, რომ მე გავხდი მეზობელი მადონა. მე, მეზობლებთან არც ისე აქტიური შესვლა-გასვლით გამოვირჩევი, ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებით. ისეთი გრაფიკი მაქვს, ხანდახან ესემესებით მკითხულობენ მეზობლები. საერთოდ, მეუბნებიან, რად გინდოდა ამხელა პასუხისმგებლობა, უნდა იარო ქუთაისსა და თბილისს შორის. იცით რა, მე წლები მემატება და ის, რაც შეიძლება, გავაკეთო ახლა, მომავალში შესაძლოა, არც შემომთავაზონ. ამიტომ, რატომაც არ უნდა დავთანხმებულიყავი. არაფერი თავისტკივილი არაა. მსახიობი ვარ. ის გზაც, თბილისსა და ქუთაისს შორის რომ გავდივარ, სულ დაკვირვებებში, გამოლაპარაკებებში, მანერების გადაღებასა და ხანდახან ჩემი თანამგზავრების ფრაზების, ან კონკრეტული სიტყვების ჩაწერაში გადის.
– მაგალითად?
– მანერებს, ახლა ვერ გავიმეორებ. მადონა ხომ ასე აკრეფილ-მოგროვილი მანერების ნაკრებია. რაც შეეხება ლექსიკონს, ამ ბოლოს ჩავიწერე: „მუუხვიე”. დედაჩემი ფსიქოლოგ-ფილოლოგი ქალი იყო და სულ სხვა ლექსიკონით გვესაუბრებოდა. ამიტომ, მადონას როლისთვის, მართლაც ბევრი ვიმუშავე.
– როგორც ვიცი, სტუდენტობის პერიოდში იპოლიტე ხვიჩიას ოჯახში ცხოვრობიდით.
– ასე იყო. საერთოდ, ღვიძლ ბებია-ბაბუებს არ აქვს იმხელა ამაგი ჩემზე, რაც იპოლიტე ხვიჩიას. ამ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ახლაც, როცა რამე მიჭირს, არ არსებობს, არ დამესიზმროს. ძალიან მაკლია.
სულ ხუმრობდა. გაჟონვა მარცხენა მხარეს მოუვიდა, რამდენიმე ხნის შემდეგ, მის მეუღლეს, ლუბას, მარჯვენა მხარეს დაემართა იგივე. იპოლიტე ამაზეც ხუმრობდა: კიდევ კარგი, მე და ლუბას ერთ მხარეს არ დაგვემართა გაჟონვა, თორემ, ხელს ვეღარ ჩავკიდებდით ერთმანეთსო.
– როგორც მსახიობმა, ბევრი რამ ისწავლეთ მისგან?
– მარტო რომ დავრჩებოდით, სულ თეატრზე ვსაუბრობდით. განსაკუთრებით უყვარდა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი და თავისი იქაური პარტნიორები. იქ მან 36 წელი გაატარა. თეატრი მისი ცხოვრება იყო. მართალია, იპოლიტე არ გახლდათ დიპლომიანი მსახიობი, მაგრამ, ისეთ რეჟისორებთან იყო ნამუშევარი და ისეთი სკოლა ჰქონდა გავლილი, როგორსაც ხუთი უნივერსიტეტი და ორასი ასპირანტურაც ვერ იძლევა, აღარაფერს ვამბობ მის ნიჭსა და პასუხისმგებლობაზე. სპექტაკლის წინ ერთი საათით ადრე მოემზადებოდა და მიდიოდა, ჯოხს დაეყრდნობოდა და იჯდა გაჩუმებული. ამ დროს მას ხმას ვერავინ გასცემდა – ის როლზე ფიქრობდა.
ლუი დე ფიუნესი უდავოდ დიდი კომიკოსია, მაყურებლის გასაცინებლად ათასნაირად იცვლიდა მიმიკას, რაც, რა თქმა უნდა, მისი ნიჭიერების შედეგია. იპოლიტე კი ერთს იტყოდა და მთელი დარბაზი ხოხავდა. ზოგი სიცილისგან ცუდადაც ხდებოდა. წარმოიდგინეთ, ის რომ თამაშობდა, თეატრთან პოლიცია და სასწრაფო მორიგეობდა.
არა მარტო დიდი მსახიობი, დიდი პიროვნებაც იყო, საოცრად მზრუნველი. გარდა თავისი დარიგებებისა და რჩევებისა, ის სხვანაირად ცდილობდა ჩვენს აღზრდას. მახსოვს, ერთხელ, მისი შვილიშვილები, მანანა და მაკა, მოსკოვში მიდიოდნენ – დიდ თეატრში სპექტაკლი უნდა ენახათ. პირველ კურსზე ვიყავი მაშინ. იპოლიტე ჩვენს ოჯახში მოვიდა და 150 მანეთი დატოვა – მარიკაც აუცილებლად უნდა წავიდეს ამ სპექტაკლის სანახავადო. იმ დროს მე თბილისისა და ქუთაისის გარდა არსად ვიყავი ნამყოფი. ძალიან გამიხარდა. ჩავფრინდით, თეატრში ბილეთები დაგვახვედრეს... რამდენი რამე შეიძლება გაიხსენო ამ არაჩვეულებრივ ადამიანზე!
– ფეხბურთი უყვარდაო, ამასაც იხსენებენ ხოლმე.
– ასე იყო. ფეხბურთი რომ იწყებოდა, შემოიკრებდა ფეხბურთელებს და ისე უყურებდა. ამ დროს არც ველაპარაკებოდით და არც იმ ოთახში შევდიოდით, სადაც ის იყო. თუ ისე არ მიმდინარეობდა თამაში, როგორსაც ის ელოდა, იქნევდა ხოლმე ჯოხს, იგინებოდა და ჩხუბობდა.
– მართლა აჩუქა ედუარდ შევარდნაძემ სასტვენი?
– ასე იყო. ფეოლას ნახვის შემდეგ შევარდნაძემ იპოლიტეს სასტვენი აჩუქა. სხვათა შორის, უკვე ავადმყოფობის პერიოდში მოითხოვა და მისი აივნის ქვეშ სტადიონი გააკეთეს. ათამაშებდა ბავშვებს ფეხბურთს და თვითონ აივნიდან მსაჯობდა ამ სასტვენით. ხანდახან განგებ დაატაკებდა ხოლმე ბავშვებს ერთმანეთს და ისინიც ამოცვივდებოდნენ სახლში, აყვირდებოდნენ. იპოლიტე ამაზე ხალისობდა. ბავშვები ძალიან უყვარდა.
– ნარდის თამაშიც ჰყვარებია.
– ღამეები გაგვითენებია ნარდის თამაშში. ლუბა ბებია გამოგვძახებდა ხოლმე – კიდევ არ გძინავთო?! იპოლიტე კი მანიშნებდა, კარი მიუხურე, ხმა არ გავიდესო და, ისე დაგვათენდებოდა, ვერ ვიგებდით. ნარდის თამაშის დროს სულ იტყუებოდა. თუ მიუხვდებოდი – ჩხუბობდა; თუ მოუგებდი – ბრაზდებოდა და იგინებოდა. ერთხელ გაგვაბრაზა და შევადგინეთ ხელწერილი თავისი პუნქტებით. ვუთხარით, თუ აქ ჩამოთვლილ პირობებს შეასრულებ – ხელი მოაწერე, თუ არა და, შენთან ნარდს აღარ ვითამაშებთო. რა ცუდია, რომ ამ ურთიერთობასა და ისტორიებს არ ვიწერდი. ეს ხელწერილი კი დღემდე შენახული მაქვს. ძალიან სასაცილოა თავისი შინაარსით: „მე, იპოლიტე ხვიჩია, ვიძლევი პირობას, რომ ნარდის თამაშის დროს დავაფასებ მოწინააღმდეგეს, მის ნიჭს, არ მოვატყუებ...” და ასე შემდეგ... ბოლოში კი იპოლიტეს მინაწერია: ახლა კი ვაწერ ამ ხელწერილზე ხელს, რომ მეთამაშოთ, მაგრამ, თამაში თუ წავაგე, დედას გიტირებთ.
ძალიან მხიარული კაცი იყო, თუმცა, თავისი ავადმყოფობის გამო შინაგან სევდას ვამჩნევდი, რომელსაც გულში იკლავდა. სტუმარი რომ მოვიდოდა, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი აწუხებდა – ხუმრობდა, ანეკდოტებს ყვებოდა. გარდაცვალებაც ასეთი ჰქონდა: ლაღი, ხალისიანი, იუმორით სავსე – ანეკდოტი მოყვა და წავიდა...