როგორ გახდა ჯინო არაბი შეიხი და რატომ არ რეაგირებს ის საკუთარ სახელზე
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” უკვე წლებია მაყურებლის ყურადღებას იპყრობს და მის სიყვარულს დამსახურებულად ინარჩუნებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი რესპონდენტი მკითხველს დააინტერესებს, რადგან, ხშირად გამიგონია, როგორ ეკითხებიან ერთმანეთს მასზე ვინ არის ისო. ალბათ, ხვდებით, რომ ჩვენი სტუმარი სერიალში მონაწილე მსახიობი არ არის, ის ჯინოა, „ჩემი ცოლის დაქალების” მხატვარი.
– „ჯინო” ფსევდონიმია?
– დიახ, ფსევდონიმია. დავით ჯინიუზაშვილი ვარ და ბავშვობიდან ჯინოს მეძახიან, რაც, გვარიდან გამომდინარეობს. ბევრმა ჩემი გვარი და სახელიც კი არ იცის. პროდიუსერებმაც, პირველი სერიის გასვლისთანავე, ტიტრებში ჯინო ჩაწერეს – უფრო მარტივად ჟღერს.
– ბოლო წლებია, მუშაობთ სერიალზე „ჩემი ცოლის დაქალები.” მანამდე რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
– რამდენიმე პროფესია მაქვს: დოკუმენტური კინო, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, არქიტექტურა. ძირითადად, კერძო შეკვეთებზე ვმუშაობდი. დაწყებული პატარა სააგარაკე სახლებით, დამთავრებული დიდი შენობებით. ჩემთვის რეკონსტრუქცია უფრო საინტერესოა, ვიდრე ნულიდან აშენება.
– სერიალში როგორ მოხვდით?
– დიდი ხნის წინ იყო „რადიო 105.” მაგ პერიოდში გაზეთ „რეზონანსში” ვმუშაობდი, სადაც გამომშვები რედაქტორი ვიყავი, ყდის ვიზუალიზაცია მეხებოდა. პარალელურად იყო „მაქსი,” „მინი,” „კაცები” და მსგავსი ჟურნალები, სადაც ვმუშაობდი. ეს ყველაფერი ერთი ჰოლდინგი იყო და იმ პერიოდიდან ვიცნობ ბიჭებს. გარდა მეგობრობისა, მას შემდეგ ჩვენ ერთ სფეროში გვიწევს მუშაობა.
– მართალია მხატვრის როლი სერიალში მნიშვნელოვანია, მაგრამ, ის მაინც ყოველთვის ჩრდილში დგას. მსახიობებს ყველა იცნობს, მხატვარს კი ვიზუალურად არავინ. ეს ყველაფერი დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?
– ამაზე არასდროს მიფიქრია. პოპულარულობა ამ შემთვევაში არის ჩვენი სერიალის და არა იმ ადამიანების, ვინც ამ სერიალის მიღმა დგანან და ქმნიან მას. ოპერატორებიც არასდროს ჩანან, ისევე, როგორც ვიზაჟისტები, გამნათებლები და ასე შემდეგ. ასე რომ, კადრს მიღმა ვინც ვდგავართ, თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობთ. სხვათა შორის, ჩვენს ერთ-ერთ ძველ სერიალში ვთამაშობდი მყუდროს მეგობარს – „გნიასა” ვიყავი. ჩემამდე ვინც იყო მხატვარი, ვახო კაკულია, მანაც ითამაშა რამდენიმე სერიაში გენიალურად.
– „ჩემი ცოლის დაქალებში” ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა რომელიმე სერიაში?
– კი, მესამე სეზონში არაბი შეიხის პატარა როლი მქონდა. თან, ეს სულ შემთხვევით მოხდა: ამ შეიხისთვის ტანსაცმელი წამოვიღე, კოსტიუმების მხატვრისთვის რომ მეჩვენებინა. როცა მოვირგე, ისე მოეწონათ, რომ მე თვითონ მათამაშეს.
– თქვენ შესახებ რას გვეტყვით, როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?
– ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სულ ვცდილობ, ის კომპიუტერული პროგრამები შევისწავლო, რაც ჩემს პროფესიაში მჭირდება. სხვათა შორის, ბუდისტებს აქვთ ერთი კარგი გამონათქვამი – „ნუ დაანგრევ, დაამატეო” და ძალიან ჩამიჯდა ეს ტვინში. ძალიან მიყვარს ძველი ნივთების გაცოცხლება. ბევრს ეს ჩემი ავადმყოფობა ეგონა. ჩემი სახლი მუზეუმივითაა, ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს.
– კიდევ რა გატაცება გაქვთ?
– ბავშვობიდან გატაცებული ვარ მოტოციკლის მართვით. მანქანით არ მიყვარს გადაადგილება, სულ მოტოციკლით ვმოძრაობ. ახლა რაღაც ნაწილს ველოდები და, ერთი სული მაქვს, როდის მოვიყვან მწყობრში. „ბაიკის” გარეშე მკვდარი ვარ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მგზავრობას ფეხით სიარული მირჩევნია. ასევე, მიყვარს ბუნება, ტყე, ფერწერა, კინოების ყურება, როცა დრო მაქვს. ვარ სრულიად აპოლიტიკური. შეიძლება, ბევრმა იცინოს – ამან არ იცის, ვინ ჰყავს პრეზიდენტიო. ვიცი, ეს არ ნიშნავს, რომ მე კარგი ტიპი ვარ და, შეიძლება, ბევრს ვკარგავ ამით, მაგრამ, მგონია, რომ გაცილებით მეტს დავკარგავ, თუ პოლიტიკაში დავიწყებ გარკვევას. არ მიყვარს ფეხბურთი. ვერ წარმომიდგენია, როგორ სხედან და უყურებენ ვიღაც 22 ოფლიან ტიპს. შეიძლება, „ზა კამპანიუ” დავჯდე მეგობრებთან ერთად, მივირთვა ლუდი და ვუყურო, მაგრამ, ისე – არა. მიყვარს თანამედროვე მუსიკა და როცა ვინმე ახალი ჯგუფი ჩამოდის, ვცდილობ, მის კონცერტს დავესწრო. მიყვარს შენება. ჩემი მეგობრებიდან ვინც კი რამეს აშენებს, 90 პროცენტი ჩემი დაპროექტებულია.
– ოჯახზე რას გვეტყვით?
– მყავს მეუღლე და 3 გოგონა: ქეთი სექტემბერში 20 წლის ხდება, ნიაკო აგვისტოში ხდება 11-ის, ანიტა კი 3 წლისაა. უფროსმა რომ ჩააბარა ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტზე, მითხრა: არ მინდა ზაფხულში დასვენება, ნებისმიერი სამსახური მჭირდება, ანაზღაურებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, სახლში ტყუილად არ ვიყოო. ვუთხარი, ასისტენტად მოგსინჯავ-მეთქი და, მას შემდეგ, უკვე კარგა ხანია, ჩვენთან მუშაობს. შუათანა გოგოს რაც შეეხება, სცენარისტმა ნახა და, ერთხელაც, გადაღებაზე რომ მივედი, გადასაღებ მოედანზე დამხვდა, ასე რომ, მე მართლა არაფერ შუაში ვარ, პროტექციით ნამდვილად არ მომხდარა. ძალიან კომუნიკაბელური ბავშვია.
– ანუ, ისიც „ჩემი ცოლის დაქალებში” მონაწილეობს?
– დიახ, ნიაკოს თამაშობს. სინამდვილეშიც ნიაკო ჰქვია. მესამე, 3 წლის ანიტა, აბსოლუტურად განსხვავებულია დებისგან. სხვათა შორის, სამივე თვითმყოფადი ადამიანია.
– როგორია სამი შვილის მამობა?
– ჩემი ცხოვრება ათი წლით უკან რომ გადავახვიო, ვერ წარმოვიდგენდი, ამას თუ ვილაპარაკებდი. მინდა გითხრათ, რომ სამი გოგოს მამობა ძალიან კარგია, ამ მიმართულებითაც კმაყოფილი ვარ და, ცოტა მეცოტავება კიდეც. ბავშვზე კარგი მხოლოდ ერთი რამ არსებობს – კიდევ ბავშვი, სხვა არაფერი.
– მეუღლეს რაც შეეხება?
– ამჟამად რადიო „უცნობში” მუშაობს, თუ არ ვცდები. ასევე, რამდენიმე ჟურნალის მარკეტინგში. ადრე რადიო „რეზონანსის” წამყვანი იყო, სხვათა შორის, იქ გავიცანი. მოკლედ, ჩემი პირადი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.
– ამ ინტერვიუს საშუალებით მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შეექმნება თქვენზე. რას ერტყვით მათ ინტერვიუს დასასრულს?
– არ მინდა, რეკლამა გამომივიდეს, მაგრამ, როგორც ვიცი, სერიალი უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მიხარია. უკვე რამდენი სეზონია, სერიალი ეთერში გადის და ის უფრო და უფრო იმატებს ხარისხს. პროფესიონალურად იზრდება მთელი ჯგუფი. სერიალის მაყურებელს ერთს ვეტყვი: ჯერ სად არიან, მთავარი წინ არის. შეიძლება, მერე ბოლო სეზონი რომ შეადარონ პირველს, თქვან, ამასთან შედარებით ის რა უსუსურობა იყოო. ყველას კარგ დასვენებას, ბევრ სითბოს, ბევრ მზეს და, ასევე, ბევრ საქმეს ვუსურვებ.