დაკარგული კავშირი აღდგა. ვინ იპოვა ნათესავები რუსეთიდან საქართველოში
50 წლის ვალერი ივანეს ძე ტიტოვი ეძებდა 47 წლის ვალერი არშაკის ძე გელაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავს, 47 წლის ვალერი არშაკის ძე გელაშვილს და მისი ოჯახის წევრებს. დედაჩემის გარდაცვალებამდე ქართველ ნათესავებთან კავშირი მუდამ გვქონდა, მაგრამ, უკვე წლებია, რაც მათთან კონტაქტი დავკარგეთ. ძალიან მინდა მათი პოვნა და დაკარგული კავშირის აღდგენა. ამჟამად მე და ჩემი ოჯახი ბრიანსკის მხარის სოფელ ბატაგოვოში ვცხოვრობთ. თქვენი რუბრიკის დიდი იმედი გვაქვს და გიგზავნით დაკარგული ნათესავის სურათს – იქნებ ვინმემ იცნოს ჩვენი ნათესავები და გვაპოვნინონ ერთმანეთი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენმა მკითხველმა „თბილისელების“ ამა წლის ¹17-დან იცის. ვალერის ნათესავები გამოჩნდნენ. ისინი დღემდე საქართველოში ცხოვრობენ, ოღონდ, არა ხაშურის რაიონში (როგორც ეს განმცხადებელს ეგონა), არამედ, თბილისში. საბედნიეროდ, რუსეთში მცხოვრებ და საქართველოში მყოფ ნათესავებს შორის კავშირი აღდგენილია, დანარჩენს კი მკითხველი სტატიიდან თავად შეიტყობს.
ინტერვიუ ნაპოვნ 27 წლის ლევან გელაშვილთან (ვალერი გელაშვილის ძმისშვილთან).
– ლევან, რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ბიძაშენსა და მის ნათესავებს რუსეთიდან ეძებდნენ?
– თავდაპირველად ფოტოს მივაქციე ყურადღება, რადგან, ფოტოზე გადაღებულია მამაჩემი (რომელიც შუაშია). რა თქმა უნდა, მაშინვე დავინტერესდი და სტატია წავიკითხე. ვალერი გელაშვილი ბიძაჩემი იყო. სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარაა. როგორც კი სახლში ვთქვი, რომ ჩვენ გვეძებდნენ, ყველა გაოცდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ნათესავებთან დაკარგულ კავშირს ასეთი ხერხით აღვადგენდით, ანუ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა მათი მოძებნა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდით. არც კი ვიცოდით, რომ ასეთი რუბრიკა არსებობდა, თორემ, ალბათ, ჩვენც მოგმართავდით. მამაჩემს ძალიან გაუხარდა. ახლა ის უბედნიერესი კაცია და ყველას უყვება ამ ამბავს. დიდი მადლობლები ვართ თქვენი. თქვენ არა მარტო გვაპოვნინეთ ერთმანეთი, არამედ დაგვაკავშირეთ კიდეც.
– კიდევ ვის გაუხარდა ეს ამბავი და დაუკავშირდით თუ არა უკვე ერთმანეთს?
– ეს ამბავი თითქმის ყველა ნათესავმა გაიგო და ყველას უხარია. ყველაზე მეტად კი ეს ამბავი მამაჩემს, ბეგლარ გელაშვილს გაუხარდა, რადგან მე იმ ხალხს არც კი ვიცნობ, მამა კი იცნობს. ამჟამად ჩვენ შორის კავშირი აღდგენილია და ერთმანეთს ხან ტელეფონით, ხან ინტერნეტით ვეკონტაქტებით. იმედი გვაქვს, რომ ერთმანეთს აღარ დავკარგავთ.
ინტერვიუ ვალერი ტიტოვთან (ვინც ეძებდა):
– ვალერი, 20 წელია, ნათესავებთან კავშირი არ გქონდათ, ახლა, როდესაც მათთან კავშირი აღდგენილია, რას გრძნობთ?
– პირველ ყოვლისა, ბედნიერი ვარ, ისინი რომ ვიპოვე. ძალიან მეწყინა ვალერი გელაშვილის ამბავი. თავიდან ვერც კი დავიჯერე, რომ ნათესავების პოვნა ასეთ მოკლე დროში შევძელი. რა თქმა უნდა, რომ არა თქვენი დახმარება, ამას ვერ მოვახერხებდი. ამჟამად ყველა ფიქრი იქითკენ მაქვს, რომ შევხვდე ნათესავებს, რომლებიც საქართველოში არიან. ახლა ივლისში ვგეგმავ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ჩამოსვლას და ყველა ნათესავს მოვინახულებ, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ამჟამად მე ქალაქ ბრიანსკში ვიმყოფები და, ერთი სული მაქვს, როდის მოვინახულებ ჩემს ნაპოვნ ნათესავებს.
– მას შემდეგ, რაც ერთმანეთი იპოვეთ, ძირითადად, როგორ ურთიერთობთ?
– ტელეფონითაც გვაქვს კავშირი და ინტერნეტითაც. მადლობა ღმერთს, ჩვენს დროში კომუნიკაციის ათასი საშუალება არსებობს და ჩვენც ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელ მეთოდებს მივმართავთ. უკვე მაქვს ურთიერთობა ბეგლარის შვილთან – ლევანთან, ასევე, შორენასთან და, რა თქმა უნდა, თავად ბეგლართან, რომელიც, ჩემსავით, ძალიან ბედნიერია. მართლაც სასწაულია, როდესაც ამდენი წლის შემდეგ კვლავ იგებ შენი ნათესავების ამბებს და გაქვს საშუალება, მათ ესაუბრო; გაიგო, როგორ არიან, რას საქმიანობენ და ასე შემდეგ. მინდა, რომ ყველა ჩემსავით ბედნიერი იყოს, არაფერია იმაზე ძვირფასი, რომ აღადგინო დაკარგული ურთიერთობა.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.