რატომ ვეღარ დააწერენ პირველი აგვისტოდან ადგილობრივი მწარმოებლები საკუთარი შეხედულებისამებრ თავიანთ პროდუქციას „ბიოს“, „ეკოსა“ და „ეკოლოგიურად სუფთას“
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი აგვისტოდან გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო გახდება, თუმცა ინფორმაცია არაზუსტია, ვინაიდან გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებისთვის თავის არიდების გამო ჯარიმები იმპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს ჯერ კიდევ 2014 წლის პირველი იანვრიდან დაუწესდათ. შესაბამისად, ნებისმიერი პროდუქტის ეტიკეტზე ქართულად უნდა იყოს მითითებული, შეიცავს თუ არა გენმოდიფიცირებულ შემადგენელს (აღნიშვნა შემდეგნაირია: „გმო“), წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტის პატრონი დაჯარიმდება. ჯარიმა, მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა სულ არაფერს, სჯობია. კერძოდ, პირველ ჯერზე – 400 ლარი, მეორე და შემდეგ ჯერზე – 1 200 ლარი. პირველი აგვისტოდან კი, წესით, უნდა ამოქმედდეს ბიოწარმოების შესახებ დადგენილება, რის მიხედვითაც „ბიო,“ „ეკო“ და, ასევე, „ეკოლოგიურად სუფთა“ წარწერები იკრძალება ისეთ პროდუქციაზე, რომელიც სინამდვილეში არ არის ბიოწარმოების და ეკოლოგიურად სუფთა. ეს ნორმა იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მწარმოებლებმა, რომლებსაც თავიანთი პროდუქტების სახელწოდებაში მითითებული აქვთ „ბიო“ და „ეკო“, ითხოვეს დრო რებრენდლინგისთვის. მთავრობამაც, რატომღაც, კეთილი ნება გამოიჩინა და ნორმის ამოქმედება გადაავადა, თუმცა ეს ვადა პირველ აგვისტოს იწურება. პირველი აგვისტოდან ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელი პროდუქტია ბიო და რომელი – არა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, იმას ნამდვილად არ მივირთმევთ, რაც გვგონია და პროდუქტის ეტიკეტს აწერია. რას მოუტანს მომხმარებელს პირველ აგვისტოს ასამოქმედებელი ცვლილება, ხომ არ გაძვირდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მოიპოვება ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე და არის თუ არა ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიული სიმძლავრეები ეკოლოგიურად სუფთა და არასუფთა პროდუქტის გამოსავლენად? ამ საკითხის გარკვევაში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა დაგვეხმარება.
– იანვრიდან ამოქმედდა ჯარიმები გენმოდიციფირებულ პროდუქციაზე გენმოდიფიცირებული შემადგენლის არმითითების გამო. 7 თვე გავიდა უკვე, გამოვლინდა დარღვევები?
– ჩვენ შევძელით სოიის შემოწმება, იმიტომ რომ, ჯერჯერობით საქართველოში ერთადერთი ლაბორატორია იკვლევს პროდუქტში გენმოდიფიცირებული შემადგენლის არსებობას. ისიც მხოლოდ ხარისხობრივად, რაოდენობრივად ვერ ამოწმებენ. თან, ძალიან ძვირია, 450 ლარი დაგვიფასა ერთი შემოწმება და ისიც, ფასდაკლებაა თქვენთვისო.
– რას ნიშნავს რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზომვა?
– ეტიკეტირებისას დადგენილი წესია, რომ თუ ერთ პროცენტზე მეტია გენმოდიფიცრებული შემადგენელი პროდუქტში, მაშინ უნდა იყოს მითითებული, მაგრამ ჩვენი ლაბორატორია ვერ გვპასუხობს, ერთ პროცენტზე მეტია თუ ნაკლები. გვეუბნება, რომ არის ან არ არის, ამდენად, ფაქტობრივად, პრეტენზიას ვერ წაუყენებ მეწარმეს, დაიტანოს ეტიკეტზე ეს მონაცემი, იმიტომ რომ არ იცი, გენმოდიფიცირებული შემადგენელი ერთ პროცენტზე ნაკლებია თუ მეტი.
შესაბამისად, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ იყო, სინჯები გავაგზავნეთ გერმანიაში რაოდენობრივ კვლევაზე, სადაც ზოგ პროდუქტზე გვითხრეს დადებითი პასუხი, ზოგზე – უარყოფითი. ყოველ შემთხვევაში, გერმანულმა ლაბორატორიამ გვითხრა, რომ პროდუქტების ნაწილში გენმოდიციფირებული შემადგენელი მათი დეტექციის ზღვარს ქვემოთ იყო. შესაბამისად, თუ ჩვენთან არ მოწესრიგდა რაოდენობრივი გაზოვმის პრობლემა და არ გაიაფდა, შემოწმება გართულდება. რამდენიმე ლაბორატორიამ გვითხრა, რომ აპირებენ აკრედიტაციის გავლას. ალბათ, ეს გააიაფებს შემოწმებას, თორემ წარმოუდგენლად ძვირია.
– პროდუქტში ერთ პროცენტზე ნაკლები გენმოდიფიცირების შემადგენელი მავნე არ არის?
– თავის დროზე ერთი პროცენტი იყო დეტექციის ზღვარი და ასეც დარჩა. თუ 0,9 პროცენტი ან ამაზე ნაკლებია, არ ითვლება გენმოდიფიცირებულად. თუმცა, რა თქმა უნდა, რა რაოდენობაც უნდა იყოს, მოდიფიცირებული გენი ან ცილა თუ არის პროდუქტში, საშიშროება არის. მაგრამ, სუფთა ფორმალური თვალსაზრისით, ვალდებულება ასეთია და ვერ მოსთხოვ მეწარმეს, დააწეროს პროდუქტს, თუ მასში გენმოდიფიცირებული შემადგენელი 0,9 პროცენტზე ნაკლებია.
– უცხოეთშიც ასეთი ნორმაა?
– დიახ, ევროპაშიც ასეა, მაგრამ ევროპაში ცოტა განსხვავებული ვითარებაა. ჩვენთან, თუ პროდუქტი შეიცავს გენმოდიფიცირებულ შემადგენელს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დაეწეროს, მაგრამ თუ გენმოდიფიცირებული პროდუქტისგანაა წარმოებული, ამის აღნიშვნის ვალდებულება აღარ არსებობს. ევროპაში კი, არსებული ნორმით, ამის მითითებაც სავალდებულოა. მაგალითად, თუ კარტოფილის სახამებელი გენმოდიფიცირებული კარტოფილისგანაა წარმოებული, ამას ვეღარ გამოავლენ ლაბორატორიულად, რადგან მასში აღარც მოდიფიცირებული გენია და აღარც ცილა, მაგრამ ევროპული კანონი მაინც ითხოვს მითითებას.
– როგორ უნდა შემოწმდეს მეწარმე, თუ ლაბორატორიული შემოწმება ამას ვერ ავლენს?
– უნდა იყოს მიკვლევის შესაძლებლობა. ყანამდე მიკვლევაც უნდა იყოს შესაძლებელი და იქ უკვე გასაგები ხდება, არის თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებული. ჩვენთან ეს მოთხოვნა არ არის, ევროპაში არის, მაგრამ, სამაგიეროდ, ამერიკაში საერთოდ არ არის სავალდებულო, მიეთითოს პროდუქტის ეტიკეტზე გენმოდიფიცირებული შემადგენელი. ჩვენ შევამოწმეთ სოია, თვითონ სოიოს თესლი კი არა, ნახევარფაბრიკატები: სოიის ფარში და სოიის ფხვნილი. კარგი ის არის, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული, ძვირად ღირებული სოია იყო გენმოდიფიცირებული; ხოლო უფრო იაფი – რუსული, ინდური, ჩინური წარმოების არც ერთი არ იყო გენმოდიფიცირებული. ჩვენთან უფრო დიდი ალბათობაა, რომ იაფიანი იყიდოს ჩვენმა მოსახლეობამ და ამიტომ, ამ მხრივ, დაცულიცაა და, მაინცდამაინც საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. თუმცა ეს ჯერ კიდევ გამოსაკვლევია და ველოდებით, როდის გაიხსნება დამატებითი ლაბორატორიები.
– გასაგებია, რომ თქვენ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები პერიოდულად შეამოწმებთ პროდუქციას, მაგრამ, როდესაც კანონი აწესებს ჯარიმებს, ვინ უნდა შეამოწმოს, არღვევს თუ არა მეწარმე თუ იმპორტიორი კანონს? არის მექანიზმი?
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი და იმ ლაბორატორიამ, რომელშიც ჩვენ შევამოწმეთ სოია, მოიგო. ერთადერთი იყო და ცხადია, მოიგებდა. წელს სააგენტო გეგმავდა 30 პროდუქტის შემოწმებას.
– ყველას შეამოწმებს სააგენტო?
– არა, ყველას ვერ შეამოწმებს.
– აბა, რა მეთოდი არსებობს, შერჩევითი შემოწმება?
– შერჩევით უნდა შეამოწმოს. ჩვენთვის უცნობია, რა სქემით გააკეთებს. ჩვენ ავირჩიეთ სოია, რადგან ვიცოდით, რომ სოიის გენმოდიფიცირებულობის ალბათობა ყველაზე მაღალი იყო. მსოფლიოში სოიის ბაზრის ორი მესამედი გენმოდიფიცირებულია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ შეარჩევს შესამოწმებელ პროდუქციას სააგენტო.
– ევროპაში რა სქემით ამოწმებენ, თუ იქ მეწარმეები უფრო კეთილსინდისიერები არიან და არ მალავენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს?
– იქ ბაზარი უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ჩვენთან. გარდა ამისა, მიკვლევის სისტემაა აწყობილი. ყოველთვისაა შესაძლებელი, შეამოწმო, რისგან დამზადდა პროდუქტი. ჩვენთან ეს მოწესრიგებული არ არის. არავინ იცის, რომელი ყანიდანაა შემოსული პროდუქტი, რა ხორბლით თუ სოიით მზადდება. შემოწმების მასშტაბი ევროპაში გაცილებით დიდია, არათუ რამდენიმე ათეულჯერ, რამდენიმე ასეულჯერ მეტი შემოწმება ხდება.
– გარდა სოიისა, რომელია გენმოდიფიცირებული პროდუქტი რისკ-ჯგუფში?
– ალბათ, კარტოფილი, მაგრამ თავს ვერ დავდებ, სანამ არ გამოვიკვლევთ.
– თუმცა ჩვენს ბაზარზე ბევრ პროდუქტს აქვს მითითებული, რომ ეკოლოგიურად სუფთაა. პირველი აგვისტოდან ბიო, ანუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს უნდა მიეთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მართლაც ასეთია. ეს ნორმა ნამდვილად შევა ძალაში?
– ყოველ შემთხვევაში, როდესაც გადაიდო მთავრობის დადგენილება, გამოდიოდა, რომ პირველ აგვისტოს უნდა ამოქმედებულიყო. ამის შემდეგ არ გადაუდიათ. რადგან არ გადადებულა, პირველი აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს.
– და რას ითვალისწინებს ეს ახალი ნორმა?
– რომ წარწერები: „ბიო”, „ორგანული”, „ეკო” ვერ გაკეთდება პროდუქციაზე, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
– სერტიფიკატი ვინ უნდა გასცეს?
– ნებისმიერმა ორგანომ, რომელიც აიღებს სერტიფიკატს იმაში, რომ გასცემს სერტიფიკატს ბიოწარმოებაში. ანუ ბიოპროდუქტის ლაბორატორიულად შესწავლა ან გამოვლენა შეუძლებელია. ამიტომ უნდა იყოს ვიღაც, ვინც მთელ პროცესს გააკონტროლებს. სერტიფიცირების ორგანო მოულოდნელად ამოწმებს მთელ პროცესს, რომ ეს ნამდვილად ბიოლოგიური წარმოებაა, შემდეგ სვამს თავის ნიშანს და არის იმის გარანტი, რომ ეს არის ბიოლოგიურად სუფთად წარმოებული პროდუქტი. აი, მხოლოდ ასეთ პროდუქტს შეიძლება, დაეწეროს, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
– არის ჩვენთან ასეთი ორგანო?
– ამაზე პასუხი უფრო „ელკანას“ ექნება. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონკრეტულად ბიოწარმოებაზეა ორიენტირებულები და მათი ინფორმაციით, რამდენიმე მეწარმეს ასეთი სერტიფიკატი აღებულიც აქვს შესაბამის ორგანოში. მთავარია, ეს მოწმდებოდეს და მართლაც ბიოწარმოება იყოს, მაგრამ ჩემს კომპეტენციას სცდება იმის თქმა, რამდენი მეწარმეა ასეთი და რა წარმოება აქვთ.
– როდესაც ეს ნორმა ამოქმედდება, ჩვენ, მომხმარებლები, როგორ მივხვდებით, რომ პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა?
– ეს ძალიან მარტივად შესამოწმებელია. თუ პროდუქტს აწერია „ბიო“, მაშინ იქ მითითებული უნდა იყოს სასერტიფიკაციო ორგანოს ნომერი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს ბიო-წარმოებაა. დაურეკავ იმ სასერტიფიკაციო ორგანოს და ჰკითხავ, არის თუ არა ესა თუ ის წარმოება ნამდვილად ბიო. ჩვენ ვერ შევამოწმებთ სასერტიფიკაციო ორგანოს სანდოობას, ამაზე პასუხს აგებს სასერტიფიკაციო ორგანო.
– გამოდის, სიტყვაზე უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ, სხვა ამოსაცნობი ნიშანი არ არსებობს?
– გაზომვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუ ვიღაცამ არ მოგაწოდა ინფორმაცია, რომელიც აღმოგაჩენინებს ისეთ რამეს წარმოებაში, რაც არ შეიძლება, იყოს ბიოპროდუქტში.
– რას გულისხმობს ბიოპროდუქტის წარმოება და მოყვანა?
– მათ აქვთ თავიანთი ძალიან ბევრი წესი: ძირითადი ის არის, რომ მოყვანის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს შედარებით რბილი ქიმიკატები და მხოლოდ ბუნებრივი საშუალებები. მაგრამ არა პესტიციდები, ჰორმონები და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ ასეთი ნორმა არ მოქმედებდა, არავინ სჯიდა „ეკოფუდს“ იმის გამო, რომ აშკარად არაეკოლოგიურ პროდუქტს ჰყიდიდა, როგორც ეკოს და ამით ბევრი მომხმარებელი ტყუვდებოდა. ამ ნორმის არარსებობის გამო ბიოპროდუქტის ადგილი, ფაქტობრივად, აღარ იყო ბაზარზე.
– ეს ნორმა გააძვირებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს?
– წესით, ბიოპროდუქტი უფრო მეტი უნდა ღირდეს და სხვანაირი მარკეტინგი სჭირდება. ჩვენთან ჩვეულებრივი პროდუქტები იყიდება, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ამიტომ ეკოლოგიური პროდუქტისთვის არ იყო ადგილი. ამ ნორმის ამოქმედების შემდეგ, გაჩნდება ადგილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისთვის ბაზარზე და შემდეგ გამრავლდება, თორემ ბიოპროდუქციის მწარმოებლები, ფაქტობრივად, გარიყულები იყვნენ. ბიოპროდუქტის ფასი უფრო მაღალი უნდა იყოს, იმიტომ რომ, მისი მოყვანა უფრო რთულია. ვერ გამოიყენებ იაფიან პესტიციდებს, ჰერბიციდებს, თუნდაც, გენმოდიფიცირებულ თესლს. იძულებული ხარ, გამოიყენო ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა, რაც უფრო ძვირია.
– მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ ამერიკიდან შემოტანილი გენმოდიფიცრებული სოიის პროდუქტი უფრო ძვირი ღირდაო. რატომ?
– ეს მეც ძალიან მიკვირს, ვერ მივხვდი, რით იყო მაღალი ფასი განპირობებული. შესაძლოა, იმიტომ რომ, სუფთა პროდუქტია, მოთხოვნაა დიდი.
– ან იმიტომ, რომ, რადგან ამერიკულია, კარგი იქნება.
– შეიძლება, ამიტომაც.
– ეს ნორმა ხელს შეუწყოს ევროკავშირის ბაზარზე ქართული ბიოპროდუქციის გატანას?
– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიოპროდუქციას თავისი ნიშა აქვს ევროპის ბაზარზეც და თუ იქნება ნდობა, რომ ჩვენი ორგანული პროდუქცია მართლაც ბიოლოგიურად სუფთადაა წარმოებული, მაშინ, ფაქტობრივად, ცალკე ხაზი იქნება ევროპაში გასატანი პროდუქტების, ოღონდ ისინი, მართლაც, ბიოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. გვერდით არ უნდა იყოს ყანა, სადაც ტონობით ქიმია შეაქვთ. ძალიან ბევრი მოთხოვნაა და იმედი მაქვს, ჩვენი სასერტიფიკაციო ორგანოები სოლიდური იქნება და სათანადოდაც შეამოწმებს.