რამდენი ავტომანქანა ჰყავს და რამდენი ანაბარი აქვს სხვადასხვა ვალუტაში ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი თაბუაშვილს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი 1973 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო (1991-1996 წლებში) და ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. სამწლიანი სწავლის შემდეგ კი იმავე თსუ-ში (1993-1996 წლებში) სამართალმცოდნის დიპლომიც აიღო. 2000-დან 2002 წლამდე ილინოისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სპეციალიზაციით – სახელმწიფო ფინანსები. მისი შრომითი ბიოგრაფია 1993 წელს იწყება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, სადაც გამგეობის წევრი 1996 წლამდე იყო. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1996 წელს, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე გახდა ეკონომიკურ საკითხებში; 1997 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანაშემწედ გადაიყვანეს; 1998 წლიდან 1999 წლამდე ფისკალური რეფორმების პროექტის ფისკალური ანალიტიკოსი იყო; 1999-2000 წლებში – პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი. 2002-2004 წლებში კი – სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლობის ფისკალური ეკონომისტი; 2004 წლის იანვრიდან მაისამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა; 2004-დან 2007 წლამდე – სახელმწიფო ხაზინის უფროსად; 2007 წელს საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ფინასურ დირექტორად გადავიდა. 2008-2012 წლებში „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა; ასევე, 2009-2012 წლებში – „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ (ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი) ფინანსურ დირექტორად; 2012 წლის 30 ოქტომბრიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2013 წლის 3 იანვრიდან კი პირველ მოადგილედ დაწინაურდა.
რაკი სტაჟიანი და, აგერ უკვე მესამე მთავრობის ჩინოვნიკია, პირველი დეკლარაცია ბ-ნმა თაბუაშვილმა 2004 წელს შეავსო, სხვათა შორის, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და, ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – ვანში დაბადებული ნატო ორმოცაძე და 2002 წელს აშშ-ში დაბადებული ქალიშვილი – ანა. იმხანად გიორგი თაბუაშვილს ეკუთვნოდა 60 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, ხომლელის ქუჩაზე და 10 000-ლარიანი ავტომანქანა, ხოლო შემნახველ ანაბარზე 21 000 ლარს ინახავდა. 2003 წლის განმავლობაში გიორგი თაბუაშვილმა, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, 3 300 ლარი აიღო, როგორც სავალუტო ფონდის ეკონომისტმა – 33 000 ლარი. 2005 წელს მან უკვე ხაზინის უფროსის ამპლუაში შეავსო დეკლარაცია. მისი ოჯახის წევრთა რაოდენობაც უცვლელია და უძრავი ქონებისაც, ოღონდ, ახლა უკვე 4 500-დოლარიანი „ფოლკსვაგენი“ ჰყავდა, ბანკში 8 100 დოლარს ინახავდა, ხოლო ნაღდ ფულად 12 000 აშშ დოლარი ჰქონდა. 2004 წლის განმავლობაში მან, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, 13 632 ლარი აიღო, როგორც ხაზინის უფროსმა – 22 928 ლარი. 2006 წელს შევსებული დეკლარაციით, ბ-ნ თაბუაშვილი ბანკში 12 000 დოლარს ინახავდა, ნაღდ ფულად კი 30 000 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2005 წლის განმავლობაში ხაზინის უფროსის წლიურმა შემოსავალმა 38 000 ლარამდე შეადგინა. 2007 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, გიორგი თაბუაშვილს ერთადერთი უძრავი ქონება აქვს – 8 500 ლარად ღირებული აგარაკი ახატანში, ანაბარზე – 10 000 დოლარი, ხოლო ნაღდ ფულად – 1 000-ოდე დოლარი. მუშაობა დაუწყია მის მეუღლესაც – გარემოს დაცვის სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს სპეციალისტად. ბინის მშენებლობაც წამოუწყიათ, რაშიც 34 383 აშშ დოლარი ჩაუდევთ. 2006 წლის განმავლობაში ბ-ნი თაბუაშვილის სახელფასო შემოსავალს 40 367 ლარი შეუდგენია, მის მეუღლეს კი მხოლოდ 3 500 ლარის აღება მოუსწრია. 2007 წელს მეორე შვილი – ელენეც შესძენიათ. რაც შეეხება შემოსავლებს: 2007 წლის განმავლობაში გიორგი თაბუაშვილმა, როგორც ხაზინის უფროსმა, 17 588 ლარი აიღო; როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფინანსურმა დირექტორმა – 40 202 ლარი; მისმა სპეციალისტმა მეუღლემ კი – კვლავაც 3 600 ლარი. ასევე, გიორგი თაბუაშვილს 25 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხიც გამოუტანია. 2009 წელს წყვილს მესამე შვილი – ანდრია შეეძინა. ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა თაბუაშვილმა 2013 წელს შეავსო როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. უძრავ ქონებად მიუთითა: ბინა ვაჟა-ფშაველაზე (132 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი წავკისში (800 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი (120 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი ახატანში (600 კვ. მ.); ასევე, ორი ავტომანქანა: 2004 წლის „ტოიოტა კამრი“ და 2003 წლის „მიცუბიში პაჯერო“. ამას გარდა, გიორგი თაბუაშვილი ფლობს „საქართველოს სახალხო ბანკის“ თეთრად ღირებულ 100 000, ხოლო 2 თეთრად ღირებულ 134 967 აქციას. აქვს სამი დეპოზიტი, რომლებზეც ინახავს: 18 400 ლარს, 32 048 დოლარსა და 10 042 ევროს. ხოლო, დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდ ფულად გიორგი თაბუაშვილს 20 000, მის მეუღლეს კი 5 000 ლარი ჰქონდათ. რაც შეეხება შემოსავლებს, ნატო ორმოცაძემ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტმა, 2012 წლის განმავლობაში 18 916 ლარი აიღო; ხოლო გიორგი თაბუაშვილმა: როგორც მარაბდა-კარწახის რკინიგზის კოორდინატორმა – 7 035 ლარი; როგორც პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ-ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა – 3 000 ლარი; როგორც „პი ემ სი“ კვლევითი ჯგუფის ექსპერტმა – 13 895 ლარი; როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ – 20 897 ლარი; როგორც საქართველოში „ფაიაზერის“ წარმომადგენლობის ფინანსურმა მენეჯერმა, 39 375 ლარი.