ახალსტატუსიანები
„არ გეკუთვნით, მაგრამ, გეკუთვნით“
თუკი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ საქმე ჩვენს მარიფათზეა, რათა ევროკავშირულ მარაქაში გავერიოთ, „ნატოსთან“ მიმართებით გაცილებით რთულადაა: ან უნდა მიგვიღონ, ან – არა, თუმცა გაირკვა, რომ მთლად ასე შავ-თეთრადაც არ ყოფილა.
სახელდობრ, აშშ-ის კონგრესმა რუსული აგრესიის პრევენციის შესახებ ორი ახალი კანონპროექტი მიიღო (უკვე ორი მოსმენით), რის მიხედვითაც, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირის სტატუსს „ნატოში“ გაწევრიანების გარეშე მიიღებენ (ესეც ასე – „ქორწილშიც დავუპატიჟებივართ“! – ).
ჩვენი სულზე უტკბესი ვაშინგტონის მიერ მოკავშირის სტატუსის მინიჭება იმ პერიოდზეა გათვლილი, ვიდრე აღნიშნულ სამ ქვეყანაში თავდაცვის სფერო გარდაიქმნება. კონგრესმენები თვით პრეზიდენტ ობამასაც აძლევენ რეკომენდაციას, უფრო მჭიდროდ გვეთანამშრომლოს ჩვენ სამთა.
კერძოდ: „არაუგვიანეს 90 დღისა კანონის მიღებიდან, სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მდივანთან ერთად მოლაპარაკებისათვის მზადება უნდა დაიწყოს უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, კოსოვოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსთან და სერბეთთან, რომ დაიწყოს ახალი ან განამტკიცოს უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რაც ასევე გულისხმობს შეთანხმებებს კიბერუსაფრთხოებაშიც.“
ქართულ მედიაში ამ ფაქტს ჯეროვნად არ გამოხმაურებიან (სიცხის ან იქნებ იმის გამო, რომ ჩემს კოლეგათა ყურადღება სხვა რამე-რუმეებზე იყო გადატანილი, მაგალითად, იმაზე, დაესწრებოდა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და ვინ ვისზე რას იტყოდა), სამაგიეროდ, რუსულმა დაუთმო ფართო ასპარეზი.
ასეა თუ ისე, რაკი დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, ფაქტია, რომ ბანაკების წევრთა ვინაობა საბოლოოდაა დადგენილი. ახლა მთავარია, ამ ჩვენმა ახალმა მფარველმა ეს უკვე მოკავშირისსტატუსიანები ბრძოლის ველზე არ მიგვატოვოს!