მოტივაციანაკლული
„სიკვდილშიც არ ჰქონიაო ბედი მეფე გიორგის“
მსოფლიოსა და ჩვენს სამშობლოში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ თვით ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებიც კი დაიჩრდილა (პრინციპით: სიკვდილშიც არ ჰქონიაო ბედი მეფე გიორგის – ), ამიტომ თითქმის უმტკივნეულოდ გადაიტანა საზოგადოებამ ბრალდებულ ვანო მერაბიშვილის მიერ სასამართლო დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვება.
თუმცა ბრალდებულის პროტესტს დამსწრე საზოგადოებაც შეუერთდა. მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვინმე ლუცენკო (სხვათა შორის, უკრაინის შს სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული უწყება იყო, თურმე). რომელიც, ოდნავ მოგვიანებით, „რუსთავი 2-ის“ უსაყვარლეს რესპონდენტად იქცა. მე თავს არ შეგაწყენთ ბ-ნი ლუცენკოს მოსაზრებების პერიფრაზებით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ, თუ ამ ტემპით გააგრძელა აზრთა ფრქვევა, შესაძლოა, უკრაინას, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, გულშემატკივარი აღარ დაუტოვოს.
მაგრამ, როგორც კლასიკოსი ამბობს, ჩვენ ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ. კერძოდ, ბრალდებულმა მერაბიშვილმა პროცესის დატოვებამდე ასე ბრძანა: „მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რომ ვიყო თავისუფალი. მე დღეს ვიქნებოდი უკრაინაში და ჩემს მეგობრებთან ერთად იარაღით ხელში ვიბრძოლებდი უკრაინის გასათავისუფლებლად… მე ვამაყობ და ბედნიერი ვარ, როდესაც ვუყურებ თითოეულ გათავისუფლებულ სოფელს, გათავისუფლებულ ქალაქს უკრაინაში.“
სურვილი სავსებით მისაღები და კეთილშობილურია, ოღონდ, ლოგიკურად იბადება კითხვა: 2008-ში (მაშინ თავისუფალიც იყო და ხელს თანამდებობაც უწყობდა), ვითომ, იარაღის ხელში ასაღებად და ქართული სოფელ-ქალაქების გასათავისუფლებლად მოტივაცია არ ეყო?!