მთავარსარდლობის მოლოდინში
„ამ ქალბატონს მე გავჩხრეკ“
შესაძლოა, რადგან მანამდე გაგვიმხილა, რომ გაუხედნავი ცხენია და, მიუხედავად პრეზიდენტობის ორი ვადისა, ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნებას ვერა და ვერ დაეუფლა, ჩვენმა ექსპრეზიდენტმა, არც აცია, არც აცხელა და მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებაში ევროპა დაადანაშაულა, კერძოდ, რომ ყველაფერში დამნაშავე ევროპის დუმილია.
მომყავს ციტატა: „ევროპის თვალწინ რუსულმა ჯავშანტექნიკამ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საშუალებებმა გადალახეს სუვერენული უკრაინის საზღვარი, ევროპა კი ურცხვად სხვა მხარეს იყურება.“
იქვე კი, ბრიუსელში, საკუთარი და, როგორც თავად ამბობს, „ერთ-ერთი დიდი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის“ გასაუბრება გაიხსენა: „აგრესიულად მკითხა: „თქვენ, რა, გვთავაზობთ, რუსეთი დავბომბოთ?“. მე ვუპასუხე: „არა, დაელოდეთ, ვიდრე თვითონ დაგბომბავთ“.
აშკარაა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ევროპის და, ზოგადად, დასავლეთის, რაღა კრიტიკას, ლანძღვას მოუხშირა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იგივე ევროპაა (რომელიც, ურცხვად თუ მორცხვად, მაგრამ მაშინაც სხვა მხარეს იმზირებოდა), სავარაუდოდ, ბ-ნი სააკაშვილის გააფთრებაში პირადი მოტივებიც იკვეთება. – .
ხოლო, თუ მისი კომენტარის ბოლოკუდით ვიმსჯელებთ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დამნაშავე კრემლში ზის, მაგრამ ბერლინში, ბრიუსელში, რომში და ასე შემდეგ თანამზრახველების გარეშე, საეჭვოა, მას ყოველდღიური სისხლიანი ნადირობა გაებედა,“ სავსებით ნათელია, რომ რფ-ევროპის ომში მთავარსარდლობას დიდი სიამოვნებით ითავებდა (პრინციპით: „ამ ქალბატონს მე გავჩხრეკ!“).