მარტივი და სასარგებლო
ხელნაკეთი, ორიგინალური ჭაღი
არ არის აუცილებელი, აგარაკზე ან თუნდაც ბინაში ძვირფასი ჭაღი გეკიდოთ. მით უმეტეს, როცა ფული არ გაქვთ, მაგრამ ნათურის ყურებაც არ გსიამოვნებთ.
დაგჭირდებათ პოლიეთილენის წყლის ან ღვინის ჩასასხმელი ჭურჭელი, ოთხკუთხა ფორმის – 3 ცალი. 3 ცალი „პატრონა“ თავისი ნათურებით. გაუმჭვირვალე თეთრი და წითელი საღებავი. ჭრელი, პატარა პლასტიკატის, მართკუთხა ფორმის ფირფიტა. შავი, შემოსაკვრელი რეზინი ან პლასტმასი.
დააკვირდით სურათებს. პლასტმასის ჭურჭელი შემოჭერით ისე, როგორც სურათზეა. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და ამოაბრუნეთ. ჯერ შეღებეთ შიგნიდან თეთრი საღებავით, გარედან კი – წითლად. ან შეგიძლიათ, მხოლოდ წითლად შეღებოთ შიგნიდან. აცადეთ, კარგად გაშრეს. თავსახური გახვრიტეთ, რომ „პატრონის“ ზონარი გაეტიოს და დაამაგრეთ „პატრონა“ ნათურით. აიღეთ ჭრელი ფირფიტა. გახვრიტეთ სამ ადგილას თანაბარი დაშორებით და ამოუყარეთ განათების ზონარი (რომელზეც უკვე მიმაგრებულია „პატრონა“ და ჭაღი). დაამაგრეთ ჭერზე, თქვენთვის სასურველ სიგრძეზე. შეგიძლიათ, ჭაღი ერთი სანათითაც დაამზადოთ. მაშინ ერთი „პატრონა“ და ერთი ცარიელი ჭურჭელიც საკმარისი იქნება. ჭრელი ფირფიტა კი საერთოდ არ დაგჭირდებათ.
ორიგინალური კედლის იკებანა
შეგიძლიათ, თქვენი ბინის კედლები მარტივად გაალამაზოთ. ნუ გადაყრით იმ მუყაოს, რომელზეც ტუალეტის თეთრი ქაღალდია დახვეული. დაჭერით თანაბარ ზომაზე – 2-3 სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად და ერთმანეთთან შეაწებეთ ჩვეულებრივი წებოთი ისე, რომ ყვავილების ფორმა მიიღოს (ნახეთ სურათები). შეწებებულ ადგილებს ცოტა ხნით გაუკეთეთ სარეცხის სარჭი, რომ კარგად დამაგრდეს. მერე სათითაოდ შეღებეთ ყვავილები ერთ ფერზე, ან ფერადად, როგორც თქვენს ინტერიერს მოუხდება. კარგად რომ გაშრება, წვრილი ლურსმნით დაკიდეთ კედელზე ტალღისებურად, ისე, როგორც სურათზეა.