კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩავარდა ეკალ-ბარდებში კახელი „შეუფშტვინე“ და როგორ გადაარჩინა ის ზაქრუამ ცეცხლით

ბეჟან შავყულაშვილი ბავშვობიდან პანტა მსხლის მოყვარული ჯეელი გახლდათ. ცოტა „შეუფშტვინე“ ტიპი იყო და ეგრეც დაარქვეს – „შეუფშტვინე“.

მოსული იყო, მსხვილი და მხარბეჭიანი. ჭკუაც რომ იმდენი ჰქონოდა, რაც წონა, ასეთ ამბავში არ გაეხვეოდა, მაგრამ ღმერთი, ის დალოცვილი, ყველაფერს ზუსტად განაგებს. ღმერთს რომ ცოტათი „მოვეფერე,“ არ მიწყენს, რადგან წინ ამბავი მაქვს მოსაყოლი და წესით, უნდა დამაცადოს, ვენაცვალე მის განგებას.

სახლიდან ერთ-ორ კილომეტრში ყანა-ვენახი ჰქონდათ ბეჟანიანთა. ეს თავს არ იკლავდა თოხნა-ბარვით, მაგრამ მსხლის მწიფობაზე გადაირეოდა ხოლმე – აიდა და დაა!

პაპანაქება ზაფხულია და ეს საზაფხულო მსხალიც შემოსულა რა... მწიფობს და არც მწიფობს, მაგრამ შეუფშტვინეს რომ უნდა?!

დილაადრიან აიღო თოხი და ამ თავის ნაკვეთში არ გასწია მძიმე ნაბიჯებით?! ვენახის მოშორებით მსხლის ხე ეგულება, თორემ რისი თოხი, რა ბარი...

დათვივით აბობღდა ხეზე და გიყვარდეს! – თხლაშ – ერთი მსხალი, თხლაშ – მეორე, თხლაშ – მესამე... თხლაშ, თხლაშ... თქვლიფინებს რა!

ერთი ტოტი რომ მოილია და მოასუფთავა, ახლა მეორეზე გადაიბღოტ-გადაძონძორდა მძიმე-მძიმედ. იქაც მოიმსხალ-მოისიყვარულა და... დამძიმდა, კაცო! მესამეზე რო გადაიბღოტა, ტოტმა ვეღარ გაუძლო, ერთი დაიწკიპინ-დაიჭრიალა და „ზღართ“... ჩამოეშვა „სამოთხი ბაღიდან“ ჩვენი შეუფშტვინე.

წინასწარ გული ნუ გაგისკდებათ. კარგის მაცნე ვარ, ბეჟანა გადარჩა იმ უბრალო ჭეშმარიტების გამო, რომ მსხლის ქვემოთ უზარმაზარი ბარდ-შამბნარი და ეკლიანი ბუჩქები იყო და ნარნარად დავარდა.

დავარდა, მაგრამ გაიხლართა. გაანძრია ხელ-ფეხი და გვარიანადაც დააბოყინა „მსხალგატენილმა“, მაგრამ (ერთი პრეზიდენტის არ იყოს) „ნურას უკაცრავად“! ვეღარ გამოდის. გაინძრევა და ჭაობში ჩაფლულივით უფრო და უფრო ესობა ეკლები და იხლართება შამბნარ-ლელიანში.

პირველად, გალიაში მოხვედრილი ლომივით დაიბდღვინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე დათვივით დატრიალდა, მაგრამ ეკლები მთელ ტანზე მოედო. გაიხლართა და გაიხლართა. ამომწარდა და ამოშხამდა მსხალი უბედურს.

კიდევ გაიბრძოლა, მაგრამ უარესად გაეხვია ამ უბედურებაში და სასოწარკვეთილმა იყვირა: მიშველეთ, ხალხო!

მუდამ მშრომელი კახელების ყურებსაც მისწვდათ ხმა მეზობელ ვენახ-ყანებში.

ვაიმეო, შეუფშტვინე გასაჭირშიაო. დაიძრნენ და დაიძრნენ... თოხებითა, ფიწლებითა, ნიჩბებითა, მაგრამ ამის საშველი არაა. ძალიან ღრმადაა „დაბუქსავებული“ და იქამდე ვერანაირი ადგილობრივი ტექნიკით ვერ მიდიან. არადა, ესეც მონდომებულად იწმაწნება. უარესი და უარესი... სულ გაიხლართა.

– მიშველეთ, ხალხო! – ისევ მოუწოდა ისედაც მონდომებულ თანასოფლელებს. ამათაც რაღა ქნან?

კახელები უალალესები არიან და მაქსიმალურად შევიდნენ მდგომარეობაში, მაგრამ არაფერი გამოდის. შეიძრა დიდი და პატარა.

– გოლავ, – მიმართეს ბუღალტერ კარუკუღმართაშვილს – შენ თუ უშველი, ჯო!

– ეაა, მე ამი და იმისიც დედა რა ვთქვი, – როგორა, როგორა, ჯო? კაცი ეკალბარდებშია გახვეული. განა მშობიარობს? გინდაც მშობიარობდეს, მე რა შემიძლიან?!

სოფელი სასოწარკვეთილებაშია, ბეჟანა – ბარდი-ბურდებში.

„მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა“.

ტრაქტორისტი ზაქრუა მოგრუხუნდა თავი ტრაქტორითა.

– ე რა ხდება, ხალხო!

– ეგე, ჩვენი შეუფშტვინე იგრეთ დღეშია, რო მეტი არ შაიძლებაო, – ამათმაც.

– იიი, შენ კი რა გითხარ, ჯოო! – ჩამოქვეითდა ტრაქტორისტი... აბა, ეს საქმეა? არა, ეს საქმეა? რა გინდოდა, ჯო, მანდა?! – გასძახა ეკალბარდებში გახლართულ, დასისხლიანებულ მსხალნაღმურძლს.

ბეჟანას „ქვევრი“ ჰქონია „ნაყურები“ და „ბალღობიდან აქა ვზივარო“, – გამოსცრა გამწარებულმა. კახელებსაც მეტი რა უნდათ, – ხაა, ხა, ხააოო!

– უხ, მე შენი დედა კი რა ვთქვი, შენი, აჰა! – „წაუნიავა“ დედამისს ტრაქტორისტმა.

– შენ თუ გვიშველი, ზაქროვ! – შენ მარჯვენას ვენაცვალეთ, განა! – თაფლად იქცნენ კაცის საცოდაობაში შესული ალალი კახელები.

– ახლა მაცათ თქვენაა! – ხელები დაიკაპიწა ტრაქტორისტმა.

– რას აპირებ, ჯო? – ცუდად ენიშნა ერთს.

– ფსიქოლოგიჩესკი ტრიუკ გავუკეთებ მე მაგასა... წესით, უნდა გაჭრას.

– თუ გინდა, დედაც მოუ...ი, ოღონდ კაცი გადაარჩინე, ჯო! – იმედი მიეცათ შეკრებილებს.

– ჰოო და ჰოო... მაცათ ეხლა!

ზაქრუამ ტრაქტორის კაბინიდან „ზაპასი“ „სალიარკიანი” ბოთლი გადმოიღო, ერთ ხელში დაიჭირა და ტერორისტს რომ ელაპარაკებიან, იმ ტონით:

– ეე, ბიჯო, ბეჟან... ამ ბოთლ ხედამ?

გახლართულმა ბოთლი დაინახა, და იფიქრა, – ეს აგონიის წინა საშუალებაა, ალბათ, სიკვდილი უნდა გამიადვილოსო და გაიბადრა:

– ჭაჭისაა თუ მსხლისა, ზაქროვ?

– ზაკუსკა კი არ გინდა დასაყოლებლად? – გაცინიკოსდა ეს – ტრაქტორისტი, – ესაა სალიარკა... დავასხამ ეხლა ბუჩქებსა და მემრე ვნახოთ შენი ლეზგინკაი!

– არა... არ გაბედო, ჯო! – მირჩევნიან, აქ ვიყო, ცეცხლი არ მამიკიდო, კაცო! – აფართხუნდა საწყალი.

– მა ის კაი იყო, ჩემ ვირ რო ვენახი ბოლოში ეარშიყებოდი გასულ ხუთშაბათსა? გეგონა, ვერ დაგინახე?

– ვისა, კაცო, შენ ვირსა? – ეე, მასხრობა არ იცი, კაცო, შენა? – მაშინვე დაგოიმდა შეუფშტვინე... ეე, მასხრობა არ იცი? განა, არ ვიცი, რო ი ვირი გეტყოდა... ეჭვიანობის ნიადაგზე უნდა დამწვა, არა? შენ მაინც არ გერგებოდა ის ვირი, კაცო! ოჯახი წევრია, ნათესავად გეკუთვნის და მე რა... მთვრალი ვიყავ... მაპატიე, რა! – „წამოეგო“.

კახელებს მასხრობას შენ ასწავლი? ატყდა ხარხარი. ზაქრომ ბუჩქებს სალიარკა დაასხა და აბრიალდა ცეცხლი.

– რას შვრები, კაცო! – ღმერთი არა გწამ შენა? – ვაიმეე, – დატრიალდა შეუფშტვინე ცეცხლის დანახვაზე და წამის მეასედში უკვე მინდორში გარბოდა ბარდ-ეკლიდან გათავისუფლებული.

– შენ კი გაიხარე, ზაქროვ, შენა! – მხარზე ხელს უტყაპუნებდნენ შვებამოგვრილი კახელები მხსნელ ტრაქტორისტს.

შეუფშტვინე კი უკვე სახლს უახლოვდებოდა.

გენო ონაშვილის ნაამბობის

მიხედვით 

 

скачать dle 11.3