ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
თავადი გიორგი ერისთავი სოფლიდან თბილისში ჩამოვიდა. ერთხელ ბულვარზე სიარულის დროს შემოხვდა ერთი მოქალაქე და ჰკითხა:
– კნიაზო, ისეთი რა საქმე გაქვსთ, რომ ამდენი ხანი აქ არ იმყოფებოდითო?
– მე ქართველი ვარ და, მაშასადამე, ან ფული მაქვს და იმის დახარჯვასა ვცდილობ, ან აღარა მაქვს და დავეძებ შინ წასასვლელადაო, – მიუგო ერისთავმა.
***
ქუთაისში აკაკის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ და ერთი ახალგაზრდა შეეკითხა პოეტს:
– რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?
– რა გითხრათ, – მიუგო აკაკიმ, – სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა. დიდად განათლებული კაციაო, ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. ეგევე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე: შესაძლებელია, ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ – როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება-რა მათი.
***
ერთი გრძელიცხვირისა და გრძელი პირის პატრონი არწმუნებდა აკაკის:
– ბევრ ცუდს ამბობენ ჩემზე ხალხში, მაგრამ ტყუიან და ნუ დაუჯერებთო.
– მეც ვხედავ, რომ ტყუიანო, – მიუგო პოეტმა, მთელი ქვეყანა, ერი და ბერი, სულ იმას ამბობს შენზე, უცხვირპიროაო და შენ კი, რომ უნდა, იმაზე მეტიც გქონია ორივეო.
***
ირაკლი აბაშიძეს მუდამ საყვედურობდნენ მთავრობასთან სიახლოვეს. ერთ მანდილოსანს უთქვამს კიდეც:
– რა არის, სულ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რომ მეგობრობო?
– ახლა შოთა რუსთაველის იუბილეს ჩატარება მინდა, მომეცი 2 მილიონი მაგ საქმისთვის და ხელისუფლებას აღარ გავეკერები, სულ შენთან ვიქნებიო, – უპასუხია ბატონ ირაკლის.