როგორ გადაჭრა ახალდაბადებული შვილის ჭიპლარი თორნიკე ყიფიანმა და წლების წინ დაწყებული რა პროცესი გრძელდება მეუღლეებს შორის
როგორც კი თორნიკე ყიფიანი „X ფაქტორში” გამოჩნდა, მაშინვე დაიმსახურა მაყურებლის დიდი ნაწილის მოწონება და სიყვარული. ამიტომაც, ალბათ, არავის გაჰკვირვებია მისი გამარჯვება და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. სცენაზე საოცრად ემოციური, ენერგიული თორნიკე, ცხოვრებაში საკმაოდ მორიდებული და სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ თორნიკეს გამარჯვებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებ.
თორნიკე ყიფიანი: პირველი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა, მეუღლის თხოვნა იყო.
მარიამ სოსელია (თორნიკეს მეუღლე): გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა, მჯეროდა, რომ ფინალში იქნებოდა და გაიცნობდა ხალხი.
– მეუღლის თხოვნას ითვალისწინებ ხოლმე?
თორნიკე: თითქმის ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთმანეთის თხოვნას.
– აზრს?
– აზრი, შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში არ გავითვალისწინო, თხოვნა სხვა რამეა. ისე, აზრიც თუ მომეწონება, აუცილებლად გავიზიარებ, თუ არ მომეწონება არ გავითვალისწინებ. ხანდახან ჩვენი აზრები ემთხვევა ხოლმე.
– თორნიკე ყოველთვის ასეთი თავშეკავებული და წყნარია?
მარიამი: დიახ, ძალიან თავშეკავებული და წყნარია, ემოციებს არ გამოხატავს. მე უფრო აქტიური და ემოციური ვარ.
თორნიკე: არც ისეთი მშვიდი და წყნარი ვარ, როგორიც ვჩანვარ. სიტუაციას გააჩნია: ხან ისეთი ვარ, ხან – ასეთი.
მარიამი: თუ მეგობრებთან ერთად ხარ და სახინკლეში მიდიხარ ლუდის დასალევად, ვერ იქნები წყნარი და მშვიდი.
თორნიკე: ადრე უფრო მიყვარდა დალევა, ახლა აღარ. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ბევრის დალევა არ არის კარგი, ცოტასი – კი.
– როგორ დიწყო შენი სამუსიკო კარიერა?
– დედაჩემი, მამაჩემი, მამიდაჩემი, დეიდაჩემი, ბიძაჩემი – ყველანი ექიმები არიან. ბავშვობაში კი მატარებდნენ ფორტეპიანოზე და ვიოლინოზე, მაგრამ მერე შევეშვი – არ მომწონდა. სპორტზეც დავდიოდი – დედაც და მამაც ცდილობდნენ, ყველაფერზე მევლო, მომესინჯა ძალები. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, გიტარა მეყიდა და სიმღერები დამეწერა. პირველი გიტარა ჩემი ფულით ვიყიდე. იმ დროს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, არქიტექტურულზე. აბანოთუბნის აღრიცხვა გავაკეთეთ, ფული გადაგვიხადეს და ვიყიდე გიტარა. მერე მამა დამეხმარა ნორმალური გიტარის ყიდვაში. სიმღერებს თვითონ ვწერდი – მუსიკასაც და ტექსტებსაც.
– მომავალში არქიტექტორად მუშაობას აპირებ?
– არქიტექტორი ვარ, ოღონდ, მუსიკაში. ძალიან გამიტაცა მუსიკამ და ამიტომ ყველაფერს შევეშვი. „X ფაქტორამდე“ „მაგთი ფანში“ ვიყავი, ჩემმა ძმაკაცმა გამიყვანა ძალით, რადგან, არ ვფიქრობდი კონკურსებში მონაწილეობას და ჩემით ვფიქრობდი წარმატების მიღწევას. თუმცა, კონკურსში გამოსვლა თურმე სულაც არ ყოფილა ცუდი, პირიქით, ძალიან კარგი აღმოჩნდა. „მაგთი ფანში“ ფინალში გავედი და ზარებში დავმარცხდი გიორგი ბერიძესთან. დიდი ხანია, ჩემი ჯგუფი მყავს, ჩვენი სიმღერები გვაქვს. მაგრამ, იმის გამო, რომ არ გვაქვს კარგი შემოსავალი, ვერ მოვახერხეთ, ხარისხიანად ჩავწეროთ მუსიკა და, ამიტომ, მხოლოდ პატარ-პატარა კონცერტებზე ვუკრავდით. გვაქვს ჩანაწერები ოღონდ, უხარისხო, ჩვენით, სახლში ნაჩალიჩარი. სანამ „X ფაქტორი“ დაიწყებოდა, ჩემს მეგობრებთან ერთად პროექტი გავაკეთე – „ასტეროიდი,“ თურქეთში ვიყავით სამუშაოდ წასულები და, პრინციპში, იქიდან მომიწია პროექტისთვის ჩამოსვლა, რაც ნამდვილად ღირდა.
– იქიდან წამოსვლაზე არ შეგექმნა პრობლემები?
– ექვსთვიანი კონტრაქტი გვქონდა და ჩემი მეგობრები ისევ იქ არიან. ძალიან დამიდგნენ გვერდში. თავიდან მენეჯერი „მიხურებდა“ – არ წახვიდეო და, მათ უთხრეს: თუ ამას გააგდებ, ჩვენც წავალთო. ახლა მეუბნებიან: აღარ ჩამოხვიდე, ჩვენ ჩამოვალთო. ჩემი მეგობრების გამო მინდოდა თურქეთში ჩასვლა, მიტოვება რომ არ გომომსვლოდა, მაგრამ, იქიდან მეუბნებიან, არ გვიჭირსო. ხუთმა კაცმა განაგრძო მუშაობა, მენეჯერმაც შეცვალა კონტრაქტი.
– ამ ეტაპზე რით იქნები დაკავებული?
– „მაგთიმ“ მომცა იმის საშუალება, რომ 30-ათასიანი დაფინანსება პროფესიონალური საქმიანობისთვის გამოვიყენო. სტუდიაში მუშაობა საკმაოდ ძვირი ღირს და, ალბათ, დამიფინანსებენ ალბომზე მუშაობას. გარდა ამისა, „მაგთი კლუბში“ წლის ბოლომდე ოთხი კონცერტის გამართვის უფლება მოვიპოვე.
– როგორ ფიქრობ, ის ფაქტი, რომ თამთა იყო შენი მენტორი, დაგეხმარა გამარჯვებაში?
– გამიმართლა. თამთა ისეთი ადამიანია, ყველას შეაყვარა თავი და ამანაც იმოქმედა. თან, ადვილად გამიგო – გაითვალისწინა ის, რომ განსხვავებული შეხედულებები მაქვს მუსიკაზე და, ამიტომაც, ადვილად ვთანხმდებოდით. რამდენიმე ვერსიას მე ვამბობდი, რამდენიმეს – ის და შემდეგ ვარჩევდით, რომელი უფრო კარგი იქნებოდა. უპრობლემოდ ვთანხმდებოდით. იმ სიმღერის შესრულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თამთას იდეა იყო – ქაილი მინოუგის სიმღერის რემეიქი.
– თამთასთან ერთად არ ამბობ ექსპერიმენტებზე უარს, რაც, ვფიქრობ, მუსიკოსისთვის აუცილებელია.
– კი, მივდიოდი ექსპერიმენტებზე. ზოგადად, მუსიკა თავისუფლებაა და ექსპერიმენტებიც უნდა იყოს, ოღონდ, თავგასული რაღაცეები – არა. ასე რომ, კარგია ექსპერიმეტები, განსაკუთრებით – მუსიკაში.
– ამდენი პრიზი ერთად, მგონი, არავის არსად მოუგია.
– სიმართლე რომ გითხრათ, შემრცხვა კიდეც – რა ხდება-მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და, მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა ყველას. ხალხის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი.
– მართვის მოწმობა გაქვს, რომ მოგებული ავტომობილით იარო?
– არ მაქვს მართვის მოწმობა, მაგრამ მომიწევს აღება. სახლი მოვიგე გუდაურში; ამსტერდამის საგზური მაჩუქეს და, კიდევ – პარიზის. გარდა ამისა, ყველა მონაწილე წავალთ ერთი თვით სასწავლებლად ლონდონში, რაც ძალიან გამიხარდა.
– ალბათ, ორივეგან მეუღლესთან ერთად წახვალ.
– ერთად ვაპირებთ წასვლას. შარშანაც ვიყავი თურქეთში და იქ იყო მარიამიც. მაგრამ, ასე ერთად, გასართობად და დასასვენელებლად, ჯერჯერობით არსად ვყოფილვართ.
– მართალია, ჯერ ცოტა დრო გავიდა გამარჯვებიდან, მაგრამ, ალბათ, გარკვეულწილად, უკვე შეიცვალა შენი ცხოვრება.
– მშვიდად ვარ, არ გავგიჟებულვარ. მიხარია, რომ, ვინც მხვდება, ყველას გულწრფელად უხარია ჩემი გამარჯვება და გულით მილოცავენ.
– მარიამ, შეყვარებულიც ასეთი წყნარი და სიტყვაძუნწი იყო?
მარიამი: დიახ, მაშინაც ჩუმი იყო და, იმიტომაც მომხიბლა და შემიყვარდა, ცანცარა და თავში ავარდნილი რომ არ იყო.
– როგორი გაიცანით ერთმანეთი?
– ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ერთ დღეს, ჩემს დას გავყევი სარეპეტიციოში. თორნიკე მაშინ დრამზე უკრავდა და როგორც დრამერი, ისე გავიცანი. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, „სასტავი“ სხვადასხვა სიტუაციაში ვხდებოდით. მერე, თებერვალში ზემფირას კონცერტზე წავედით „ნაით ოფისში“.
თორნიკე: სად წავედით, მე ვერ შემოვედი!
მარიამი: თორნიკე ვერ შემოვიდა, რადგან ბილეთი არ ჰქონდა, ადგილზე კი ვერ ვიყიდეთ. ეს გარეთ იდგა, მეც გამოვედი და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
– რომ დაინახე მარიამი, მაშინვე მოგეწონა თუ მერე ურთიერთობისას?
თორნიკე: მაშინაც და მერეც. ეს პროცესი სულ გრძელდება. ისე არ არის: მოხდა და დამთავრდა.
– როგორი მამაა თორნიკე?
მარიამი: ძალიან ყურადღებიანია. როდესაც ვსწავლობდი, უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, თორნიკეს ვუტოვებდი ბავშვებს და, ისიც უვლიდა: ფაფებს უმზადებდა, აჭმევდა, აძინებდა, აბანავებდა. პირველი ბავშვის ჭიპლარიც თორნიკემ გადაჭრა. მშობიარობას დაესწრო – თვითონ უნდოდა და მეც მინდოდა, შემოსულიყო.
თორნიკე: მეორეზე ვერ მოვასწარი მისვლა და არ შემიშვეს.
– ოჯახის გვერდში დგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.
– ეს ძალიან დიდი სტიმულია და, გარდა იმისა, რომ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა გამიჩნდა, ოჯახის წევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დიდ სტიმულს მაძლევდნენ. რამდენჯერმე აუტსაიდერებშიც ხომ ვიყავი და, მაშინაც მეუბნებოდნენ: არა უშავს, შემდეგზე უფრო კარგად გამოხვალო – სულ გვერდში მედგნენ.
მარიამი: მე დარბაზში ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი ყველა კონცერტზე. ვცდილობდი, უფრო მეტად არ მოშლოდა ნერვები და მშვიდად ყოფილიყო.