კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ზურა ქაფიანიძის ნაბოლარა შვილი მსახიობი და რა სტრესი გადაიტანა ბექნუ ქაფიანიძემ 14 წლის ასაკში

სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური თეატრის მსახიობს, ბექნუ ქაფიანიძეს მსახიობის პროფესიისადმი სიყვარული ბავშვობიდან გაუჩნდა. მიუხედავად ამისა, რადიკალურად განსხვავებული პროფილით გეგმავდა უმაღლესში ჩაბარებას, თუმცა გენმა მაინც თავისი ქნა და გამოცდებამდე ერთი თვით ადრე, გადაიფიქრა და ბედი თეატრალურ უნივერსიტეტში მოსინჯა. ცდა წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენი რესპონდენტი დღემდე მამის, ზურა ქაფიანიძის კვალს ღირსეულად მიჰყვება.

 

– ბექნუ, ახმეტელის თეატრის მსახიობი უკვე რამდენიმე წელია ხარ. საუბარი სწორედ ამ თემით მინდა დავიწყო, რა ხდება თეატრში?

– ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა და ბევრიც იგეგმება, იდგმება ახალ-ახალი სპექტაკლები ნიჭიერ რეჟისორებთან ერთად. შემოდგომაზე 3-4 ქვეყანაში გავემგზავრებით გასტროლებზე. მოკლედ, თეატრი აქტიურ ცხოვრებას ეწევა.

– ძალიან ნიჭიერი მსახიობის, ზურა ქაფიანიძის ნაბოლარა შვილი ხარ და ფაქტია, მსახიობის პროფესია გენეტიკურად გადმოვიდა შენში. სამი შვილიდან მხოლოდ შენ ხარ მსახიობი.

– ასე გამოვიდა. ლელა ქაფიანიძე, ჩემი და, ფილოლოგია და სკოლაში ასწავლის, ბერდიაც (ძმა) სხვა პროფესიის არის, რომელიც ამჟამად ახალციხეშია და ეკლესიას აშენებს. მე კი, ასე ვთქვათ, დაუგეგმავად გავყევი მსახიობის პროფესიას. საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე, გადავწყვიტე თეატრალურ, ახლა უკვე უნივერსიტეტში ჩაბარება. 

– ხშირ შემთხვევაში, მსახიობი მამები წინააღმდეგი არიან, შვილებმა მათი პროფესია აირჩიონ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ყველაზე კარგად იციან ამ პროფესიის კარგიც და ცუდიც. იციან ისიც, რომ თუ არ გაგიმართლა, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, შრომა დაუფასებელი იქნება. შენს შემთხვევაში როგორ იყო?

– ყველაზე მთავარი მაინც გამართლებაა და არა მხოლოდ ჩვენს პროფესიაში. პროფესიის არჩევაში კი, მამის მხრიდან წინააღმდეგობა ნამდვილად არ მქონია, პირიქით, მითხრა, როგორც ჩათვლი საჭიროდ, ისე მოიქეციო. მე ვერავის ვერაფერს ვთხოვ და დანარჩენი შენ იციო. 

– ვის ჯგუფში სწავლობდი?

– გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში. ოთხი, მართლაც საოცარი წელი გავიარე საოცარ გარემოში. დღემდე თეატრალურ უნივერსიტეტს, როგორც საკუთარ ოჯახს, ისე ვუყურებ. 

– ხშირად ცნობილი მსახიობი მამის შვილები თუ ისინიც იგივე პროფესიის წარმომადგენლები არიან, კომპლექსდებიან და ჰგონიათ, რომ მამის ჩრდილში არიან მოქცეული. შენ?

– მამა ისეთი პიროვნება და ნიჭიერი მსახიობი იყო, რომ მადლობა უფალს, ყოველთვის მჩრდილავს მისი სახელი. 

– ძალიან ჰგავხარ მამას, როგორც ვიზუალურად ასევე, ხმით. 

– მე კი ვგავარ მამას, მაგრამ თქვენ რომ ჩემს ძმას იცნობდეთ, მაშინ იტყვით, ზედ გამოჭრილი ზურააო. ბერდია ძალიან ჰგავს მამას. 

– იშვიათი და ჟღერადი სახელი გქვია.

– ეს არის სვანური სახელი, რომელიც ჩემმა მშობლებმა საერთო გადაწყვეტილებით დამარქვეს. ალბათ, იმ კუთხის მიმართ სიყვარული მათ ასე გამოხატეს. მეც მინდოდა, ჩემი შვილისთვის ლილე დამერქმია, მაგრამ ბევრი რამ ისე დაემთხვა, რომ მარიამი დავარქვით.

– ორი შვილის მამა ხარ.

– ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი მყავს – ნინო და მარიამი.

– მკაცრი მამა ხარ?

– მკაცრი, ალბათ, ფერებაში ვარ, რადგან ვეღარ ვზომავ და შეიძლება „შემომეჭამოს” ან რამე დამემართოს. ფერებაშიც კი გული მიჩუყდება მათი სიყვარულით.  

– თავად თუ იქნები მომხრე, შენმა გოგონებმა მამისა და ბაბუის პროფესია გააგრძელონ?

– ჯერ საერთოდ, რა დროს ამაზე ლაპარაკია, თუმცა ისინი არ მემეტებიან ამ პროფესიისთვის, მაგრამ არც ამ პროფესიის გარეშე მემეტებიან, რადგან ეს მართლა საოცარი გარემო და საოცარი სამყაროა. აქ შეიძლება, ყველაფერი შექმნა და ყველა ადამიანის პროფილს მოერგო. ეს კარგი მხრივ არანორმალური სამყაროა. სხვა პროფესიის კარგი წარმომადგენლები და ამ პროფესიის კარგი მაყურებლები თუ იქნებიან, ეს საერთოდ გადასარევი იქნება. 

– ახლა კი წარსულშიც გადავინაცვლოთ. როგორი ბავშვობა გქონდა?

– არაჩვეულებრივი, საოცარი ბავშვობა მქონდა, რომელსაც ყოველთვის კარგად ვიხსენებ. ვსწავლობდი პირველ სკოლაში, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს.  ძალიან კომუნიკაბელური და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ მაჩერებდნენ. კლასში თუ რამე ფუჭდებოდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ქაფიანიძის ბრალი იყო. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა. 14 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა, რაც ჩემთვის უზარმაზარი სტრესი იყო. მამის თანადგომამ და თავზე გადაყოლამ, როგორღაც გადამატანინა ეს მძიმე პერიოდი. მასთან ერთად ასევე, მამიდებმა.

 – დედის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ვიცი, მამიდებთან იზრდებოდი. 

– კი, მამიდებთან ვიზრდებოდი, რომლებიც მართლაც საოცარი ადამიანები არიან. ზურას და ორივე მამიდის ურთიერთობა ხომ, საერთოდ სხვა თემაა. ზურა მათზე ასაკით ბევრად უფროსი იყო. მახსოვს, ყვებოდნენ, თურმე ზურას, მამიდაჩემის ფაჩუჩები გულის ჯიბით დაჰქონდა. ქურთუკს გაიხსნიდა თურმე და პატარა მამიდას გულთან ახლოს ჩაისვამდა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. არაჩვეულებრივი ქალბატონები არიან, ასევე არაჩვეულებრივი ადამიანია ჩემი მამიდაშვილი, ბექა ძიძიგური. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ორი უფროსი ძმა მყავს, ბერდია და ბექა. მას საკუთარი ძმისგან ვერ განვასხვავებ ნამდვილად. 

– ხასიათით თუ ჰგავხარ მამას?

– ეს შეიძლება სხვამ მითხარას. რა თქმა უნდა, ვემსგავსები, შვილი მშობელს ჰგავს. პროფესიაში, მაგალითად, ის საერთოდ სხვა ტიპაჟი იყო და მე საერთოდ სხვა ვარ. ჩემი აზრით, ეს არ არის ცუდი, რადგან მიმბაძველობა ყოველთვის წამგებიანია. 

– ფიცხი ხასიათი გაქვს? მამა თითქოს გარედან ასეთი ჩანდა და ამითაც თუ ჰგავხართ ერთმანეთს.

– ფიცხი ვარ, მაგრამ ზომაზე მეტად არა. ზურა უფრო ფიცხი ჩანდა, ვიდრე ცხოვრებაში იყო. ძალიან თბილი იყო, თუმცა ნერვები თუ მოეშლებოდა, პირადად მე, ვერ ვუჩერდებოდი გვერდით, რადგან ცოტა მეშინოდა. ერთადერთი, რაზეც შეიძლება, მდგომარეობიდან გამოსულიყო, ეს იყო ისევ თავის ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და არასწორად გადადგმული ნაბიჯი. საერთოდ ძნელია, რაჭველი კაცის მდგომარეობიდან გამოყვანა, მაგრამ თუ გამოვიდა, მერე ვეღარ წყნარდება. 

 

скачать dle 11.3