მაფიის შვილობილი
რომანი ეძღვნება დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლაში დაღუპულ, ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა ხსოვნას.
ნაწარმოების სიუჟეტი აგებულია რეალურ ამბავზე და მასში მხოლოდ მთავარი გმირების სახელებია შეცვლილი. ამიტომ, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
I თავი
– ოპერატიული თათბირი დასრულებულია, თავისუფლები ხართ, – თქვა გენერალმა. კაბინეტი რომ დაცარიელდა, თანაშემწეს სელექტორით უბრძანა:
– ვაჟა ზვიადაური შემოვიდეს ჩემთან!
შინაგან საქმეთა მინისტრმა წითელი საქაღალდე გადაშალა და თვალიერებას შეუდგა. მასში ჩოჩიანების კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობაზე იყო მოთხრობილი. ეს ბანდა მრავლის მნახველ გენერალს ყელში ჰქონდა ამოსული. მის მეთაურს კი კარგად იცნობდა.
მერაბ გამრეკელს რუზგენ ჩოჩიანი ორჯერ ჰყავდა დაპატიმრებული. ჯერ კიდევ კაპიტანი იყო, როდესაც პირწავარდნილი ყაჩაღი მარტომ აიყვანა ლოტკინზე. მეორედ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ციხიდან გაქცეულ ბოროტმოქმედს გაგრაში „კუდზე დააჯდა,” ბოლომდე მისდია და მაინც გაიმარჯვა.
მეტოქეებმა ჯერ მანქანებით იქროლეს. ჩოჩიანმა გატაცებული „ვილისი“ ტყის პირას მიაგდო და მთისკენ აიღო გეზი. კაპიტანი დაედევნა. ორი კილომეტრი ირბინეს, მიტოვებულ სამხერხაოსთან ბანდიტმა ცეცხლი გაუხსნა მდევარს. ცეცხლითვე უპასუხა მილიციელმაც. ურთიერთსროლისას, კაპიტანს ასხლეტილმა ტყვიამ გულთან ახლოს გაუარა. ჭრილობა მძიმე არ იყო, მაგრამ მერაბს თქრიალით მოსდიოდა სისხლი.
თითო ტყვია რომ დარჩათ, სროლა შეწყვიტეს – ვაზნებს გაუფრთხილდნენ. კაპიტანი ძალას კარგავდა. გრძნობდა, რომ მალე გაითიშებოდა. მან ნებისყოფა მოიკრიბა, რის ვაი-ვაგლახით შემოუარა სამხერხაოს და ბოროტმოქმედს ზურგში მოექცა.
რუზგენ ჩოჩიანი უზარმაზარ, დაჟინგულ ფოლადის ხერხთან იყო ჩასფრებული. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მილიციელი მის ზურგსუკან, სულ რაღაც ოთხიოდე მეტრში იმყოფებოდა.
ბანდიტის მოკვლა არც კი უფიქრია მერაბს, არც მისი დაჭერა უცდია. ძალები ელეოდა და, ბოლო ტყვია რომ დაეხარჯა, ჩოჩიანი მას არ დაინდობდა.
მერაბმა პისტოლეტის ტარი მაგრად ჩაბღუჯა მარჯვენა ხელში. ზამბარასავით შეიკუმშა და წამიერი პაუზა გააკეთა. შემდეგ ვეფხვივით ისკუპა ჩასაფრებული ბოროტმოქმედისკენ და თავზე დააცხრა.
ჩოჩიანი ასეთ სვლას არ ელოდა და შუბლით ხერხის დისკს შეასკდა. კაპიტანმა ამით ისარგებლა, ბანდიტს იარაღის ტარი კეფაში ჩასცხო და გონება დააკარგვინა.
გამრეკელმა ჩოჩიანის ხეზე მიბმა სცადა, მაგრამ ბანდიტის მოკლე ხელები უზარმაზარ ფიჭვს ვერ შემოაწვდინა. ამიტომ, ხელბორკილის ნაწილი მარჯვენა მაჯაზე მიაბა, მეორე კი თავად ჩაიბა მარცხენაზე. შემდეგ პისტოლეტები დაცალა და ქვევით მოისროლა. ამ დროს თვალებში ბინდი ჩაუდგა და გონებაც დაკარგა.
გადაჯაჭვულ მეტოქეებს მეტყევემ მიაგნო. მას ასთამურ შამბა ერქვა.
სწორედ მან იხსნა სიკვდილისგან ახალგაზრდა კაპიტანი. მერაბი მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოვიდა გონს და იკითხა, ჩოჩიანი სად არისო...
– მე ვარ, დედა გენაცვალოს, ჩემო ვაჟკაცო, – მოესმა მერაბს დედის ხმა.
– დედი, ჩემო დედი.
– მე ვარ, შვილო, მე. მოგიკვდეს დედა. როგორ შემაშინე ჩემო ვაჟკაცო. როგორ ხარ?
– შენ როგორ ხარ, დედი?
– კარგად ვარ, შვილო, ახლა უკვე კარგად. რადგან ცოცხალი გადამირჩი, რაღა მიჭირს, – მიუგო დედამ და აცრემლებული თვალები ცხვირსახოცით შეიმშრალა. მერაბს შუბლზე მიეფერა და დაამატა, – მადლობა ღმერთს და ექიმებს, რომ შენი თავი მაჩუქეს.
მერაბი გაგრის საავადმყოფოში იწვა, ექიმებმა ის ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან სიკვდილს. გონზე მოსულ კაპიტანს მთავარი ექიმი თავზე წამოადგა, გაუღიმა და ჰკითხა:
– როგორ ხარ, გმირო?
– კარგად ვარ, ექიმო. გმადლობთ, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ.
– მადლობა ძია ასთამურს უთხარი. ის რომ არა, ჩვენ ვერაფერს ვიღონებდით.
– ძია ასთამური ვინ არის?
– მალე მოვა და გაიცნობ. ახლა კი გადასხმა უნდა გაგიკეთოთ და არ გაინძრე, – მიუგო მერაბს მთავარმა ექიმმა. შემდეგ ეშმაკურად გაუღიმა კაპიტნის დედას და იქვე მდგარ, ტანწერწეტა, ლამაზ, ქერათმიან გოგონას უთხრა:
– თამარ, სისტემა დაუდგი ამ ვაჟკაცს და, სანამ არ დაიცლება, გვერდიდან არ მოშორდე. ამასობაში კი ძია ასთამურიც მოვა.
მთავარი ექიმი და მერაბის დედა პალატიდან გავიდნენ, თამარმა კი მთავარი ექიმის მითითება შეასრულა და, სისტემა რომ გამოცვალა, მოღიმარი სახით ავადმყოფს სასთუმალთან ჩამოუჯდა.
– გმადლობთ, თამარ, რა მსუბუქი ხელი გქონიათ, სულ არ მტკენია, – გაუღიმა მერაბმა ექთან გოგონას.
– თქვენ კი ნამდვილი გმირი ხართ. ძია ასთამურმა მითხრა, ჩემს სერგის მაგონებსო.
– თამარ, ძია ასთამური ვინ არის?
– მეტყევეა, ჩემი ნათესავი. მან მოგაგნოთ ტყეში, ჯერ სისხლდენა შეგიჩერათ, შემდეგ კი თქვენ და ის ბანდიტი მხარზე მოგიკიდათ და ჩამოგიყვანათ. ის, თურმე, ემუქრებოდა, გამიშვი, თორემ, მოგკლავო. მთელი მკლავი დაუკბინა. რომ არ მოეშვა, ძია ასთამურმა მას მუშტი ჩაარტყა თავში, გონება დააკარგვინა და ტვინიც შეურყია. ძლივს მოვასულიერეთ და ერთი დღე იწვა აქ, შემდეგ კი წაიყვანეს.
– მართლა? – სიცილი აუტყდა მერაბს და სისტემა ამოძრავდა.
– სიცილი არ შეიძლება, თორემ წვეთოვანი ამოგივარდებათ, – თამარმა მაჯაზე ხელი დაადო ავადმყოფს და მერაბს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში...
მერაბს პირველი ნახვისთანავე შეუყვარდა თამარი. შემდგომში, როდესაც ისინი დაქორწინდნენ, თამარიც იმავეში გამოუტყდა ქმარს და ბედნიერი წყვილი ხშირად იხსენებდა ხოლმე თავიანთ პირველ საუბარს.
– გემორჩილებით. აღარ გავიცინებ, – თქვა მერაბმა და თამარს ჰკითხა: – ძია ასთამური, ალბათ, გოლიათია, ხომ?
– ადრე უნდა გენახათ, როგორი იყო. სერგის დაღუპვის შემდეგ კი განახევრდა. ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ორი წლის წინ მოუკლეს.
– რატომ? რა შეემთხვა?
– სერგი თქვენსავით მილიციელი იყო. ერთხელ, ღამით, მორიგეობის დროს ბანდიტებს გადააწყდა. მათ კი ტყვიები დაუშინეს და გაიქცნენ.
– მკვლელები დაიჭირეს?
– სამწუხაროდ, ვერა. ამბობენ, აქაურები არ იყვნენო.
– სამწუხაროა, – თქვა მერაბმა და ჩაფიქრდა.
– აი, ძია ასთამურიც მოვიდა, – თამარი სკამიდან წამოდგა და ახალმოსულს ადგილი დაუთმო.
ასთამურ შამბა ორმოცდაათიოდე წლის გოლიათური აღნაგობის მამაკაცი იყო. ხშირი თმა ცარცივით ჰქონდა გათეთრებული, თვალებში კი სევდა ჩასდგომოდა. ის საწოლს მიუახლოვდა, მერაბს შუბლზე უზარმაზარი ხელის გული გადაუსვა და ჰკითხა:
– როგორ ხარ, მერაბ?
– გმადლობთ, ძია ასთამურ. თქვენი წყალობით, კარგად ვარ. თქვენ მე სიკვდილისგან მიხსენით. შვილად მიგულეთ.
ბოლო ფრაზის გამო მერაბმა ენა მოიკვნიტა – მას თამარის მონათხრობი გაახსენდა და, არ უნდოდა, რომ ძია ასთამურის სულიერ ჭრილობას შეხებოდა. გოლიათმა კი მერაბს გაუღიმა და უთხრა:
– თანახმა ვარ. მე – მამა, შენ – შვილი.
ორი კვირის შემდეგ მერაბი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთ თვეში კი საავადმყოფოდან გაწერეს. სარეაბილიტაციოდ ორთვიანი შვებულება მისცეს და სოლიდური პრემია გამოუწერეს. განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედის დაკავებისთვის კი რიგგარეშე ჩინი უბოძეს და მაიორის პაგონები დააკრეს.
ფეხზე რომ დადგა, მაიორი მერაბ გამრეკელი გაგრაში გაემგზავრა თავისი მხსნელის მოსანახულებლად. მას თამარიც ძალიან ენატრებოდა და მისი ნახვის უზომო წყურვილი კლავდა.
– ჩემი მერაბი ჩამოსულა, ჩემი ვაჟკაცი შვილი! როგორ ხარ? – შეეგება სტუმარს გოლიათი მეტყევე და გადაეხვია.
– კარგად ვარ, ძია ასთამურ. თქვენ როგორ ხართ?
– ჯანმრთელს რომ გხედავ, მეც კარგად ვარ. ნამგზავრი ხარ, მოშიებული იქნები. ვისადილოთ და თითო ჭიქაც წავუქციოთ.
სუფრაზე მერაბმა სერგის მოსაგონარი შესვა და მასპინძელს უთხრა:
– ძია ასთამურ, რაღაც უნდა გთხოვოთ და ნუ მიწყენთ.
– გისმენ, შვილო.
– თუ შეგიძლიათ, სერგის ამბავი მომიყევით.
ასთამურმა რამდენიმე ნაფაზი დაარტყა და მოყოლა დაიწყო:
– ჩემი სერგი სოხუმის მილიციის სამმართველოში მუშაობდა. სისხლის სამართლის სამძებროს ოპერმუშაკი იყო და უფროსი ლეიტენანტის ჩინი ჰქონდა. იმ ღამეს გულბათ მარგიანთან ერთად მორიგეობდა სოხუმში. გულბათის მამა ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იყო. ისიც მილიციაში მუშაობდა და ოცი წლის წინ, ყაჩაღებთან შეტაკების დროს, ოჩამჩირეში მოკლეს. გულბათი ჩემი ნათლულია და სერგისთან ერთად ჩემს ოჯახში გაიზარდა. იმ პერიოდში მისი ცოლი ფეხმძიმედ იყო და წუთი-წუთზე უნდა ემშობიარა. ბიჭები შეუვლიდნენ ხოლმე, დახედავდნენ და ისევ სამორიგეოდ ბრუნდებოდნენ. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ისინი კვლავ ორსულის სანახავად მივიდნენ. გულბათი სწრაფად შესულა სახლში, სერგი კი სიგარეტს ეწეოდა და ქუჩაში შეყოვნდა. ამ დროს „ჟიგულის“ გაუვლია. მანქანა იმავე დილით გუდაუთაში ყოფილა გატაცებული. როგორც ჩანს, სერგიმ ის ნომრით იცნო და დაედევნა. ბოტანიკურ ბაღთან გამტაცებლებს ბენზინი გამოელიათ. ისინი მანქანიდან გადმოხტნენ და წამოწეულ სერგის ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი სერგის მანქანით გაიქცნენ და თან მისი ტაბელური იარაღიც გაიტაცეს. ჩემს შვილს ორი იარაღიდან რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ადგილზევე გარდაიცვალა. იმ ღამეს გულბათ მარგიანს ტყუპი ვაჟი შეეძინა. ერთს ბუდუ დაარქვა, მამამისის სახელი, მეორეს კი – სერგი.
გოლიათ მეტყევეს თვალები აუცრემლდა და დადუმდა.
მერაბს უფრო დაწვრილებით აინტერესებდა სერგის ამბავი, მაგრამ ასთამურს მეტი შეკითხვა ვეღარ შეჰბედა. პაუზა რომ შეევსო, სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა.
მასპინძელმა ცრემლი შეიმშრალა, შემდეგ ჭიქები ღვინით შეავსო, სასმისი ასწია და თქვა:
– პატარა ბუდუს და სერგის თამადობით სიცოცხლეს გაუმარჯოს!
მერაბმაც დალია და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
მასპინძელმა სტუმარს გაუღიმა და უთხრა:
– თამარი გკითხულობდა ხშირად, ნეტავ ჩვენი გმირი როგორ არისო.
მერაბს ძალიან ესიამოვნა ასთამურის სიტყვები და მიუგო:
– კარგი გოგოა თამარი, კეთილშობილი და ლამაზი. თქვენი ნათესავია, ხომ?
– დედამისი, მართა და მე მკვიდრი ბიძაშვილები ვართ. ჩვენი მამები ღვიძლი ძმები იყვნენ. ცხონებული მამამისი კი – ბონდო ანჩაბაძე, სახელგანთქმული ექიმი იყო მთელ აფხაზეთში. მასზე კეთილშობილი ადამიანი მეორე არ მოიძებნებოდა აქ. სამწუხაროა, რომ უდროოდ და ასე ტრაგიკულად წავიდა ჩვენგან.
– რა შეემთხვა?
– დიდი ღელვის დროს ერთი დამსვენებელი გამოიყვანა წყლიდან და გადაარჩინა, თვითონ კი წვეტიანი ლოდი მოხვდა საფეთქელში და დაიღუპა. თამარი მაშინ თხუთმეტი წლის იყო. ძალიან განიცადა მამის სიკვდილი. შემდეგ სერგის ამბავიც დაერთო და, ხუთ წელზე მეტია, შავები არ გაუხდია. ჩემი სერგი ძმასავით პატრონობდა მას. ნესტორ პესკასელთან შელაპარაკებაც კი მოუვიდა თამარის გამო.
– ნესტორ პესკასელი ვინ არის?
– მილიციის კაპიტანი. თავდაპირველად სწორედ ნესტორი იძიებდა სერგის მკვლელობის საქმეს.
– მას, ალბათ, თამარი მოსწონდა.
– ცოლად უნდოდა. სახლშიც კი მივიდა მასთან და დედამისს თამარის ხელი სთხოვა. მართამ უარით გამოისტუმრა. ასე უთხრა, ბავშვია და რა დროს მისი გათხოვებააო. სწორედ ამის გამო შელაპარაკდნენ სერგი და ნესტორი. ჩემი ვაჟი ბრაზობდა, როგორ გაბედა უჩემოდ იქ მისვლაო. სერიოზული გაწევ-გამოწევა ყოფილა. ნესტორი გულბათმა, ჩემმა ნათლულმა გადაარჩინა ცემას – შუაში ჩადგომია მოჩხუბრებს და სერგი დიდი ხვეწნა-მუდარით გაუჩერებია. ერთი სიტყვით, სერგის შიშით თამარს გაღიმებასაც კი ვერავინ უბედავდა. დღესაც ბევრი უტრიალებს, მაგრამ თამარი სათოფეზეც კი არავის იკარებს. შენი ნახვა ძალიან გაუხარდება. ნამგზავრი ხარ და დღეს დაისვენე, ხვალ კი თამარსა და მართას ვესტუმროთ.
მერაბი და ასთამური მეორე დღეს ეწვივნენ ანჩაბაძეებს. მართამ გულღიად მიიღო სტუმრები და საკადრისი სუფრა გაუშალა. თამარს ღიმილი არ მოსცილებია სახიდან. აშკარად ეტყობოდა, რომ მერაბის სტუმრობით უზომოდ გახარებული იყო.
– ახლა როგორ ხართ, მერაბ, ჭრილობა აღარ გაწუხებთ? – ჰკითხა მართამ მერაბს.
– უკვე აღარ მაწუხებს. შემიხორცდა და მუშაობაც შემიძლია, მაგრამ, ორთვიანი შვებულება მომცეს, დაისვენეო, – მიუგო მერაბმა.
– ბეწვზე ხართ გადარჩენილი. თქვენი ამბავი თამარმა მომიყვა და ძალიან ვინერვიულე, – თქვა მართამ, თამარმა კი დაამატა:
– ექიმმა თქვა მაშინ, ტყვია რომ ოდნავ მარჯვნივ წასულიყო, ვერ გადავარჩენდითო. თუმცა, მაინც ძლივს გამოჰგლიჯეს სიკვდილს ხელიდან. უამრავი სისხლი ჰქონდა დაკარგული. ძია ასთამურს რომ არ ეყოჩაღა და ტყეშივე არ აღმოეჩინა დახმარება, სისხლისგან დაიცლებოდა.
– ყოჩაღ, ასთამურ, – თქვა მართამ და მერაბს მიუბრუნდა: – ჩემი ასთამურის თავი ღმერთმა გამოგიგზავნათ იმ დღეს.
– მართალს ბრძანებთ. ძია ასთამური ჩემი მხსნელია და ამ ვალს ვერასდროს გადავუხდი.
– დედათქვენი როგორ არის? თამარი მიყვებოდა, სანამ უგონოდ იყავით, იმ საბრალოს თვალი არ მოუხუჭავს და არ დამჯდარაო.
– გმადლობთ, ახლა უკვე კარგად არის. თუმცა, ძალიან ვანერვიულე.
– მამა გყავთ, მერაბ?
– არა. მამა ფრონტზე დამეღუპა.
– ჩემი უფროსი ძმაც ფრონტზე დაიღუპა, სმოლენსკთან მოკლეს. ეეჰ, სიცოცხლე ერთია, უბედურება კი ათასი. ვის სად რა მოელის, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჯერ ბონდო გამოგვეცალა ხელიდან, შემდეგ – სერგი. ექვსი წელია, შავები არ გაგვიხდია, – თქვა მართამ. თამარს შეხედა და მაშინღა შენიშნა, რომ მის ოცი წლის ქალიშვილს ძალიან ლამაზი, წითელი ყვავილებით მოჩითული კაბა ეცვა.
ორი დღის შემდეგ სწორედ ეს კაბა ეცვა თამარს, როდესაც მერაბთან ერთად გაგრის ცენტრალურ ქუჩაზე დასეირნობდა.
ლამაზ წყვილს უყურადღებოდ არავინ ტოვებდა. გამვლელ-გამომვლელები თვალს აყოლებდნენ მათ და უღიმოდნენ. თუმცა ისეთებიც ხვდებოდნენ, ვინც მერაბს მტრულად უმზერდა. მაიორმა მათში თამარის თაყვანისმცემლები შეიცნო.
კოლონადას რომ მიუახლოვდნენ, თამარმა მერაბს უთხრა:
– ამ ღია კაფეში დავსხდეთ. მამას აქ ხშირად მოვყავდი ნაყინის საჭმელად.
წყვილი მაგიდას მიუჯდა, ნაყინი შეუკვეთეს და საუბარი გააბეს.
უცებ მერაბმა ბოროტი მზერა იგრძნო – ასე მას დაპატიმრებული დამნაშავეები უყურებდნენ ხოლმე. ასეთი ზიზღით უმზერდა მას რუზგენ ჩოჩიანი, როდესაც ის მერაბმა პირველად დაიჭირა.
მაიორმა მარჯვნივ გაიხედა. ფიჭვნარში საეჭვო არაფერი ჩანდა. მერაბის მახვილ თვალს მტერი არ გამოეპარებოდა. თუმცა ის ბევრად შორს, ხუთსართულიანი შენობის ერთ-ერთ ფანჯარასთან იდგა და გამრეკელს საზღვაო დურბინდიდან ადევნებდა თვალყურს.
მოთვალთვალემ ერთხანს კიდევ უყურა მერაბს. შედეგ ფანჯარას მოშორდა. დურბინდი მაგიდაზე დადო და ჩაილაპარაკა: „ჩაგაძაღლებ, მოგსპობ, გაგანადგურებ!“
– ეგ ძუკნა გაგარეკინებს. მოვიტაცოთ და ვიხმაროთ, – უთხრა მოთვალთვალეს სახენაიარევმა, რომელიც ტახტზე იყო წამოწოლილი და ბოთლიდან ლუდს სვამდა.
– აღარ გაიმეორო, თორემ ჩაგაძაღლებ, შენს დამპალ ხორცებს კი ვირთხებს შევაჭმევ! – შეუღრინა სახენაიარევს მოთვალთვალემ.
სახენაიარევმა პისტოლეტი დააძრო და ტახტიდან წამოხტა, მოთვალთვალეს მუცელზე მიაჭირა და კბილებში გამოსცრა:
– ვის ჩააძაღლებ, შე ბოზო! საცერივით გაგიხდი ტანს და მატლების შესაჭმელად დაგტოვებ აქ.
– მესვრი და, ორმოცი მეტრის გავლასაც ვერ მოასწრებ, ისე გაგქაჩავენ „ძაღლები”. ან, სულაც, მოგკლავენ, თუ წინააღმდეგობას გაუწევ. ეგ იარაღი შეინახე, აქ ეგდე და ფეხი არსად მოიცვალო. შენი კრეტინი ბიძაშვილის შეცდომა არ გაიმეორო, იცოდე! ჩემთვის რომ დაეჯერებინა, დღეს გარეთ იქნებოდა. ახლა კი ხეხოს ტრაკით კოიკები. იქნებ ჭკუა ისწავლოს!
სახენაიარევმა პისტოლეტი შეინახა და ტახტს დაუბრუნდა. მოთვალთვალემ კი ისევ დურბინდი აიღო და ღია კაფეში მსხდომ წყვილს გახედა, რომლებიც ნაყინს მიირთმევდნენ...
ჭამა რომ დაასრულეს, თამარი და მერაბი კაფედან გამოვიდნენ და სეირნობა განაგრძეს.
ქუჩაში იგივე სურათი განმეორდა: გამვლელ-გამომვლელები თვალს არ აშორებდნენ ლამაზ წყვილს, მერაბი კი ისევ გრძნობდა იმ უხილავ, ბოროტ მზერას.
ძველ გაგრაში რომ მივიდნენ, თამარმა ვიღაცას ხელი დაუქნია და დაუძახა:
– გულბათ, გულბათ!
მხარბეჭიანი ახალგაზრდა მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა. თამარის ხმა რომ გაიგონა, კარი მიხურა და წყვილისკენ გაემართა.
– როგორ ხარ, თამარ? – მხარბეჭიანმა თამარს ლოყაზე აკოცა.
– გაიცანი, გულბათ, ეს მერაბ გამრეკელია, – უთხრა თამარმა მხარბეჭიანს.
– გულბათ მარგიანი, – მხარბეჭიანმა ხელი ჩამოართვა მერაბს და დაამატა, – ბოლოს რომ გნახეთ, საავადმყოფოში უგონოდ იყავით. შემდეგ მივლინებაში გამგზავნეს. უკან რომ დავბრუნდი, თქვენ უკვე თბილისში იყავით გადაყვანილი. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.
მეც მოხარული ვარ. თქვენზე ძია ასთამური მიყვებოდა, – უთხრა გულბათს მერაბმა.
ასთამურის ხსენებაზე გულბათ მარგიანს სახეზე ღიმილი შეეყინა, თავი ჩაღუნა და დაღონებულმა თქვა:
– ნათლია ასთამურს თვალებში ვერ ვუყურებ. დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის, რომ იმ მომენტში სერგის გვერდით არ ვიყავი.
– გულბათ, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, – უთხრა მერაბმა მარგიანს.
– გისმენთ, მერაბ.
– სერგის საქმე მაინტერესებს და, არ შეგიძლიათ, რომ დეტალურად მომიყვეთ?
– საქმეს ნესტორი იძიებდა და დეტალურად ის ჩაგაყენებთ საქმის კურსში. მეც მოგიყვებით, რაც ვიცი.
– ნესტორ პესკასელი, კაპიტანი, ხომ?
– დიახ, დიახ, კაპიტანი ნესტორ პესკასელი. მე თქვენ მას შეგახვედრებთ, მაგრამ, ხვალ რომ იყოს? ახლა ერთი ინფორმაცია უნდა გადავამოწმო და ძალიან მეჩქარება.
– კი ბატონო, ხვალ იყოს.
– მაშინ, ხვალ დილის 10 საათზე სასტუმრო „ინტურისტთან” შევხვდეთ ერთმანეთს და სოხუმში წავიდეთ ჩემი მანქანით.
– გულბათ, ასე შორს რატომ უნიშნავ შეხვედრას. ძია ასთამურთან ცხოვრობს მერაბი და იქ მიაკითხე, – უთხრა გულბათ მარგიანს თამარმა.
– ხომ იცი, თამარ, რომ იქ მისვლა ჩემთვის სიკვდილია, ნათლია ასთამურს თვალებში ვერ შევხედავ, – თქვა გულბათმა.
– გთხოვ, გულბათ, მიდი. ძია ასთამური არაფერში გადანაშაულებს. ძალიან ენატრები და შენი ნახვა გაუხარდება. მიხვალ?
– მივალ, – მიუგო გულბათმა და თამარს და მერაბს მიუბრუნდა:
– დილის ათ საათზე ასთამურ ნათლიასთან მოგაკითხავთ. ახლა კი ბოდიშს გიხდით, ძალიან მეჩქარება და უნდა დაგტოვოთ. ხვალამდე!
გულბათ მარგიანი წავიდა. წყვილმა სეირნობა განაგრძო და თამარმა მერაბს ჰკითხა:
– მერაბ, ნესტორ პესკარელს იცნობ?
– არა. მასზე ძია ასთამურმა მომიყვა.
– რა მოგიყვა?
– ის, რომ სერგის ცემისგან გულბათმა გადაარჩინა.
– ცოლობას მთხოვდა. ჩვენთან სახლში იყო მოსული და ეს ვერ აიტანა სერგიმ.
– უყვარდი, ალბათ.
– ალბათ. მაგრამ, მე არ მიყვარდა.
– რატომ, ცუდი ტიპია?
– ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, პირიქით, ყოველთვის ყურადღებით მეპყრობოდა. სერგის ეძმაკაცებოდა და, საერთოდ, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მაგრამ, მე არ მომწონდა.
– გარეგნულად?
– გარეგნულად, ვერ დაიწუნებ. უბრალოდ, გული არ მიმდიოდა. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ნესტორი ჩემი წყვილი არ იყო. თანაც, არც მილიციელის ცოლობა მინდოდა. ქმარი სულ გარეთაა, ხიფათში. უნდა ელოდო, ღამეები ათენო, ინერვიულო...
თამარმა ენა მოიკვნიტა და წამოწითლდა, მერაბს კი გაეღიმა და უთხრა:
– მეც ხომ მილიციელი ვარ.
თამარმა არაფერი უპასუხა.
ერთხანს ჩუმად იარეს. თამარის სახლთან რომ მივიდნენ, მერაბი ხელზე ეამბორა გოგონას და უთხრა:
– ნახვამდის. თუ წინააღმდეგი არ იქნები, სოხუმიდან რომ ჩამოვალ, სამსახურში გამოგივლი.
– კარგი, გამომიარე. ჩემი თანამშრომლები ხშირად გახსენებენ ხოლმე და შენი დანახვა ძალიან გაუხარდებათ.
მერაბი ფეხით დაბრუნდა სახლში და მთელი გზა თამარზე ფიქრობდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ სიყვარულის გამხელას ვერ უბედავდა. მერაბს უარის ეშინოდა. ცოლობა რომ ეთხოვა და თამარს უარი ეთქვა, მაიორის სულს მძიმე ჭრილობა მიადგებოდა. ამდენი იარისთვის, შეიძლება, მასაც კი ვერ გაეძლო და ამიტომ იკავებდა თავს.
– როგორ ხარ, შვილო? – ჰკითხა ასთამურმა სახლში მისულ მერაბს.
– ვერ ვარ რაღაც, ძია ასთამურ, – გაეღიმა მერაბს.
– მოხდა რამე?
– რაღა დაგიმალოთ და, თამარი მიყვარს.
– სიყვარულს რა ჯობია, შვილო. ამან გაგიფუჭა გუნება?
– თქმას ვერ ვუბედავ.
– რატომ?
– უარი რომ მითხრას?
– დასაწუნი რა გაქვს?
– რა ვიცი, ძია ასთამურ, კაცია და გუნება.
გოლიათს გაეღიმა და მიუგო:
– ნუ დარდობ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ თამარსაც მოსწონხარ, თუ მეტი არა...
– ასე ფიქრობთ?
– ვერ ნახე, როგორ გამოეწყო შენს დასახვედრად? ხუთი წლის მერე პირველად გაიხადა შავი კაბა.
– დღესაც ის კაბა ეცვა და მთელი გაგრა მას უყურებდა. ძალიან ლამაზი იყო.
– კარგი წყვილი ხართ და კარგ ოჯახსაც შექმნით. მართასაც ძალიან მოეწონე, მას კი ასე ადვილად ვერ მოაწონებ თავს. არც ნესტორია ხელწამოსაკრავი, მაგრამ, მართას ის არ მოეწონა.
– პესკასელს ხვალ უნდა შევხვდე. სერგის საქმეს ხომ ის იძიებდა და, მინდა, დაველაპარაკო.
– ესე იგი, ხვალ სოხუმში მიდიხარ?
– დიახ. გულბათ მარგიანი გამომივლის დილის ათ საათზე. მისი მანქანით წავალთ.
– სერგის შემდეგ გულბათი სათოფეზეც აღარ მეკარება. არც მე ვაწუხებ, რომ უხერხულობაში არ ჩავაგდო. მიკვირს, აქ მოსვლა რომ გადაწყვიტა.
– ჯერ სასტუმრო „ინტურისტთან“ დამინიშნა შეხვედრა, მაგრამ, თამარმა გადააფიქრებინა. გულბათმა თქვა, ნათლია ასთამურს თვალს ვერ ვუსწორებო.
– მაგისი რა ბრალია, ალბათ, ასე ეწერა სერგის. სამწუხარო ის არის, რომ მკვლელები ვერ იპოვეს. არადა, აფხაზეთის მთელი მილიცია ფეხზე იდგა.
– სწორედ ამიტომაც მინდა პესკასელთან შეხვედრა, იქნებ ეს საქმე როგორმე წინ წავწიოთ.
– სერგის საქმე გენერალურმა პროკურატურამ წაიღო და ვალიკო ჟღენტი იძიებს. ორჯერ აფხაზეთშიც იყო ჩამოსული და ბიჭებს ელაპარაკა. ჩემთანაც მოვიდა და დამკითხა.
– ვიცნობ ვალიკოს, ჩემი თანაკურსელი იყო. კარგი გამომძიებელია და მასთანაც მივალ.
– რა ვიცი, შვილო. გამოვა რამე? ისე არ მინდა მოვკვდე, რომ იმ ნაძირლებს თვალებში არ ჩავხედო, – თქვა ასთამურმა და თამბაქო გააბოლა.
გულბათ მარგიანი ზუსტად დილის ათ საათზე მივიდა ასთამურის სახლში. მერაბს ხელი ჩამოართვა, ნათლიას კი გადაეხვია და ჰკითხა:
– როგორ ხარ, ნათლია ასთამურ?
– კარგად ვარ, შვილო. შენ როგორ ხარ, როგორ გყავს ცოლ-შვილი. როგორ არიან ბუდუ და სერგი?
– მაგათ რა უჭირთ, კარგად არიან. მე კი სერგის მერე კარგად როგორ ვიქნები.
– კარგად უნდა იყო, შვილო. სერგის სიკვდილში არანაირი ბრალი არ მიგიძღვის. ეტყობა, ასე ეწერა ჩემს ვაჟს. მამაშენი რომ მოკლეს, კარგა ხანს ვერც მე მოვდიოდი გონს, დედაშენს თვალს ვერ ვუსწორებდი, რადგან მის სიკვდილში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი.
– რატომ, ნათლია ასთამურ? – დაინტერესდა გულბათი.
– ბუდუს დაღუპვის წინა დღეს მე და მამაშენი თბილისში ვიყავით – ჩვენს ძმაკაცს შვილი შეეძინა და მისალოცად ვესტუმრეთ. ღამით სოხუმის მატარებელს გამოვყევით. სამტრედიაში მატარებელი გაფუჭდა და გამოგვიცხადეს, შუადღემდე ვერ გაემგზავრებითო. დილის ოთხი საათი იყო და ბუდუმ მითხრა, ჩემს დეიდაშვილს ვესტუმროთ, ღამეს გაგვათენებინებს და დღისით გავემგზავროთო. მე გავჯიუტდი – ასეთ დროს უცხო ოჯახში სტუმრობა მომერიდა. აფხაზეთისკენ მიმავალი მანქანა გავაჩერე და გავემგზავრეთ. მძღოლი ლესელიძეში მიდიოდა. დილის რვა საათზე სოხუმში ვიყავით. ბუდუმ მძღოლს მანქანა გააჩერებინა და ჩავიდა. ასე თქვა, – ბარემ აქ ვარ და სამსახურში შევივლიო. მე ვუთხარი, კიდევ ერთი დღე გაქვს თავისუფალი. დაღლილი ხარ, დაისვენე და ხვალ წადი-მეთქი. ბუდუმ კი არ ქნა – ბიჭებს რამე არ უჭირდეთო და სოხუმში დარჩა, საღამოს კი მისი დაღუპვის ამბავი შევიტყვე. ოჩამჩირეში ბანდის ასაყვანად წასულან და შეტაკების დროს დაიღუპა. ეს რომ გავიგე, მუხლებზე დავეცი და მიწას თავი ვურტყი. ბუდუსთვის რომ დამეჯერებინა და სამტრედიაში დავრჩენილიყავით, მამაშენი ცოცხალი გადარჩებოდა.
– ეტყობა, ასე ეწერა მამასაც, – თქვა გულბათმა.
– ასე ეწერა სერგისაც. ამიტომ, შვილო, თავს ნურაფერში იდანაშაულებ. ხშირად მოდი ხოლმე ჩემთან. ცოლ-შვილით მესტუმრე. ბუდუ და სერგი უკვე დიდები იქნებიან და შვილიშვილები ხომ უნდა გამაცნო.
– აუცილებლად გესტუმრებით, ნათლია ასთამურ და ბიჭებსაც გაგაცნობ. ახლა კი უნდა წავიდეთ. ნახვამდის.
გულბათმა მანქანა დაძრა და სოხუმისკენ აიღო გეზი. ერთხანს უხმოდ იარეს. მარგიანი ნათლიის მონათხრობზე ფიქრობდა, ბოლოს კი მერაბს უთხრა:
– რა არის ბედისწერა!.. რომ დაფიქრდე, სულ ადვილად შეიძლება მისი შეცვლა: ერთი წამია ამისთვის საკმარისი, სულ მცირე მოძრაობა, გადაწყვეტილების შეცვლა და – გადარჩენილი ხარ. მამაჩემი და ნათლია ასთამური რომ სამტრედიაში დარჩენილიყვნენ, მამა ცოცხალი გადარჩებოდა. იცოცხლებდა სერგიც, სიგარეტის მოსაწევად რომ არ დარჩენილიყო ქუჩაში. ის სიგარეტი სწორედ მე შევაჩეჩე ხელში – ფეხმძიმე ცოლთან მეჩქარებოდა და მოკიდებული სიგარეტით შესვლა არ მინდოდა. რას იტყვი, მართალი არ ვარ? ხომ ჩვენი ბრალია, რაც მოხდა?
– თუ ბედისწერა არსებობს, არსებობს მწერალიც, რომელიც ამ ბედს წერს. ჩვენ კი ამ შემთხვევაში ბედისმწერლის იარაღები ვართ და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. კალამი კი არ ჰკარნახობს მწერალს, რა დაწეროს. არამედ, მწერალი აწერინებს კალამს. ასე რომ, თუ ეს ყველაფერი დაწერილი იყო, მაშინ, სწორედ ისე იყო დაწერილი, როგორც მოხდა. თქვენ ვერაფერს შეცვლიდით და დამნაშავეებიც არ ხართ. ისე კი, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, უფრო ფილოსოფიური სფეროა. ფილოსოფია სხვა დროისთვის გადავდოთ და ფაქტებზე გადავიდეთ. შეგიძლია, მომიყვე, რაც სერგის დაღუპვის შესახებ იცი?
– რაც ვიცი, გეტყვი. ჩემი ცოლის სანახავად რომ მივედი, პირველს ოცდახუთი წუთი აკლდა. სიგარეტი სერგის მივეცი და სახლში შევედი. ლონდა აფორიაქებული დამხვდა, რომ დამინახა, მითხრა:
– რა კარგია, რომ მოხვედი. წყლები დავღვარე, მშობიარობა მეწყება და სამშობიაროში წამიყვანე.
– ნუ გეშინია, სერგიც ამოვა და წაგიყვანთ, – ვუთხარი მეუღლეს და ჩანთაში თეთრეული და სამშობიაროში საჭირო ნივთები ჩავალაგე.
სერგი არ ჩანდა. ლონდას ტკივილები გაუძლიერდა. მე ფანჯარაში გადავიხედე, მაგრამ, არც მანქანა ჩანდა და არც მისი პატრონი. თეთრი „ფიატი“ სერგის იყო და მორიგეობის დროს იმით ვმოძრაობდით.
– გულბათ, რას უდგახარ, ჩქარა წავიდეთ, ძალიან მტკივა! – კიოდა ლონდა.
სახლიდან გიჟივით გავვარდი. ქუჩა ცარიელი იყო და ჩემს ბედზე ერთი მანქანაც არ ჩანდა. იძულებული გავხდი, ჩემი მეზობელი, ტიტე ბუკია გამეღვიძებინა და ლონდას სამშობიაროში წაყვანა მისთვის მეთხოვა.
– ხომ მშვიდობაა, გულბათ? – დაფეთდა მეზობელი.
– ტიტე ბიძია, ლონდას მშობიარობა დაეწყო, მანქანა მჭირდება და სამშობიაროში უნდა წამიყვანო, – ვუთხარი ბუკიას.
– აი, ბიძიკო, გასაღები და შენ თვითონ წაიყვანე. სანამ მე ჩავიცმევ და გამოვფხიზლდები, შენი ბავშვი ინსტიტუტს დაამთავრებს. აბა, შენ იცი, ყოჩაღად! სუფრა არ აგვცდება და თამადა მე უნდა ვიყო, – მითხრა ტიტე ბიძიამ და გასაღები მომცა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში