როცა ქალს უყვარს
სიბნელე გაიცრიცა... ან, შეიძლება, თვალი შეაჩვია და ნელ-ნელა უფრო აღსაქმელი გახდა ოთახში განლაგებული საგნების კონტურები. მამაკაცის ზორბა სხეული საათის ქანქარასავით მძიმედ ქანაობდა თოკზე, თანაბრად და შემაძრწუნებლად... როგორც საშინელ კოშმარში, ცივმა ოფლმა მთელი სხეული დაუსველა და კიდურები გაუშეშდა... პირი გააღო... უნდოდა, დაეყვირა, როგორც მაშინ, მაგრამ საკუთარი ხმა არ გაუგონია... გაქცევა გადაწყვიტა, უნდოდა, შორს გასცლოდა ამ საშინელ ადგილს, მაგრამ უჩინარმა ხელმა თითქოს იატაკს მიალურსმა... სხეული კი ქანაობდა... მონოტონურად, უხმაუროდ... ისევ სცადა დაყვირება – ყრუ ხავილისმაგვარი ბგერები აღმოხდა.
– დეა, დეა, გაიღვიძე! გემუდარები, თვალი გაახილე, ნუ მაშინებ! – შორიდან ჩაესმა ქალის სასოწარკვეთილი ხმა. თავზე ლინა ადგა და ანჯღრევდა.
– რა გინდა? – იკითხა დაბნეულმა და წამოჯდა.
– კიდევ მე რა მინდა? გული გამიხეთქე. იცი, როგორ ყვიროდი? კოშმარი დაგესიზმრა?
– არა... უფრო სწორად, არ მახსოვს. მართლა არ მახსოვს... ვყვიროდი?
– ჰო... იცი, როგორ შემეშინდა? თან ხელებს იქნევდი და რაღაც გაუგებარ სიტყვებს გაჰკიოდი.
– რა სიტყვებს? – დეამ შუბლზე მოისვა ხელი...
– რა ვიცი, მე მაგდენი ქართული ჯერ ვერ ვისწავლე... უჰ, შენ რა გითხარი. მართლა არაფერი გახსოვს? – დაეჭვებით შეხედა ლინამ.
– არა... – დეამ მზერა მოარიდა თვალებგაფართოებულ ლინას – ცრუობდა და არ უნდოდა, გოგოს ეს შეენიშნა. თუმცა, ლინა ისე იყო დამფრთხალი, მაინც ვერ შეამჩნევდა დეაში მომხდარ ცვლილებას, რომელსაც თავისი სიზმრის კონკრეტული ფრაგმენტების გახსენება არ შეეძლო, მაგრამ ის კი ზუსტად იცოდა, რომ პირველად არ დამართნია ასეთი რამ. პირიქით, სტაბილურად მეორდებოდა. თუმცა, სრულიად მოულოდნელად... ერთი სიტყვით, არაპროგნოზირებადი იყო მისი კოშმარი და ყოველ ჯერზე სულ უფრო შემაძრწუნებელი, სისხლის გამყინავი.
– რომელი საათია? – ჰკითხა ლინას.
– დილის ექვსი საათია. ახლა რაღა დამაძინებს, აწუწუნდა გოგო, წავალ, წყალს ავადუღეგ და ჩაი დავლიოთ... ნეტავი ვიცოდე, რა ნახე ამისთანა – ეტყობა სერიოზული კოშმარი იყო... სანდრო ხომ არ დაგესიზმრა ვამპირის როლში? – გამოიდარა ლინამ და აკისკისდა, – მართლა არ დაურეკავს.
– ტელეფონის ნომერი რომ არ მიმიცია, დაგავიწყდა? შენ დაგირეკა იმ ტომასმა?
– უჰ, ამიკლო მესიჯებით. „ფეისბუქზეც“ მომძებნა და დამიმეგობრა. შევხვდეთო. დარწმუნებული ვარ, მარტო არ იქნება, ალექსანდრესაც მიუძღვის წვლილი მის აქტიურობაში. ამიტომ, არც „ჰოს“ ვეუბნები და არც „არას“. შენ გელოდები.
– წადი, წადი, ჩაიდანი დადგი... მაგაზე ჯერ არ მიფიქრია.
ლინამ დააპირა, რაღაც კიდევ ეთქვა, მაგრამ მხრები აიჩეჩა და ბარისკენ გაემართა.
დეა ადგა. შიშველ სხეულზე ხალათი შემოიცვა და საწოლზე ჩამოჯდა. არ ცდილობდა, ნანახის დეტალები აღედგინა მეხსიერებაში – იცოდა, ამას აზრი არ ჰქონდა... ისიც იცოდა, რომ ერთადერთი შანსი ამ კოშმარიდან გათავისუფლებისა მხოლოდ მის ხელში იყო; სხვა ვერავინ დაეხმარებოდა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა წარსულის აჩრდილებთან ბრძოლაში...
– ჩაი მზად არის, მოხვალ თუ მანდ მოგიტანო? – გამოსძახა ლინამ.
– არა, მოვალ... – დეა ადგა და სასტუმრო ოთახში გავიდა. ლინამ ჩაით სავსე ფინჯანი მიუჩოჩა, – ბალახების მოგიმზადე, ცოტას დაგამშვიდებს.
– უკვე მშვიდად ვარ... მაგრამ ჩაის დავლევ, მიყვარს... ახლა ჩავიცვამ და ქალაქში გავისეირნებ ფეხით.
– ასე დილაუთენია? აუ, მე ვერ წამოვალ. დავწვები და ცოტას კიდევ წავუძინებ. ხომ არ გეწყინება, თუ არ გამოგყვები?
– პირიქით, მარტო მირჩევნია კიდეც, – გაუღიმა დეამ.
– ყოველდღე მაოცებ – დილის შვიდ საათზე მარტო მიდიხარ სასეირნოდ. ყოველთვის ასეთი უცნაური იყავი?
– რას გულისხმობ?
– რა ვიცი, აბა?! ზოგადად, შენი ასაკის გოგოები სხვანაირები არიან, – ბრძენი ქალივით ჩაილაპარაკა ლინამ.
– ოჰ, ისე ლაპარაკობ, თითქოს ძალიან დიდი იყო, – დეა მეგობრისკენ გადაიხარა და ლოკაზე აკოცა.
– დიდი რომ არ ვარ, იმიტომაც ვამჩნევ შენს განსხვავებულობას. იცი, როგორი გამოხედვა გაქვს? უკვე არაერთხელ შევნიშნე...
– მაინც, როგორი? – ჩაიცინა დეამ.
– დიდტკივილგადატანილი ქალის, ცხოვრებამ მძიმე დაღი რომ დაასვა და არაერთხელ გაუცრუა იმედები. მითხარი, ვინმე გიყვარდა და თქვენი ურთიერთობა არ აეწყო? ოღონდ, არ გეწყინოს ჩემი ასეთი ცნობისმოყვარეობა.
– ეგ რა შუაშია. რატომ უნდა მეწყინოს... როდის უნდა მომესწრო შეყვარება და იმედგაცრუება? ცხრამეტი წლის ვხდები, ამაზე არ იფიქრე?! ჯერ სწავლის მეტი არაფერი მიკეთებია.
– ეგ ვიცი და იმიტომ მიკვირს. ისიც ხომ ვიცი, მშობლებს როგორ უყვარხარ და უარს არაფერზე გეუბნებიან. მამაჩემი სულ ამბობს, რომ მათთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს – იდეალური.
– ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, როგორც შვილს უნდა ჰქონდეს მშობლებთან, – გულგრილად აიჩეჩა მხრები დეამ, – ისეთი, როგორიც, მაგალითად, შენ... მშობლები ხომ გიყვარს?
– კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ, – ტუჩი აიბზუა ლინამ, – მე მამაჩემთან ისეთი გულახდილი ვერასდროს ვიქნები, როგორც შენ, აღარაფერს ვამბობ დედაზე...
– იმიტომ, რომ დედაჩემი ქართველია, – რაღაცნაირად, მექანიკურად უპასუხა დეამ, – ქართველი დედები განსაკუთრებული სინაზითა და მზრუნველობით გამოირჩევიან შვილების მიმართ. დევიდი კი, უბრალოდ, ასეთი ადამიანია – განსაკუთრებული.
– დევიდი... როგორ უბრალოდ ახსენებ მამას – როგორც მეგობარ ბიჭს.
– არ ვიცი, მე მეგობარი ბიჭები არ მყავს. დევიდი კი მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან გაუმართლა ანას...
– ჰო... შენც, ალბათ, დევიდისნაირს ეძებ, ხო?
– რას ნიშნავს – ვეძებ? რისთვის უნდა ვეძებდე?
– ხომ ამბობენ, გოგოებს თავისი მამის მსგავსი მამაკაცები უნდათ ქმრებადო.
– ყოჩაღ, ეგ სად წაიკითხე? – ყასიდად შეაქო დეამ, – არ მეგონა, ასეთი ფილოსოფიური სიღრმეებით თუ იყავი გატაცებული.
– მე? რას ამბობ! შენსავით კი არ ვარ, ანეკდოტის წაკითხვაც კი მეზარება. დედაჩემმა მითხრა... შემჭამა თავისი სტერეოტიპებით.
– პოლონელ ქალს სტერეოტიპები აქვს?
– ვის, მარას? გაგიჟდები, ისეთი. მამაჩემი კი ნამდვილი ირლანდიელი ველურია. არ იცი, როგორ უნდოდა, მედიცინა შემესწავლა. დღესაც ვერაფრით ვერ შეეგუა იმას, რომ სწავლაზე არ ვგიჟდები და მხოლოდ ხელოვნება მაინტერესებს.
– სულ ტყუილად. მშვენიერი პროფესია გაქვს არჩეული. მე ძალიან მომწონს.
– რა ვიცი, ვილი კი თავს იგიჟებს. სულ შენ მოჰყავხარ მაგალითად: სერიოზული გოგოა. იურისპრუდენციას კაცები ვერ სწავლობენ. სამართლის ცოდნას სერიოზული გონებრივი მონაცემები სჭირდებაო.
– ჰა, ჰა, ჰა, ესე იგი, მე შენთვის პრობლემა ვყოფილვარ.
– არა, რას ამბობ... – ლინა მხარზე მიეხუტა დეას, – იცი, როგორ მიხარია, რომ გადაწყვიტე და ჩემთან ჩამოხვედი? მართალია, ვიცი, ამისთვის სხვა მიზეზი გქონდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ოდესმე ხომ მეტყვი, რატომ დაინტერესდი იმ სანდროთი?
– კი, ოდესმე აუცილებლად გეტყვი. მაგრამ განსაკუთრებული არაფერია, დამიჯერე. უბრალოდ, მაინტერესებს, როგორები არიან ქართველი ბიჭები – მე ხომ საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ.
– როგორ? ერთხელაც არა?
– არა. ანა მპირდებოდა, წაგიყვანო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ვიყავი, მაგრამ, როგორღაც, არ გამოვიდა
– რატომ? იქ ნათესავები არ გყავს?
– მგონი, მყავს, თუმცა მე არ ვიცნობ. ქართულად კი ვლაპარაკობ, მაგრამ საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.
– იცი, მე და შენ რა ვქნათ? – ერთად წავიდეთ... შენ საქართველოში დამპატიჟე, მე პოლონეთში წაგიყვან. მოგეწონება კრაკოვი. ბაბუა მაგარი ტიპია, თან გადაგყვება. იცი, რა სიმპათიურები არიან პოლონელი ბიჭები? ეგ შენი სანდრო აღარც კი გაგახსენდება, – მხიარულად აკისკისდა ლინა, – იმხელა მხრები აქვთ... ცისფერი თვალები.
დეა მოიღუშა:
– ხომ გთხოვე, „ჩემი სანდრო“ – ასეთი არ არსებობს და მეტად აღარ მითხრა.
ლინამ მხრები აიჩეჩა:
– კარგი. ისე ვთქვი, ვიხუმრე... არ გადაიფიქრე გასეირნება.
– არა, კიდევ უფრო მომინდა. შენ თუ გინდა, დაიძინე.
– მეეჭვება, ახლა დამეძინოს, მაგრამ გარეთ გამოსვლა ძალიან მეზარება. შენს მოსვლამდე თავს რამით შევიქცევ, მერე წავიდეთ და სადმე გემრიელად ვისადილოთ...
***
ქალი სარკის წინ იჯდა და სახეზე თითოეულ ნაკვთს ყურადღებით აკვირდებოდა... შედეგით კმაყოფილმა, ბოლოს გაიღიმა. პატარა მაგიდიდან სიგარეტი აიღო, მოუკიდა და სავარძელში ნერვიულად გადაწვა... ოთახში მამაკაცი შემოვიდა, მაგრამ ქალს მისკენ არ გაუხედავს. ისე იჯდა, თითქოს არც შეუნიშნავს, ოთახში მარტო რომ აღარ იყო.
– შენ სახლში ხარ? – გაიოცა კაცმა, – უკვე მოხვედი?
– დიახ. აბა, რა გეგონა, პროცედურებზე დილამდე დავრჩებოდი და შენც გაილაღებდი სახლში მარტო მყოფი? – გესლიანად მიუგო ქალმა. გაღიზიანებული, აგრესიული ტონი ჰქონდა, ჩხუბისთვის რომ მზად არიან ხოლმე, ისეთი.
კაცმა ხელი ჩაიქნია:
– მოკლედ, შენთან ლაპარაკი შეუძლებელი ხდება. დღითი დღე გემატება აგრესია.
– მერე, იქნებ გეკითხა, რა არის ამისი მიზეზი? – იმავე ტონით განაგრძო ქალმა, – თუ, არ გაინტერესებს?
– რომც მაინტერესებდეს, ამით რა შეიცვლება? მუდმივად უკმაყოფილო ხარ, რა არ გყოფნის, ვერ გავიგე. ყოველდღე უამრავ ფულს გაძლევ და არც გეკითხები, რაში ხარჯავ. კიდევ რას ითხოვ ჩემგან?
– ყურადღებას! მე ქმარი მჭირდება და არა საფულე! – ხმას აუწია ქალმა.
– აჰა, დაიწყო ისევ! – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა კაცი, – რა გინდა, გამაგებინე. თექვსმეტი წლის ბიჭი ხომ აღარ ვარ, ფანჯრის წინ სერენადები გიმღერო და ვარდის ფურცლებით გულები დაგიხატო? კარგი, რა, ლენუკა, ნუ დამღალე!
– თურმე დავღალე... მე დავღალე, აღარ შეუძლია, კაცს, ისეთი პრეტენზიული ცოლი ჰყავს... ვაიმე, როგორ მეცოდები!..– ყასიდად გაინაზა ქალი, – გინდა, გითხრა, ფულს დაუნანებლად რატომ მაძლევ?! ამით ჩემს მოთმინებას ყიდულობ, რომ, ერთხელაც, ჭკუაზე არ გადავიდე და არ გაგიფრინო.
– ჰო, ეგ არ შეგეშლება, ისტერიჩკა რომ იყავი, ყოველთვის ვიცოდი, – ამოიოხრა კაცმა, – გეხერხება ჩემთვის ცხოვრების გამწარება.
– ცხოვრებას შენ თვითონ იმწარებ. როგორ არ გრცხვენია ამხელა კაცს, შვილის ტოლ გოგოებში რომ დაწანწალებ? ფუი, გული მერევა, ამას რომ წარმოვიდგენ, – ქალმა სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და ქმარს ავად შეხედა, რომელმაც სწრაფად მიიღო მიამიტი, შეურაცხყოფილი ადამიანის გამომეტყველება და თეატრალურად ამოიოხრა.
– ეგ შენი იდიოტური ეჭვიანობა ორივეს ბოლოს მოგვიღებს. საიდან მოიტანე, რომ დავწანწალებ? უამრავი საქმე და საზრუნავი მაქვს, რომ შენ და შენს შვილს არაფერი მოგაკლდეთ... ეტყობა, ადვილი გგონია ფულის შოვნა. წაბრძანდი, სცადე და მაგ შენი „ბოტოქსების“ საკეთებელი ფული მაინც იშოვე. მერე მიხვდები, მე რა დღეში ვარ... „ნაშებისთვის“ მიტოვებთ დროს?
ქალმა გადაიხარხარა:
– ღმერთო! რომ არ გიცნობდე, დავიჯერებდი! საწყალი, დაჩაგრული ბიჭი ეჭვიანი, ანჩხლი ცოლის ხელში... მართლა, ბავშვს დაურეკე, დაელაპარაკე?
– ბავშვია ოცდასამი წლის ბიჭი?! მიდი, მიდი, ჩვილივით მოექეცი და გააფუჭე ეგეც.
– შენი საქმე არ არის. ეგოისტი ხარ და ვერ აგიტანია, სანდროს შენზე ძალიან მე რომ ვუყვარვარ.
– ეგ საიდანღა მოიტანე, რატომ უნდა მაღიზიანებდეს ის, რომ უყვარხარ? დედა ხარ და უნდა უყვარდე. მგონი, პირიქით, შენ გიჟდები, როცა ბიჭი ჩემ მიმართ სითბოს იჩენს.
– ამიტომაც გადახვეწე, ხომ, იმ ცივ, წვიმიან ქვეყანაში?! გვერდიდან მოიგლიჯე და მარტოდმარტოა ბავშვი... მეც არ მიშვებ, რომ წავიდე და მივხედო! – თვალები აუცრემლდა ქალს. კაცმა ბრაზით შეხედა:
– ჰმ, უყურე ახლა ამას! თავი გადამჭამე უცხოეთში უნდა მიიღოს ბიჭმა განათლებაო და, ახლა უკმაყოფილო ხარ? იცი მაინც, რამდენი მიჯდება მაგისი იქ შენახვა?
– არ ვიცი და არც მაინტერესებს.
– ჰო, რატომ დაგაინტერესებს?! შენ მარტო პრეტენზიებს მიფრქვევ და ფეხებზე გკიდივარ. ბოლოს სადილი როდის მომიმზადე, გახსოვს?
– კარგი რა, მაგისთვის მზარეული გვყავს. შენ თუ გახსოვს, სექსი როდის გვქონდა ბოლოს? – სარკასტული ღიმილით მიუბრუნდა ქალი, – სხვათა შორის, ამ სფეროში მომსახურე პერსონალიც არ დაგიქირავებია ჩემთვის.
– სულ გაუბერე, ხომ? – მოიღუშა კაცი, – ლენუკა, გეყოფა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი!
– მაგრად ჩაკეტე ეგ საზღვარი, ნაშები არ შემოგიცვივდნენ, – დასცინა ცოლმა, – გეკითხები, ელაპარაკე ბავშვს?
– არა. ეტყობა, კარგად არის და არც ფული შემოლევია ჯერ, თორემ, დარეკავდა თვითონ.
– ეგ ირონია რომ არ გქონდეს, რა გეშველებოდა. ფულზე გამახსენდა: ათასი დოლარი მჭირდება, გარდერობი მაქვს გასაახლებელი.
კაცმა უსიტყვოდ ამოიღო საფულე და რამდენიმე ტკიცინა ასდოლარიანი გაუწოდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში