ქალური შურისძიება
ძმები გააოგნა მოსმენილმა ამბავმა, განსაკუთრებით – დიმიტრი.
– მაშ, ნუცას დაწერილია ეს წერილი?! – უკვე მერამდენედ იმეორებდა გაოცებული და სიტყვებს ვეღარ პოულობდა თავისი გულისტკენის გამოსახატავად. ბოლოს ისე აღელდა, მზია იძულებული გახდა, დასამშვიდებელი ნემსი გაეკეთებინა.
– რატომ გააკეთა ნუციკომ ეს? – დაეჭვებით ჰკითხა გიორგიმ მზიას, როცა დიმიტრის ჩაეძინა და ჩაის დასალევად გავიდნენ სამზარეულოში.
– თავისი ბავშვური ჭკუით, შური იძია, – მოკლედ უპასუხა მზიამ.
– ვის გამო? – ჩაეკითხა გიორგი.
– ძირითადად, დედის გამო; ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მითხრა.
– რაღაც, საეჭვოდ მეჩვენება... – ჩაფიქრებით თქვა გიორგიმ, – დედ-მამის გაყრიდან რამდენიმე წლის შემდეგ?!. შენ რაღაცას მიმალავ, მზია!
გოგო გაწითლდა და თავი ჩაღუნა, მერე თვალებში შეხედა გიორგის და თამამად უთხრა:
– ეს რომ ჩემი საიდუმლო იყოს, ბატონო გიორგი, ანუ, მე რომ შემეხებოდეს, ალბათ, გეტყოდით, მაგრამ, უფლება არ მაქვს, სხვისი ცხოვრება ვინმესთან განვიხილო. ამიტომ, ნუ მთხოვთ იმის გაკეთებას, რასაც არასდროს გავაკეთებ...
– მაგრამ, ეს ხომ საქმეს სჭირდება?
– საქმეს არაფერი აღარ სჭირდება, ბატონო გიორგი. ჩვენი მიზანი იყო, წერილის ავტორი გვეპოვა და ამ წერილის დაწერის მიზეზი გაგვეგო. ორივე ამოცანა შესრულებულია, ამიტომ... – და მზიამ ჟესტით გამოხატა, რომ ამით დაასრულა ამ თემაზე საუბარი.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგიმ გაიფიქრა, სწორედ ახლა არის ხელსაყრელი დრო, ჩემი სათქმელი ვუთხრაო. ადგა, სამზარეულოში გაიარ-გამოიარა, მერე ისევ დაჯდა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გაჩუმებულ გოგოს შეხედა.
– მზია... – უთხრა ჩუმად.
მზიამ თავი ასწია და, მისი ჩურჩულით გაკვირვებულმა, გაუბედავად შეხედა უხერხულობისგან დაბნეულ მამაკაცს:
– გისმენთ, ბატონო გიორგი, მაგრამ, თუ ახლა იმას ცდილობთ, რომ მაინც მათქმევინოთ რამე, სულ ტყუილად ირჯებით.
მთავარი სათქმელისთვის უკვე თითქმის მომზადებულმა გიორგიმ უცბად დაკარგა გამბედაობა და სულ სხვა რამ ჰკითხა:
– გუგას ნახვას მაინც აპირებ?
– ისე თუ ვნახავ, მოსაკითხად, თორემ, მასთან გასარკვევი აღარაფერი გვაქვს.
გიორგიმ გუნებაში ხელი ჩაიქნია, სიყვარულის ახსნა სხვა დროისთვის გადადო და გუგაზე საუბარი განაგრძო:
– როგორ არ გვაქვს. ჩვენ ხომ გვინდოდა, გაგვერკვია, რატომ უთხრა კომაში მყოფ დიმიტრის რეანიმაციაში, ერთით ერთიაო და ეს მერეც, მგონი, დაკითხვაზეც გაიმეორა?
მზიას კინაღამ წამოსცდა, ეს უკვე გავარკვიეო, მაგრამ, დროზე შეიკავა თავი.
– ეგ სიტყვები მის პირად ცხოვრებას ეხება, ამიტომ, არც უფლება გვაქვს და არც მიზანშეწონილად მიმაჩნია, ამაზე ჩავეძიოთ.
– შენ თუ გეუხერხულება, მე ვკითხავ, – თქვა გიორგიმ, მაგრამ, მზიას უკმაყოფილო სახეს რომ შეხედა, დაამატა: – ოღონდ, ძალიან ფრთხილად და ტაქტიანად.
– ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ბატონო გიორგი, არ გირჩევთ, მით უმეტეს – ახლა.
– „მით უმეტეს ახლა“ რას ნიშნავს?
– თქვენ ძალიან დაეხმარეთ გუგას ციხიდან გამოსვლაშიც და მერეც, იმდენი რამე რომ გამატანეთ მასთან. ჰოდა, ამ ყველაფრის მეორე დღესვე რომ მიხვიდეთ მასთან და მის სულში დაიწყოთ ხელების ფათური... მაპატიეთ, – გაწითლდა მზია, რადგან, საკმაოდ უხეშად გამოუვიდა ნათქვამი, მაგრამ, მაინც განაგრძო: – გამოდის, რომ, იმისთვის, რაც გაუკეთეთ, სანაცვლოს ითხოვთ, რაც არასწორად მიმაჩნია.
– ჰო, ალბათ, შენ მართალი ხარ, მაგრამ, ამ კითხვაზე ფიქრი სიცოცხლის ბოლომდე არ მომასვენებს, – დაფიქრებით თქვა კაცმა.
– თუ ღმერთს უნდა, მაგასაც გავიგებთ, – თბილად უპასუხა მზიამ და თანაგრძნობით შეხედა თვალებში.
მისი ხმითა და მზერით გულაჩუყებულმა გიორგიმ, თავისთვისვე მოულოდნელად, მზიას ხელი ხელისგულებში მოიქცია და უთხრა:
– რომ იცოდე, რა ლამაზი ხარ ამ წუთში...
დაბნეულმა გოგომ ხელის წართმევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და თითქმის ტირილით შეევედრა:
– არ გინდათ, ბატონო გიორგი... ძალიან გთხოვთ, გულს ნუ მატკენთ და ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას ნუ გადაუსვამთ ხაზს...
– არა, შენ ვერ გამიგე, მზია, – ოდნავ მოემატა სითამამე გიორგის, – მე შენ მიყვარხარ და, მინდა, მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ...
– რა?! – ჩაიჩურჩულა მზიამ და თვალები მაგრად დახუჭა, რომ თავისი გაოგნება დაემალა.
– ჰო, ვიცი, რომ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ზედმეტი თვითდაჯერებულობაა შენგან სამაგიერო გრძნობის მოთხოვნა, მაგრამ, გულს ვერ უბრძანებ. მართლა მიყვარხარ, მეც მომენატრა ბედნიერება და, მინდა, რომ შენც ბედნიერი იყო ჩემ გვერდით.
– ანუ, ცოლობას მთხოვთ? – ისევ ჩურჩულით თქვა მზიამ და თვალები ნელ-ნელა გაახილა, – მე, უპატრონო გოგო, უბრალო ექთანი, გინდათ, რომ თქვენი ცოლი გავხდე?
– ჰო, მინდა კი არა, ვოცნებობ ამაზე, – აღელდა გიორგი, – შენმა სიყვარულმა პატარა ბიჭად მაქცია და, მზად ვარ, მთები გადავდგა შენ გამო...
– ბატონო გიორგი, ჩემთვის ასეთი სიტყვები ჯერ არავის უთქვამს, – ცრემლი მოადგა თვალებზე მზიას.
– არც მე მითქვამს ასეთი სიტყვები არავისთვის, გეფიცები.
– თქვენ ხომ ცოლი გყავდათ და, როგორც ვიცი, ძალიან გიყვარდათ, – ფრთხილად თქვა მზიამ.
– ჰო, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და, როგორც ჩანს, ამდენი სიტყვის საჭიროებაც არ იყო, ან, უბრალოდ, ეს სიტყვები მაშინ არც კი ვიცოდი, – სევდიანად გაეღიმა გიორგის.
– თქვენ ის ახლაც გიყვართ, ხომ ასეა?
– ჰო, მაგრამ, ის აღარ არის. მე, ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ჩემი წარსული, ჩემი ახალგაზრდობა მიყვარს, მაგრამ, ეს სულაც არ მიშლის ხელს იმაში, რომ ისევ მიყვარდეს. თუ შენ დათანხმდები ჩემს წინადადებას, უბედნიერეს კაცად მაქცევ და, დარწმუნებული ვარ, ამით ნინოც გაიხარებს იმქვეყნად.
მზია თავდახრილი იჯდა მაგიდასთან და აწითლებულ სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული. სიჩუმე მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ გიორგის საუკუნედ მოეჩვენა. ფრთხილად ჩამოაღებინა ხელები სახიდან, თვალებში ჩახედა და ძალიან ნაზად ჰკითხა:
– დავიჯერო, სულ არ გიყვარვარ? დავიჯერო, მეც და დიმიტრისაც მოგვეჩვენა, რომ გულგრილი არ ხარ ჩემ მიმართ?
მზია ფართოდ გახელილი თვალებით შესცქეროდა მის წინ მჯდარ კაცს და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე.
– მზია, მე პასუხს ველი, პასუხს ერთადერთ კითხვაზე და, ძალიან გთხოვ, გულწრფელად მიპასუხე: მე და დიმიტრის მოგვეჩვენა...
მზიამ წინადადება აღარ დაამთავრებინა, არც ტირილი შეუწყვეტია, მხოლოდ გაიღიმა, თავი ოდნავ გააქნია და ძალიან ჩუმად თქვა:
– არა...
– რა – „არა“? – შეკრთა გიორგი.
– არ მოგჩვენებიათ... – ძლივს ამოიჩურჩულა მზიამ.
– ესე იგი?! – გიორგიმ მზია სკამიდან წამოაყენა და თვალებში ჩააცქერდა, – ესე იგი, თანახმა ხარ, ჩემი ცოლი გახდე?
– თანახმა ვარ... – თქვა მზიამ და გიორგის მკერდზე მიაყრდნო თავი.
კაცმა გულში ჩაიკრა ბედნიერებისგან დაბნეული გოგო და ხმის ამოღებას ვეღარ ბედავდა. ალბათ, ასე იდგებოდნენ კარგა ხანს, სამზარეულოს კარზე დაკაკუნების ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა. გაოცებულებმა გაიხედეს და გაღებულ კარში ყურებამდე გაღიმებული დიმიტრი იდგა.
– ამათ უყურე, რა დღეში არიან! მე იქ მთელი ამბები ვიჩალიჩე, ამათ კი აღარც ვახსოვარ! აღარ აპირებთ ამ დახუთული სამზარეულოდან გამოსვლას?
სახეგაბრწყინებულმა გიორგიმ ხელი ჩაჰკიდა მზიას და ოთახისკენ წაიყვანა. წინ დიმიტრი მიუძღოდათ ეშმაკური ღიმილით. ოთახში შუქი იყო ჩამქრალი და ბნელოდა. ის იყო, გაოცებულ გიორგის უნდა ეკითხა ძმისთვის, რა ხდებაო, რომ დიმიტრიმ ტაში შემოჰკრა. მაშინვე გაჩახჩახდა ჭაღი და მზიას უცბად ეგონა, რომ ზღაპარში ამოყო თავი, ან, უცნაურ სიზმარს ხედავდა: მთელი ოთახი ულამაზესი თაიგულებით იყო სავსე, შუაში დადგმულ მაგიდაზე კი სადღესასწაულო ტორტი და შამპანურის ბოთლები ეწყო.
– შენ რა, ჯადოქარი ხარ? – გაოცებას ვერ მალავდა გიორგი, – წეღან არ გაგიკეთა მზიამ დასაძინებელი წამალი?
– წეღან კი არა, ორ საათზე მეტი გავიდა, რაც თქვენ იქ ჟღურტულებდით. ამასობაში, გამეღვიძა, თქვენი საუბარიც გავიგონე, მივხვდი, რითაც დასრულდებოდა ეს ყველაფერი და, გადავწყვიტე, სიურპრიზი მომეწყო.
– მერე, ამ შუაღამისას სახლიდან გაუსვლელად როგორ მოიტანე ამდენი ყვავილი?
– ღმერთმა მეგობრები გვიმყოფოს კარგად, – სიცილით თქვა დიმიტრიმ და დაიძახა: – დათკა, შემოდი!
უცებ აივნის კარის წინ ჩამოკიდებული სქელი ფარდა გადაიწია და გამოჩნდა გაღიმებული დათო, რომელსაც მარცხენა ხელი ზურგს უკან ჰქონდა წაღებული, მარჯვენა ხელის სამი თითით კი მრგვალი სინი ეკავა, რომელზეც შამპანურით სავსე ოთხი ფუჟერი იდგა. მან გამოცდილი ოფიციანტივით შესთავაზა სასმელი სამივეს, მეოთხე ფუჟერი თვითონ აიღო და დიმიტრის თვალით ანიშნა, პირველმა შენ უნდა დალოცოო.
ის იყო, დიმიტრიმ სადღეგრძელოს თქმა დააპირა, რომ უცებ გიორგიმ იყვირა:
– მოიცა, ჯერ არაფერი თქვა! ერთი წუთით დამელოდეთ, რაღაც დამავიწყდა! – მერე პატარა ბიჭივით ატაცებული გავარდა თავისი ოთახისკენ. მართლაც ერთი წუთის შემდეგ, ისევ სირბილით დაბრუნდა უკან, გაოცებული საზოგადოების თვალწინ ცალ მუხლზე დაეშვა მზიას წინ, ხავერდის პატარა კოლოფიდან ბრილიანტის ულამაზესი ბეჭედი ამოიღო და საზეიმო ხმით უთხრა:
– ოფიციალურად გთხოვ, გახდე ჩემი ცოლი! – მერე ბეჭედი თითზე გაუკეთა და ღიმილით თქვა: – ზუსტად მოგერგო, თუმცა, მაღაზიაში გამყიდველს შევუთანხმდი, თუ დიდი ან პატარა მოგივიდოდა, გამომიცვლიდა.
მთელი ღამე მხიარულ საუბარში გაატარეს.
– ხვალვე დავურეკავ ჩემს თინანოს და ქმარ-შვილთან ერთად დავპატიჟებ ჩვენს ქორწილში, – თქვა გიორგიმ, – დიდი ქორწილი უნდა გადავიხადოთ, მერე კი სამოგზაუროდ წავალთ, – უთხრა მზიას და გულში ჩაიკრა.
– მე მგონია, დიდი ქორწილი საჭირო არ არის. ჯვარს რომ დავიწერთ, მხოლოდ უახლოესი ადამიანები მოვიწვიოთ. არ მიყვარს ძალიან ხალხმრავალი ქორწილები, – მორიდებით თქვა მზიამ.
– კარგი, ეგ მერე გადავწყვიტოთ, – აღარ შეეკამათა გიორგი და იმ ადამიანების ჩამოთვლას შეუდგა, ვინც აუცილებლად უნდა დაეპატიჟებინათ.
– ბატონო დიმიტრი, შენ არ დალიო, მარტო გვადღეგრძელე! – ყოველ წუთში შენიშვნას აძლევდა მზია.
– გოგო, დღეიდან რძალი ხარ ჩემი და დაანებე თავი ამ „ბატონოს“; თანაც, ამ საღამოს მაინც დაივიწყე, რომ შენი ავადმყოფი ვარ და თავი დამანებე! – ხუმრობით შეუწყრა დიმიტრი.
– მზია ნებისმიერ სიტუაციაში თავის ამპლუაშია, – გაეცინა გიორგის და აწითლებულ საცოლეს შუბლზე აკოცა.
მეორე დღეს გიორგი ადრე გავიდა სახლიდან – სამსახურში უნდა შევიაროო; შუადღისთვის კი უამრავი პარკითა და კოლოფით დაბრუნდა და მზიას წინ ნაყიდი ნივთების მთა დააყენა.
– რაც არ მოგეწონება, არ მოგერიდოს, მითხარი. მხოლოდ საქორწილო კაბა და ფეხსაცმელი არ მიყიდია. ფულს მოგცემ, ვინმე გაიყოლე და თვითონ შეარჩიე, შენი გემოვნებით.
მზია გაფართოებული თვალებით უყურებდა ამდენ საჩუქარს და ხმას ვერ იღებდა.
– რა იყო, მოხდა რამე? – შეწუხდა გიორგი.
– არა, არაფერი, – ჩაფიქრებით თქვა მზიამ.
– აბა, რა მოგივიდა, რატომ უყურებ ამ ყველაფერს ასე დაფიქრებული?
– იცი, მე მგონი, კონკიას ზღაპარი ჩემზეა დაწერილი, – გაეღიმა მზიას.
***
საღამოს ირაკლი ქებაძემ დაურეკა მზიას, დიმიტრის შესახებ გამოჰკითხა ყველაფერი და შეჰპირდა, კლინიკიდან პირდაპირ თქვენთან წამოვალო.
პროფესორს კარი დიმიტრიმ გაუღო და ოთახში შეუძღვა.
– ოჰო, როგორ მოგირთავთ ოთახი! – აღნიშნა ქებაძემ, – რამე ხდება?
– დიახ, ბატონო ირაკლი, გიორგი ცოლს ირთავს, მალე ქორწილი იქნება და, იცოდეთ, რომ აუცილებლად უნდა მობრძანდეთ. დღესა და საათს უახლოეს დღეებში გაცნობებთ.
– მართლა? გილოცავთ, აუცილებლად მოვალ. მერე ტუმბოდან მზიას ჩანაწერების რვეული აიღო, ყურადღებით გადაავლო თვალი და მხოლოდ შემდეგ იკითხა გაკვირვებულმა:
– მზია სად არის?
– მზია საქმროს გაჰყვა რაღაც საქმეების მოსაგვარებლად.
– ვის გაჰყვა?! – ყურებს არ დაუჯერა ქებაძემ.
– დიახ, არ მოგესმათ. მზიაც გავათხოვეთ, – გაეცინა დიმიტრის, – და მალე ქორწილი ექნება.
– ძალიან მიხარია. ესე იგი, ორ ქორწილში მომიწევს ქეიფი?
– არა, ბატონო ირაკლი, ერთ ქორწილში, – ძალით დაისერიოზულა თავი დიმიტრიმ.
– როგორ, მზია არ მპატიჟებს ქორწილში?! – გაუკვირდა პროფესორს.
– რა თქმა უნდა, გპატიჟებთ.
– მერე, ორი ქორწილი არ გამოდის?
– არა, მაინც ერთი გამოდის, – ღიმილი ვეღარ შეიკავა დიმიტრიმ.
– ანუ... – მიხვდა ქებაძე და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
– დიახ, „ანუ“, – დაეთანხმა დიმიტრი სიცილით.
– რას მელაპარაკებით! – სიხარულით წამოიძახა პროფესორმა, – მართლა ძალიან გამიხარდა. ეს გოგო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას. სწორედ მასზეა ნათქვამი: „ობლის კვერი ცხვაო, ცხვაო და გვიან გამოცხვაო“. ისე, ძალიან ჭკვიანი კაცი ყოფილა თქვენი ძმა, მზია ნამდვილი განძია მამაკაცისთვის.
– დიახ, გიორგიც ასე ფიქრობს. პატარა ბიჭივით არის შეყვარებული, ბედნიერებისგან დაფრინავს.
– თუ დღეს ვერ მომისწრეს, ჩემ მაგივრად ორივეს მიულოცეთ, თუმცა, მე თვითონ დავურეკავ, – თქვა პროფესორმა, მერე დიმიტრი გასინჯა, ახალი მითითებები ჩაუწერა მზიას რვეულში და წავიდა.
***
მზია და გიორგი თითქმის მთელი თვე საქორწილო სამზადისში იყვნენ და გუგასთან დარეკვა აღარ გახსენებიათ, მით უმეტეს, რომ ნახვასა და მასთან საუბარს აღარ აპირებდნენ, რადგან, პრაქტიკულად, გასარკვევიც აღარაფერი ჰქონდათ. მაგრამ, დიმიტრის არ ასვენებდა ერთი საკითხი – რატომ უთხრა გუგამ, ერთით ერთიაო. ეს იმას ნიშნავდა, რომ რევანში აუღო, სამაგიერო გადაუხადა, მაგრამ, რით? ისე აეკვიატა ამაზე ფიქრი, რომ მთელი ღამეები არ ეძინა და თავის და გუგას წარსულში იქექებოდა, იქნებ რამე ისეთი გაეხსენებინა, რაც პასუხს აპოვნინებდა ამ კითხვაზე.
ნანიტას შერთვის შემდეგ გუგასთან დაკავშირებული თითქმის ყოველი დღე გაიხსენა, მაგრამ საინტერესოს ვერაფერს მიაკვლია; ერთ ღამეს კი, როდესაც ამ საკითხზე ფიქრში ჩაეძინა, უცნაური სიზმარი თუ ჩვენება ნახა: სამსახურში სერიოზული უსიამოვნება შეხვდა და სახლში განერვიულებული დაბრუნდა. გაუხარდა, ნანიტას წერილი რომ დახვდა – დედაჩემთან ვართ და ხვალ საღამომდე არ მოვალთო. მაშინვე კონიაკი გამოიღო ბარიდან და პირდაპირ ბოთლით მოიყუდა. რომელიღაც ნაძირალა თანამშრომლის წყალობით, ფირმას დიდი ვალი დაედო, რაც დიმიტრის ერთ კვირაში უნდა დაეფარა. ეს ისეთი მოულოდნელი შოკი იყო ყველასთვის, რომ დიმიტრიმ ეჭვიც კი ვერავიზე მიიტანა. ჭკუიდან გადასულმა, თანაშემწეებს დავალებები მისცა მომხდართან დაკავშირებით, იმ ნაძირალას ვინაობის გარკვევა კი მეორე დღისთვის გადადო, რადგან, ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და, შეეშინდა, რამე არ დამემართოსო. ბოღმისგან გული გახეთქვაზე ჰქონდა. თითქმის მთელი ბოთლი კონიაკი დაცალა, მაგრამ შვება ვერ იგრძნო, მხოლოდ მსუბუქად მოეკიდა ალკოჰოლი. ის იყო, დაწოლა გადაწყვიტა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. არავის ელოდა და გაუკვირდა – ვერ მიხვდა, ვინ უნდა ყოფილიყო. ჯერ იფიქრა, არ გავაღებო, მაგრამ, ზარი რამდენჯერმე განმეორდა და იძულებული გახდა, კარი გაეღო. ბოლომდე გამოხსნაც ვერ მოასწრო, რომ ბინაში გუგა შემობანცალდა, თან უცნაურად აკანტურებდა თავს და მთელი სხეულით თრთოდა. დიმიტრი უცბად მიხვდა ყველაფერს და საშინლად გაბრაზდა, რადგან, დარწმუნებული იყო, რომ, გუგამ, როგორც თვითონ ამბობდა, „გადააგდო წამალი“ და საქმიანი კაცი გახდა.
– როგორ გაბედე ჩემთან მოსვლა, თანაც, ასეთ მდგომარეობაში? – უყვირა გაცოფებულმა, ქურთუკში ხელი ჩაავლო და კარისკენ უბიძგა, – ახლავე წაეთრიე აქედან და ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან!
მაგრამ გუგას არანაირი რეაქცია არ ჰქონია ასეთი „გულითადი“ მიღების გამო, ჯიბეებში დაიწყო ფათური და მიკნავებული ხმით შეეხვეწა:
– აუ, ძმურად, ახლა არ გამაგდო, რა! უცბად გავიკეთებ და ხუთ წუთში წავალ. ამ ერთხელ, რა, ძმურად! – მერე ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, ჩაბღუჯული ქურთუკი დიმიტრის ხელში შეატოვა, ძლივს მიაგნო სამზარეულოს, გაზქურა გაჭირვებით აანთო და აკანკალებული ხელებით დაიწყო „წამლის“ მომზადება. დიმიტრი ისე გააოცა გუგას თავხედობამ, რომ ხმა ვეღარ ამოიღო, მექანიკურად გაჰყვა უკან და დაძაბული უყურებდა, როგორ მოხერხებულად მოიჭირა მკლავზე „ჟგუტი“ მისმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა და როგორ ექიმისთვის შესაშური სიზუსტით გაირჭო ვენაში ინსულინის შპრიცი. ორი წუთის მერე გუგას კანკალმა გაუარა, სახე დაუმშვიდდა და რაღაცნაირი ცხოველური გამომეტყველება მიიღო – უაზროდ მშვიდი და აბსოლუტურად უემოციო. რამდენიმე წამის შემდეგ კი მიბლეტილი თვალები სანახევროდ გაახილა და დიმიტრის მიმართა:
– თუ გინდა, ნახევარი დოზა კიდევ მაქვს, შენ გეყოფა, მაგრამ, მერე უნდა გადამიხადო, ძმაო, მეც ვალით მაქვს წამოღებული...
... და, დიმიტრიმ ვეღარ გაიხსენა, რა და როგორ მოხდა. გაახსენდა მხოლოდ ერთი ეპიზოდი: როგორ აიღო მაგიდაზე დაგდებული სისხლიანი შპრიცი; როგორ ეყარნენ იატაკზე ზრდასრული, ჭაღარაშერეული კაცები და გაურკვეველ ფრაზებს ლუღლუღებდნენ. განსაკუთრებით გუგა დადგა ლაპარაკის ხასიათზე და, უკვე კარგად „ჩაკაიფებულ“ დიმიტრის თითქოს სხვა სამყაროდან ნაწყვეტ-ნაწყვეტად ესმოდა გუგას სიტყვები:
– იყო დრო, როცა მართლა გულით მიყვარდი, მაგრამ შენ მე მიღალატე... ნანიტა შენზე მეტად მიყვარდა, თუმცა, არაფერი გამომივიდა – შენ მე საცოლე წამართvი, მერე კი მე „წამალზე“ შევჯექი... ნანიტა ახლაც მიყვარს... „წამალმა“ დამღუპა... ვერა და ვერ შევეშვი... ამის გამო დიდ ვალებში გადავვარდი და სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ, ნუ გეშინია, მალე დავაბრუნებ... არ ვიცი, როგორ, მაგრამ, დავაბრუნებ... შენ კი ნანიტას ღირსი არ იყავი... მეც კაი ქაქი ვარ, მაგრამ, შენისთანა გოთვერანი კაცი ჯერ არ შემხვედრია... შენ მე ცხოვრება დამინგრიე, მეც და ნანიტასაც... ჩემთან ბედნიერი იქნებოდა და მეც არ გავხდებოდი ნარკომანი... ახლაც კი შემიძლია, გავაბედნიერო, ყველაფრის მიუხედავად...
ნირვანაში წასულ დიმიტრის ბუნდოვნად გაახსენდა, რომ ნანიტაზე ძალიან გაბრაზებული იყო და გაგულისებულმა უთხრა:
– არც ახლაა გვიან... შეგიძლია, დაეპადხოდო, მე ნებას გაძლევ... მაგრამ, ვერაფერს მიაღწევ – შენისთანა ტიპები ნაღდად არ ევასება...
– შენ არ გაგიტყდება? ესე იგი, დაბროს მაძლევ? – თითქმის გამოფხიზლდა, ისე გაუკვირდა გუგას.
– არაფერი გამოგივა-მეთქი. თუ არ გჯერა, სცადე. საწოლამდე მიყვანაზე კი არა, კოცნაზეც ვერ დაითანხმებ... თუმცა, თუ რამე გამოგივიდა, ისიამოვნე, ძმაო, მე მაინც აღარ მიყვარს... – სვენებ-სვენებით ამბობდა დიმიტრი.
– სერიოზულად მეუბნები?
– ჰო... მაგრამ, ჩემი ცოლი მარალნა უსტოიჩივი ტიპია და ვერ აცდუნებ.
– მოდი, მაზიანი! – შესთავაზა გუგამ და სახეზე საშინელი ღიმილი გამოესახა.
– რაზე? – ჰკითხა დიმიტრიმ მექანიკურად.
– თუ მოგიგე, ფირმის ვალს გამიქვითავ.
– კარგი, – უაზროდ უპასუხა დიმიტრიმ, გულში კი გაიფიქრა, ნეტავი რა ფირმის ვალზე მელაპარაკებაო. იმ მომენტში ბოლომდე ვერ აღიქვა გუგას უნებლიე აღსარების შინაარსი, მაგრამ, გონზე რომ მოვიდა, ყველაფერს მიხვდა, თუმცა, ნანიტასთან დაკავშირებული „გარიგება“ საერთოდ აღარ გახსენებია, რადგან მთელი მისი გონება იმ ინფორმაციამ მოიცვა, რაც გუგასგან შემთხვევით გაიგო. მეორე დღესვე თავიდან ბოლომდე გადაამოწმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადადგმული მისი ყოველი ნაბიჯი და გაარკვია, რომ „წამლის“ გამო გუგამ ძალიან დიდი ვალი აიკიდა, ფულის საშოვნელად კაზინოში ითამაშა, მაგრამ, მოგების ნაცვლად, ორი იმდენი ვალი დაიმატა, რომელსაც, თვის ბოლომდე თუ არ დააბრუნებდა, მოკლავდნენ. ამანაც, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, რაღაცნაირად მოახერხა და სეიფიდან 50 ათასი დოლარი მოიპარა – ის თანხა, რომელიც დიმიტრის ერთ-ერთი პარტნიორი ფირმისთვის უნდა გადაერიცხა.
დიმიტრი ისე გააცოფა ამ ენით აუწერელმა ნაძირლობამ, რომ, აღარაფერს მოერიდა და აღარავინ დაინდო: გუგას ორ დღეში გააყიდვინა სამოთახიანი ბინა საბურთალოზე და მოპარული ფული უკან დააბრუნებინა, თვითონ გუგა კი ყველა თანამშრომლის თვალწინ, სამარცხვინოდ კინწისკვრით გააგდო სამსახურიდან.
ასეთმა მოპყრობამ თვით ჩაშვებულ ნარკომანშიც კი გააღვიძა უკვე თითქმის გარდაცვლილი თავმოყვარეობა – საშინლად გაბოროტებული გუგა დიმიტრის ოფისში მიუვარდა და, სერიოზული გაწევ-გამოწევის შემდეგ, თანამშრომლების თანდასწრებით დაემუქრა:
– რა, მარტო მე ვკაიფობ? შენც ჩემ გვერდით არ ეგდე იმ დღეს? ფული არჩიე კაცობას? ჩემი კაი მოვ..., თუ მაგრა არ განანო! ბოზიშვილი ვიყო, თუ არ გაგანადგურო!
– რას მიზამ, მესვრი? – აფეთქდა დიმიტრი, – ფეხებსაც ვერ მომჭამ, ნაბიჭვარო, იმიტომ, რომ, იცი, მე მართალი ვარ! შენს კაიფსა და „წამლებს“ ვერ გადავაყოლებ ჩემს სიმწრით აწყობილ საქმეს! წუმპიდან ამოგათრიე, ექიმებთან გატარე, საქმეში ჩაგაყენე, მაგრამ, ვერაფერი დაგანახვე! მილიონჯერ დაგეხმარე, მილიონჯერ დავხუჭე თვალი შენს ნაბიჭვრობებზე, მილიონჯერ გაგაფრთხილე, მაგრამ, სულ მატყუებდი, თავს მაცოდებდი, პირობას დებდი... მართალი ვარ და ენა ჩაიგდე! გინდა „შავებთან“ გავარჩიოთ საქმე და გინდა „თეთრებთან“! იცი, რომ ყველა შენ გაგამტყუნებს და ამიტომაც ხარ გაგიჟებული! აქამდე მართლა მეცოდებოდი, მაგრამ, შენ თუ ყ... ზე დამიკიდე, მეც მკიდიხარ და ასი წელი არ მაინტერესებს, სად ჩაკვდები და ვინ გამოგჭრის ყელს! ახლა კი გაეთრიე აქედან და ერთ კილომეტრზე ნაკლები რადიუსით აღარ მოუახლოვდე აქაურობას, ბარიგები და ნაძირლები არ მჭირდება საქმეში!
გუგა ასეთ შემოტევას მაინც არ ელოდა, თანაც – სახალხოდ. სიბრაზისგან ლამის თვალის გუგები გაუთეთრდა, ხრიალით ჩაისუნთქა ჰაერი და ბოროტად ამოისისინა:
– წუმპიდან ამომათრიე? მერე, ვისი წყალობით აღმოვჩნდი იმ წუმპეში?
– შენი უტრაკობის წყალობით! – ბოლომდე არ დაინდო დიმიტრიმ.
მთლად განადგურებულმა გუგამ მოულოდნელად ძალიან მშვიდად უთხრა:
– არა, დიმიტრი, არ გესვრი; არც ოფისს აგიფეთქებ და არც საწამლავს ჩაგიყრი საჭმელში, მაგრამ, ისე გაგსრეს, ისე გაგანადგურებ, რომ ეს ყველაფერი სანატრელი გაგიხდეს. იცოდე, ყველას ყველაფერი მოეკითხება! არ დაგავიწყდეს დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვებიც კარგად დაიმახსოვრე! ჩაო! – და დამცინავი სახით დაიძრა გასასვლელისკენ. კარამდე რომ მივიდა, მოულოდნელად შეჩერდა, დიმიტრისკენ შემობრუნდა და საშინლად უსიამოვნო ღიმილით გამოცრა:
– ნანიტას რომ ნახავ, ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცი და, კარგად დაიმახსოვრე, რომ ჩვენი მაზიანის პირველი ნაწილი მაინც ძალაში რჩება! – და გავიდა.
დიმიტრის ყურადღება აღარ მიუქცევია გუგას ბოლო სიტყვებისთვის, მხოლოდ სხვათა შორის გაიფიქრა, ნეტავი, რა მაზიანზე ლაპარაკობსო. მერე ძალიან ბუნდოვნად, თითქოს გაახსენდა თუ მიხვდა, რომ ეს სიტყვები რაღაცნაირად ნანიტას ეხებოდა, მაგრამ, ვერაფრით ვერ გაიხსენა, რასთან დაკავშირებით და, ამიტომ, თავის მეხსიერებას აღარ ჩასძიებია...
... დიმიტრიმ დაფეთებულმა გაახილა თვალები. გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. მთლად ოფლში ცურავდა. თვითონაც უკვირდა, ასე დეტალურად როგორ აღიდგინა თავისი ცხოვრების თავიდანვე მივიწყებული ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი.
„მაშ, შეასრულა მუქარა, მივიდა ნანიტასთან და ამით იძია შური ყველაფერზე?.. ამიტომაც გაიძახოდა, ერთით ერთიაო. ეტყობა, ძალიან ეცადა, რომ ღალატზე დაეთანხმებინა, მაგრამ, ნანიტა როგორ წავიდა ამაზე, მაშინ ხომ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი იყო?!“ – გაიფიქრა დიმიტრიმ და იგრძნო, რომ გონებას კარგავდა. დაძახება რომ ვერ შეძლო, საწოლის გვერდით, ტუმბოზე დადგმულ ჭიქას გაჰკრა ხელი და ძირს გადააგდო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში