კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობისმოყვარეობის მსხვერპლი

მის ემილი პროკტორი კონსიერჟი იყო იმ სახლში, სადაც ტოდ მეინსი თავის ახალშერთულ ცოლთან ერთად დაბინავდა და შინაბერა ცნობისმოყვარემაც მაშინვე დაასკვნა: ამ ქორწინებიდან არაფერი გამოვა, ეს მისტერ ტოდი მეტისმეტად ქარაფშუტაა, მისი ცოლი ენი კი – მეტისმეტად ჭკვიანიო. არადა, მეინსები, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, ერთმანეთზე შეყვარებული ცოლ-ქმარი იყო. თუმცა, ემილის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მოსახდენი მოხდებოდა. ინტუიციამ არ უღალატა. საფრთხის პირველმა ნიშნებმა მაშინ იჩინა თავი, როცა სახლში ვინმე პატი პარი დაბინავდა. ოცდაათიოდე წლის, ვნებიანმა, ქერა, მიმზიდველმა პატიმ მეორე სართულზე თავისუფალი ოთახი დაიკავა. იმავე დღეს, საღამოს, ემილი პროკტორმა დაინახა, როგორ გულითადად ესაუბრებოდა ახალი მობინადრე ტოდს და ისე უღიმოდა, როგორც ძველ მეგობარს. „მდაა, – გაიფიქრა მის ემილიმ, – აქ უბედურება მოხდება...“ ორი თვის შემდეგ, ნოემბრის ცივ, მოღრუბლულ დილას, როცა ტოდ მეინსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს გამომცემლობასთან თავისი ახალი წიგნის დაბეჭდვის თაობაზე და ამ ამბის აღნიშვნას საღამოს ცოლთან ერთად, რესტორანში აპირებდა... მის პატის მანქანა გაუფუჭდა. მისი ძველი „შევროლე“ არა და არ დაიქოქა. ამ ამბავს აივნიდან უყურებდა ტოდ მეინსი და, როგორც ჭეშმარიტმა ჯენტლმენმა, მაშინვე შესთავაზა დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ტოდს „შევროლესთვის“ ძალისხმევა არ დაუკლია, მანქანა მაინც არ დაიქოქა. მაშინ დოტმა, რადგან ის ჭეშმარიტი ჯენტლმენი იყო, ქალს შესთავაზა, თუ გადაუდებელ საქმეზე მიბრძანდებით, ჩემი მანქანით წაგიყვანთო. მის ემილი ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი ესმოდა... წყვილი მხიარული სიცილით ჩასხდა ტოდის „ფორდში“ და გაემგზავრა. ორი საათის შემდეგ სახლში ენი მეინსი დაბრუნდა. ქმარი სახლში არ დაუხვდა და ძებნა ჯერ გარაჟში, მერე კი ეზოში დაუწყო. მის ემილი თავისი ბინის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. როგორც კი გადაწყვიტა, ახლა დავურეკავ ენს და მოვუყვები, როგორი არამზადა ქმარიც ჰყავსო, მის ბინაში ტელეფონმა დარეკა.

– მის პროკტორ, ენი მეინსი ვარ. შემთხვევით, ჩემი ქმარი ხომ არ გინახავთ? საღამოს რესტორანში უნდა წავსულიყავით, ის კი სახლში არ არის და, არც ვიცი, სადაა. ცოტა ვღელავ.

 – ნუ იღელვებთ, ძვირფასო, მისტერ ტოდი არ დაკარგულა. მის პარმა თავისი მანქანა ვერ დაქოქა. ტოდმა ჯენტლმენურად შესთავაზა, წაგიყვანთო და წავიდნენ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ...

– ყველაფერი გასაგებია, – მკაცრად თქვა ენმა და ტელეფონი გათიშა.

მის პროკტორი მიხვდა, რომ ქარიშხალი მოახლოვდა. ტოდი იმ ღამით სახლში საერთოდ არ დაბრუნდა. ენი ზემოთ, თავის ბინაში სცემდა ბოლთას – მისი ნაბიჯების ხმა გარკვევით ესმოდა მის პროკტორს, რომლის ბინაც ზუსტად მეინსების ბინის ქვეშ იყო. მეორე დილით ენმა სამსახურში დარეკა და უთხრა, რომ შეუძლოდ იყო, მერე თავისი ნივთები ჩაალაგა და, როცა კიბეზე ჩამოდიოდა, ტოდს გადაეყარა, რომელიც კმაყოფილი სახით  შემოვიდა სადარბაზოში. მანამდე, ათი წუთით ადრე, ემილიმ დაინახა, როგორ შემოიპარა სახლში მის პატი. ტოდი შეშფოთდა, როცა ცოლი ჩემოდნით ხელში დაინახა; მივარდა და, ცდილობდა, როგორმე წაერთმია. ენი გაუძალიანდა.

– მომეშვი, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია! შენს ადვოკატს დაურეკავს ჩემი ადვოკატი, გეყრები...

– ეს ხომ სიგიჟეა! ძველ მეგობარს შევხვდი და ბარში დავლიეთ. ისე დაგვათენდა, ვერც გავიგეთ, შენ კი ეჭვიანობ! – ყვიროდა კაცი.

– არა, არ ვეჭვიანობ. გნახეს და მოისმინეს. საკმარისია, წადი შენს ქერა ძუკნასთან, მე არ გიჭერ... – ენმა ჩემოდანი გამოჰგლიჯა ხელიდან და წავიდა. ტოდმა კბილები გააღრჭიალა და ისე ავად შეხედა მის ემილის, რომ ქალს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში...

მთელი კვირა ტოდი მოღუშული დადიოდა. მის პატმა საერთოდ დაცალა ბინა და სხვა სახლში გადავიდა. მის ემილი ცდილობდა, გზაზე არ გადაყროდა, რადგან, ხვდებოდა, რომ კაცი საშინლად იყო გაბრაზებული მასზე. კონსიერჟი რამდენჯერმე წააწყდა მის გამანადგურებელ მზერას.

ერთ საღამოს, სწორედ იმ დროს, როცა მის ემილი ვარდებს ჭრიდა, ტოდი ეზოში ჩავიდა და მებაღეს, აბრამსს ჰკითხა, აქ კარგი ხერხის ყიდვა სად შეიძლებაო. მერე გავიდა და ერთ საათში თოკითა და ხერხით დაბრუნდა. ცოტა უფრო მოგვიანებით კი კონსიერჟს დაუკაკუნა კარზე.

– ემილი, ჩემო ძვირფასო, მე ვიცი, როგორი ყურადღებიანი და დაკვირვებული ქალბატონი ბრძანდებით. სწორედ თქვენი წყალობით, უკვე ერთი კვირაა, ცოლი აღარ მყავს, – უთხრა ისე გესლიანად, რომ კონსიერჟმა იფიქრა, ნეტავი კარი საერთოდ არ გამეღოო, – მინდა, ახლავე დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა: დღეს ენი მოვა ნივთების წასაღებად. ბინაში თავისი გასაღებით შევა და დიდ სკივრს წაიღებს. ძალიან დამავალებთ, თუ ზედმეტი შეკითხვებით არ შეაწუხებთ.

ორი საათის შემდეგ მის ემილიმ კიბეზე ნაბიჯების ხმა გაიგონა, ღია კარიდან გამოიჭვრიტა და დაინახა, როგორ ადიოდა მეორე სართულზე გრძელ ლაბადაში  გამოწყობილი, სუსტი აღნაგობის ადამიანი. ლაბადა იცნო – მისის ენს ეკუთვნოდა....

მის პროკტორმა ყურადღება დაძაბა, თან, ტოდთან საუბარს იხსენებდა. უცებ მეორე სართულზე საშინელი ბრახუნი ატყდა, რაც ნახევარ საათს გაგრძელდა... მერე კიბეზე ვიღაცამ ხმაურთი ჩამოირბინა. ემილის გონება გაუნათდა – თითქმის დარწმუნდა, რა ჩაიდინა ტოდმა. მან მოკლა თავისი ცოლი და გვამი ყუთში ჩადო. საშინელი წინათგრძნობით შეპყრობილი, უჩუმრად ავიდა მეორე სართულზე, კარი გასაღებით გააღო და ოთახში შევიდა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო: კლიტით ჩაკეტილი სკივრი შუა ოთახში იდგა და ზედ უამრავი მარკა ჰქონდა დაკრული. აბაზანაში ორთქლისგან არაფერი ჩანდა. ეტყობა, ტოდმა აქ დაანაწევრა ცოლის სხეული და ცხელი წყლით მორეცხა კვალიო, – გაიფიქრა კონსიერჟმა. ის იყო, ონკანისკენ ხელი გაიწოდა, რომ, გაიგონა, როგორ ჩაიკეტა მის ზურგს უკან აბაზანის კარი და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მის ემილი ისტერიკაში ჩავარდნილიყო. კარს მივარდა და მთელი ძალით დაუშინა ხელები და ფეხები, თან ისტერიულად კიოდა და მშველელს უხმობდა. ტოდი, ალბათ, მიხვდა, რომ კონსიერჟმა შეიტყო მისი ზრახვების შესახებ და ქალის თავიდან მოშორებაც გადაწყვიტა, ანუ, განწირული იყო – ან ორთქლით გაიგუდებოდა, ან ტოდი მოვიდოდა და ბოლოს მოუღებდა. მობილური მაშინღა გაახსენდა, როცა ყვირილისგან დაიღალა. სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა და უკვე ქოშინებდა, როცა გაიგონა, როგორ გაიჩხაკუნა საკეტმა... ოთახი სავსე იყო პოლიციელებითა და მობინადრეებით და, მათ შორის, ემილიმ ტოდისა და ენის გაოცებული სახეებიც დაინახა.

– რას აკეთებთ ჩემს ბინაში? – ჰკითხა ტოდმა. კონსიერჟმა მას ყურადღება არ მიაქცია. გონება თითქოს დაებინდა. პოლიციელებს მივარდა და ისტერიულად აკივლდა:

– ამან თავისი ცოლი მოკლა და ჩემი მოკვლაც უნდოდა... აქ, სკივრში გვამია...

– მის ემილი ჭკუიდან შეიშალა, – სინანულით თქვა ტოდმა, – აი, ჩემი ყოფილი ცოლი. სკივრს კი ახლავე გავხსნი...

სკივრი პოლიციელების თვალწინ გახსნა და შიგნით ქალის ტანსაცმლის მეტი ვერაფერი ნახეს. პოლიციელებმა მაინც გულდასმით დაათვალიერეს სახლი. ხერხი თაროზე იდო. მის ემილი აკვიატებულივით იმეორებდა: ტოდს ცოლის მოკვლა უნდოდა, რადგან, იჩხუბეს და ამას არ პატიობდა; ხერხიც იმიტომ იყიდაო.

– ღმერთო, ეს ქალი შეშლილია! ხერხი იმიტომ ვიყიდე, რომ ვარდის ერთი ტოტი აივანზე ისეა ამოსული, ლამის თვალი გამოვითხარე. შეგიძლიათ, თავად ნახოთ...

ერთი პოლიციელი მართლა გავიდა აივანზე და, გააღო თუ არა კარი, ვარდის მოზრდილი ტოტი პირდაპირ სახეში მოხვდა...

ნახევარი საათის შემდეგ პოლიციელების გამოძახებულმა სასწრაფომ საწყალი მის ემილი სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანა. 

ტოდი ცოლს მიუბრუნდა:

– გეუბნებოდი, შეშლილია-მეთქი?! შენ კი მისი მონაჩმახის გამო მეყრებოდი.

– ჰო, დავრწმუნდი... საწყალი მის ემილი, ზედმეტად ცნობისმოყვარე იყო. ტოდმა ცოლს შეხედა და გაიფიქრა, რომ ახლა უკვე მოწმეც აღარ ჰყავდა, ანუ ხელ-ფეხი გაეხსნა...

 

 

скачать dle 11.3