ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუაროთ სუროს და რა პირობები შევუქმნათ მას?
პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ სუროს ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცეანრეა. მისი დიდი უპირატესობააა, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც. კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. მცენარე დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ, სურო სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.
კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება კალანჰოეს?
პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერისაა. თუმცა, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.
კითხვა: ხშირი მორწყვა თუ სჭირდება იაპონურ არალიას?
პასუხი: ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი, შედარებით – იშვიათად. თუ ფოთლები მოიწყენს, მიხვდებით, რომ წყალი უნდა. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.
კითხვა: როგორ შევუნარჩუნო ციპერუსს მუდმივი ტენიანობა? როგორც ვიცი, თურმე ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...
პასუხი: ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, მუდმივად სველი ნიადაგი რომ სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად, ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით, რათა წყალი არასდროს მოაკლდეს. ასე, მცენარეს მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება და ფესვებიც სულ ტენიანი ექნება.
კითხვა: იოლი მოსავლელია თუ არა ჯუჯა პალმა ოთახის პირობებში?
პასუხი: ეს პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა გამოშრება. თუ ეს მცენარე სიმშრალეშია, რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.
კითხვა: გამძლეა თუ არა სოლია და როგორ პირობებში ხარობს ის უკეთ?
პასუხი: სოლია გამძლე მცენარეა და 2-3 გრადუს ტემპერატურასაც იტანს. მოსწონს მზის გულზე ყოფნა. ზაფხულში საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვაც უნდა შეამციროთ. ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დიდი მცენარე კარგად უნდა გასხლათ და გაზაფხულზე გადარგოთ, რათა კომპაქტურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. მისთვის უკეთესია, თუ საკიდ კალათში მოათავსებთ და ზამთრის ბაღში დადგამთ.