კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოევლინება ქვეყანას თეიმურაზ ირაკლის ძე ჩოლოყაშვილი და როგორ ცხოვრობენ მის მოლოდინში ირაკლი ჩოლოყაშვილი და მისი მეუღლე

მსახიობსა და დირიჟორ ირაკლი ჩოლოყაშვილს, ამჟამად, შეიძლება ითქვას, ახალი ცხოვრებისეული ეტაპი აქვს. ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ სიახლით დავიწყეთ.

 

ირაკლი ჩოლოყაშვილი: ერთი წლის წინ დავქორწინდი. 

– ვინ არის თქვენი რჩეული?

– ჩემი რჩეული მუსიკოსია – მევიოლინე სალომე ბუკია. სკოლის მოსწავლე რომ იყო, იმ პერიოდიდან ვიცნობდი. სალომე ჩემზე 15 წლით უმცროსია. მე 41 წლის ვარ. 

– ერთმანეთს იცნობდით უკვე დიდი ხნის წინ... ახალი ეტაპი ურთიერთობაში როდის დაგიდგათ?

– როდის და, როცა განვქორწინდი ჩემს ყოფილ მეუღლესთან. ჩვენი დაშორებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ვიქორწინეთ მე და სალომემ.

– სად და როგორ „გადაიკვეთეთ”? 

– მე ხომ მსახიობი და დირიჟორი ვარ. ადრე სალომეს ჩემთან, ორკესტრშიც დაუკრავს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, კონცერტებზე ხშირად დავდივარ და, მოკლედ, ასე მოხდა ეს ამბავი. შარშან, დაახლოებით ამ დროს დავქორწინდით. ახლა, ფაქტობრივად, წლისთავზე, შვილს ველოდებით...

– ოქროსთმიან ვაჟს?...

– ჰო (იცინის). თმის ფერი არ ვიცი, მაგრამ, ისე, ვაჟს ველოდებით. არ გვინდოდა წინასწარ სქესის გაგება, თუმცა, ბოლოს მაინც წაგვძლია სულმა.

– სახელიც ხომ არ შეურჩიეთ უკვე?

– ვნახოთ, ალბათ მამაჩემის სახელს დავარქმევთ – თეიმურაზს.

– როდის მოევლინება ქვეყანას თეიმურაზ ირაკლის ძე ჩოლოყაშვილი?

– უკვე მალე. ვნახოთ, აგვისტომდე თუ გაჩერდება მუცელში (იცინის).

– როგორი ორსულობა აქვს სალომეს, მიზეზობს?

– სალომეს უთხრეს, იმ იშვიათ ორ პროცენტში გადიხარ, რომელსაც ყველაზე მარტივი და უპრობლემო ორსულობა აქვსო. ჩვეულებრივად არის, არც მიზეზობს, არც არაფერი აწუხებს.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– ამ მომენტში სალომე ჩემზე უფრო დაკავებულია, მაგრამ, იმედი მაქვს, მალე გაათავისუფლებენ, იმიტომ, რომ მაინცდამაინც ახლა მუშაობა არ არის მისთვის რეკომენდებული.

– სად მუშაობს სალომე?

– ჯანსუღ კახიძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში. 

– როგორ გაქვთ გადაწყვეტილი, ძიძა გინდათ, აიყვანოთ?

– ყველანაირად ვეცდებით, რომ ავცდეთ ძიძის ინსტიტუტს. მე მგონია, მის გარეშე გავძლებთ; ყოველ შემთხვევაში, ბებიები ჰყავს ბავშვს და, იმედი გვაქვს, ხელს შეგვიწყობენ. ისედაც, არა მგონია, ერთი ბავშვის გაზრდა ისე რთული იყოს, რომ მაინცდამაინც ძიძა დაგვჭირდეს. სალომეს გრაფიკიც ისეთი აქვს, დილის თერთმეტიდან ორ საათამდეა სამსახურში – რეპეტიცია აქვთ მაგ დროს. ამ პერიოდში რაღაცას მოვახერხებთ. მეტი შვილები რომ გვეყოლება, მერე ვნახოთ, რას ვიზამთ.

– რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

– რამდენსაც ღმერთი ინებებს. ჩემი ასაკიდან გამომდინარე – ახლა 41 წლის ვარ, თუ გავითვალისწინებ მამაჩემისა და პაპაჩემის გარდაცვალების ასაკს (ერთიც და მეორეც 63 წლის იყო), ბავშვი რომ გამიჩნდება, გზაზე ხომ უნდა დავაყენო?!

– რა ცუდ რამეებზე ფიქრობთ...

– ცუდზე არ ვფიქრობ, პასუხისმგებლობაა მეტი. ხომ არ შევაჩეჩებ ამ გოგოს, სალომეს ვგულისხმობ, შვილებს, მე კი დავიხურავ ქუდს და წავალ იმქვეყნად, ეგრე არ არის...

– როგორც ვიცი, მეორე შვილიც გყავთ, უფრო სწორად – პირველი.

– პირველი. დიმიტრი წლის და რვა თვის არის.

– მაშასადამე, გაქვთ პატარების მოვლის პრაქტიკა.

– მეტ-ნაკლებად. ჯერ დამოუკიდებლად ვერ ვნახულობ, მაგრამ, მალე ვნახავ, ალბათ, უკვე ამ დღეებში. ჩვენ რთული პროცესები გადავიტანეთ – მამისა და შვილის ურთიერთობის დასარეგულირებლად დაგვჭირდა ოფიციალური სტრუქტურის ჩართვა იმისთვის, რომ ყველას ინტერესები ყოფილიყო დაცული, როგორც მამის, ასევე – ბავშვის.

– ჩანს, ცოტა მტკივნეულად დაშორებიხართ ერთმანეთს.

– საერთოდ, არა მგონია, დაშორება ვინმესთვის უმტკივნეულო იყოს, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს. თუ გრძნობ პასუხიმგებლობას, რასაკვირველია, მტკივნეულია. 

– რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი? ეჭვიანობა, ან, მესამე პირი ხომ არ არის გარეული?

– არა, ნამდვილად არა. ვცადეთ, რომ ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო. პირველადაც გვქონდა პრობლემები და გადავლახეთ, აი, მერე კი უკვე გაგვიჭირდა.

– სულ რამდენ ხანს იყავით ერთად?

– ოთხი წელიწადი.

– დიმიტრისა და თეიმურაზს როგორი ურთიერთობა ექნებათ?

– ალბათ, კარგი ურთიერთობა ექნებათ, ამის იმედი მაქვს. მათ შორის ასაკი დიდი არ იქნება, თან, ჩემს დას ჰყავს ტყუპი ბიჭები, ასაკით ყველანი ახლოს არიან და მე ერთ კალათბურთის გუნდს მაინც გავაკეთებ (იცინის).

– სპორტის თემა შემოვიდა და ბარემ შეგეკითხებით: ფეხბურთის ჩემპიონატს თუ ადევნებთ თვალს?

– მე მხოლოდ დასკვნით ეტაპებს ვუყურებ ხოლმე.  ყოველთვის გერმანიის ნაკრებს ვქომაგობ.

– ტოტალიზატორებში დადიხართ?

– არა. აზარტული კი ვარ, მაგრამ, ისეც არა, რომ ტოტალიზატორს მივაკითხო.

– ჩოლოყაშვილებზე ვისაუბროთ.

– ჩვენი შტო ახმეტიდან არის.

– კახელისთვის საკმაოდ ღია ფერებში ხართ, ალბათ, თქვენს გარეგნობაში დედის გენი დომინირებს. ასეა?

– მე მგონი, ბებიაჩემის – მამის დედის მხარე დომინირებს ჩემს გარეგნობაში. გულისაშვილები უფრო იყვნენ ჩემს ფერებში. დედა სვანი მყავს.

– სვანისა და კახელის ნაჯვარი, რა თავისებურებებს პოულობთ თქვენს ხასიათში? მგონია, რომ ორივე კუთხის წარმომადგენლები ხასიათდებიან სიჯიუტითა და პირდაპირობით.

– სხვათა შორის, ამ ორი კუთხის წარმომადგენელთაგან შემდგარი ოჯახი ნაკლებად შემხვედრია. მეგრელები და კახელები უფრო ხშირად ქორწინდებიან ერთმანეთზე.

– როგორ იპოვეს ერთმანეთი თქვენმა კახელმა მამამ და სვანმა დედამ?

– სკოლაში სწავლობდნენ ერთად, აქ, თბილისში. რაც შეეხება ხასიათის თავისებურებებს, ჯიუტი რომ ვარ, ეგ, გნებავთ, კახელებს მიაწერეთ, გნებავთ – სვანებს, მაგრამ, ნამდვილად ვარ ჯიუტი. პირდაპირიც ვარ და, ხშირად, მაინცდამაინც კარგი  არ არის პირდაპირობა. 

– ცოტა უწმაწური სიტყვებით საუბარიც ხომ არ გიყვართ?

– არა, ანეკდოტს რომ მოუხდება, მაშინ თუ ვიტყვი უწმაწურ სიტყვებს, ისე – არა.

– დავიჯერო, საჭესთანაც არ იგინებით?

– ძალიან ნაკლებად. ვერ ვასწრებ შეგინებას, იმდენად ჩქარა ვმოძრაობ. რაღაცეები რომ ხდება, მე უკვე იქ აღარ ვარ ხოლმე.

– მგონია, სვანისა და კახელის ნაჯვარს მეგრელი ცოლი მართლა მალამოდ მოეცხობოდა.

– ჰო, მართლაც ასეა. ჩემი მეუღლე იმდენად აუღელვებელი ადამიანია, რომ, თუ მე რამეზე აღელვებული ვარ, უსიტყვოდ მამშვიდებს. გადამდები სიმშვიდე აქვს. 

– საკეისროთი ხომ არ აპირებს ბავშვის გაჩენას?

– საკეისრო არ უნდა, მაგრამ, თვალების პრობლემა აქვს და ურჩიეს, რომ საკეისრო ჯობიაო, რასაც ძალიან განიცდის. ეხვეწა ექიმს, იქნებ, ფიზიოლოგიურად მამშობიაროთო. ექიმმა – სხვები პირიქით მეხვეწებიან ხოლმეო (იცინის). 

– ბევრ ქმარს აქვს სურვილი, რომ ცოლის მშობიარობას დაესწროს. თქვენ რას აპირებთ?

– მე მაინც მირჩევნია, ჭიქა ავწიო, ვიდრე მშობიარობას დავესწრო (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ასე მირჩევნია და, ვნახოთ. ყველა თავისი საქმით იქნება დაკავებული და მე იქ ჩემს ადგილს ვერ ვიპოვი.

– თქვენი საქმე ნერვიულობა იქნება...

– კედლის აქეთ ვინერვიულებ. პირველ შვილზეც გარეთ ვნერვიულობდი.

– რატომღაც, ისე გამოვიდა, რომ ორივე მეუღლე საკმაოდ ბევრით უმცროსია თქვენზე. 

– პირველ მეუღლეზე რვა წლით უფროსი ვიყავი.

– მეორე ქორწინებისას კი თითქმის გააორმაგეთ ეს ზღვარი...

– აი, მესამეზე ვნახოთ, რა იქნება (იცინის)... ხუმრობა იქით იყოს და, სალომეს მშობლებს შორისაც დაახლოებით ასეთივე ასაკობრივი სხვაობაა. დედაჩემი კი ერთი წლით უმცროსი იყო მამაჩემზე. ასე პირდაპირი რეცეპტი, ალბათ, არ არსებობს, მთავარია, ადამიანები ბედნიერები იყვნენ. ასაკობრივ მარაზმში არ გადახვიდე, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც ზრდასრულია ადამიანი, ასაკს მაინცდამაინც მნიშვნელობა აღარ აქვს.

 

скачать dle 11.3