კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სოფრომაძე-სოფრომიძე

სოფრომაძეები იმერლები არიან. მოიხსენიებიან სოფლებში: რუფოთი, ძევრი, ზარათი, კვალითი, ნერგეეთი, პერევისა, საირხე, ჩხარი, ძიროვანი, ხრეითი.

ზარათში სოფრომაძეები იყვნენ საბატონო გლეხები, კვალითშიც საბატონო გლეხები იყვნენ.

სოფრომო წინაპრებს ნასესხები აქვთ ბერძნებისგან; სოფრომ, იგივეა, რაც „საღად მოაზროვნე“, „კეთილგონიერი“.

„ვაჟიბედაი სოფრომაძე მეფემ შესწირა გელათის ულუხან (ლორთქიფანიძის) სიმწირველისთვის. ემართა ათი თეთრი, ორი კოდი ღომი, სამი კოკა ღვინო, ერთი ზვინი თაკა...“ (1573 წელი).

სოფრომაძე ერთ-ერთი უძველესი ქართული გვარია. მეცამეტე საუკუნიდან ჩანს. სოფრომაძე და სოფრომიძე ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში ყველაზე დაწინაურებულ 1 000 გვარში სოფრომაძეებს 321-ე ადგილი უკავია.

საქართველოში 2 479 სოფრომაძე ცხოვრობს. ტყიბულში – 654, ქუთაისში – 458, თერჯოლაში –  374, არიან სხვაგანაც.

28 სოფრომიძე. ზესტაფონში – 8, თბილისში –  5, საჩხერეში – 3., არიან სხვაგანაც.

შამრელაშვილი-მრელაშვილი

შამრელაშვილი ართრონიზებული გვარია. სულხან-საბა ორბელიანი ბრძანებს: „ართრონი არიან ასოები, რომელნიმე წინა მიუბავები ან სიტყვათა და რომელიმე უკანა და გუარიან ჰყოფენ და დაატკბობენ“.

ადრინდელი გვარი უნდა ყოფილიყო მრელაშვილი (აქედანვეა გვარი მრულობელი), მიგრაციის პროცესში დაემატა ართრონი – შა.

„მრელა-ს, ვიღაცამ წაუმძღვარა შამრელ და წავიდა ახალი გვარი შამრელაშვილი“.

შამრელაშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია. 

საქართველოში 24 შამრელაშვილი ცხოვრობს. ახმეტაში – 17, თელავში – 4. ცხოვრობენ აწყურშიც.

373 მრელაშვილია. თელავში – 242, თბილისში – 56, ახმეტაში – 48, არიან სხვაგანაც.

ზავრაშვილი

ზავრაშვილი ქვემო ქართლში გაჩენილი და იქიდან კახეთში გადასული გვარია. ზოგჯერ გვარი მოიხსენიება ზავარაშვილადაც.

ზავარაშვილები და ზავრაშვილები იყვნენ აზნაურები. იოანე ბაგრატიონი, წიგნში „შემოკლებითი აღწერა, საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“ წერს: „აზნაური ზავარაშვილი მოიხსენიება მეფე როსტომის დროს 1655 წელს და არიან ესენი მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინაცა“. ეხება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს.

1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლში მებატონე-მემამულეებად ჩანან ზავარაშვილი იოთამი, კომლი – 5, თავი – 5, მოლაშქრე – 5. სოფლებში გილაგდაგი, ხინძირკუტი; ზავრაშვილი ზურაბა ცხოვრობდა გილაგდაგში.

საქართველოში 497 ზავრაშვილი ცხოვრობს. გურჯაანში 364, თბილისში – 73, რუსთავში – 19. არიან სხვაგანაც.

მირიანაშვილი

გვარის ფუძეა სახელი მირიან. სპარსულად ეს სახელი ნიშნავს „მითრახი” ანუ „მზისა” – „მითრა” მზის ღვთაების სახელია. მისგანვეა ნაწარმოები სახელი მითრიდატე. სახელი მირიან ქართულში უძველესი ხანიდან გვხვდება. მირიანი ერქვა ვახტანგ გორგასლის პაპას, ქართლის მეფეს.

სახელი მირიანისგან ნაწარმოებია გვარი მირიანაშვილი.

ქართულ სამართლის ძეგლებში ასეთი ინფორმაცია გვხვდება: „მირიანაშვილი გიგოლა, რუხს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან სამ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა” (მეჩვიდმეტე საუკუნე). „მირიანაშვილი დათუნა იყო შვილი გახარა მირიანაშვილისა. ჰყავს შვილი ოთარ, მან მიჰყიდა თევდორე რაზმაძეს მიწა კლდის თავს, რაზმაძის მიწის გვერდით და იქვე, თავისი განაყოფისგან დახსნილი მიწა”. (1960-იანი წლები).

ოთია მირიანაშვილს გამოჰყოფია შტო-გვარი ბეჟანიშვილი. ეს მოხდა 1678 წელს.

საქართველოში 1 570 მირიანაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 610, სიღნაღში – 498, გურჯაანში – 138. ცხოვრობენ სხვაგანაც.

მახვილაძე

მახვილაძეები ამირეჯიბთა გვარისანი არიან და ისინი იოანე ბაგრატიონს შეყვანილი ჰყავს „საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა” სიაში. ის წერს: „აზნაურ მახვილაძეთა წინაპარი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახლდნენ ჯავახეთის კერძო მთისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ ესე სახელი მახვილეობა და დროსა ერეკლე მეფისასა, წელსა 1621-სა ცედანს სოფელს მოვიდნენ და დაეშენნენ სურამის, კერძოდ და მუნიდგან გაუგვარდათ გვარი მისი სახელსა გამო და არიან მოხსენებული ტრაქტატსა შინა. ხოლო რომელნიმე ამათ გვარი ჰსცხოვრობდენ როსიისა შინა და სხვანი ქართლს.”

„მახვილაძე ბათიაშვილების გაყრის დროს ერგო გერმანოზსა და მის ძმებს” (1523 წელი).

1840-იან წლებში მახვილაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთი, გოდოგანი, მანდიკოსი, ღვანკითი, ჭყეპი, ხონი, ჯონია.

საქართველოში 547 მახვილაძე ცხოვრობს. ქუთაისში – 175, თბილისში – 144, ტყიბულში – 125. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ლელუაშვილი

გვარის ფუძედაა გამოყენებული ქალის საკუთარი სახელი ლელა. ამავე ძირისაა გვარები ლელაშვილი, ლელაძე.

ლელა „სწორთმიანს” ნიშნავს, ასევე მცენარის სახელისგან არის წარმოშობილი. მეჩვიდმეტე საუკუნიდანაა ცნობილი თეიმურაზ მეფის ასული ლელა ბატონიშვილი.

„ლელუაშვილი ნადირა, გარეჯვარს მცხოვრები, ის და მისი სახლიკაცი ქრისტესია ლელუაშვილი მამულებით წილში ხვდნენ მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს“ (1656 წელი).

„ლელუაშვილი, ერთი კომლი, კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ ის მამულით უწყალობა არქიმანდრატ ნიკოლოზ გაბადაძეს” (1698 წელი).

საქართველოში 276 ლელუაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 138, მცხეთაში – 73, გორში – 31, არიან სხვაგანაც.

უმეკაშვილი

გვარის ფუძემდებელს სახელად უმეკა რქმევია. სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან „უმეკაშვილი – უმეკაანთ – უმეკათ“; „უმეკა მირტაშენს მცხოვრები, ის მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს“ (1537-1538 წლები).

„უმეკაშვილი, რუისში მცხოვრები, დავით მეფემ ის შესწირა ოქონას საყდარს“ (1382 წელი).

„უმეკაშვილის შარასთან მდებარეობდა გივი სააკაძის მიერ ლიპარ თუმანიშვილისთვის მიყიდული მიწა“ (1963 წელი).

„უმეკაშვილი ნასყიდა, მოწმე და შუამდეგი ბახუტა ელიოზისძის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაშვილისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წელი), ბატატი მახალაშვილის მიერ სვეტიცხოვლის სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისთვის მიცემულ ბაგის ნასყიდობის წიგნისა“ (1690 წელი).

უმეკაშვილი-უმიკაშვილი ქართული გვარ-სახელია. წინაპარს უმეკა რქმევია. გვარს სულ ცოტა 7-8 საუკუნის ისტორია აქვს და ბევრი გამოჩენილი პიროვნებაც ჰყავდა.

საქართველოში 400 უმეკაშვილი ცხოვრობს. ქარელში – 221, გორში – 118, თბილისში – 26, ცხოვრობენ სხვაგანაც.

სახვაძე – მსახურაძე 

გვარში ფუძეა საკუთარი სახელი სახვა. მათი წინაპრები დიდი მორწმუნეები იყვნენ – „პირჯვარს გამოსახავდნენ“ (იწერდნენ) და „დროთა განმავლობაში „გამოსახვიდან“ თავისით ჩამოცილდა და ფუძედ დარჩა სახუა (გამოსახვა).

როგორც ხვთის მოსამსახურეებს, გასჩენიათ მეორე გვარიც – მსახურაძე (ეს გვარი გვხვდება თავად დიასამიძეებთანაც). ზოგი მკვლევარი ამბობს, სახვაძეები წინათ გამრეკელები იყვნენო.

დღეს სახვაძეები ცხოვრობენ უბისაში, მდინარე ძირულას ორივე მხარეს. დაყოფილი არიან უბნებად, მათ შერქმეული აქვთ თავიანთი ახლო წინაპრის სახელი (ან მეტსახელი). სახვაძეთა თიკუნებია: ტატანაშვილები, ბუჭაშვილები, კვაჭაშვილები, მურმანიშვილები, ბაცანაშვილები, კვირიები.

საქართველოში 1 145 სახვაძე ცხოვრობს. თბილისში – 308, ხარაგაულში – 250, გორში – 116, ცხოვრობენ სხვაგანაც.

146 მსახურაძე: შუახევში – 51, ხელვაჩაურში – 32, ბათუმში – 31, არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3