რა პარანორმალური ფაქტი დაფიქსირდა რუსთაველის თეატრში და დგას თუ არა ეს შენობა ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე
გასულ კვირას, რუსთაველის თეატრში, სანდრო ახმეტელის ბიუსტის თავზე, უცნაური ფაქტი დააფიქსირა იქ დამონტაჯებულმა სათვალთვალო კამერამ. ნათება კადრში კარგად ჩანს და ეს ამოუცნობი ობიექტი საეჭვოდ მიიჩნიეს. საქმეში სპეციალისტებიც ჩაერთვნენ. ამ თეატრის მსახიობები და იქ მომუშავე პერსონალი ადასტურებენ, რომ უცნაური ხმები მართლაც ესმოდათ თეატრში. ასევე, ეჩვენებოდათ, რომ თითქოს ვიღაც უთვალთვალებდათ გარკვეულ ადგილებში, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. უბრალოდ, იმ ადგილას გავლას ერიდებოდნენ.
თავად, რობერტ სტურუაც წერდა სოციალური ქსელში, თავის „ფეისბუქის” გვერდზე: „თეატრის პატარა მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სამ საათზე, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან, რაღაც ნათება ჩამოეშვა. პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთით და მერე გაუჩინარდა. კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა. ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტსო.”
მსახიობები კი, ამბობენ, რომ უცნაურობები, იქ მართლაც ხდება და ეს არაერთხელ, საკუთარ თავზეც გამოუცდიათ.
დადიან თუ არა სულები რუსთაველის თეატრში, რა იყო ეს უცნაური ნათება და ვისი ხმები ისმის დროდადრო შენობაში, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია. როგორც ამ საქმის სპეციალისტი, უფოლოგი ერეკლე შონია ამბობს, ეს ფაქტი ნამდვილად ანომალიური კვლევის საგანია და მსგავსი პარანორმალური მოვლენები, არ არის გამორიცხული, სწორედ იმ ადგილას ხდებოდეს, სადაც ადრე სასაფლაო იყო – შენობის ქვეშ უამრავი ადამიანის ნეშტია.
ერეკლე შონია: დამირეკეს და მითხრეს, რუსთაველის თეატრის შენობაში, უცნაური ნათება დააფიქსირა სათვალთალო კამერამო. რასაკვირველია, დავინტერესდი, მივედი და საკუთარი თვალით ვნახე ის მნათი სხეული, რომელიც კადრში მკვეთრად ჩანდა. უამრავი ვარაუდი დავუშვით, მაგრამ ფაქტია, ყველა გამოირიცხა და საქმე, მართლაც პარანორმალურ მოვლენასთან გვაქვს. კვლევები გრძელდება და შესაბამისად, წინასწარი დასკვნებისგან, თავს შევიკავებ. ეს სხეული, საკმაოდ ახლოს მოდიოდა კამერასთან და მისი ნათების დანახვა მკვეთრად არის შესაძლებელი. მისი მოძრაობა მდორეა, ნელი და გადაადგილდება ვიწრო დერეფანში, ახმეტელის ბიუსტის გარშემო, მარჯვნივ და მარცხნივ. სხვათა შორის, ამ დერეფნის ქვეშ, არის გვირაბი, რომელიც ბიოლოკაციური მეთოდით შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ, უარყოფითი და მძიმე ველია.
– გამოდის, რომ რუსთაველის თეატრის შენობა, გეოპათოგენურ ზონაში დგას?
– თეატრის მხოლოდ ნაწილი დგას გეოპათოგენურ ზონაში და ეს გარკვეულწილად მოქმედებს მასში მომუშავე ადამიანებზეც. ერთ-ერთი იქ მომუშავე დავკითხეთ, რომელიც ყვებოდა: ამ გვირაბში მომიწია გავლა, უცნაური ხმები მესმოდა და ვიღაცის ლანდიც დავინახე. რომ მახსენდება, დღესაც ტანში მზარავსო. როგორც აღმოჩნდა, მსგავს უცნაურ ფაქტებს, ადრეც ხედავდნენ რუსთაველის თეატრში, უბრალოდ, ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, ან ეგონათ, მათი გამძაფრებული ფანტაზიის ბრალი იყო.
– მართალია, რომ თეატრის შენობა ყოფილ სასაფლაოს ტერიტორიაზეა აშენებული და შესაძლოა, ეს იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?
– დიახ, თეატრის ნაწილი მდებარეობს ძველისძველ სასაფლაოზე. მოგეხსენებათ, სასაფლაოს აქვს თავისი ინფორმაციული დატვირთვა. გარდა ფსიქოლოგიურისა, ეს ადგილი ინახავს გარდაცვლილი ადამიანის ძვლისა და ნეშტის ინფორმაციას, მის ემოციას და არ არის გამორიცხული, არასწორი ცხოვრების გამო, სული მიჯაჭვული იყოს სხეულთან, ანუ – გაჭედილი ამ ცხოვრებასა და იმ ცხოვრებას შორის. ბევრი ფაქტორია იქ თავმოყრილი, სადაც სასაფლაოა. მოკლედ, ქაშუეთის ეკლესიის და იქ მდებარე პარკის ტერიტორიაზე ადრე, დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნეში, იყო უძველესი სასაფლაო. შემდეგ, მოხდა ამ ტერიტორიის განაშენიანება, აიგო შენობები, გაშენდა პარკები. თუმცა, ეს ტერიტორია საშიშია იქ მცხოვრებლებისთვის. პარკში დასვენება კი უსაფრთხოა.
– ერეკლე, უცნაური ნათება, რომელიც რუსთაველის თეატრში სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როცა სანდრო ახმეტელი დახვრიტეს. თან, ის მისი ბიუსტის გარშემო მოძრაობდა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს მისი სულია?
– არ არის გამორიცხული, ეს კავშირში იყოს და სულის ზემოქმედება დაფიქსირდა. თუმცა, გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, მას უნდა, ადამიანებთან შემოვიდეს კონტაქტში. ამიტომაც, ესმით მისი ხმა და ნაბიჯებიც არაერთხელ გაუგიათ. ჯერ არც კი ვიცით, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუმცა, არ არის გამორიცხული, მას კონტაქტი სურდეს ადამიანებთან. როცა მისტიკურ სამყაროსთან გაქვს შეხება, რთულია, ერთი ხელის მოსმით გააკეთო რაიმე დასკვნა. შეიძლება, წლები მოანდომო გარკვეული ფაქტის კვლევას და შედეგი ვერ დადო. ფაქტია, მისტიკური სამყარო რუსათველის თეატრში თვალშისაცემია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა ტერიტორიაზე დგას შენობა, მისი ენერგეტიკა რომ მძიმეა, ეს უდავოა.
– რაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, მერე თუ განმეორდა მსგავსი ნათება კამერის ობიექტივში?
– არა, იმ დღის შემდეგ მსგავსი ნათება აღარ დაფიქსირებულა. მანამდე კი, პატარ-პატარა ნათებები აშკარად ჩანდა. სულ ორჯერ არის ასეთი ნათება დაფიქსირებული. თანამშრომლებთან ვსაუბრობ, მათ მონაყოლს ვისმენ, ადგილის შესწავლაც ხდება და იმედია, სულ მალე გავარკვევთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მე ვერაფერს გამოვრიცხავ. არც იმას, რომ რომელიმე თანამშრომელთან კონტაქტში შევიდეს სული, რომელიც ამ შენობაში დადის. ყველა გავაფრთხილეთ, რომ თუ ფეხის ხმას გაიგებენ, ან რაიმე ტკაცუნს, მუსიკის ბუნდოვან ჰანგებს, პულსი უეცრად აუჩქარდებათ ან წნევა დაეცემა, იგრძნობენ ახლოდან სითბოს ან სიცივის შეგრძნებას, უეცრად, ცხვირიდან სისხლი წასკდებათ და ასე შემდეგ, არ დატოვონ ყურადღების გარეშე და შეგვატყობინონ. გეოპათოგენური ზონები დედამიწაზე რომ არსებობს, ამაზე არავინ დავობს და ამ ადგილებში იცვლება ადამიანის წნევა, გუნება-განწყობა, შეგრძნებები, აზროვნება, ემოცია, ინტუიცია. ზონების შერჩევა კი, როცა შენობის აშენებას ვიწყებთ, აუცილებელია. გეოპათოგენურ ზონაში ხანგრძლივად ცხოვრება საკმაოდ საშიშია. თუმცა, ასეთ ადგილას ცოტა ხნით ყოფნა საფრთხეს არ შეგიქმნით. ის კი არა, არ არის გამორიცხული, აზრობრივი სამუშაოს შესასრულებლად, საკმაოდ წარმატებულიც კი იყოს. ასევე, ხშირად არ არის გათვალისწინებული, რომ ყოფილ სასაფლაოზე შენდება საცხოვრებელი სახლები. ასეთი მრავალსართულიანი სახლები საკმაოდ ბევრია თბილისში. მაგალითად, საირმის გაყოლებაზე, როცა მაღალსართულიანი შენობების საძირკვლის გათხრა დაიწყეს, ადამიანის ძვლები ამოჰქონდათ. ამ ტერიტორიაზე, ადრე, დაახლოვებით 70 წლის წინ, დასაფლავებული იყვნენ გერმანელი და იაპონელი ტყვეები. ასევე, ვაკის პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასული საუკუნის 20-იან წლებში, ხდებოდა ადამიანების მასობრივი დახვრეტა. ეს ადგილიც იმ ინფორმაციის მატარებელია, რაც გარდაცვლილი ადამიანის ძვლებმა შემოინახა. ეს უარყოფითი ინფორმაცია კი იქ მცხოვრებლებზე აუცილებლად იმოქმედებს. თუმცა, კიდევ ვამბობ, თბილისში არსებული პარკების უმეტესობა, ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაა, მაგრამ იქ დასვენება საშიში არ არის, რადგან ეს ადგილი ნიავდება, მწვანე ნარგავებია, მიწა მუშავდება.