კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წამოიძახა ბერიამ, როდესაც სტალინისგან ილიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ დავალება მიიღო

 დღევანდელ ქართველობას ჰგონია, რომ ილია ჭავჭავაძეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელის გულზე ატარებდნენ და ყველა მისი განზრახვა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ხორციელდებოდა. სინამდვილეში, ეს ასე არ იყო. ყოველი წამოწყების განხორციელება ილიას უდიდეს ძალისხმევად უჯდებოდა. დიდი წინააღმდგობა შეხვდა მას ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრების საქმეში. ადამიანი, რომელმაც უსიტყვოდ შეიყვარა და შეითვისა ილიას ენა, იყო გორელი ყმაწვილი, შემდეგში საბჭოთა იმპერიის ერთპიროვნული მმართველი – იოსებ ჯუღაშვილი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გორის სასულიერო სასწავლებელში ყოფნისას კითხულობდა სტალინი ილიას ლექსებსა და მოთხრობებს. არ არის გამორიცხული, რომ მას ილიას გაზეთ „ივერიაზეც” მიუწვდებოდა ხელი. ყოველ შემთხვევაში, 1894 წელს თბილისში ჩამოსული სტალინი, უკვე შესანიშნავი მოქართულე იყო. სტალინის მიერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, პირველ კლასშივე დაწერილი თხზულება კარგი ქართულითაა შესრულებული. უკვე იმხანად სტალინი რუსულადაც შესანიშნავად წერდა და აზროვნებდა. სტალინი წერდა იმ ქართულით, რომლის დამკვიდრებასაც დაჟინებით ცდილობდა ილია მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დამდეგიდან. მალე სტალინმა სხვა მხრივაც გამოიჩინა თავი. სემინარიის პირველკლასელმა პოეზიაში სცადა ბედი.  თავისთავად ეს დიდ გამბედაობასთან იყო დაკავშირებული. კიდევ უფრო დიდი გამბედაობა კი ის იყო, რომ სტალინმა პირველი ლექსი გამოსაქვეყნებლად საქართველოში ყველაზე პოპულარულ გაზეთში, ილიას „ივერიაში” მიიტანა. იქ შეხვდნენ ერთმანეთს პირველად ილია ჭავჭავაძე და იოსებ ჯუღაშვილი. 

1895 წლის 14 ივნისს „ივერიაში” პირველ გვერდზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დაიბეჭდა სამსტროფიანი უსათაურო ლექსი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”... მკითხველმა ლექსის ავტორის შესახებ ვერაფერი შეიტყო. ავტორი ვინაობას არ ამხელდა და ხელს აწერდა ფსევდონიმით – ი. ჯ-შვილი. ცნობილია, რომ ილია „ივერიაში” საეჭვო ღირებულების ლექსებს არ ბეჭდავდა და ამ შემთხვევაში უკომპრომისო იყო უკვე სახელგანთქმული პოეტების მიმართაც კი. მაინც რატომ დაბეჭდა მან სრულიად უცნობი ყმაწვილის ლექსი? ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ლექსი დაწერილია შესანიშნავი ქართულით – ილიას ქართულით. ამის დამადასტურებლად შეიძლება, მოვიტანოთ ის ფაქტი, რომ სტალინის ლექსი მოგვიანებით შეტანილი იქნა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში” (1916 წლის გამოცემა). 

ილია ჭავჭავაძე, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ სემინარიელს დიდად სწყალობდა. 1895 წელს სტალინმა კიდევ 4 ლექსი გამოაქვეყნა – გაზეთის პირველ გვერდზე, ისევ თვალსაჩინო ადგილზე. ამჟამად ეს ლექსები „სოსელოს” ფსევდონიმით დაიბეჭდა. სტალინის ლექსი – „როდესაც ბადრად მნათობი მთვარე” ცნობილმა მოღვაწემ მ. კელენჯერიძემ  შეიტანა თავის წიგნში (1899): „თეორია სიტყვიერებისა“, როგორც ქართული სალიტერატურო ენის ქრესთომატიული ნიმუში. 

1895 წელს საყოველთაო სახალხო ზეიმით აღინიშნა რაფიელ  ერისთავის იუბილე. იუბილეზე პოეტს სიტყვით მიმართა მრავალმა გამოჩენილმა ქართველმა, მათ  შორის იყო ერთად-ერთი უცნობი, ახლგაზრდა სემინარიელი – იოსებ ჯუღაშვილი, რომელმაც იუბილარს საკუთარი ლექსი წაუკითხა. ეს ლექსი: „თ.(იგულისხმება – თავად) რ. ერისთავს” მაშინვე „ივერიაში” გამოაქვეყნა ილიამ, ხოლო მ. კელენჯერიძემ, როგორც ქრესტომათიული ნიმუში შეიტამნა ზემოთ ხსენებულ წიგნში. დამწყები პოეტისთვის ეს ტრიუმფი იყო.

ყველასთვის მოულოდნელად, მეხუთე ლექსის გამოქვეყნების შემდეგ, სტალინმა ილიასთან და „ივერიასთან” ურთიერთობა გაწყვიტა და მეექვსე ლექსი უკვე „ივერიასთან” მკვეთრად დაპირისპირებულ, გიორგი წერეთლის გაზეთ „კვალში” გამოაქვეყნა. რა მოხდა, საქართველოს უგვირგვინო მეფესა და მომავალი საბჭოთა იმპერიის ასევე, უგვირგვინო მეფეს შორის, ძნელი სათქმელია. შეიძლება, მათ იკამათეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია: სტალინმა ილიასადმი ღრმა პატივისცემა  სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. სტალინი იმჟამადაც და შემდეგომაც, ბოლშევიკ (კომუნისტ) ლიდერთა შორის, ერთადერთი იყო, რომელიც ბოლომდე აცნობიერებდა ილიას ღვაწლს ქართველი ერის ისტორიაში. 

1921 წლიდან საბჭოთა საქართველოში დაიწყო ილია ჭავჭავაძის აღვირახსნილი კრიტიკა, რომელსაც მიზანმიმართულად წარმართავდა ილიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფილიპე მახარაძე. ასე გაგრძელდა – საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პირველ ყრილობამდე (1934). სრულიად მოულოდნელად, საბჭოთა იდეოლოგიის მიერ განქიქებული და უარყოფილი ილია ჭავჭავაძე, მისი ნააზრევი და ნაღვაწი მთელი სისრულით წარმოჩნდა საქართველოს საბჭოთა მწერლების დელეგაციის ხელმძღვანელის, ცნობილი ბოლშევიკის, მალაქია ტოროშელიძის მიერ ყრილობაზე გაკეთებულ მოხსენებაში. ცხადია, ის ილიას ღვაწლის ობიექტურად წარმოჩენას ვერ გაბედავდა, მით უმეტეს, რომ მანამდე, მასზე ბევრი ცუდი ჰქონდა დაწერილი. სტალინს მალაქია ტოროშელიძის მომავალი მოხსენების ტექსტი არ მოეწონა, მოხსენების ახალი ვარიანტი დაიწერა სტალინის მიერ ნაკარნახევი გეგმისა და შეფასებების საფუძველზე. ამრიგად, მოხსენებაში გატარებულ იქნა სტალინის აზრი და არა მალაქია ტოროშელიძისა. ბელადმა 1934 წელს, ერთი ხელის დაკვრით აღადგინა ილია ჭავჭავაძე მისი უფლებებით, ერთბაშად გააცამტვერა ყოველივე ის ცილისმწამებლური, რასაც ფილიპე მახარაძე და მისი თანამოაზრეები თხზავდნენ წლების განმავლობაში. ტოროშელიძის მოხსენება სტალინმა მოსკოვში, რუსულ ენაზე ცალკე წიგნად გამოაცემინა დიდი ტირაჟით.

სტალინის ასეთმა დამოკიდებულებამ ილიას მიმართ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია საქართველოში. პატრიოტ მწერლებს, ლიტერატურას მცოდნეებსა და ისტორიკოსებს, საშუალება მიეცათ, ობიექტურად ეწერათ ილიას შემოქმედების შესახებ. თუმცა, ფილიპე მახარაძე დანებებას არ აპირებდა. მან ბრძოლა საბოლოოდ წააგო 1937 წელს, როცა საქართველოში და საერთოდ, მთელ საბჭოთა კავშირში, ფართოდ აღინიშნა ილიას 100 წლის იუბილე. მისი ორგანიზება საქართველოში სტალინმა ლავრენტი ბერიას დაავალა. ბერიამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ღონისძიება ბრწყინვალედ ჩაატარა. მისი ინიციატივით ჟურნალ „მნათობში” დაიბეჭდა „ივერიაში” გამოქვეყნებული სტალინის ლექსები. მას სტალინის ლექსები შემთხვევით არ გამოუქვეყნებია – თუ ილია თავად-აზნაურული იდეოლოგიის ქომაგი და მშრომელი ხალხის მჩაგვრელი იყო, მაშინ რატომ დაულოცა გზა დამწყებ პოეტს გაზეთ „ივერიაში”? ამ კითხვაზე საზოგადოებამ პასუხი თავისთავად იპოვა.

სტალინმა კარგად იცოდა, რომ ილიას მკვლელობის ორგანიზატორები იყვნენ სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე, მაგრამ გარკვეულ დრომდე ამას არ ამჟღავნებდა. 1935 წელს ბელადმა ლავრენტი ბერიას დაავალა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება. მოსკოვიდან დავალების მიღების შემდეგ, თავის სამუშაო კაბინეტში მყოფ ბერიას გაოცება ვერ დაუმალავს და რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით უთქვამს: ილიას მკვლელობის საქმეს რა გამოძიება უნდა – ერთი მკვლელი სტალინს უზის მოსკოვში თავისთან, ხოლო მეორე ჩემთანაა თბილისშიო. ცხადია, ლავრენტი ბერია ორჯონიკიძესა და მახარაძეს გულისხმობდა. ამ დროიდან დაიწყო ორჯონიკიძისა და მახარაძის წამება. მაგრამ, სტალინი არ ჩქარობდა, ილიას მკვლელობის საქმის ძიება ნელ-ნელა მიიწევდა წინ. რით დამთავრდებოდა ყოველივე ეს ორჯონიკიძისთვის უცნობი დარჩა, რადგან სტალინმა ის, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე წლით ადრე მოაკვლევინა სხვა მიზეზების გამო. რაც შეეხება ფილიპე მახარაძეს, ის დიდხანს ეწამა და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ფსიქოლოგიურად განადგურებულმა, მას შემდეგ, რაც ცხადად დაინახა, რომ სასამართლო პროცესზე ილიას მკვლელობის ორგანიზატორთა შორის შეიძლებოდა მისი გვარიც ამოტივტივებულიყო. თავი ჩამოიხრჩო. 

მართალია, სტალინმა ილიას მკვლელობის ორივე ორგანიზატორი საკადრისად დასაჯა, მაგრამ მაშინ ამის აფიშირება არ მომხდარა. ჩეკისტის ტყვიისგან კეფაგახვრეტილი ორჯონიკიძე (ოფიციალური ვერსიით მას გული გაუსკდა), მოსკოვში კრემლის კედელთან, რევოლუციის რაინდთა გვერდით დაკრძალეს. ფილიპე მახარაძის მიმართ სტალინს ეტყობა, ძალიან დიდი ბოღმა ჰქონდა – როცა თბილისიდან შეატყობინეს, ფილიპემ თავი ჩამოიხრჩოო, სტალინს უთქვამს: ძაღლივით ჩააგდეთ სადმე მიწაშიო. შემდეგ, მაინც გადაიფიქრა და ილიას მკვლელი, მთაწმინდაზე, ილიას საფლავთან სულ ახლოს დაკრძალეს. 

 

 

скачать dle 11.3