ვარსკვლავური საიდუმლოებები
ალბათ, ათიათასობით ქალს შეშურებია მათი თეთრი შურით თუ შავი შურით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ საკმაოდ „პატივსაცემ“ ასაკში (ემა უოტსონის გარდა) ისინი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიან და არც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ. არადა, ეს, თურმე, არც ისე ძნელია – მათი გარეგნობა მხოლოდ და მხოლოდ რეგულარული ვარჯიშების, სწორი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამსახურებაა.
ჰოლივუდის ვარსკვლავების შემხედვარე, ბევრს არასწორად ჰგონია, რომ მათი გარეგნობა, უპირველეს ყოვლისა, პლასტიკური ქირურგებისა და კოსმეტოლოგების დამსახურებაა, მაგრამ, მთლად ასეც არ არის საქმე. მათი უმრავლესობა უკვე დიდი ხანია, მიხვდა ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და სწორი კვების უპირატესობას. ამიტომაც, ისინი ყოველდღიურად საათობით „იკარგებიან“ სატრენაჟორო დარბაზებში და დაუღალავად ითვლიან კალორიებს – სწორედ ეს შველით მათ, იყვნენ მუდმივად ფორმაში და გამოიყურებოდნენ გაცილებით ახალგაზრდულად, ვიდრე სინამდვილეში არიან.
თუ გსურთ, გამოიყურებოდეთ თქვენი საყვარელი მსახიობების მსგავსად, გაეცანით მათი ვარჯიშისა და კვების რეჟიმს და მიბაძეთ მათ.
ჰაიდი კლუმი (40 წლის): სიმაღლე – 177 სანტიმეტრი, წონა – 62 კილოგრამი.
მისი წარმატების საიდუმლოა ინტენსიური ფუნქციური ტრენინგი პერსონალურ ინსტრუქტორთან ერთად. მნიშვნელოვანი ღონისძიების წინა პერიოდში ჰაიდი ყოველდღე ვარჯიშობს, დანარჩენ დღეებში კი პილატესის (ვარჯიშების კომპლექსი) არის დაკავებული.
კვება: აღნაგობის შესანარჩუნებლად ჰაიდი მკაცრად იცავს რაციონს, რომლის პრინციპია: მეტი ცილები და მაქსიმალურად ნაკლები ცხიმები და ნახშირწყლები და კალორიების დათვლა.
ჯენიფერ ლოპესი (44 წლის): სიმაღლე – 165 სანტიმეტრი, წონა – 55 კილოგრამი.
ჯეი ლო სპორტდარბაზში დღეში ერთ საათს ხარჯავს: 30 წუთს კარდიოვარჯიშებისთვის (სირბილი, სახტუნაო) და 30 წუთს ძალოსანთა ვარჯიშებისთვის (შტანგა, ჰანტელები). სახეობებს მსახიობი ყოველი 10 ვარჯიშის შემდეგ ცვლის, რომ არ მობეზრდეს.
კვება: მისი მთავარი პრინციპია – არ იშიმშილოს და არ გამოტოვოს არც ერთი ჯერი, რათა ამით არ დაამუხრუჭოს ნივთიერებათა ცვლა. ჯეიც, ჰაიდის მსგავსად, ყურადღებას აქცევს მიღებული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობას და ითვლის კალორიებს.
კემერონ დიასი (41 წლის): სიმაღლე – 175 სანტიმეტრი, წონა – 58 კილოგრამი.
კემერონი კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს 1,5 საათის განმავლობაში. მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია ნიჩბოსნობის ტრენაჟორი, რომელიც ახდენს ყველა სახეობის კუნთების ეფექტურ დატვირთვას და საათში დაახლოებით 500 კილოკალორიას წვავს.
კვება: მსახიობი იკვებება დღეში 6-ჯერ, პატარ-პატარა ულუფებით. მიუხედავად იმისა, რომ გიჟდება ფასტვუდის საჭმელებსა და შემწვარზე, მან მთლიანად ამოიღო რაციონიდან ყველა მავნე პროდუქტი, გამონაკლისის გარეშე.
ემა უოტსონი (24 წლის). სიმაღლე – 165 სანტიმეტრი, წონა – 50 კილოგრამი.
ახალგაზრდა და მომხიბვლელ ემა უოტსონს უყვარს ველოსიპედით სეირნობა, გიჟდება ჰოკეის თამაშზე და ყოველდღიურად 4 საათს უთმობს დარბაზში სხვადასხვა სახეობის ვარჯიშს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი დრო აქვს გამოყოფილი ინტენსიური ძალოსნური და კარიდოდატვირთვებისთვის.
კვება: დარბაზში აქტიური და ხანგრძლივი ვარჯიშების გამო, ემას აღარ უწევს მკაცრი დიეტის დაცვა; უფრო მეტიც, ხანდახან თავს უფლებას აძლევს, მიირთვას ფასტვუდი ან გემრიელი მაღალკალორიული საკვები.