კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, დიეტის დაწყების წინ საჭიროა თუ არა რაიმე პროცედურის ჩატარება და, საერთოდ, რა არის მთავარი იმისთვის, რომ დიეტა შედეგიანი გამოდგეს?
პასუხი: დიეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაიწმინდოს ორგანიზმი. ამისთვის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სპეციალური გამწმენდი ან მწვანე ჩაი, ასკილის ნაყენი ან ჩაიტაროთ მექანიკური გაწმენდა (ყველა შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან). სასურველი შედეგის მისაღწევად კი აუცილებელია, დაიცვათ რამდენიმე წესი დიეტის პროცესშიც და მისი დასრულების შემდეგაც:
ა) ჭამეთ ხშირად (ორ საათში ერთხელ) და მცირე ულუფები;
ბ) გამორიცეთ ცხიმიანი, ტკბილი, ცხარე, მწარე, შემწვარი კერძები; ასევე, ცომეული, ტკბილეული და გაზიანი საჭმელები;
გ) მიირთვით მცირე ზომის ლუკმებით და თითოეული ლუკმა ღეჭეთ დიდხანს; სითხე კი სვით პატარ-პატარა ყლუპებით, ჭამამდე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ;
დ) არასდროს დაიმატოთ კერძი;
ე) სუფრიდან ადექით ნახევრად დანაყრებული;
ვ) არაფერი მიირთვათ 19 საათის შემდეგ;
ზ) ივარჯიშეთ ყოველდღიურად.
კითხვა: გავიგე, რომ არსებობს საპონი მასაჟისთვის. რით არის ის განსხვავებული ჩვეულებრივი, მაგრამ ძვირად ღირებული სხვა საპნებისგან?
პასუხი: მასაჟისთვის განკუთვნილი საპნის შემადგენლობაში შედის ციტრუსების ეთერზეთები, რაც ააქტიურებს ცელულიტების დაშლას.
კითხვა: მაქვს ცოტა მსხვილი ბარძაყები. ვიცი, რომ აუცილებელია სპეციალური ვარჯიშები, მაგრამ, დროის დეფიციტის გამო ვერ ვიცლი, რადგან ყოველდღიურად მიწევს ფიზიკური მუშაობა სახლში და ეზოშიც. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: პრობლემურ ზონებზე წაისვით ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალება, შემოიხვიეთ ცელოფანი, ზემოდან ჩაიცვით სპორტული შარვალი და ისე იმუშავეთ ფიზიკურად, როდესაც მუშაობას დაამთავრებთ, ცელოფანი მოიხსენით და მიიღეთ გრილი შხაპი.
კითხვა: რამდენიმე დღეა, შვებულება ავიღე და აგარაკზე ვისვენებ. ისეთი დაღლილი ვარ, ყოველდღე ორ-ორი საათი მძინავს. დედაჩემი მეუბნება, რომ ყოველდღიურად დღისით ძილი ადუნებს ორგანიზმსაც და სახის კანსაც. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: პირიქით, დღისით ძილი კოსმეტიკაზე არანაკლებ უკეთ აახალგაზრდავებს სახის კანს: დუნდება კუნთები, რის შედეგადაც კანის ზედაპირი სწორდება. უმჯობესია, თუ დაიძინებთ ბაღში, ჩრდილიან ადგილას. მავნებელი კი დღისით ძილი არის იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად 2-3 საათზე მეტს იძინებთ, თანაც, დახურულ სივრცეში ან მზის გულზე.