გამოაქვს თუ არა წყალს ორგანიზმიდან კალორიები და ცხიმები და რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან პური
გამოაქვს თუ არა წყალს ორგანიზმიდან კალორიები და ცხიმები და რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან პური
აზრი, რომ პური ასუქებს და გახდომის მსურველმა ის უნდა ამოიღოს კვების რაციონიდან, არასწორია. პურის მიღება რეკომენდებულია ზომიერად. საჭიროა იმ პროდუქტების შემცირება, რომელსაც პურთან ერთად ჭამთ, კერძოდ: ყველის, ნაღების, კარაქის, ძეხვის და სხვა კალორიული საკვების.
ასევე, მოსაზრება, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა არასასურველია და ეს წონაში დაკლებას იწვევს, ყოველთვის არ არის გამართლებული, რადგან, ამ წესის მკაცრად დაცვის დროსაც კი, ხშირად ვერ იკლებენ წონაში. ორგანიზმისთვის წონაში დასაკლებად სასურველია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჭამა მცირე ულუფებით. ამ დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება და საკვებს ადვილად ითვისებს. შიმშილის გრძნობა მცირდება, შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებშია, ხოლო ის, ვინც საღამოს 6 საათის შემდეგ არ ჭამს და დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევს დიდი რაოდენობით საკვებს, იზიანებს კუჭ-ნაწლავს და წონაშიც ძნელად იკლებს.
ასევე, არასწორია მოსაზრება, რომ წყალს ორგანიზმიდან ცხიმები და კალორიები გამოაქვს. კალორიები და ცხიმები გამოედინება მაშინ, როცა ადამიანი ბევრს მოძრაობს. დიდი რაოდენობით სითხე ასტიმულირებს თირკმელების მოქმედებას და ამის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება წიდებისგან.
ბევრი ამტკიცებს, რომ სწრაფად მჭამელები გამხდრები არიან. ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან, ვინც სწრაფად ჭამს, არ შეუძლია, განსაზღვროს იმ საკვების რეალური რაოდენობა, რომელსაც იღებს და ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ზედმეტად ტვირთავს. ნელი ჭამისას კი საკვები გადამუშავდება ჭამის პროცესშივე და ადამიანი გრძნობს, როდის დანაყრდა. ამ დროს შიმშილის გრძნობა ქრება და ზედმეტ კალორიებსაც აღარ იღებს ორგანიზმი.
ასევე, მოსაზრება, რომ ყავა ცხიმებს წვავს, არასწორია, რადგან, კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, მხოლოდ სიმხნევეს გვმატებს, ცხიმოვან ფენაზე კი საერთოდ არ მოქმედებს.
როგორ ვუმკურნალოთ ქოლეცისტიტს სახლის პირობებში
ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. მის განვითარებას ორი მიზეზი იწვევს: ბაქტერიული ინფექცია და ნაღვლის შეგუბება. ინფექცია ნაღვლის ბუშტში შეიძლება მოხვდეს ნაღვლის სადინარებიდან სისხლით ან ლიმფური გზით. ნაღვლის შეგუბების მიზეზებიდან აღსანიშნავია: ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების თანდაყოლილი დეფექტი, ნაღვლის სადინარების დისკენეზიური ცვლილებები, ორსულობა, ნაკლები მოძრაობა. გარდა ამისა, ქოლეცისტიტის განვითარებას იწვევს მწვავე პანკრეატიტი, პარაზიტული დაავადებები, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების მოშლა, მემკვიდრეობითობა და ალერგიული ფაქტორი.
მწვავე ქოლეცისტიტის დროს აღინიშნება ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ჭიპის მარჯვნივ, რომელიც, შეიძლება, გავრცელდეს მარჯვენა წელის, მხრისა და ბეჭის მიდამოებში. ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ტემპერატურის მომატებაც კი. ის, შესაძლოა, რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. ტკივილის შეტევის პროვოცირებას ახდენს შებოლილი, მწარე, ცხარე, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი, ემოციური და ფიზიკური დატვირთვა.
ტკივილი ნაღვლის შეგუბებითაა გამოწვეული. ნაღვლის დენას ხელს უშლის კენჭები. მძიმე შემთხვევაში, ვლინდება სისუსტე, მადის დაქვეითება, შემცივნება და ტაქიკარდია.
მოხუცებსა და მოზრდილებში უფრო ხშირია კენჭოვანი ქოლეცისტიტი და მისი შერწყმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან. გაცილებით ხშირია ქრონიკული ქოლეცისტიტი. ამ დროს ტკივილი ყრუდ მიმდინარეობს. აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ქრონიკულ ფორმას თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირში მწარე გემო, ტემპერატურის მომატება.
მსუბუქი ფორმის შემთხვევაში მკურნალობა ძირითადად სპაზმოლიტურია. ასეთ დროს იყენებენ ნაღველმდენ საშუალებებსა და ანტიბიოტიკებს.
ქოლეცისტიტის დროს კარგია ხალხური რეცეპტით დამზადებული ნაყენი: 1 ჩაის კოვზ ბოლოკისა და 1 ჩაის კოვზ ჭარხლის წვენს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი, კარგად ამოურიეთ და დადგით რამდენიმე დღის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას. მიიღეთ 50 მილილიტრი, დღეში 3-ჯერ.
რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება ზაფხულში გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მქონე ადამიანებმა
მცხუნვარე მზე და ჰაერის მაღალი ტენიანობა ჯანმრთელობას აუარესებს. როდესაც ძალიან ცხელა, შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც აუჩქარდეთ პულსი, განუვითარდეთ ქოშინი, გაუჩნდეთ ჰაერის უკმარისობისა და გულზე ზეწოლის შეგრძნება. ეს ყველაფერი გულის გადატვირთვის შედეგია. გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით დაავადებულ ადამიანებზე სიცხე განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს. ისინი, ვისაც სისხლის მაღალი წნევა ქრონიკულად აწუხებთ, სიცხეში თავს უარესად გრძნობენ და უარყოფითი ემოციებით იტვირთებიან, ხოლო პაციენტებს გულის იშემიური დაავადებით უფრო ხშირად აწუხებთ სტენოკარდიის შეტევები.
მაღალი ტემპერატურა იწვევს ისეთ უარყოფით პროცესებს, როგორიცაა ტაქიკარდია, როცა გული მარათონულ რეჟიმში მუშაობს. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს შეტევის განვითარებას იშემიური ავადმყოფობით დაავადებულ პაციენტებში, რადგან, გულის გადატვირთვის პარალელურად, აღინიშნება დარღვევები, რის გამოც გული ვერ მარაგდება ენერგეტიკული ელემენტებით მშვიდ მდგომარეობაშიც კი, ამიტომ, საფრთხე დატვირთვის პროპორციულად იზრდება. ზემოთ აღწერილი პროცესებიდან გამომდინარე, ადამიანებს, ვისაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ეს პათოლოგია, ურჩევენ, სახლიდან არ გავიდნენ 12:00-დან 16:00 საათამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და მზის სხივებიც განსაკუთრებით რადიაციულია. თუ მზეზე გასვლის თავიდან აცილება არ ხერხდება, ეცადეთ, ჩრდილში იყოთ, შედარებით გრილ ადგილას; მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ჩაიცვით მსუბუქი და თავისუფალი ტანსაცმელი, სასურველია – ბუნებრივი, ღია ფერის ქსოვილები, რადგან, ასეთი ტანსაცმელი ადვილად ატარებს ორგანიზმის მიერ გამოყოფილ სითბოს და ხელს უშლის გადახურებას, ხოლო ღია ფერის ტანსაცმელი უფრო ძლიერად ირეკლავს სხივებს, ვიდრე მუქი ფერის და, შესაბამისად, ორგანიზმი ნაკლებ სითბოს იღებს. უარი უნდა თქვათ მჭიდრო საყელოებზე, რომლებიც ყელს აწვება და ვიწრო პერანგებზე. გახსოვდეთ სიცხეში მუშაობის რეჟიმი: ყოველი 30-40 წუთის მუშაობის შემდეგ 15-20 წუთი დაისვენეთ. თუ დაგეწყოთ ქოშინი, იგრძენით სისუსტე, თავბრუხვევა, ან, კიდევ უარესი – ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა. თქვენი სამუშაო განსაზღვრეთ მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებიდან გამომდინარე. ნუ დაისახავთ მიზნად ისეთ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც თქვენი ორგანიზმის შესაძლებლობებს აღემატება.
განსაკუთრებულად ცხელ დღეებში გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს – შეამცირეთ ხორცისა და ცხოველური ცხიმების მოხმარება, უფრო მეტად გამოიყენეთ მცენარეული და რძის პროდუქტები, თუმცა, არც სასარგებლო საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებაა სასურველი. მთავარი პრინციპია – მსუბუქი საკვები ცოტ-ცოტა რაოდენობით. მოუხშირეთ მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენებას, ხორცი ჩაანაცვლეთ თევზეულით, ამასთან, მინიმუმამდე შეამცირეთ მარილი.
სიცხეში ბევრი სვამს არასასურველი შედეგის მქონე სასმელებს, თანაც, დიდი რაოდენობით. ჰაერის მაღალი ტენიანობა იწვევს ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავებას, ეს კი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაღალი წნევითა და გულის იშემიური დაავადებით შეწუხებულთათვის, ძალიან მავნეა. პრობლემის განვითარებას განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული სისხლმეტობა, რაც ზრდის გულის მუშაობას გადატუმბვისათვის საჭირო დონემდე და ავტომატურად იზრდება წნევაც. თუ გამოხატულია გულის იშემიური დაავადება, ნატურალური წვენებისა და მინერალური წყლების რაოდენობა დღეში 800 მილილიტრამდე უნდა შემცირდეს, ისიც, იმ პირობით, თუ დაავადებული მზეზე არ იმყოფება. ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. გულით ავადმყოფებს ურჩევენ, რომ, მოწყურების შემთხვევაში, დალიონ ძალიან ცოტა წყალი, ან, უბრალოდ, გამოივლონ პირის ღრუში. შარდმდენი საშუალებების მოხმარების დროს, მაღალი სიცხეების პირობებში, სასურველია მათი დოზის გაზრდა, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ჯანმრთელმა ადამიანებმა უნდა მიიღონ სითხის ის რაოდენობა, რომელიც მოახდენს ჭარბი ოფლიანობის კომპენსირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოშრობა გამოიწვევს თავბრუხვევასა და გონების დაკარგვას. სიცხეში ყველაზე ოპტიმალური სასმელია მწვანე ჩაი. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს – ნივთიერებებს, რომლებიც არეგულირებენ ქოლესტერინის ცვლას. მწვანე ჩაი, შავი ჩაისა და ყავისაგან განსხვავებით, არ შეიცავს ტანინებს, რომლებიც იწვევენ გულისცემის გახშირებას. მოერიდეთ ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარებას – ის მხოლოდ აძლიერებს წყურვილს. რა თქმა უნდა, გულით ავადმყოფებს ეკრძალებათ მცირე რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღებაც კი, თუნდაც ისეთის, როგორიცაა ლუდი. ბევრი მას უვნებლად მიიჩნევს, მაგრამ, ლუდი იწვევს არტერიული წნევის მაჩვენებლების სწრაფ ცვლას ორი მიზეზით: ალკოჰოლის ზემოქმედება და სითხის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში. თუ ჰიპერტენზიას ემატება გულის იშემიური დაავადება, ქაფიანმა სასმელებმა, ისევე, როგორც სხვა ალკოჰოლურმა სასმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევა და გულის ასთმაც კი.
ქაცვი სიმსივნეს ებრძვის და კუჭის დაავადების დროს შეუცვლელია
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ორგანული მჟავები, A, B1, B2, C და E, ვიტამინები, ასევე, კაროტინი, თიმინი და რიბოფლავინი. ქაცვის ნაყოფის კანი შეიცავს სეროტონინს, რომელიც ებრძვის სიმსივნის განვითარებას.
ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნაყოფის ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭის დაავადების დროს; ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობისას, თესლის ნახარშს კი – როგორც საფაღარათო საშუალებას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და დამწვრობის დროს კარგია ქაცვის ზეთი. ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მიღება რეკომენდებულია ეროზიული და წყლულოვანი პროქტიტების, ნახეთქების, კატარული და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტისა და პაროდონტოზის მკურნალობის დროს. ქაცვის ზეთის დალევა კარგია სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად – 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ქაცვის ნაყოფის ნახარში კუჭის დაავადებას კურნავს, კერძოდ: 3 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი, 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, გემოვნებით დაუმატეთ თაფლი და დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ტოტებისა და ფოთლებისგან კი ნახარში ასე მოამზადეთ: 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებსა და ტოტებს დაასხით ნახევარი ლიტრი ცივი წყალი და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში რამდენჯერმე.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ ქაცვის ზეთი დალიეთ, დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის კოვზი, ჭამის წინ, ერთი თვის განმავლობაში.