მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: საეკლესიო კანონმდებლობით, აუცილებელია თუ არა ქელეხის გადახდა?
პასუხი: ქელეხის გადახდა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს არის ჭირისუფლის კეთილი ნება გარდაცვლილის სულის საოხად, მის მოსახსენიებლად ახლობლების შეკრება და მათი პატივისცემა. ქელეხმა ბოლო დროს მიიღო დამახინჯებული ფორმა და ღრეობაში გადაიზარდა, თორემ, თავდაპირველად გარდაცვლილის სახელზე ჭირისუფალი გაიღებდა მოწყალებას და მშივრებსა და უპოვრებს აპურებდა. ქელეხი შეგიძლიათ გადაიხადოთ, ოღონდ, სუფრა კეთილწესიერებით უნდა გამოირჩეოდეს.
კითხვა: ჩემი დედამთილი მუდმივად შენიშვნას მაძლევს, როცა ან სარეცხს ვფენ ღამით, ან ნაგავს ვყრი. ამას და კიდევ ბევრ სხვა მსგავს ჩვეულებას ქრისტიანული ტრადიციით მისაბუთებს. შეეფერება თუ არა ეს სიმართლეს?
პასუხი: ნურასდროს აჰყვებით მსგავს ცრურწმენებს. სინამდვილეში, თქვენი დედამთილი არ არის გარკვეული ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებში. ნუ მოექცევით მისი გავლენის ქვეშ, თუმცა, არ ეუხეშოთ, უმჯობესია, მშვიდად აუხსნათ სიტუაცია.
კითხვა: როგორ უყურებს ქრისტიანობა დონორობას?
პასუხი: სხვადასხვა ჯურის სექტანტები სასტიკად ეწინააღმდეგებიან დონორობას. ეს არასწორია. ქრისტიანული შეხედულებით, დონორობა კეთილი საქმეა, როდესაც მას მოყვასისადმი სიყვარულით ვიქმთ.
კითხვა: როგორ შევიყვაროთ მოყვასი?
პასუხი: უფლისა და მოყვასის სიყვარული ქრისტიანობის მთავარი მცნებებია. თუ მოყვასი არ გიყვარს, არც უფალი გიყვარს და არ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი. იმისთვის, რომ შეიყვაროთ მოყვასი, მარტივი წესია, წარმოიდგინოთ თქვენი თავი მის ადგილზე.