რატომ ეძებს 1959 წელს ქუთაისში, რუსი სამხედროს ოჯახში გაშვილებული ქალი ბიოლოგიურ დედას ამერიკიდან და რა ვერ მოახერხა მან სამი წლის განმავლობაში
54 წლის ირინა გაგარინა-პასტუხი (მეუღლის გვარი) ეძებს ბიოლოგიურ დედას (ან მის შვილებსა და ნათესავებს); ასევე, ბორის და რაია იანევებს (აღმზრდელი დედის მეგობარი ცოლ-ქმარი).
ისტორია: ვეძებ დედაჩემს. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გამაშვილა ქალაქ ქუთაისში. ეს მოხდა 1959 წელს. ჩემს აღმზრდელ მშობლებს ერქვათ ანა ალექსანდრეს ასული გაგარინა (დაბადებული 1926 წელს) და აღმზრდელი მამა – ალექსანდრ მიხეილის ძე გაგარინი (დაბადებული 1929 წელს). როგორც ვიცი, მე დავიბადე 1959 წლის 15 ოქტომბერს. ამჟამად ვცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დამოუკიდებლად დედა ვერ ვიპოვე, მიუხედავად იმისა, რომ მას აქტიურად ვეძებდი. თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ. გთხოვთ, მაპოვნინოთ დედაჩემი, იმედია, მე მას ისევე ვჭირდები, როგორც მე მჭირდება ის. გიგზავნით ორ ფოტოს. ერთ-ერთზე ვარ მე, რამდენიმე წლის წინ, მეორეზე – ჩემი აღმზრდელი მშობლები, ბებია და ბაბუა. იქნებ ჩემს ბიოლოგიურ დედას ეცნოს ან ჩემი აღმზრდელები, ან ბებია და ბაბუა.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა მოხდა 1959 წელს ქუთაისში, რა იცით დედათქვენის შესახებ?
– როგორც გადმოცემით ვიცი, ბებიაჩემს (სახელად დარიას) ქალაქ ქუთაისში, ბაზარში შეხვედრია ქალი, რომელსაც ხელში ეჭირა თოთო ბავშვი (ანუ მე). იმ ქალს ბავშვის რჩენის არანაირი საშუალება არ ჰქონია და გადაწყვეტილი ჰქონდა ბავშვის გაშვილება. ბებიას (დედის დედა) თქმით, ჩემს ბიოლოგიურ დედას არ იღებდნენ მამაჩემის (ჩემი ბიოლოგიური მამის) ნათესავები და, ამიტომ, იძულებული გახდა, გავეშვილებინე. ჩემი აღმზრდელი მშობლები იმ დროს ცხოვრობდნენ ქალაქ ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ „ვაენნი გარადოკში“, რადგან ჩემი აღმზრდელი მამა სამხედრო პირი იყო, ლეიტენანტი. თუ როგორ მოხდა ჩემი ხელიდან ხელში გადაცემა, არ ვიცი. სამწუხაროდ, ბიოლოგიური დედის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. ჩემთვის არც მისი სახელია ცნობილი, არც გვარი, მხოლოდ ეს ისტორია ვიცი. ჩემი დაბადების მოწმობა აღებულია წყალტუბოში, 1960 წლის 3 თებერვალს (ვგულისხმობ ჩემი შვილად აყვანის შემდგომ აღებულ დაბადების მოწმობას), ნამდვილი დაბადების მოწმობა კი, რა თქმა უნდა, არ გამაჩნია, ამიტომაც არ ვიცი დედის სახელი და გვარი. საქართველოში ყოფნისას ჩემი აღმზრდელი დედა მეგობრობდა ბორის და რაია იანევებთან (ისინი მისი საუკეთესო მეგობრები იყვნენ). იმ დროს ეს წყვილი ქუთაისში ცხოვრობდა და, შეიძლება, მათ იციან რამე ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ, ამიტომ, მათი მოძებნაც მინდა (თუკი, რა თქმა უნდა, ისინი ცოცხლები არიან). ჩემი აღმზრდელი მშობლები გარდაიცვალნენ. სინამდვილე ჩემ შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე ჩემი ბებიისგან. სანამ ამ ამბავს გავიგებდი, მანამდეც კი ვხვდებოდი რაღაცას, მაგრამ, სინამდვილის გაგება ჩემთვის მაინც შოკი იყო. რადგან ჩემი აღმზრდელი მამა სამხედრო პირი გახლდათ, ჩვენი ოჯახი ქუთაისიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ამჟამად კი, უკვე 15 წელია, რაც მე ამერიკაში, ქალაქ პალმ-კოსტში ვცხოვრობ. ერთი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი მამა. ის პარალიზებული იყო და ჩემთან, ამერიკაში ჩამოვიყვანე. მივხვდი, რომ, თუ მამა ისე მოკვდება, რომ ვერაფერს გავიგებ ბიოლოგიური დედის შესახებ, მაშინ სამუდამოდ გაურკვეველი დარჩება ჩემი ისტორია, ამიტომ მას ყველაფერს ვეკითხებოდი. მისგან შევიტყვე, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა წესიერი ქალი ყოფილა, რომელსაც, უბრალოდ, შვილის რჩენის საშუალება არ ჰქონდა და რომელზეც უარი თქვა ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ, რომლის შეძლებულმა ოჯახმაც დედა არ მიიღო. ამის გარდა მამისგან ვერაფერი გავიგე, რადგან ის უკვე ცუდად ლაპარაკობდა და მეშინოდა, ჩემი დაკითხვებით უარესად არ გამხდარიყო. უკვე სამი წელია, რაც ბიოლოგიურ დედას აქტიურად ვეძებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ცოცხალია, ან, ღმერთმა არ ქნას და, თუ ცოცხალი აღარ არის, იქნებ მას ჰყავს შვილები და ვინმემ მაინც იცის ჩემი არსებობის შესახებ. ანუ, მე ვეძებ ქალს, რომელმაც 1959 წელს ქალაქ ქუთაისში გამაშვილა.
– ბიოლოგიური დედის მოძებნას აქამდე როგორ ცდილობდით?
– ყველანაირი ღონე ვიხმარე. ერთი ქალი იყო ჩამოსული ამერიკაში საქართველოდან და მასზეც კი გავაკეთე მინდობილობა, რათა მას რამე გაერკვია დედაჩემის შესახებ, მაგრამ, უშედეგოდ; ასევე, ვეძებდი რამდენიმე სამძებრო საიტის საშუალებითაც. ძალიან მინდა მისი პოვნა. დარწმუნებული ვარ, მთელი ამ წლების განმავლობაში ის ძალიან დარდობდა იმას, რომ, იძულებული გახდა, გავეშვილებინე. იმიტომ მინდა, რითაც შემიძლია, სიბერის წლები მაინც გავუთბო. პირადად მე ის ძალიან მჭირდება და, იმედია, მეც ვჭირდები მას. ჩემი ფოტოც იმიტომ გამოვგზავნე – იქნებ ვგავარ მას ან ჩემს ბიოლოგიურ მამას და ამით მიცნოს. იმედი მაქვს თქვენი მკითხველის, ყველა ქუთაისელის და, უბრალოდ, ყველა გულისხმიერი ადამიანის. თუკი ვინმემ რამე იცის დედაჩემის შესახებ, ძალიან გთხოვთ, შემატყობინეთ. პირადად თქვენ კი ღმერთმა დაგლოცოთ, ასეთ სასიკეთო საქმეს რომ ეწევით.
– დედის პოვნის შემთხვევაში, მზად ხართ, მასთან შესახვედრად საქართველოში ჩამოხვიდეთ?
– თუკი მას ვიპოვი, აუცილებლად ჩამოვალ. დიდი იმედი მაქვს, რომ მე მყავს დები ან ძმები. ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი ამბავი დედამ არავის გაანდო. იქნებ, ვინმემ რამე იცის და ამ სტატიით მიხვდეს, რომ მე სწორედ მას ვეძებ. იმედი მაქვს, დედაჩემი ცოცხალია და მისი პოვნის ამდენი ცდა და სურვილი უქმად არ ჩამივლის.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.