რატომ იყო ბოთე ბავშვი კობა ბარათელი და როგორ ჰპარავდა ის საკუთარ თავს საჭმელს
„კომედი შოუს” მსახიობი კობა ბარათელი ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. არაერთხელ აღმოჩენილა ექსტრემალურ სიტუაციაში, ხიდიდანაც „უფრენია” თავისი მანქანით, მაგრამ დღეს უვნებელი და ჯანმრთელია. მოკლედ, მისთვის ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოაწყო, რომელთა ჩაბარებაც კობას არ გასჭირვებია.
კობა ბარათელი: ბავშვობიდან მინდოდა, სულ უდარდელი ვყოფილიყავი, მაგრამ, არ გამოვიდა, ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. არც კოსმონავტობაზე, არც პოლიციელობაზე და არც მეხანძრეობაზე არ მიოცნებია, ბოთე ბავშვი ვიყავი (იცინის). ისე, ახლა რომ ვფიქრობ, ადრინდელი დრო რომ იყოს, ჩემი აღნაგობა კი შემიწყობდა ხელს, ნამდვილი, სახასიათო „გაიშნიკი” ვყოფილიყავი (იცინის). დედაჩემს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ სისხლის დანახვაზე ახლაც გული მიმდის. ინჟინერი ვარ პროფესიით, თუმცა ჩემი პროფესიით ერთი დღეც კი არ მიმუშავია, ერთი სიტყვით, მსახიობობა მოვირგე. ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან, უმეტეს შემთხვევაში ბედი მწყალობს. ამ ქვეყანას რომ მოვევლინე, ესეც ბედი არ არის?!
– ასე რატომ ფიქრობ?
– ოთხი წელი არ ჰყავდათ ჩემს მშობლებს შვილი და მე დაგვიანებით გავჩნდი. ბედის საჩუქარი ვარ, აბა რა! ნანატრი შვილი ვარ.
– დედისერთა ხარ?
– არა, მერე, რომ ისწავლეს ჩემმა მშობლებმა, როგორ კეთდებოდა შვილი და რა იყო ამისთვის საჭირო, ძმაც მაჩუქეს.
– როგორც ვიცი, ავარიაში ბევრჯერ ხარ მოხვედრილი, თუმცა ამაშიც ბედი გწყალობს და დღეს ჩემ წინ უვნებელი ზიხარ.
– გეთანხმებით, თქვენ წინ ვზივარ უვნებელი, მაგრამ, ჯიბეში კორვალოლი მიდევს (იცინის).
– რატომ? გული გაწუხებს თუ ნევროზი გაქვს?
– მგზავრობის დროს ეს არის ჩემი მშველელი. თვითმფრინავში ამის გარეშე არ ავდივარ. ნევროზული შემოტევები მაქვს და, ასე მგონია, კორვალოლი ყველაფერს არჩენს – შევისუნთქავ და, მორჩა. ისრაელში ვიყავით. აქედან კი მედო ჯიბეში კორვალოლი და ვყნოსავდი, მაგრამ, იქ ჩასულს გამიტყდა. გავვარდი აფთიაქში საყიდლად და მითხრეს, აქ ხმარებიდან არის ამოღებული და არ იყიდებაო. გადავირიე, რა ვქნა, უკან ხომ უნდა ჩავფრინდე, სამშობლოში, ამის გარეშე თვითმფრინავში ვერ ჩავჯდები-მეთქი. მოკლედ, წმინდა მიწაზე ხალხი ათვალიერებს ადგილებს, მე კიდევ, კორვალოლზე ვფიქრობ და მთელი ოთხი დღე ამის გარდა არაფერი მაინტერესებს. ერთი სიტყვით, ვერ ვიშოვე კორვალოლი და თვითმფრინავში, მართლა ცუდად გავხდი. ვუხმე სტიუარდესას და ვუთხარი, მიშველე რამე, ასე და ასეა ჩემი საქმე-მეთქი. დაფიქრდა და მიპასუხა, კორვალოლი არა, მაგრამ, კორსიზი გვაქვს და მოგცემთო. ის მიშველიდა?! შევხედე და მშვიდად ვუთხარი: კარგი, გამოსავალი არ მქონია, გამიღეთ კარი, უნდა გადავხტე, ამდენს ვერ ავიტან-მეთქი. გიჟი ვეგონე (იცინის).
– მერე, მაგას არ ჯობია ასი-ორასი გრამი ალკოჰოლიანი სასმლის „ჩარტყმა” და მშვიდად ძილი?
– ხშირად ეგრე ვშვრები, მაგრამ ახლა თავს ვიკავებ სმისგან. ძაღლმა მიკბინა, შრატი მაქვს გაკეთებული და, სასმელი რომ დავლიო, უფრო არ გავგიჟდები (იცინის). თან, სიდედრის ძაღლმა მიკბინა, ბედი არ გინდა? სიდედრის კატამ კიდევ – დამპორჭყნა. ასე რომ, ექიმმა ვერ „შემსვა” დიეტაზე და სიდედრის ძაღლმა და კატამ მაიძულეს.
– ზოგადად, ადამიანი რომ შემოგხედავს, იტყვის, ეს სუფრის თავში უნდა იჯდეს ყანწით ხელში და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდესო. არადა, ვიცი, სმა დიდად არ გიყვარს. თუ, ვცდები?
– არ მიყვარს თამადობა. ისე გადავჯიშდით ქართველები, სუფრის კულტურამ და თამადამაც დაკარგა თავისი ხიბლი. თუმცა, იმასაც გააჩნია, ვისთან ერთად ქეიფობ. თამადაზე „კაიფი” ვიცით ხოლმე ბიჭებმა და, მე რომ ვიყო თამადა და ვინმე „გამეკაიფოს”, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? თორემ, ისეთი განსხვავებულებით დამილევია ღვინო... მაგალითად, ვეტერინარული შპრიცით, რომელშიც ნახევარი ლიტრი ჩადის; რომ მივიდე პირზე, კი არ მივაწექი უკნიდან, პირდაპირ შევისრუტე ჩემი „დიხანიით” (იცინის). ხალხი სიცილით დაწყდა, ერთმა კი თქვა: აუჰ, ეს წამაყვანია ახლა სოფელში და მატორის მაგივრად დამაბმევია ჭაზე, რას ამოქაჩავდაო (იცინის). აი, ასე მაქვს „დიხანია” დამუღამებული.
– ყველაზე ბევრი, რამდენი ლიტრი სასმელი გაქვს ერთ ჯერზე დალეული?
– ახლავე გეტყვით: შვიდასგრამიან ბოთლებში ესხა ღვინო. რომ დავლიე, მერე დავთვალე ცარიელი ბოთლები და გამოვიდა, რომ რვა ბოთლი მქონდა დალეული, მერე ლიტრა-ნახევარიც დავამატე და, ჯამში 7-8 ლიტრი ღვინის დალევა გამომივიდა. ზოგადად, კარგი მთვრალი ვარ, არ მიყვარს აყალმაყალი და ჩხუბი, ეგრევე ვიძინებ. ლიფტში იმდენჯერ ჩამეძინა, ვინ დათვლის (იცინის). ერთხელ, ორი საათი მეძინა მთვრალს ლიფტში, მეზობლებს გაჭედილი ეგონათ და ორი საათი აგინებდნენ ლიფტიორს, მერე ლიფტიორმა მაგინა მე (იცინის). მთვრალი შევედი, გაიჭედა, მე კი კაჩავისა და ყვირილის თავი არ მქონდა და დავიძინე. ბოლოს ხელოსანი გამოიძახეს და მნახეს ასე, მძინარე მზეთუნახავი..
– საჭესთან ნასვამი არ ჯდები?
– როგორ არა, დავმჯდარვარ ნასვამი საჭესთან და იაღლიშიც მომსვლია. უფრო სწორად, იაღლიშს რა უჭირს, ისეთი ავარია მომივიდა, მტერს არ ვუსურვებ. სამჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ – ისეთი ნასვამი ვიყავი, სად მქონდა თვალებში ჩახედვის თავი (იცინის), თუმცა, მაგარი შიში კი ვჭამე. საგურამოში ვიყავი, დავლიე; თბილისში უნდა წამოვსულიყავი და დასავლეთისკენ დავადექი გზას. მანქანაში რომ ჩავჯექი, ისეთი მთვრალი არ ვიყავი, მერე მომეკიდა და საჭესთან ჩამეძინა. ოცდაშვიდი მეტრიდან გადავვარდი ხიდიდან, აღაიანთან ახლოს. ბედი რომ არ მქონოდა, გადავრჩებოდი?! სადაც მანქანა დაეცა, ზუსტად იმ ადგილას იყო პატარა ჭაობი. ან როგორ დავუმიზნე ასე ზუსტად ჭაობს და მიწას ავცდი, ვერ გეტყვით. რომ ჩავხტი წყალში, მერე გამოვფხიზლდი. ფრენის დროს მეძინა და, რომ დავხტი, ბაყაყების ხმამ გამომაფხიზლა. სამხედროს დავუნახივარ და მოუყვანია მაშველები. ესეც არ მახსოვს, კიდევ მთვრალი ვიყავი. ასე იცის სასმლის არევამ. ვერ ვიტან, რომ დალევენ და იწყებენ ჩხუბსა და აყალმაყალს. ნასვამი არ ვბუინობ და არც ვინმეს ვერჩი, გამოდის, საკუთარი თავის მტერი ვარ. აბა, ასეთ მდგომარეობაში რომ საჭეს მიუჯდები კაცი, თავი ან სიცოცხლე გიყვარს?!
– ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დიეტას იცავ და კილოგრამებიც დაიკელი. არ შემიძლია, არ გკითხო: ყველაზე მეტი რამდენი იყავი?
– ყველაზე მეტი ვიყავი 160 კილო, ახლა 108 კილო ვარ. დიეტა ჩემთვის ნამდვილი ტანჯვაა, მაცივარზე შემოხვეული დიდი ჯაჭვებითა და დადებული ბოქლომით. ბევრჯერ ავმდგარვარ ღამით და გემრიელად მიჭამია, ისე, რომ ოჯახის წევრებს არც კი გაუგიათ, დღისით კი გავიძახოდი, დიეტაზე ვარ-მეთქი. სახლში რომ მიმქონდა პროდუქტი, ნახევარს ჩემს ჩანთაში ვილაგებდი და ვმალავდი, მერე რომ მეჭამა ჩუმად. ყველაზე მაგარი ის იყო, საკუთარ თავს რომ ვპარავდი ჩუმად საჭმელს და ვჭამდი (იცინის). ბოლოს მივხვდი, უკვე ვეღარ ვიტანდი ზედმეტ წონას და ოცდაათი კილო დავიკელი. ადრე, სასწორზე შემდგარს, დედის გინება არ მცდებოდა, ახლა კი ამოისუნთქა საწყალმა. ზოგი სასწორი ვერც კი მწონიდა და ისარი ტყდებოდა რომ შევდგებოდი, ფუჭდებოდა. წონისა და სიდიდის კომპლექსი სულ მქონდა; მერე, ასაკში რომ შევედი, დავიკიდე და მომეშვა. 45 წლის ვარ და ამას წინათ მითხრეს, უი, 35 წლის მეგონეო. სიხარულით გადავირიე (იცინის).
– სიმსუქნის კომპლექსი გასაგებია, მაგრამ, სიმელოტე?
– თმა ადრე გამცვივდა და, რაც დამრჩა, ჩემით დავიპუტე (იცინის). მამა მელოტი იყო და სულ მეშინოდა, არ დავემსგავსო-მეთქი. არადა, სახით დედას ვგავარ და რაღა თმით დამიმსგავსა მამაჩემმა. მითხრეს, თუ გინდა, რომ თმა ამოგივიდეს, ღამურას სისხლი უნდა წაისვაო. დავდევდი, მაგრამ ვერ ვიჭერდი. მერე გავიზარდე და მივხვდი, მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური ბიჭები მელოტები არიან (იცინის).
– თმის გადანერგვა არ გიცდია?
– მე ისეთი ბედი მაქვს, ოხრახუში ამომივა და მერე რამდენი მეზობელი ლობიოს გააკეთებს, იმდენი დამალვა მომიწევს. არ დამავიწყდება, ადრე, ბიჭებმა გადაინერგეს მოსკოვში თმა, რომელიც არ გაიზრდებოდა და ერთ სიგრძეზე ექნებოდათ მთელი ცხოვრება. გადანერგვის შემდეგ, აღუნიშნავთ და რესტორანში კარგად დაულევიათ, მერე აშარებულან და აუტეხავთ დებოში. დაუჭერია მილიციას და იქ ნულზე გადაუხოტრიათ. ასე რომ, რა ვიცი, სად ავშარდები და, თმა რომ მქონდეს გადანერგილი და გადამპარსონ, ხომ გადავირიე?!