ინტიმური საუბრები
ქმარს აღარ ვუყვარვარ
წლების განმავლობაში, როცა თქვენს რუბრიკას ვკითხულობდი, მიკვირდა, რატომ უჩნდება ადამიანს სურვილი, თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ილაპარაკოს-მეთქი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად შემექმნა გადაულახავი პრობლემები, მივხვდი, რომ ტკივილის სხვებისთვის გაზიარება, ერთგვარი ფსიქოთერაპიაა; მით უმეტეს, როცა ცვლი სახელებსა და ასაკს, შეგიძლია, ბოლომდე გულახდილი იყო.
ამ წერილის მოწერა ჩემმა უმძიმესმა მორალურმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. ვიცი, რომ ეს არაფერში მიშველის, მაგრამ, მაინც გწერთ...
რამდენიმე წელია, გათხოვილი ვარ (უნდა აღვნიშნო, რომ სიყვარულით დავქორწინდით). შოთიკო რომ გავიცანი, თავიდან მე არც კი მომწონებია, მას კი, თურმე, მაშინვე შევუყვარდი და მთელი წელი კუდში დამდევდა, თან მყვებოდა, რას აღარ აკეთებდა, რომ ჩემი ყურადღება დაემსახურებინა. ისეთ ფოიერვერკებს მიწყობდა, ჩემი დაქალები შურით სკდებოდნენ. მეც, ქვა ხომ არ ვიყავი, შემიყვარდა. ამის მერე თითქმის ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ეს ორი წელი იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი. მერე დიდი ზარ-ზეიმით დავქორწინდით და, მეგონა, რომ ის რომანტიკა, რასაც შოთიკომ სამი წლის განმავლობაში შემაჩვია, მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა, მაგრამ, თურმე არაფერია ამქვეყნად მარადიული. დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში ჩემმა ქმარმა თანდათან შეამცირა ზრუნვა და ყურადღება, მერე უხეშობაც გამოავლინა და, ერთ დღესაც (ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ), პირდაპირ გამომიცახადა, ძალიან შევცდი შენში; ახლა მივხვდი, რომ არ მყვარებიხარ, მაგრამ, მეცოდები და იმიტომ არ გეყრებიო. ეს იყო შოკი, რამაც მთელი თვე გასტანა. ოდნავ გონზე რომ მოვედი, ძალა მოვიკრიბე და ვკითხე, რა პრეტენზიები გაქვს ჩემთან, როგორც ცოლთან და როგორც ქალთან, მითხარი და შევეცდები, გამოვასწორო-მეთქი. იმაზე უარესი პასუხი მივიღე, ვიდრე მოველოდი. მეგონა, პრეტენზიების უზარმაზარ სიას ჩამომიწერს-მეთქი, მაგრამ, საკმაოდ მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი: არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, მივხვდი, რომ არასდროს მყვარებიხარ და ვერც ვერასოდეს შეგიყვარებო. საშინელი დეპრესია დამეწყო. მაინც ჩემს თავს ვადანაშაულებდი და ვფიქრობდი, ალბათ, სათანადო სითბო და ყურადღება ვერ გამოვიჩინე მის მიმართ და ამიტომ გაუცივდა ჩემზე გული-მეთქი. მაგრამ ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, დავინახე, როგორ გაჩერდა შოთიკოს მანქანა ბანკის წინ და როგორი ბედნიერი სახით შეიყვანა ჩემმა ქმარმა ბანკში ვიღაცა მწარედ დამაკიაჟებული ნაშა ხელკავით. რაღაც ცუდი მიგრძნო გულმა, თან, ცნობისმოყვარეობამაც მძლია და ჩუმად შევყევი. ისეთ ადგილას დავდექი, ისინი ვერ მხედავდნენ, მე კი კიდეც ვხედავდი და მათი ლაპარაკიც მესმოდა. შოთიკომ მოლარეს ბარათი მიაწოდა სარკმლიდან და უთხრა, ხუთი ათასი დოლარის გატანა მინდაო. ფული რომ აიღეს და კარისკენ გაემართნენ, გზაში უთხრა ჩემმა ქმარმა იმ ნაშას, წელს ამ მანქანით იარე და გაისად უკეთესს გიყიდიო. ისე შემშალა ამ სიტყვების გაგონებამ, თავი ვეღარ შევიკავე, ჩემი „სამალავიდან“ გამოვედი და მათკენ გავემართე. შოთიკოს ისეთი ფერი დაედო ჩემს დანახვაზე, მეგონა, მოკვდება-მეთქი. ის გომბიო მიხვდა, ვინც ვიყავი (ან, შეიძლება, სახეზე მიცნობდა კიდეც), მაგრამ, წარბიც არ შეიხარა, პირიქით, შოთიკოს უთხრა, მანქანის გადაფორმების ფულიც შენ უნდა გადაიხადოო.
იმ ღამეს სახლში არ მივსულვარ, ჩემს დაქალთან დავრჩი, მეორე დღეს კი ჩემი ნივთები ჩავალაგე და დედაჩემთან დავბრუნდი. დედა მეჩიჩინება, ყველა კაცს ემართება ასეთი რამ, უნდა აპატიო და შეურიგდეო. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ ისე მიყვარს, რომ ამაზე თანახმა ვარ, მაგრამ, როგორ გავაკეთო ეს, როცა არც პატიებას და არც შერიგებას არ მთხოვს?!
ლიკა, 27 წლის.