რატომ ჩააბარა ებრაელმა ბიზნესმენმა „ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულ მარიამ კუბლაშვილს 300 ათასი დოლარი და ვინ ექცა მას ბარიერად
„ცეკვავენ ვარსკვლავების” მეოთხე სეზონის გამარჯვებული ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გახდა. ფინალამდე ტირილითა და წუწუნ-წუწუნით მივიდა, მაგრამ ისე უნდოდა ცეკვა და სცენა, რომ მისთვის ბევრი რამ გაიღო. მძიმე სამი თვის განმავლობაში, მარიამს ბევრი ბარიერის გადალახვა მოუხდა. როგორც თავად ამბობს, პროექტისთვის „თავი დადო”. თუმცა, ბავშვობის ოცნების ასახდენად, რომელიც წლების წინ თვალსა და ხელს შუა „დაეწვა”, ეს ნამდვილად უღირდა.
მარიამ კუბლაშვილი: განცდა, რომ პროეტის გამარჯვებული ვარ, უსაზღვროდ სასიამოვნო და სასიხარულოა ჩემთვის. თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან დაღლილი, გამოფიტული და დაცლილი ვარ. თავი დავაკალი ამ პროექტს. სამი თვე, არაა ცოტა დრო, იცხოვრო ისეთ რეჟიმსა და ფიზიკური დატვირთვით, რაც შენთვის უცხოა და ადრე ასე არასდროს გიცხოვრია. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ გამარჯვება მოვიდა დიდი მოთმინებისა და შრომის ხარჯზე. ვიღაცისთვის ეს ცარიელ სიტყვებად დარჩება და რაც არ უნდა ავხსნა, რა ახლდა ამ ყველაფერს, ბოლომდე მაინც ვერ გაიაზრებს. როცა მაყურებელი ხარ და აკრიტიკებ კონკურსის მონაწილეს, თუ რატომ ვერ აკეთებს რამეს უკეთესად, დღეს ეს ჩემთვის ღიმილის მომგვრელია. უფრო მეტიც, არ მესმის, რატომ უნდა მოსთხოვო კონკურსანტს იმაზე მეტი, რაც არ შეუძლია. საკუთარ თავზე გეტყვით, ცხოვრებაში არ მიცეკვია. ხომ იყვნენ პროექტში ისეთი მონაწილეები, რომელთაც რაღაც ფორმით მაინც ჰქონდათ კავშირი სპორტთან, ან სხვა აქტივობებთან. ზოგს სადმე, ცეკვის სამოყვარულო კლუბში მაინც უვლია. მე ცეკვის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მთელი ჩემი საცეკვაო „ეპოპეა” შემოიფარგლებოდა ქორწილებში ნაცეკვი ქართულით და მარტივი დისკოთი, რომელიც, პატარაობაში რომ ორღობეში კონცერტებს ვატარებდით, იქ ვისწავლე. მე თვითონ ვიგონებდი რაღაც ილეთებს, ცეკვა ძალიან მიხდებოდა. დედა სულ ამბობდა, ამ ბავშვს ცეკვა როგორ უხდებაო. თუმცა, ჩემი ამგვარი აქტივობის წინააღმდეგი იყო ჩემი ძმა – ტრადიციული მენტალიტეტის ადამიანი, რომელიც მაშინ, როცა ჩეჩნურ ფილმში გადამიღეს, თავზე მადგა და გადასაღები მოედნიდან არ მცილდებოდა. უფრო მეტიც, ამ ფილმში შეყვარებულის როლი უნდა შემესრულებინა, მთავარი როლი იყო. დედაჩემი გადაირია, რას ჰქვია, შეყვარებულიო და რეჟისორს დის როლი „მოაძებნინა” ჩემთვის. თავშალი მეხურა, დახურულ-დაბურული დავდიოდი. ჩემი ძმა მთელი გადაღებების განმავლობაში ჩემთან ერთად იყო პანკისში. სცენაზე მოხვედრაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ჩემი სცენა ახმეტის ორღობე და კლუბი იყო. ახმეტაში კარგი კლუბი გვქონდა, იქ გამოვდიოდი სილამაზის კონკურსებზე – 10 -11 წლისა „მის ახმეტა” გავხდი. დიდი კონკურსი ჩატარდა, ორგანიზატორები თბილისიდან იყვნენ. მახსოვს, როგორ ამყვა სცენა, როგორ მესროდნენ ყვავილებს, მანებივრებდნენ აპლოდისმენტებით. ერთ დღეს ეს კლუბი დაიწვა. ჩვენ კლუბთან ახლოს ვცხოვრობდით. ჩუსტებით გავიქეცი, როცა გავიგე, რომ კლუბში ცეცხლი გიზგიზებდა. ახმეტა ხომ ჩემპიონების რაიონია. აქეთ მე ვიდექი ჩუსტებით, იქით ზურა ზვიადაური და ცხარედ ვტიროდი კლუბის დაწვას, რომელთან ერთადაც ჩემი მაშინდელი ოცნებებიც დაიწვა. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სცენასთან დაკავშირებით საუბარიც აღარ ყოფილა – გოგო ხარ, ხალხი რას იტყვის, სერიოზული პროფესია უნდა აირჩიოო. მეც ავირჩიე პროფესია, რომლის წყალობითაც სულ სხვა სამყაროში მოვხვდი.
– როგორც ვიცი, ძალიან რთულად შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიგეღოთ ამ პროექტში.
– დიახ, დედა ფიქრობდა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა შელახავდა ჩემს, როგორც ადვოკატის სოლიდურ რეპუტაციას და სულ მახსენებდა, მჭირდებოდა თუ არა ეს მე. იგივე პოზიცია ჰქონდა ჩემს ძმას: რა ცეკვა აგიტყდა, ის გამოგიჩნდება, ეს გამოგიჩნდება, დაეტიე შენთვისო. ვეუბნებოდი, რა გამომიჩნდება ისეთი, რაც ქვეყანას არ უნახავს-მეთქი. ასეთი დიდი წინააღმდეგობა რომ ვიგრძენი, უფრო მეტად მომინდა პროექტში მონაწილეობა. მებრძოლი სულის ვარ, შინაგანად ვერ ვეგუები აკრძალვებს. ისე ძალიან მინდოდა სცენა, რომ წამოვედი სახლიდან, რომელიც ჩემი ნაყიდია და საცხოვრებლად გადავედი ქირით, თუმცა პროექტზე უარი მაინც ვერ ვთქვი.
– ასე შეეწირა თქვენი პირადი ცხოვრება ამ პროექტს?
– სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ მე ზრდასრული ადამიანი ვარ და სხვა არჩევანს ვერ გავაკეთებდი. თუ პროექტს წავაგებდი, ჩემს ძმას მივცემდი სალაპარაკოს: აი, წააგო და გაიმასხარავა თავიო. ამისი ძალიან მეშინოდა, ამიტომაც არ დავზოგე თავი – ოჯახსაც დავუმტკიცე და საკუთარ თავსაც, რომ მე ძლიერი ვარ და ყველაფერი გამომივა.
– თავიდან ფიქრობდით, რომ ფინალამდე მიხვიდოდით?
– არა, ამას ვერ ვიფიქრებდი. ამ სამ თვეში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადავლახე. თავიდან მქონდა განცდა, რომ შოუ-ბიზნესი არ მიმიღებდა. მიმაჩნდა, რომ ეს იყო ერთი გუნდი, მე კი ამ გუნდისთვის ვიყავი უცხო, სხვა სამყაროდან – ისე, როგორც მერცხალი შეფრინდება ფუტკრის სკაში და იქ აუცილებლად დაესევიან ფუტკრები, არ გაახარებენ. ჩემი ვარაუდი არ ახდა, უფრო მეტსაც გეტვით, ისე კარგად შემხვდნენ ეს „ფუტკრები”, იმდენი მეძახეს: რა ლამაზი და ნიჭიერი ხარო, ცამდე ამიყვანეს. ამას ყოველდღე მიმეორებდნენ, სამაგიეროდ, რა გააკეთეს ადვოკატებმა? ჩემი საახლობლო წრის გარდა, ყველა იურისტი დუმდა ჩემს ამ აქტივობაზე, ჩემს გამარჯვებაზე. უცხოები მომეფერნენ, მათ კი არანაირი ემოცია არ გამოუხატავთ. სიმართლე გითხრათ, მე ხალხისაც ძალიან მეშინოდა – არავინ მიცნობდა არც მე და არც ვიქტორს. ის პირველად ჩამოვიდა აქ და არ ჰყავდა თაყვანისმცემლები. ვფიქრობდი, ვის უნდა დაეჭირა ჩვენთვის მხარი? სანამ ვიქტორი თაყვანისმცემლებს გაიჩენდა, კი გაგვიშვებდნენ იქიდან. მე ისე ვიყავი გაფრენილი ჩემს ოცნებებში: რომ ვიცეკვებდი, გამიკეთებდნენ მაკიაჟს, ჩავიცვამდი ლამაზ კაბებს, ჭკუაზე არ ვიყავი. ცალკე ბარიერად მექცა თვითონ ვიქტორი, რომელიც ძალიან მკაცრია. პირველივე ვარჯიშის დროს დავიზიანე მუხლი და წყალი ჩამიდგა. საერთოდ ვერ ვამოძრავებდი ფეხს. არ ვიცი, როგორ არ გადავუხადო სახალხოდ მადლობა ექიმ გიორგი ჯინჭარაულს. რომ არა მისი პროფესიონალიზმი, ფეხს ვერ გადავდგამდი. ვარჯიშების დროს საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ვტიროდი, როცა ვიქტორი მეუბნებოდა: ეს რა საშინელება ხარ, ხორცი! „მიასა”! შენ არაფერი გამოგდის! ვიქტორს არ ჰქონდა არაპროფესიონალთან მუშაობის გამოცდილება და ამიტომაც მაფასებდა ასე მკაცრად. ისე ვნერვიულობდი, საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. მთელი ჩემი ნერვები შეეწირა ამ პროექტს. სცენაზე გამოსვლა სიკვდილს უდრიდა ჩემთვის. ვამბობდი: ღმერთო, მიშველე, მიწა გამისკდეს და ჩავვარდე-მეთქი. შიშისგან რამდენჯერმე ისიც ვიფიქრე, მოდი, არ გავალ, მაგრამ რა ვქნა, ამ ხალხს რა ვუყო-მეთქი? (იცინის) საკუთარ თავს იმით ვამხნევებდი, რომ ახლა თუ არ გავალ, საქვეყნოდ თავს მოვიჭრი-მეთქი. ხელები და ფეხები ისე მიკანკალებდა, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი, ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებდი 8-9 საათი ვარჯიშს. დავიწყებული მქონდა ყველა და ყველაფერი, მხოლოდ ცეკვით ვცხოვრობდი. ერთადერთი, რასაც ვერ ველეოდი იყო ჩემი საქმე, შეხვედრებიდან პირდაპირ სავარჯიშო დარბაზში მივრბოდი და ცეკვას ვაგრძელებდი.
– ყველაზე მეტად რომელი ტური გაგიჭირდათ?
– ყველაზე რთული, ალბათ, მაინც „ჩაჩაჩა“, იყო – ჩემთვის ყველაზე წარუმატებელი ცეკვა. ტანსაცმელიც შეუფერებელი მეცვა, „შარვალ-კოსტუმით” „ჩაჩაჩას” არავინ ცეკვავს. თავიდან საშინელი კომპლექსები მქონდა, როგორც კი „ექვსიანები” დამიწერეს, გავიხადე და გავიხადე (იცინის). ამ ცეკვის შემდეგ ჩერტკოევმა გადამიარა: ცხოვრებაში ასეთი საშინელი „ჩაჩაჩა” არ მინახავს, ეს რა არისო, მითხრა. ჟიურის წევრები ერთმანეთს აბალანსებდნენ ჩემს ლანძღვაში. ერთ შოუში ჟიურის ერთი მონაწილე მლანძღავდა, მეორე შოუში – მეორე. თუმცა, ამაზე რეაცია არ მქონდა. ვიცოდი, რომ ისინი მართლები იყვნენ. ჩერტკოევი ძალიან მაგარი ადამიანია, არა იმიტომ, რომ პროფესიონალია, სამართლიანია. მე პირველივე დღეს დავინახე ბევრი საერთო, რაც არსებობდა ჩვენ შორის. ეს იყო იმედი. ვხედავდი, რომ ამ კაცს არ შეუძლია უსამართლობა და თუ კარგად ვიცეკვებ, აუცილებლად „დამინახავს”. ჩერტკოევი „ხედავდა” ვიქტორს. მიხვდა, რომ ის იყო პირველი კლასის მოცეკვავე, საუკეთესო საუკეთესოთა შორის. საბოლოოდ, ჩვენმა ტანდემმა გაამართლა. ამ წუწუნ-წუწუნსა და ტირილ-ტირილში მივედი ფინალამდე. ხალხმა შემიყვარა და ისე მეშინია, რომ ვერ გავამართლო მათი იმედი, ამაზე ხშირად ვფიქრობ.
– ამბობენ, რომ პროექტს ჰქონდა რთული „კულისები...”
– თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო, ფინალისკენ უფრო დაიძაბა ურთიერთობები. ვეღარ ვიყავით ისე ლაღები, როგორც თავიდან. ის ღიმილიც გაქრა, რაც ყველას გვქონდა პროექტის დასაწყისში. ძალიან მიხარია, რომ გავიცანი საუკეთესო ადამიანები, თბილი, მეგობრული, უკონფლიქტო. საოცრად კარგი ადამიანია თიკა ჯამბურია, აღარაფერს ვამბობ, გიორგი ჯაჯანიძეზე. ნახევარფინალში ცოტა მეტი უხერხულობა გაჩნდა. მე და იასენია ერთმანეთთან ახლოს ვიყავით, თითქოს დამნაშავედაც კი ვგრძნობდი თავს, როცა ის პროექტიდან გავიდა.
– ამ პროექტს, წინა სეზონისგან განსხვავებით, ბევრი კრიტიკა და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. რატომ ვერ აჩვენეთ ისეთი შოუ, როგორც ეს წინა კონკურსანტებმა მოახერხეს?
– ხმები იმის შესახებ, რომ ჩვენ ვერ დავდგით შოუ, ცოტა არ იყოს, უსამართლოა. წინა პროექტში ძალიან ბევრი მონაწილე იყო ისეთი, რომელთაც სპორტული ცხოვრება ჰქონდათ. მე ვერასდროს დავდგამ ცეკვას ისე, როგორც იცეკვებს ქეთი ხატიაშვილი. ნანა ნებიერიძე წყალბურთელია, ისეთი გაწელილია, მისთვის ცეკვა არაა პრობლემა. ჩვენ მართლა ჯანსაღი კონკურსი გვქონდა – არავის არსად გვიცეკვია, არავის გვქონია შეხება ცეკვასთან ისე, როგორც ეს იყო წინა პროექტში. სწორედ ეს გახლდათ მოცემულობა, რასაც ვერ გავექცეოდით. მე მერჩია, მეცეკვა ტექნიკურად რთული ცეკვა და არ გამეკეთებინა აქცენტი მხოლოდ შოუზე, რაც იოლი არ იყო.
– და პრიზი?
– ეს არის 40 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა, მშენებარე კორპუსში. ბინის რეალური მფლობელი, ალბათ, ერთ წელიწადში გავხდები.
– გარდა იმისა, რომ ხართ წარმატებული ადვოკატი, როგორც ვიცი, ჩართული ხართ კოსმეტიკურ ბიზნესშიც. ამ პროექტის შემდეგ პროფესიულ კარიერაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
– მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, რომ გამაღვიძონ და მთხოვონ, სასწრაფოდ იურიდიული კონსულტაცია გვჭირდებაო, უცებ, წამებში ვბრუნდები ჩემს საქმეში. ახლა ცოტა უფრო რთული იქნება ჩემი დაბრუნება ამ საქმეში, რადგან დავინახე ის, რისი დანახვაც არ მინდოდა. უცხოებისგან ვიგრძენი თანადგომა, სითბო, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე. ადვოკატური საქმიანობის პარალელურად, რამდენიმე თვეა, რაც ბიზნესში ვარ ჩართული. ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ყოფნა უცხოეთში. ისრაელში გავიცანი ადამიანი, ქველმოქმედი ებრაელი, რომელმაც შემომთავაზა, რომ ჩადებდა ინვესტიციას საქართველოში, დაახლოებით, 300 ათას დოლარს. ის ვერავის ანდობდა ფულს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე ახლოს გამიცნო, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში განეხორციელებინა ინვესტიცია. ბიზნესის წარმატების შემთხვევაში კი, 15 პროცენტის მფლობელი მე გავხდებოდი.
– ამ პროექტის შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
– სავსე ვარ დადებითი ემოციებით, ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. როცა შენ ბედნიერი ხარ, ამას აფრქვევ კიდეც. მე ავიხდინე ჩემი ოცნება – სცენა აღარაა ჩემი ორღობის და დამწვარი კლუბის ოცნება (იცინის). ჩემი პროფესიული ცოდნა ცეკვაში უკვე გასცდა ქართულს და დისკოს. ახლა დამპატიჟონ, ბატონო, ქორწილებში და ვაჩვენებ ჩემს მაღალ „კლასს”. დღეს წარსულის დისკოსგან განსხვავებით, ჩემი ცეკვები უკვე „ფოქსტროტი” და „ტანგოა” (იცინის).