კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოირგო ზვიად ქორიძემ ახალი ამპლუა და რა დაუტოვა მას ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიას ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს. ის ახლა უკვე სხვა სტატუსით  იზრუნებს კომისიის საქმიანობაზე, რომელშიც ცხრა თვის წინ წევრის რანგში ჩაერთო. სოციალურად ძალიან აქტიურ ზვიად ქორიძეს, რომლის „შრომის წიგნაკიც”  წლების წინ „შვიდ დღეში“ დაიწყო, ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, მაგრამ, რა ხდება მის ცხოვრებაში კადრს მიღმა, რას ვერ ელევა წარსულიდან და რა აკავშირებდა პრეზიდენტთან „წინა ცხოვრებაში,” თავად ჩვენი კოლეგა-რესპონდენტისგან შეიტყობთ.    

 

ზვიად ქორიძე: იმაზე, თუ რატომ გააკეთა პრეზიდენტმა არჩევანი ჩემზე, მარტივი პასუხი მაქვს: ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი მარგველაშვილს. მე მქონდა ჩემი დამოკიდებულება ამ კომისიის წევრობის მიმართ ჯერ კიდევ მაშინ, როცა დავთანხმდი ამაზე – 2013 წლის ნოემბერში.  ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტად ჰუმანური გარემო,  შეწყალების აქტები კი არის ჰუმანიზმის გამოხატულება. როდესაც  პრეზიდენტი სახელმწიფოს სახელით იღებს გადაწყვეტილებას, ის მოუწოდებს საზოგადოებას, თუ რამდენად კარგია ჰუმანისტური მიდგომა. ის, რომ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ჰქონდა გადაცდომა კანონთან მიმართებაში, არ ნიშნავს, რომ მან სიცოცხლე უნდა დაასრულოს და არ უნდა ჰქონდეს ან რეაბილიტაციის, ან ცხოვრების ხელახლა დაწყების შანსი.  ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც საკმაოდ აგრესიულია და დეჰუმანისტური განწყობებით გამოირჩევა; ამიტომ, თუ ხელისუფლების ყველაზე მაღალი პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს,  საზოგადოებასთან ურთიერთობაში ახალ კონცეფციას მოიტანს, ეს იქნება ძალიან კარგი. მეორეც, ჰუმანისტური მიდგომები  არის დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. აგრესიული განწყობების ფონზე დემოკრატია ვერ ვითარდება, ამიტომ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ამ ცხრა თვის განმავლობაში პრეზიდენტმა სამჯერ გამოსცა შეწყალების აქტი, მაგრამ კომისიაში იყო ძალიან ბევრი დისკუსია, თუ  როგორი უნდა ყოფილიყო კომისიის მუშაობა, საით უნდა წავსულიყავით.   ჩემი აზრით, ძალიან სწორი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ალეკო ელისაშვილს შესთავაზა ეს პოზიცია და, დარწმუნებული ვარ, რომ ალეკომ გაართვა საქმეს თავი.  ქვეყანაში უნდა გაჩენილიყო ნდობა შეწყალების პოლიტიკის მიმართ, რაც ალეკომ ნამდვილად შეძლო. 

– რა დაგიტოვათ წინამორბედმა ახალ თავმჯდომარეს და როგორ მოირგეთ თავმჯდომარის როლი? 

– ალეკო ელისაშვილმა, პირველ ყოვლისა, დატოვა ნდობის საკმაოდ მაღლა აწეული თამასა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის; დატოვა მოქალაქეებთან ურთიერთობის ძალიან კარგი ბაზა. ბოლო ორთვე-ნახევრის განმავლობაში, იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა საჯარო პოლიტიკაში წასვლა,  ვერ გაიმართა კომისიის სხდომები, რამაც გამოიწვია ის, რომ დაროვდა ბევრი  საქმე და  გვაქვს  ბევრი სამუშაო.   მე დიდი ხანია, ვარ საჯარო სივრცეში და არ მაქვს გრადაციები,  რომელი საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო იმათგან, რომლებსაც მე ვაკეთებდი. ვფიქრობ, ძალიან მაღალი სტატუსია ჟურნალისტის სტატუსი; ასევე, ძალიან მაღალი სოციალური სტატუსია მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივებზე,   როცა ხარ მედიაადვოკატირების კოალიციის წევრი და ჩართული ხარ მნიშვნელოვან სოციალურ აქტივობაში.   ჩემთვის  შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობა არის გამოწვევა, გავაძლიერო  იმ ღირებულებების  ერთგულება, რაც ჩემთვის ძვირფასია. ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს სწორად, რას ნიშნავს შეწყალების პროცესი. რაც ამ პოზიციაზე ვარ,   უკვე დაიწყო ჩემს ტელეფონზე ზარები საპატიმრო დაწესებულებებიდან – საკმაოდ ბევრი პატიმარი მირეკავს. როგორც მეუბნებიან, ციხეში ყველაზე ადრე  იგებენ ყველაფერს. 

– ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში  თქვა, ამ კომისიას რომ უხელმძღვანელო, ან მანიაკი უნად იყო, ან – კორუმპირებულიო. ეთანხმებით მას?

– ალეკო არის რომელიმე? როგორც მე ვიცნობ, არა! მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ, გინდა თუ არა, მხოლოდ ასეთი მანიაკალური ან კორუმპირებული მიდგომებით უნდა გამოირჩეოდეს ამ  კომისიის ხელმძღვანელი. ეს მოსაზრება იყო იმ პრაქტიკის გამოძახილი, რაც არსებობდა ქვეყანაში. საზოგადოებას ჰქონდა ზუსტად ასეთი  დამოკიდებულება, რომ კომისიაში უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, გააკეთოს ფული; ან, ვისაც ძალიან ხიბლავს იმ ისტორიების მოსმენა და გააზრება, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება და რაც საჯარო სივრცისთვის არ არის  ასე ნაცნობი.  სინამდვილეში, პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობდა და ამიტომაც არ ჰქონდა დიდი ნდობა შეწყალების კომისიას არა მარტო საზოგადოებაში, თავად ხელისუფლებაშიც კი. 

– რისი შეცვლა შეძლო ახალმა კომისიამ ამ ცხრა თვეში?

– მოხდა იმ  განცხადებების სისტემატიზაცია, რაც კომისიაში იყო შემოსული.  ჩვენ დავიწყეთ  ძველი განცხადებების განხილვა და,  სწორედ ამიტომაა, რომ კალენდარული თვალსაზრისით დროში ჩამოვრჩებით პროცესს. მოწესრიგდა მოქალაქეებთან კომუნიკაცია.   მე იმედი მაქვს,  ადამიანები  სწორად გაიაზრებენ  შეწყალების პროცესს, არ დაირღვევა  ის დებულება, რაც არის მიღებული, მნიშვნელოვანია, რომ არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინები იმ ადამიანებს, ვინც საპატიმრო დაწესებულებებში არიან. ყველამ  უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ არ გვეხება სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა; ჩვენ ვერ დავადგენთ, გადაწყვეტილება მიღებულია თუ არა ხარვეზებით; ჩვენთვის მთავარია, ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია კონკრეტული პირის მიმართ, რამდენად არის ადეკვატური. ასევე, მნიშვნელოვანია სინანულის გააზრება – როგორ იქცევა საპატიმრო დაწესებულებაში, რამდენად მძიმეა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და შეიძლება თუ არა, მის მიმართ გამოყენებული იყოს გულმოწყალება.   

– როგორია დღეს ოფიციალურ ფორმატში ურთიერთობა პრეზიდენტთან, რომელთანაც საჯარო სივრცეში ყოფნისას ახლო ურთიერთობა გქონდათ?

–  დღეს პრეზიდენტთან არაოფიციალურ ფორმატში ურთიერთობის მოხერხება რთულია. გარედან ჩანს ასე, რომ თითქოს პრეზიდენტს ბევრი საქმე არ აქვს, სინამდვილეში ეს ასე არაა. თუ  გარემოებები მოიტანს, რატომაც არა, შესაძლოა არაოფიციალური ფორმატიც, თუმცა, მე ვერ მივცემ თავს უფლებას დავარღვიო ეტიკეტი. საჯარო სივრცეში ჩვენი ცხოვრება ძალიან აქტიურად იყო გადაკვეთილი,  პიროვნულად ეს იყო  საკმაოდ ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობა და, შესაძლოა, ამანაც იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვყოფილვართ თანამოაზრეები და თანამებრძოლები, როდესაც საქმე ეხებოდა დემოკრატიულ ცვლილებებს ამ ქვეყანაში;  ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბევრიც გვიკამათია სხვადასხვა საკითხზე. როდესაც გიორგი მარგველაშვილი იყო „ჯიპას” რექტორი, მე ვიყავი მიწვეული ლექტორი, „ჯიპას” სასადილოშიც დავმსხდარვართ, დაგვილევია ყავა და საათობით გვისაუბრია და სტუდენტების თანდასწრებითაც კი გაგვიმართავს დებატები.                

– ალბათ, ახალი სამსახური ძალიან  დაამძიმებს თქვენს ცხოვრებას. 

–  რა თქმა უნდა, დამძიმდა ჩემი სამუშაო გრაფიკი. უფრო მეტი მუშაობა მომიწევს, ვიდრე მიწევდა როგორც კომისიის რიგით წევრს. მძიმეა ყველა იმ ისტორიის წაკითხვა და გააზრება, რაზეც გვიწევს მუშაობა კომისიის სხდომებზე, მაგრამ, ეს უნდა გავაკეთოთ. საკუთარ თავზე საუბარი რთულია, თუმცა, გეტყვით, რომ ჩემი დიდი ჟურნალისტური პრაქტიკა არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად მეხმარება ადამიანებთან ურთიერთობებში, კონკრეტული ისტორიების შესწავლასა და ანალიზში. მე ბევრად მირჩევნია და მომწონს აქტიური ჟურნალისტური გარემო, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მქონდა სხვადასხვა ტელევიზიაში როგორც პროდიუსერის, ასევე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის რანგში. ახლაც განვაგრძობ ჟურნალისტურ საქმიანობას  სტუდია „რეში”, გადაცემები  გადის „პალიტრა ტივის” ეთერში. მსიამოვნებს, რომ ვმუშაობ თემებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. 

–  ჟურნალისტიკას ბოლომდე ვერ ელევით, სოციალურად ძალიან აქტიური ადამიანი ხართ.  კადრს მიღმაც ასეთი აქტიურია თქვენი ცხოვრება? 

– არც მინდა, რომ  ჟურნალისტიკას შეველიო.  თუ იმას გავზომავთ, ჩემი ცხოვრების რა დრო მიაქვს ამ აქტივობებს, კადრს მიღმა რაღა უნდა იყოს? (იცინის) ვიტოვებ დროის რაღაც ნაწილს ჩემი განვითარებისთვის – მეც მინდა ხოლმე, წავიკითხო წიგნი, ვუყურო ფილმს და ამისთვის  ყოველთვის მოახერხებ დროის მოძებნას, რადგან, თუ ეს ცოდნა მუდმივად არ მიიღე, ჩამორჩები დროს, რისი უფლებაც ადამიანს არ აქვს. მე ვერ შევალ ლექციაზე  და ვერ ვისაუბრებ სტუდენტებთან იმ მოდულით, რაც ხუთი წლის წინ მქონდა დამუშავებული.

– და, არდადეგები, დასვენება?

– უჰ, იმდენი წელია, რაც მე არდადეგები არ მქონია, დამავიწყდა კიდეც, რა არის ეს. ჩემს ოჯახთან ერთად გამიტარებია სადმე  რამდენიმე დღე, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, დიდი ხნით ვერ ხერხდება. ივლისში 1 200 განცხადება გვაქვს განსახილველი; პრეზიდენტს უნდა შევთავაზოთ სარეკომენდაციო წერილი და ახლა არდადეგებისთვის მოვიცლი?!    

– ოჯახი საჩივრის წიგნს ხომ არ „ითხოვს“?

– არა, ჩემი მეუღლე თავადაც ძალიან აქტიური რეჟიმით ცხოვრობს. ის  პროფესიით ფსიქოლოგია და  მუშაობს ძალიან მჭახესახელიან არასამთავრობო ორგანიზაციაში – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრი.” 

– მონათესავე სფეროებში ხართ, პროფესიული კონკურენცია ხომ არ გაქვთ?

– ის პროფესიის გამოა ამ საქმეში, მე კი საზოგადოებრივი აქტივობების შემდეგ  მოვხვდი იმ თემებზე სამუშაოდ, რომლებიც შეეხება მსჯავრდებულებს, თუმცა ამ თემებით ყოველთვის ვინტერესდებოდი და  სხვადასხვა ფორმით  აქტიურად ვიყავი დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს თავისი საქმე, მისთვის უცხო არაა აქტიური რეჟიმი, ამას არიან მიჩვეულები ჩვენი შვილებიც. ჩვენ გვყავს ოთხი შვილი. უფროსი გოგონა 19 წლისაა, სწავლობს უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე და მასაც აქვს გარკვეული საზოგადოებრივი აქტივობები; ორი გოგონა სკოლის მოსწავლეა, ნაბოლარა ლუკა კი 6 წლისაა და ახლა მიდის სკოლაში.  მშობლების აქტივობა შვილებისთვის არის მათთან  ერთგვარი კომუნიკაცია, ასე რომ, შესაძლოა, ბევრ  დროს ვერ ვუთმობდე შვილებს, მაგრამ მათთან მაინც ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ არ ვარ პატრიარქალური შეხედულებების ადამიანი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი ურთიერთობები ყველასთან, მათ შორის – ოჯახის წევრებთან.  ოჯახის საორგანიზაციო საკითხებში ყველა აქტიურად ვართ ჩართული, ყველა ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვუსმენთ ერთმანეთს. მაგალითად, ახლა სახლში მაქვს რემონტი და ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული სარემონტო სამუშაოებით – აქედან  მუშებთან მივდივარ.  

– ჰობი რა აქვს ზვიად ქორიძეს? 

– ამაზე რამდენიმე წლის წინ დავფიქრდი, როდესაც ვავსებდი ანკეტას ერთ-ერთი წიგნისთვის.  აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში არ შეცვლილა ჩემი ჰობი – კარგი ლიტერატურა, კარგი ჯაზი, კარგი მოგზაურობა და კარგი კონიაკი.  ეს არის ის, რამაც, შეიძლება, ყოველდღიური საკმაოდ სტრესული გარემოდან ცოტა მოგწყვიტოს, დაგამშვიდოს, დაგაფიქროს და  მიგაღებინოს ახალი გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ჩემი ტიპის ადამიანს ეხმარება, ერთი მხრივ, თავისუფლებაში, მეორეს მხრივ თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

– და, ცხოვრების ექსტრემი?

– ექსტრემს არ ვეძებ, მე ვცხოვრობ და, ხან ვხვდები ექსტრემალურ სიტუაციებში, ხან – არა. ისტორიები, მათ შორის, ზოგჯერ  ფათერაკიანიც, თვითონ „მპოულობენ.” მოგზაურობაში განსაკუთრებული რეკორდები არ მაქვს დამყარებული, მაგრამ, მინახავს ბევრი ლამაზი ქვეყანა, ბევრი ლამაზი ქალაქი. მაქვს ერთი ოცნება – ვნახო აფრიკა და, იმედი მაქვს, რომ ამ კონტინენტზე მალე მოვხვდები. 

 

скачать dle 11.3