კულინარიული რეცეპტი ჩელესგან
ამ კერძის რეცეპტი ჩვენთან, ტელევიზიაში მოვისმინე. გოგონები აქებდნენ, უგემრიელესიაო. სცადეთ, ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ.
კრევეტების წვნიანი
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი თეთრი თევზის ფილე, 400 გრამი გაყინული კრევეტები, 1 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 1-2 ღერი ნიახური, 50 გრამი კარაქი, 1,5 სადილის კოვზი ფქვილი, 70 მილილიტრი წითელი, მაგარი ღვინო, 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 1 კვერცხის გული, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ქვაბში ჩაასხით 3 ლიტრი წყალი, ჩააწყვეთ მასში თევზის ფილე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი მაინც. შემდეგ ჩაუმატეთ კრევეტები და ხარშეთ კიდევ 5 წუთი. თევზი და კრევეტები ამოიღეთ და ბულიონი კი სუფთა დოლბანდში გაწურეთ.
ხახვი დაჭერით რგოლებად, სტაფილო – მრგვლად, ნიახური ძალიან წვრილად. ცალკე ქვაბში გაადნეთ კარაქი და განუწყვეტელი, ნელი მორევით მოშუშეთ მასში ბოსტნეული. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და შუშეთ კიდევ ორი წუთი. შემდეგ ნელა დაასხით ბულიონი, ადუღეთ 5 წუთი. დაუმატეთ ღვინო, ტომატ-პასტა, უყავით მარილი, პილპილი და ხარშეთ კიდევ ხუთი წუთი.
კვერცხის გული გათქვიფეთ, ჯერ შეურიეთ ორი კოვზი ბულიონი, კარგად რომ გაიხსნება, მერე ჩაუმატეთ დანარჩენ ბულიონს და კარგად შეურიეთ. დაუმატეთ თევზის ფილე, კრევეტები და მიიყვანეთ ადუღებამდე. სუფრასთან მიტანის წინ შეგიძლიათ მოაყაროთ ცოცხალი მწვანილი.