მოქეიფე ქართველი მოჭიდავისა და გასაბერი ქალის ამბავი
ვიქეიფოთ, ბიჭებო, არა?!
2003 წელია. მოჭიდავეები ფინეთში ვართ ასპარეზობაზე. მართალია, კომუნისტური რეჟიმი დიდი ხნის გასული იყო „გაღმა, მარილზე“, მაგრამ კაპიტალისტურ ქვეყნებში მაინც გოიმებად ვგრძნობდით თავს და იქაური წესები ნაკლებად ვიცოდით საქართველოში ლაღად გაზრდილმა ბიჭებმა.
კვების საკითხი ფინეთში „თავისებურად თავისებური“ იყო. აგიხსნით: არსებობდა დიდი მაგიდა („შვედური მაგიდა“), რაზეც ეწყო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი საკვები: რძისა და ხორცის პროდუქტები, ნაირგვარი ბოსტნეული და ნუგბარი ტკბილეული. თურმე, წესია, რომ რიგში ჩამდგარმა სპორტსმენებმა ამ მაგიდიდან უნდა აიღონ მათთვის სასურველი ულუფა და მერე სხვა მიკრომაგიდებთან მიირთვან.
ყველა ჯგუფშია გამორჩეული „ახირებული“ ტიპი და ჩვენც გვყავდა ერთი მოჭიდავე – ი. კ. (გვარსა და სახელს შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაინც უხერხულია, თან – მნიშვნელობა არა აქვს).
მოკლედ, ვდგავართ რიგში, რომ ჩვენ-ჩვენი პროდუქტი ავითვისოთ და რას ხედავს ჩემი თვალები: ეს ჩვენი ი. კ. საიდანღაც მოტანილ სკამზე ზის ხონთქარივით ამ მაგიდასთან ზუსტად შუაგულში. თავადივით გაუშლია მხრები და ჩვენს დანახვაზე ფრიად გაიხარა.
– ბიჭებო, აქეთ, აქეთ! – გვიქნევს ხელს დიდი ამბით.
– მოშორდი, ბიჭო, მაქაურობას! – დაუძახა რომელიღაც ჩვენგანმა.
– რატომ მოვშორდე? – გაუკვირდა ი. კ-ს (ესენი ვერ არიანო), – კაი სუფრაა, მშვენიერი პურმარილია და სად უნდა წავიდე?! იშოვეთ სკამები და შემომიერთდით, ვიქეიფოთ, მაგის დედა არ ვატირე?!
ძლივს „ავატყავეთ“ სკამიდან გულდაწყვეტილი და გაოცებული ჩვენი დარდიმანდი თბილისელი „ყარაჩოღელი“.
რა გქვია, ლამაზო?!
ამ ამბის შემდეგ ი. კ. სულ გვებუზღუნებოდა – სულ თქვენი ბრალია, რა სუფრა დამაკარგვინეთო. საერთოდ, ბუზღუნაა, თუმცა, მოქეიფედაა დაბადებული. იტყვით ახლა, ქეიფი და სპორტი როგორ შეიძლება ერთადო, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენი წინაპარი ბუმბერაზი მოჭიდავეები სპორტსა და ქეიფს მშვენივრად უწყობდნენ ერთმანეთს და ძალიან დიდ წარმატებებსაც აღწევდნენ მტრის ჯინაზე.
ი. კ-ს, ქეიფის გარდა ერთი სისუსტეც ჰქონდა – ქალები. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, როგორც მელა ყურძენს, ისე გაადევნებდა ხოლმე ქუჩაში თვალს ლამაზმანებს, ჩაყლაპავდა სიმწრის ნერწყვს და გულზე იბრაგუნებდა მჯიღს – „ოხ, ერთი თქვენი თავი მამცა ხალიჩაზეო!“
ვერ იქნა და ვერ გადავაჩვიეთ. ბოლოს, გადავწყვიტეთ, ჭკუა გვესწავლებინა და მომენტს დაველოდეთ. მომენტიც მალე დაგვიდგა.
ბორჯომში ვართ შეკრებაზე. ამ კურორტზე ლამაზმანებს რა გამოლევს და ი. კ-მაც შეილეწა გულმკერდის ძვლები მჯიღის ბრაგუნით: „ოხ ერთიიი!!!“
ერთი ტურისტისგან შევიძინეთ რეზინის, გასაბერი ქალი. ავიტანეთ ნომერში, გავბერეთ და... ჩვენ წინ დადგა ლამაზი, ჰაეროვანი, ქერათმიანი და გასაგიჟებელი, უზადო გარეგნობის ფრიად ელასტიკური „ნაშა“.
საღამოს, მკერდში მჯიღნაცემი და დაღლილი ი. კ. ადრე დაწვა, დაიძინა და გაეხვია ფერად-ფერად (ალბათ) სექსუალურ სიზმრებში.
რომ დავრწმუნდით, გვარიანად ეძინა, მოქმედება დავიწყეთ: სახელდახელოდ ისევ გავბერეთ ჩვენი „ნაშა“ და მივუწვინეთ გვერდით. რა დაგვაძინებს – ველოდებით რეაქციას! შუქი ჩავაქრეთ, ბრა ავანთეთ („პოლუმრაკ“) და ვართ გატრუნულები. ნახევარ საათში ი.კ-მ ერთი მძლავრად ამოიხვრინა და გვერდი შეინაცვალა. შეინაცვლა და თვალებს არ უჯერებს – მის გვერდით ულამაზესი „ნაშაა“ გაშხლართული.
ი.კ-მ ჯერ თვალები მოიფშვნიტა – აშკარად არ არის სიზმარი. „კაცო, დალევით არ დამილევია, მით უმეტეს, არ დავმთვრალვარ ისე, რომ ეს მოვიყვანე და არ მახსოვს”... გადაწყვიტა, ნაღდად ცოლად „მეტენებაო“ და „შეაღვიძა“:
– ეეე... ეეე... დევუშკა... სლიშიშ? – წაჰკრა ხელი, – პრასნის, ნატაშენკა!
გოგო, ბუნებრივია, დუმს. დუმილი კი, თანხმობის ნიშანი რომაა, ი.კ-მ ბავშვობიდან იცოდა და შეტევაზე გადავიდა:
– კაკ ტებე ზოვუტ? ნატაშკა, და? (სულ „ნატაშკაზე“ იყო აცრილი – ადრე ჰყავდა ერთი).
გოგო დუმს. ი.კ-მ იფიქრა, რადგან რუსი არაა, ქართველი იქნებაო და...
– რა გქვია, გოგო? – გაუმეორა...
აქ კი ვეღარ მოვითმინეთ და ი. კ-ს თავზე მეხივით დაატყდა ჩვენი კოლექტიური ხარხარი.
რაღა ექნა? თვითონაც აგვყვა, ვითომ არ შეიმჩნია და, სულ მალე, ორ კვირაში, „აბაროტი“ აგვიღო. როგორი? ძალიან მაგარი – ცოლი შეირთო და ქორწილში მაგრად გვაქეიფა.
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის, რამაზ ნოზაძის ნაამბობის
მიხედვით