ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
მეფე ერეკლე ყარაიაში წაბრძანდა დედოფლითურთ და ხის ძირს ჩამოხდა შესასვენებლად. ამ დროს გამოიარა ერთმა აზნაურიშვილმა, რომელსაც თან ქალი მოჰყვანდა თურმე.
გამარჯვება მოახსენა მეფეს, რომელიც არ ენახა და ვერ იცნო.
– გაგიმარჯოს!
– საით მიბრძანდებით აქეთ? – ჰკითხა აზნაურიშვილმა.
მეფე ერეკლე გაეხუმრა:
– მოვსულვარ ყარაიას,
ვაშენებ სარაიას.
თუ ამ შენს ქალს დამითმობ,
ჩავაცმევ დარაიას.
ამაზე აზნაურიშვილმა მიუგო:
– არც მოვსულვარ ყარაიას,
არც ვაშენებ სარაიას,
ქალი ქალში გამიცვალე,
რას ვაქნევ შენს დარაიას!
***
გორში ლეკურში შეეკამათდნენ ერთმანეთს ორი გამოჩენილი მოლეკურე ქალი: ზოგი ერთს ამჯობინებდა და ზოგი მეორეს. ერთ-ერთი ქალი მივიდა აკაკისთან და ჰკითხა:
– ვინ უკეთ ვთამაშობთო?
– ორივე კარგად თამაშობთ!
– არა, მაინც ჩვენ ორში ვინ უკეთესია?
– ხელების გაშლა ამან უკეთესად იცის და ფეხებისა კი – შენო, – მიუგო პოეტმა.
***
ნიაზ დიასამიძეს ქუჩაში ძაღლმა უკბინა ფეხზე. შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგი რას ურჩევს, ზოგი – რას. ბოლოს უმრავლესობის აზრი გამოიკვეთა და უთხრეს:
– აუცილებლად უნდა წახვიდე, შრატი გაიკეთო, ცოფი არ აიკიდოო...
ნიაზმა ხელი ჩაიქნია.
– მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ – სმა არ დაიწყოსო...