ბავშვობის რა ოცნება აისრულა თემურ ქამხაძემ და რა სიურპრიზი მოუწყო მას ცხოვრებამ
მსახიობი თემურ ქამხაძე 5 წლის წინ წავიდა ამერიკაში. ერთი თვის წინ კი, საქართველოში დაბრუნდა და როგორც თავად აღნიშნა საუბრის დროს, ამჯერად – დიდი ხნით. მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი, სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან თეატრს დაუბრუნდება და მაყურებელი კვლავ ნახავს მას სცენაზე. პარალელურად, გეგმაში აქვს, საბავშვო ქორეოგრაფიული სტუდიის გახსნა, სადაც მსურველებს, როგორც წლების წინ, ცეკვას ასწავლის.
– ერთი თვეც არ არის, რაც საქართველოში დაბრუნდი. რამდენი წელი ცხოვრობდი ამერიკაში?
– ანუ, გინდოდა გეთქვა, რამდენი წლით ვიყავი ჩასული სტუმრად სხვა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავს იქ ყოველთვის ვიზიტორად და სტუმრად მივიჩნევდი, რადგან ჩემი ფესვები, ჯიში და გენეტიკა საქართველოშია. ასევე, ენერგია, რომელიც აქ დამხვდა. ეს არის სიყვარული, რისთვისაც ვცხოვრობთ, ვარსებობთ და ვიღწვით. ძალიან მიყვარხართ, ქართველებო.
– ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და ამასობაში, რამდენი წელი გავიდა, რაც სტუმრად იყავი სხვა ქვეყანაში?
– 5 წელი. მინდა გითხრათ, რომ ამჯერად დიდი ხნით დავბრუნდი და გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში ამერიკაში დავაგროვე, მინდა, საქართველოში გამოვიყენო, ჩემს ხალხს დავუბრუნდე. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი მაქვს.
– ამ ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ტურისტად არ ყოფილხარ იქ. მუშაობდი და არაერთ ქასთინგშიც გაქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, იმასაც ვიტყვი, რომ დროებით პროფესიაც კი შეიცვალე.
– ამაში ვერ დაგეთანხმები. მე ჩემს პროფესიას არასდროს ვუღალატებ. როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ, უნდა შეეცადო იმ რიტმს აჰყვე, რაც საკმაოდ სწრაფია. ამას შევეცადე მაქსიმალურად და მართლაც, როგორც თევზი წყალში, ისე ვიგრძენი თავი. ამის ფონზე კი დისკომფორტი ნამდვილად არ მიგრძნია. უნდა შეისწალო ბევრი რამ – თუნდაც ის კანონები, ის ცივილიზაცია, რაც იმ ქვეყანაშია, სადაც დროებით გიწევს ცხოვრება.
– პროფესიის შეცვლა ტყუილად არ მიხსენებია. ერთი პერიოდი ამერიკაში პოლიციელობაც კი გადაწყვიტე. როგორ გახდა მსახიობი თემო ქამხაძე ამერიკელი პოლიციელი?
– ეს მთლად სწორი განმარტება არ არის ჩემი დროებითი პროფესიისა. ეს პოლიციელობა არ იყო. უბრალოდ, პირადი, პერსონალური დაცვის უფლება მაქვს. ანუ, იარაღის ტარების უფლება მაქვს. ეს უცებ არ ხდება და გარკვეული დრო და ეტაპებია საჭირო, ენას თავი რომ დავანებოთ, კანონები უნდა შეისწავლო. ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, რაც აქ შეიძლება, იქ არ შეიძლება და ასე შემდეგ.
– კომფორტულად თუ გრძნობდი თავს ამ ყველაფრის ფონზე?
– ყველანი ვიზრდებით. როცა გრძნობ, რომ რაღაც ახალს სწავლობ და არ გაქვს ინფორმაციული ვაკუუმი, ყოველი დღე შენთვის ახალია და აღმოაჩენ, რომ მხოლოდ ერთი პროფილით არ შემოიფარგლები ამ ქვეყანაზე – თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
– მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე კიდევ გნახავთ?
– ეს ჩემი მიზანი და სურვილია. დირექციიდან დადებითი პასუხი მივიღე და იმედი მაქვს, ახალ სეზონზე მარჯანიშვილის თეატრს დავუბრუნდები. პარალელურად, აუცილებლად დავუბრუნდები ქორეოგრაფიას და ბავშვთა ანსამბლს ჩამოვაყალიბებ.
– მართალია, მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ შენს სავიზიტო ბარათად მაინც ბერუას როლი რჩება, ფილმიდან „ზოგი ჭირი მარგებელია.” თუმცა, ამის შემდეგ იყო „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” და ასე შემდეგ.
– მართალია, ძალიან დიდი დრო გავიდა კინოში ჩემი დებიუტის შემდეგ, მაგრამ რატომღაც, რაც არ უნდა გავიზარდო, რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ვუბრუნდებით ფილმს, „ზოგი ჭირი მარგებელია.” ჩემი ცხოვრებაც ისე წავიდა და ბევრი ისეთი რამ მოხდა, რომ მართლაც ზოგი ჭირი მარგებელია. ჩემთვისაც ცხოვრების სიურპრიზი იყო, ბედმა ასე რომ გამიღიმა და მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია. მსახიობობაზე ვოცნებობდი. ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, წვიმიან ამინდში ქუჩაში შემაჩერეს და მითხრეს: ხომ არ გინდა ფილმში ითამაშოო. რატომაც არა-მეთქი, ვუთხარი და სწორედ ასე დაიწყო ჩემი ოცნების ასრულება. დანარჩენი უკვე იცით, ფილმი („ზოგი ჭირი მარგებელია”) სახეზეა.
– რაც შეეხება ქორეოგრაფიულ მოღვაწეობას. ამერიკაში წასვლამდე წლების განმავლობაში მუშაობდი ქორეოგრაფად. შენს ცხოვრებაში იყო სტუდია „ბერიკები,” მოგვიანებით კი, ჩამოაყალიბე საკუთარი ანსამბლი „ბერუა.” დღეს უკვე არაერთი ცნობილი სახე შეიძლება, ჩამოვთვალოთ, ვინც ბავშვობაში, ან ოდნავ მოზრდილ ასაკში შენთან ისწავლა ცეკვა. შეგიძლია, მათი ჩამოთვლა?
– ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე, ასევე ჟურნალისტი ეკა ტოგონიძე, ცნობილი პიანისტი დათუნა ალადაშვილი, მოდელი და მოცეკვავე თათა ჯაში. ცნობილი და წარმატებული მოცეკვავე და ქორეოგრაფი საბერძნეთში – შმაგი ჯიმშერაშვილი; მსახიობები: ეკა დემეტრაძე, პოლიკა კუბლაშვილი, ბაჩო ქაჯაია, გოგა ბარბაქაძე, ნათია მეტრეველი, აჩიკო სოლოღაშვილი, ია სუხიტაშვილი და კიდევ ძალიან ბევრი.
– როგორც ვიცი, ახლა დიდი გეგმები გაქვს და ახალი ანსამბლის ჩამოყალიბებას აპირებ სექტემბრიდან. დაბრუნდი და კვლავ აქტიურად შეუდექი საქმეს.
– როგორც უკვე გითხარი, წასული არსად ვყოფილვარ, გულით სულ აქ ვიყავი. უბრალოდ, 5 წელი მომსახურების ზონიდან გავედი. ამ დროის განმავლობაში იდეები მომიმრავლდა და მინდა, მათი განხორციელება. მადლობა ღმერთს, ხელოვნებაში ამის საშუალება არის. სექტემბრიდან შევუდგებით საქმეს.
– არ ვიცი, ჭორია თუ მართალი, მაგრამ ყური მოვკარი, რომ ახალ ფილმზე იწყება მუშაობა, სადაც შენც იქნები დაკავებული. მართალია ამ პროექტის შესახებ?
– ჯერჯერობით ვერ ვიტყვი ფილმის სახელს. ეს სერიოზული პროექტია, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ. მოსამზადებელი პერიოდია და არ მაქვს უფლება, ამის შესახებ გავამხილო, მით უმეტეს, რომ ჯერ კონტრაქტიც არ მაქვს ხელში. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტია.
– ძალიან კარგი მსახიობები არიან დაკავებული ამ პროექტშიო, გავიგე.
– არც ამის თქმის უფლება მაქვს ჯერჯერობით. ისე, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ მათთან ერთად მომიწევს გადასაღებ მოედანზე ყოფნა. სულმოუთქმელად ველოდები გადაღების დაწყებას და სიტყვა „მატორს.”
– წარმატებას გისურვებ და იმედს ვიტოვებ, მოგვიანებით ამ თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით.