რომელ ქვეყნებში იყენებდნენ ბავშვებს მსხვერპლშესაწირად
მსხვერპლშეწირვა არის კულტმსახურების ფორმა, შესაწირავთა მირთმევა გაღვთაებრიებული საგნების (კერპების), სულებისა და ღვთაებებისადმი, მათი გულის მოგების, კეთილგანწყობის მოპოვების ან ჩადენილ ცოდვათა გამო მიტევების თხოვნის მიზნით. მსხვერპლთშეწირვას ე. ტეილორის თანახმად, დასაბამი მისცა ანიმისტურმა წარმოდგენებმა, ესე იგი, სულთა კეთილგანწყობის მოპოვების სურვილმა.
მსხვერპლშეწირვა საზოგადოებისა და მისი იდეოლოგიის ისტორიული განვითარების კვალდაკვალ იცვლიდა სახეს. უძველესი დროიდანვე არსებობდა მსხვერპლშეწირვის ორი ფორმა: სისხლიანი და უსისხლო და ორივე მოიცავდა კულტის ობიექტისადმი მისთვის სასურველი საგნისა თუ პროდუქტის მირთმევას. სისხლიანი მსხვერპლი, უმთავრესად, ცხოველთა შეწირვას გულისხმობდა; მისი უმაღლესი გამოვლინება იყო ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ან თვითმკვლელობა და თვითდასახიჩრება.
ეგვიპტელებსა და შუმერებში, ძველ რომაელებსა და ძველ ბერძნებში, ჩინელებსა და ინდოელებში, ფინიკიელებსა და სკვითებში, გალებსა და ნორმანებში, სლავებსა და ამერიკელ ინდიელებში – პრაქტიკულად, ყველა ხალხებში, საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ჩვეულება, რამაც დროთა განმავლობაში სახე იცვალა და უდანაშაულო ადამიანების მოკვდინება სატარიგე ცხოველთა მსხვერპლთშეწირვით შეიცვალა.
სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი ჩვენს სტატიაში.
ჰანაანის (პალესტინის, სირიისა და ფინიკიის მეზობელი რაიონების უძველესი სახელწოდება) ტერიტორიაზე ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, ალბათ, იმაზე მეტად არ იყო გავრცელებული, ვიდრე დანარჩენ ძველ მსოფლიოში, მაგრამ, შთამომავალთა (მნიშვნელოვანწილად – თანამედროვეთა) მიერ ჩადენილი საშინელებანი ბევრად უფრო თავზარდამცემი იყო, რადგან, აქ მსხვერპლად ხშირად ბავშვებს სწირავდნენ, ამასთან, არა მონების ან ტყვეთა შვილებს, არამედ – საკუთარს. თუმცა, ეს ჩვეულებაც არ იყო უნიკალური, მაგრამ, ფინიკიის ქალაქებში იმ დრომდე გაძლო, როცა დანარჩენ მსოფლიოს მასზე უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდა უარი ნათქვამი.
სირიის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ქალაქი იყო კატანა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთოთხმეტე საუკუნის შუა წლებში ეს ქალაქი ხეთებმა გაანადგურეს; დამპყრობლებმა გადაწვეს მეფის სასახლე და ტაძარი, რომელიც ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენდა. ნანგრევებმა არქეოლოგებისთვის საიმედოდ დააკონსერვა მიწისქვეშა საძირკვლები და აკლდამები. სწორედ ამ საძირკვლების ქვეშ აღმოაჩინეს მკვლევრებმა სპეციალურ თიხის ჭურჭლებში მოთავსებული, 2 თვიდან 3 წლამდე მსხვერპლად შეწირულ ბავშვთა ნაშთები.
ბავშვების მსხვერპლად გამოყენება მშენებლობის დროს საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული სხვა ხალხებშიც, მაგრამ, ამასთან ერთად, ქანაანის მცხოვრებლებში არსებობდა კიდევ ერთი საშინელი ჩვეულება – თავიანთი პირმშოების, სიყრმის შვილების მსხვერპლად შეწირვა მათი მთლიანად დაწვის სახით. ამ წესს იყენებდნენ, მაგალითად, უგარითში – ძველ ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც მომავალი ფინიკიის ჩრდილოეთით მდებარეობდა მესამე-მეორე ათასწლეულებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. შემორჩენილია ლოცვა, რომელსაც ისინი თავიანთი ღმერთის – ბაალისადმი აღავლენდნენ ხოლმე.
ფესვები ჩვეულებისა, რომ მსხვერპლად შეეწირათ სწორედ პირმშოები – მკვლევრებს შორის სადავო საკითხია, რადგან, ხალხთა უმეტესობაში პირმშო, სიყრმის შვილი, როგორც წესი, პრივილეგირებულ შვილად და მემკვიდრედ ითვლება. შესაძლოა, უგარითის ძველი მცხოვრებნი ცდილობდნენ, თავის ხელთ არსებული ყველაზე ძვირფასი შეეწირათ თავიანთი სისხლმოწყურებული ღმერთებისთვის და ამით შეერბილებინათ მათი მძვინვარება. თუმცა, არსებობს სხვა თვალსაზრისიც: საქმე ისაა, რომ სემიტი ხალხების რელიგია და მსოფლმხედველობა, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ ამ ადგილებში, საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული შუმერულ-აქადურ რელიგიასა და მსოფლმხედველობასთან, მათ კი თავიანთი თვალსაზრისი ჰქონდათ პირმშოთა ღირებულებაზე. შემონახულია აქადური პოემა, ჩაწერილი მეთერთმეტე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბაბილონელი ქურუმ-შემლოცველის, ესაგილ-კინი-უბიბის მიერ, რომლის პირობითი სახელწოდებაა „ბაბილონის თეოდიცეა“, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ქალღმერთმა, დედა არურუმ, პირმშო ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი გააჩინა, ვიდრე უმცროსი შვილები.
ბერძენი ისტორიკოსი ფილონი ეყრდნობა – რა ფინიკიელი სანხუნიატონ ბერიტიანინის ჩვენამდე არმოღწეულ წიგნს, აღწერს ბავშვების მსხვერპლშეწირვის ჩვეულების წარმოშობას. იგი წერს:
„ძველებს ჰქონდათ ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, დიდი უბედურებების დროს საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ქალაქების ან ხალხთა მბრძანებლები თავიანთ საყვარელ ბავშვებს მსხვერპლად სწირავდნენ ხოლმე დამსჯელ ღმერთს გამოსასყიდის სახით, საყოველთაო სასიკვდილო განაჩენის გასაქარწყლებლად. მსხვერპლად შესაწირებს მისტერიის დროს ასალმებდნენ სიცოცხლეს...“
სხვა ადგილას ფილონი აღნიშნავს: „როდესაც ქვეყანაში წყლულოვანი მომსვრელი სენი გავრცელდა, კრონოსს (ბერძნულ მითოლოგიაში: ტიტანი; ურანოსისა (ცის ღმერთი) და გეას (დედამიწის ღმერთი) შვილი, რომელსაც ფინიკიელები ელს უწოდებდნენ), რომელიც მეფობდა ქვეყანაში და სიკვდილის შემდეგ განღმრთობილ იქნა წმინდა ვარსკვლავ კრონოსის სახით, ადგილობრივი ნიმფა ანობრეტისგან ეყოლა ერთადერთი შვილი – იეჰუდი (რაც ფინიკიელთა ენაზე ნიშნავს „მხოლოდშობილს“) რომელიც კრონოსმა მსხვერპლად შეწირა თავის მამა ურანოსს“.
ამგვარად, ფილონის თანახმად, ბავშვთა მსხვერპლშეწირვა ღვთაებრივი თაოსნობით იკურთხა. ფილონი ელს კრონოსთან აიგივებს და მიიჩნევს, რომ მსხვერპლი ეწირებოდა მამამისს, ურანოსს. უფრო ტრადიციულად ითვლებოდა მსხვერპლშეწირვა ბაალისადმი, რომელიც ასევე იგივდებოდა კრონოსთან, ხოლო ხანდახან – ზევსთან. კართაგენელთა კულტში კი წამყვან როლს თამაშობდა ბაალ-ჰამონი, მზის განმასახიერებელი, რომელსაც რომაულ დროებაში, რატომღაც, სატურნთან აიგივებდნენ.
თუმცა, რაც არ უნდა რქმეოდათ ქანაანის სისხლმოწყურებულ ღმერთებს, რომლებიც თავიანთი მიმდევრებისგან ადამიანთა მსხვერპლად შეწირვას ითხოვდნენ, ეს მოთხოვნა სრულდებოდა. ბავშვებს ეგრეთ წოდებულ „ტოფეტებში“ – პატარა ტაძრებში წვავდნენ, რომელთა ირგვლივ ერთგვარი სასაფლაო იყო გადაჭიმული, სადაც ბავშვების ნეშტს თიხის ჭურჭელში ათავსებდნენ, მიწაში ფლავდნენ და თითოეულ მათგანზე დგამდნენ ქვას იმ ღვთაებისადმი მიძღვნილი წარწერით, რომელსაც ის მსხვერპლად შესწირეს, მაგრამ, იყო სხვა სახის მსხვერპლშეწირულობაც. შემორჩენილია ეგვიპტური ბარელიეფები, რომლებზეც გამოსახულია სირია-ქანაანის ქალაქების ალყის სცენები. მათი მცხოვრებლები ერთგვარ რელიგიურ წეს-ჩვეულებას ასრულებენ – დგანან კედლებზე და ხელში უჭირავთ ბავშვები, სრულიად მოსალოდნელი განზრახვით, რომ მათ ქვევით გადაყრიან. მაგრამ, რამდენადაც სავარაუდო განზრახვები უმეტეს ბარელიეფებზე განუხორციელები დარჩა (გარდა ბეით-ელ–ვალას ტაძრის ბარელიეფისა), მკვლევარები ვერ მივიდნენ საბოლოო დასკვნამდე, თუ რა წეს-ჩვეულების აღსრულება ხდებოდა ქალაქების კედლებზე.
ცნობილია კანონები, რომელთა დარღვევისთვის დამნაშავეს თავისი შვილები უნდა შეეწირა ღმერთებისათვის. მაგალითად, არამეული საბუთი მესოპოტამიიდან (შედგენილი აქადურ ენაზე) გვამცნობს, რომ მეფის სახელის შებღალვისთვის დამნაშავე შემდეგნაირად უნდა დასჯილიყო: „დაე, მისი შვიდი ვაჟიშვილი დაიწვას ჰადადასათვის (ბაალის ერთ-ერთი სახელი), ხოლო მისი შვიდი ქალიშვილი გადაეცეს იშთარს ქურუმებად“.
შემორჩენილია დოკუმენტები, რომლებშიც სირიის მცხოვრებნი პირობას დებენ, საქმიანი კონტრაქტის დარღვევისთვის თავიანთი შვილებით აგონ პასუხი. მაგალითად, 783 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დადებული ხელშეკრულება სახნავი მიწის შესყიდვის შესახებ გვამცნობს, რომ პირგასამტეხლოს სახით, შესაძლო დამნაშავეს უნდა დაეწვა თავისი უფროსი ვაჟიშვილი (პირმშო) ღმერთ სინისათვის, ხოლო უფროსი ქალიშვილი – ბელეთ-ცერისათვის (სტეპის ქალღმერთი).
გაგრძელება შემდეგ ნომერში